DINING TABLE by ქეთი ბაქრაძე – ქეთის ახალი წელი

საზეიმო ფაციფუციც ჩაივლის, მზადების თავბრუდამხვევი ორომტრიალიც და ისევ ჩნდება ახალი გემოს მოთხოვნილება. როგორი უნდა იყოს ზამთრის საოჯახო კერძი? გემრიელი, ნოყიერი და, რაც მთავარია, მარტივი. საახალწლო დამქანცველი მზადების შემდეგ კერძის სიმარტივე პრაქტიკულად მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმი ხდება. 

ჩემი ახალი წელიც სხვებისას ჰგავს, თავისი ტრადიციული კერძებით. თითქოს არ ვარ ის ტიპი, რომ ზედმიწევნით მივყვე ამ ტრადიციებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჩვევები წლების განმავლობაში ისეა გამჯდარი ჩვენში, რომ საბოლოოდ მაინც იმას ვამზადებთ, რასაც მიგვაჩვიეს. 

ჩემს სუფრაზეც საპატიო ადგილი უკავია საცივს. ინდაურის ბულიონს დედა მაძლევს, ამიტომ ხორცს ცალკე ვწვავ. ეს შეიძლება ინდაური ან იხვი იყოს. სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე ყოველ წელს ვპოსტავ, რომ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვარ და დიდი ბჭობა იმართება ამ თემის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ამას თავისი ხალისი აქვს, რომელიც ძალიან უხდება ზამთარსა და მის დღესასწაულებს. საერთოდ, ფრინველის ხორცის დიდი მოყვარული არ ვარ, მხოლოდ თეთრ ხორცს გეახლებით. არადა, ამბობენ, თუ მარტო თეთრი ხორცი გიყვარს, ესე იგი, არ გიყვარს ფრინველიო. მსგავს რამეს ამბობენ სტეიკზეც: ვისაც ძალიან შემწვარი უყვარს, ითვლება, რომ მას ხორცი არ უყვარს. 

გაგიკვირდებათ და, ვგიჟდები „ოლივიეს“ სალათზე. რეცეპტი ერთ ძველ წიგნში აღმოვაჩინე და წლებია, იმის მიხედვით ვამზადებ. მართალია, საბჭოთა სამზარეულოსთან ასოცირდება, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც უხდება ახალ წელს ეს კერძი. ტრადიციულ ინგრედიენტებს იხვის შებოლილ ხორცს ვუმატებ, ‒ ამით ჩავანაცვლე რეცეპტში მითითებული უბრალოდ მოხარშული იხვის ხორცი. ზოგადად, შებოლილი გემოები ძალიან მიყვარს. სალათისთვის მაიონეზსაც თავად ვამზადებ, რომელსაც, რეცეპტის მიხედვით, სულ ცოტა ვაშლ „ანტონოვკას“ პიურე ემატება. 

რასაკვირველია, გოზინაყიცაა ჩემს სუფრაზე და ძალიან სასაცილოა ის, რომ ყოველ წელს ხელახლა ვურეკავ დედაჩემს მისი რეცეპტის ჩასაწერად. პრინციპი კი მახსოვს, მაგრამ ვაზუსტებ. ნიგოზს არ ვხალავ, ‒ ასე მეტი წებოვანება აქვს. ბებიაც ასე ამზადებდა და დედაც იგივე რეცეპტს იყენებს. 

კიდევ თევზი მაქვს ხოლმე სუფრაზე. როგორც წესი, მთლიან ორაგულს ვაცხობ ღუმელში. მარხვაა ამ პერიოდში და შეიძლება ვიღაც ხორცს არ ჭამდეს. თან ჩემთან სახლში ისეა, რომ ახალ წელს მთელი ღამის განმავლობაში ვიღაც მიდი-მოდის. 

წელს საახალწლოდ პურსაც თვითონ გამოვაცხობ. უკვე ბევრნაირად ვცადე. ვყიდულობ თონის პურის ცომს, ვათავსებ თუნუქის ფირფიტაზე, ნიორსა და ზეითუნის ზეთს ვუსვამ და როზმარინს ვაყრი, ან ერთმანეთში შერეულ აჯიკასა და ზეითუნის ზეთს ვამატებ. ერთ საათში კარგად რომ აფუვდება, თითებით მსუბუქად დასვრიტავ და გამოაცხობ. გამოდის ფუმფულა, სხვადასხვა არაჩვეულებრივი გემოს პური. თან ახალ წელს ხშირად არის ხოლმე პურის შოვნის პრობლემა, თუ წინასწარ არ დაიჭირე თადარიგი. 

…დაბოლოს, სადღესასწაულო დღეებიც ჩაივლის. მაგრამ იანვარში ჯერ კიდევ ბევრი საღამოა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად მყუდროდ გასატარებლად. რაღაც ახალის მომზადების დრო დგება, რომელიც არც დიდ დროს მოითხოვს, არც ძვირადღირებულ ინგრედიენტებს, ძალიან საინტერესოა და თან მრავალფეროვნებაც შეაქვს მენიუში. პარმანტიე ‒ ფრანგული კერძი, რომელიც ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ: გნებავთ მეგობრებს მოუმზადებთ, გნებავთ ოჯახს შესთავაზებთ ვახშმად.

პარმანტიე ( 4 პერსონისთვის ) 

საჭირო ინგრედიენტები:
• საქონლის ფარში – 500 გრ.
• კარტოფილი – 5-6 ც. (საშუალო ზომის)
• კარაქი – 2 ჩ. კ.
• ზეითუნის ზეთი – 1 ს. კ.
• ხახვი – 1 ც. (საშუალო თავი)
• წითელი ღვინო – 1 ჭიქა
• ნიორი – 1 კბილი
• ყველი – 100 გრ.
• პომიდვრის პიურე – 2 ს. კ.
• კვერცხის გული – 1 ც.
• მარილი, წიწაკა, როზმარინი,
• მუსკატი – გემოვნებით

მომზადების წესი: 

ტაფაზე ვდებთ ერთ ჩაის კოვზ კარაქს, ვასხამთ ცოტა ზეითუნის ზეთს, ვაყრით წვრილად დაჭრილ ხახვს და წვრილადვე გახეხილ სტაფილოს; ასევე როზმარინს, მარილს, წიწაკას. ამას ემატება საქონლის ხორცის ფარში, ერთი ჭიქა წითელი ღვინო, მუსკატი, ტომატის პიურე და კარგად ითუშება. გამზადებული მასა კერამიკის ფორმაში გადაგვაქვს. 

ცალკე ვამზადებთ კარტოფილის პიურეს, რომელსაც ერთი კბილი ნიორი, კარაქი, მუსკატი, მარილი, წიწაკა, ერთი კვერცის გული და გახეხილი ყველი აქვს დამატებული. კარტოფილის მასას ფარშზე სქელ ფენად ვამატებთ და ზემოდანაც გახეხილ ყველს ვაყრით. ჩანგლით ლამაზად დავზოლავთ და 200-220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში გამოვაცხობთ. 

ფოტო : ირა კურმაევა 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com