ვახო ბაბუნაშვილის ბლოგი

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 7,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 89% რელიგიურია, სწამს ღმერთის და მიჰყვება ამა თუ იმ რელიგიას, დანარჩენი 1,8%- ათეისტია და 9% კი – აგნოსტიკოსი. მორწმუნეთა რიცხვში დაახლოებით 33% ქრისტიანია.
ქრისტიანობა დღეს ისევ ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიაა. ამავე დროს ქრისტიანობა ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ ამბავზე დგას – მკვდრეთით აღდგომა!
„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!“
ეს მისტიური ამბავი სხვა უფრო ძველ რელიგიებშიც გვხვდება, მაგალითად, ეგვიპტეში ოსირისის მკვდრეთით აღდგომა, საბერძნეთში დიონისეს მითი, მაგრამ ამაზე სხვა დროს მოვყვები, ახლა კი ისევ ქრისტიანულ აღდგომას დავუბრუნდები და თან ჩემთვის ყველაზე საინტერესო კუთხით – როგორია აღდგომის კულინარიული მხარე?!
ლუკას სახარებაში, როცა ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან პირველად გამოეცხადა თავის გაოგნებულ მოსწავლეებს, მისალმებისა და მათი დამშვიდობების შემდეგ სწორედ საჭმელზე ეკითხება, რა გაქვთ საჭმელადო – „გაქვს რა აქა ჭამადი?“ განცვიფრებულმა მოსწავლეებმა კი თავისი მწირი სანოვაგე შესთავაზეს – თევზი და თაფლი – „ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი, და სჭამა წინაშე მათსა.“
აღდგომიდან პირველი რასაც ქრისტე მიირთმევს, არის თევზი და თაფლი – ჭეშმარიტად სამარხვო და თავშეკავებული ტრაპეზი. მაგრამ, ასე არ გაგრძელებულა. სააღდგომო სადღესასწაულო სუფრა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა საუკუნეების შემდეგ. აღდგომის რიტუალებიც ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა ქრისტიანულ კულტურაში, შესაბამისად, განსხვავდება მენიუც.
ბარზილიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი რიო დე ჟანეიროს კარნავალი სწორედ აღდგომის წინ დიდი მარხვის დაწყებას აღნიშნავს. ქუჩები რამდენიმე დღის განმავლობაში სავსეა ხალხით, იმართება დიდი პროცესიები, უამრავი ადამიანის მსვლელობა, სიმღერა და ცეკვა ძალიან ნათელი, ეგზოტიკური კოსტიუმებით. ზოგჯერ კოსტიუმები რამდენჯერმე აღემატება ადამიანის ზომას და მათი ტარება შეუძლებელიც კი ხდება ერთი ადამიანისთვის, ამიტომ ბოლო დროს აღლუმში სატვირთო მანქანების დახმარებით ხდება უცნაური კონსტრუქციის ტანსაცმლის დემონსტრირება; უამრავი ფერი, სინათლე, ფეიერვერკი; ყველგან მუსიკა და რა თქმა უნდა, ბრაზილიური სამბა! ეს არის ბრაზილიელი ქრისტიანების მიერ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის აღნიშვნის ზეიმი. რიოს კარნავალები 250-ზე მეტი წლის წინ იღებს სათავეს, მაშინ როდესაც პორტუგალიელმა კოლონისტებმა ბრაზილიაში ჩამოიტანეს თავიანთი კარნავალი, რომელიც ფქვილისა და წყლის ერთმანეთისთვის სროლა-შესხმაში გამოიხატებოდა, მსგავსი რიტუალი დღესაც შემორჩა ზოგიერთ
ევროპულ ქვეყანაში: სლოვაკეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, სადაც მამაკაცები, აღდგომის კვირის ორშაბათს, წყლით წუწავენ სოფლის ქალბატონებს.
ბრაზილიაში, 1856 წელს პოლიციამ აკრძალა ეს კარნავალი, რადგან იგი სულ უფრო ძალადობრივი ხდებოდა
და უამრავი ადამიანი ზარალდებოდა. სწორედ აქედან იწყება კოსტუმირებული კარნავალი რიოში. არც ერთი დღესასწაული საკვების, რიტუალური კერძების, სუფრის- ტრაპეზის გარეშე არ არსებობს. ასეა ბრაზიალიაშიც.
მაინც რა არის ბრაზილიური სააღდგომო მენიუ? უმთავრესი რიტუალური კერძი არის ვირთევზა, დამარილებული ვირთევზა, რომელიც ბრაზილიაში იმავე პორტუგალიელებმა ჩამოიტანეს. სწორედ პორტუგალიელებს ეკუთვნით თევზის ამ სახეობის მსოფლიო გასტრონომიაში დანერგვა. ელექტრო მაცივრების გამოგონებამდე პროდუქტის შენახვის ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ დამარილება იყო და ამიტომაც აღმოჩნდა დამარილებული ვირთევზა პორტუგალიურ გემებზე, რომლებიც ბრზილიის სანაპიროებს მოადგნენ თავის დროზე. ვირთევზა და რა თქმა უნდა, სააღდგომო კვერცხი, ოღონდ აქაც ამერიკული თავისებურებით, შოკოლადის სააღდგომო კვერცხი, – ეს არის ბრაზილიური სააღდგომო მენიუს უმთავრესი ინგრედიენტები.
მაგალითად, ეთიოპიაში, ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში,სააღდგომო რიტუალი ძალიან მძიმე მარხვით იწყება. ამ დროს ხალხი არამც თუ არ ჭამს ხორცის ნაწარმს, კვერცხს, რძის ნაწარმს არამედ, არც კი ყიდის ან ყიდულობს მას. საუკეთესო სამოსის ჩაცმა, ცეკვა და სიმღერაა – დღესასწაულის მთავარი ხდომილება და მხოლოდ კვირადღის დილისკენ ბრუნდება ხალხი შინ, მიირთმევს მწირ საუზმეს, რომელიც ამ დღისთვის სპეციალურად გამომცხვარი პურეულისგან, „დაბო“-სგან შედგება. ეს პური, ტრადიციულად, იჭრება მღდვლის ან ოჯახის თავის მიერ. მთავარი ტრაპეზა კი შუადღის შემდეგაა და მენიუში, ისევე როგორც ჩვენთან – ჩაქაფული, მათთაც ბატკნის კერძი აქვთ სახელად „ბეგ ვოთ“. ბატკანი, როგორც ქრისტეს სიმბოლო, ახალი ცხოვრების სიმბოლო, სიცოცხლის სიმბოლო, ბევრი ქრისტიანული კულტურის სააღდგომო მენიუს მთავარი ინგრედიენტია.
ბერძნული სააღდგომო მენიუ: • Koulourakia, კულურაკა – ეს არის სააღდგომო ტკბილი ორცხობილა ფორთოხლის წვენით, ვანილითა და სეზამის მარცვლებით. ამ ორცხობილას მიირთმევენ დილით ყავასთან ან საღამოს ჩაისთან.
• აგრეთვე, ტრადიციულად, სააღდგომო მენიუს წევრია: თაფლი და ნიგოზი.
• ბერძნული სააღდგომო სუფრის მთავარი კერძია: შემწვარი ბატკანი პიტნის სოუსში • ბატკნის და ბრინჯის წვნიანი, რომელსაც რიტუალურად დაკლული ბატკნის შიგნეულისგან ამზადებენ • და რა თქმა უნდა, სააღდგომო წითლად შეღებილი კვერცხები, ქრისტეს სისხლისფრად შეღებილი კვერცხები, რომლებსაც სახლის, ოჯახის დამცველებად თვლიან.
იტალიური სააღდგომო მენიუ: • იტალიის რეგიონში – ტოსკანაში აცხობენ სააღდგომო ტრადიციულ ნამცხვრებს, სახელად ფლორენციული სიყვარულის კვანძი, რომელიც მოხრილ, მომლოცველ პოზაში მყოფ ადამიანს წააგავს და ლიმონის არომატითაა გაჟღენთილი. • აგრეთვე პოპულარულია ახალი რიკოტასგან მომზადებული შესანიშნავი კლასიკური სააღდგომო ტორტი, კრემისებრი ტექსტურით, მსუბუქი და გამაგრილებელი დესერტი, რაღაც საშუალო ჩიზქეიქსა და ბრინჯის პუდინგს შორის. თუ სამოთხეს რამე გემო აქვს, ეს ნამდვილად ამ დესერტის გემოა! • იტალიური თხილისა და ხილის ნამცხვარი – Panettone • ჩოლომბა – მტრედის ფორმის ნამცხვარი.
ესპანური სააღდგომო მენიუ: • აბა, როგორ შეიძლება, რომ ესპანურ სამზარეულოში ზეითუნის ზეთი არ იხმარო? ხოდა, დაქუცმაცებული პურის, რძის, კვერცხის და თაფლის ნაზავით მიღებულ ცომს თუ შეწვავ ზეითუნის ზეთში, მიიღებ ესპანურ სააღდგომო ორცხობილას. მათ სხვადასხვა საწებელას უხამებენ, რომ გემო ერთფეროვანი არ იყოს. • თევზის წვნიანი, სატაცური და ტრადიციული ესპანური ნივრის მაიონეზი • ბავშვებისთვის კი შოკოლადის ფიგურები და მათ შორის შოკოლადის კვერცხები.
ამერიკული სააღდგომი მენიუ: • ამერიკა მრავალ კულტურაზე აღმოცენებული თვითმყოფადი კულტურაა. ამერიკელი ძველი მზარეულებისთვის ყველა ინგრედიენტი, რაც ევროპაში ტარდიციულად ითვლება, არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომაც, მაგალითად, ბატკანი, რომელიც ევროპულ ქრისტიანულ კულტურაში პირდაპირი
სიმბოლური ინგრედიენტია, ამერიკელებმა სხვადასხვა ცხოველით ჩაანაცვლეს, მაგალითად, ღორით, ინდაურით… • რა თქმა უნდა, შეღებილი კვერცხები, რომლებსაც ბავშვებისთვის კალათებში აწყობენ, შოკოლადის ფიგურებთან ერთად.
ეს არის ძალიან ზედაპირული და მცირე ჩამონათვალი იმ კერძებისა და კულტურების, რომლებიც აღნიშნავენ ქრისტიანებისთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს. ჩამონათვალში არ მიხსენებია კულიჩი, პასკა რომელთა მომზადებასაც ჩვენშიც საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს.
რა თქმა უნდა, მთავარი ამ რიტუალში კერძი კი არა, მისი სიმბოლური დატვირთვაა, კერძოდ ის, რომ გვახსოვდეს! – დაახლოებით 2000 წლის წინ ერთმა ადამიანმა სიცოცხლე შეწირა ჩვენთვის, ჩვენი უკეთესობისთვის და თავისი მკვდრეთით აღდგომით მორწმუნეებს უფრო გაუმყარა რწმენა, სხვებს კი იმისი იმედი მისცა, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს დღევანდელობა, ხვალინდელი დღე ყოველთვის უკეთესი
იქნება.
„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი!“

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com