ბავშვთა კვება

2_issue_culinart63

სალომე არშბა

მშვიდი თინა

ზაფხულის ცხელი დღე იყო, 2012- ის 25 ივნისი. “ჰერას” კლინიკაში ერთი გოგონა დაიბადა, რომელსაც სახელად თინა დაარქვეს. სამშობიაროში ყველაზე მშვიდი ბავშვი იყო, არ ტიროდა, ეძინა და ჭამდა, ჭამდა დედის რძეს. ასე გაგრძელდა დაბადებიდან 12 თვე. ერთი წლის განმავლობაში, დედის სამუშაო თუ ცხოვრებისეული გრაფიკი თინაზე იყო მორგებული. სალომე მკაცრად იცავდა დიეტას, სწორად იკვებებოდა, მოკლედ, ზედმიწევნით ასრულებდა პედიატრის რჩევას, რომელიც ლაქტაციის პერიოდში დედის კვებას გულისხმობს.
ჯერ იყო დედის რძე, ექვსი თვიდან კი კვების რაციონს ბოსტნეული და ხორცი დაემატა. თინას მენიუ ნელნელა მრავალფეროვანი ხდებოდა. მშვიდმა თინამ საკუთარი ხასიათი პირველად კერძების შერჩევის დროს გამოავლინა. “დღემდე არ უყვარს სადილი, განსაკუთრებით არ მოსწონს წვნიანი. დიდ ხანს ვიბრძოლე, მაგრამ უშედეგოდ”. ამბობს დედა.
წვნიანი საკუთარი ნებით აიკრძალა, რძის პროდუქტი კი პედიატრმა აუკრძალა. პატარა თინა ალერგიულია და იმიტომ. ხომ ამბობენ, ბავშვებში ალერგიული ფონი ასაკთან ერთად გადისო, ჰოდა, სალომე არშბაც ამ ასაკის
მოლოდინშია: “მალე წამოიზრდება და ვფიქრობ, ეს პრობლემაც მოგვარდება. დღეს კი, სამწუხაროდ, რძის პროდუქტს ვერ ვაძლევ”.
ახლა წლისა და ათი თვისაა. მისი ყოველდღიური მენიუ ასე გამოიყურება.

საუზმე: შვრიის ფაფა ვაშლითა და ქლიავით  ეს ინგრედიენტები დედის დამატებულია: “ვცდილობ, თინას კვება მეტად სასარგებლო გავხადო. ქლიავს ზამთარში ქლიავის ჩირით ვანაცვლებ”.

სადილი: კოტლეტი ან გუფთა, ქათმის ხორცი ან თევზი,მაკარონიანი ბრინჯი. მიუხედავად იმისა, რომ თინა ჯერ ორი წლისაც არ არის, კერძების ამოჩემება იცის. თუ მოეწონა კონკრეტული რამ, ყოველდღე მისი ჭამა უნდა. “სადილის მერე ვიწყებ ფიქრს, რა მოვუმზადო ხვალისთვის. თინას სადილი ყველაზე დიდი საფიქრალია ჩემთვის. თუმცა, რა გასაკვირია, დედაჩემი მეუბნება, მთელი ბავშვობა შენი სადილი ორი, სამი კოვზით შემოიფარგლებოდაო”. ამბობს სალომე. ასე რომ, აღარ არის საკითხავი, ვის ჰგავს მშვიდი თინა.

ვახშამი: კარაქიანი პური ან წიწიბურას ფაფა. რაც შეეხება ხილს, სალომეს საკუთარი ხერხი აქვს მოფიქრებული. სეზონურ ხილს თინას თეფშზე ულაგებს, თეფშს კი იმ ოთახში დებს, სადაც თინა თამაშობს. ასე იღებს პატარა გოგო მისდა უნებურად ვიტამინებს.

ასეთია თინას დღის რეჟიმი, საათნახევრიანი ძილით შუადღეზე. დედის ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი
შვილის ჯანმრთელი კვებაა. სალომე არშბა ამ ასაკში კატეგორიულად კრძალავს ტკბილეულს. თინას შოკოლადი ჯერ კიდევ არ გაუსინჯავს. მისი დესერტი მხოლოდ საბავშვო ორცხობილაა, რომელსაც სახლში
დიდი თინა (თინას ბებია) შვილიშვილისთვის აცხობს.
ასაკთან ერთად თინას ხასიათიც იცვლება. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ისეთი მშვიდი აღარ არის.
თუმცა, ეს დედის გადაჭარბებული დამოკიდებულებაა. პატარა თინას კარგად ვიცნობ და იმიტომ. ასე რომ,
დღეიდან თქვენც იცნობდეთ და იცოდეთ, რომ აბაშიძის 24-ში მშვიდი თინა იზრდება.

2_issue_culinart67

ჯაბა ყიფიანის ხუთი რჩევა:

თინა მიქიაშვილი დაბადებიდან ჩემი პაციენტია. თინა ცოტა ალერგიულია, მაგრამ თანამედროვე ბავშვთა კვება გვაძლევს საშუალებას, მცირეწლოვანებმა ყველა საჭირო საკვები ბალანსირებულად მიიღონ. მას სწორად აქვს კვება შერჩეული, თანაბრად იღებს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ასევე, ვიტამინებს. ახლა გაზაფხულია და მცენარეებზე ალერგია გამძაფრებულია. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ კვებითი ალერგიის გამწვავება სეზონურად ნაკლებად ხდება.

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ვურჩევ:

1. ზაფხული მოდის და მნიშვნელოვანია, ბავშვებმა დიდი რაოდენობით მიიღონ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ასევე, თევზეული და თევზის ცხიმი, რომელიც ომეგა სამით არის გამდიდრებული.
2. თანამედროვე ბავშვთა კვებაში, ახალი გაიდლაინების მიხედვით, სამ წლამდე ბავშვებში შეზღუდულია ცხოველური ცხიმის მიღება. რეკომენდებულია ცოცხალი მცენარეული ცხიმი და არა – თერმულად დამუშავებული.
3. არ არის სასურველი ბავშვებისთვის მარწყვისა და კენკროვანი ხილის მიღება, მით უმეტეს მათთვის, ვინც ალერგიისადმი არის მიდრეკილი.
4. ზაფხულში არ არის რეკომენდებული ტკბილეულისა და შოკოლადის მიღება. განსაკუთრებით იკრძალება ტკბილეული, რომელიც კბილებს ადვილად ეკრობა და კარიესს იწვევს.
5. ასევე, ჩემი რჩევაა, რომ მოვარიდოთ ბავშვებს ლიმონათი და გაზიანი სასმელი. ადრეულ ასაკში ორგანიზმის ზედმეტი შაქრით დატვირთვა ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე ცუდად მოქმედებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com