KIDS MENU

10_Issue_CulinArt711

ხაჭოს პაპა 

10_Issue_CulinArt_Page_100

ქათქათაა და ისეთი ღუნღულა, როგორიც მხოლოდ ახალი თოვლია ხოლმე გამთენიისას. კეთილი თვალები, ღიმილი, ქუდი და ფერადი ღილებიც კი ნდობით განგაწყობს და იმ კაცს გაგონებს, ბავშვობაში ბევრჯერ რომ დაუდარაჯდი… თოვლის პაპაა! არადა, დააგემოვნებ და ძალიან ჰგავს ხაჭოს…

ჯიუტად ვამტკიცებ, რომ გემრიელია, ის კი უფრო ჯიუტად იმეორებს, რომ სძულს! კბილებს კბილებზე აჭერს და ზიზღით დაჰყურებს კოვზს…
კოვზზე დევს ხაჭო – ყველა ბავშვისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი კვების პროდუქტი, რომელიც დიდობაში, როგორც წესი, ყველას უყვარს, პატარაობისას კი – არავის.
ვდგები, ღრმად ჩავისუნთქავ და მეათასედ ვივიწყებ, როგორ მინდა ყველაზე ბრაზიანი დედა ვიყო დედამიწის ზურგზე!
წითელ თეფშს ვიღებ, ხაჭოს გუნდებად ვალაგებ და რაც კი ფერადი და გემრიელი მეგულება, გასაფორმებლად ვიყენებ. ქიშმიში, კურაგა, მაყვლის ან ჟოლოს მურაბა, ფორთოხალი, ქლიავის ჩირი – ყველაფერი გამოდგება. ზოგი ქუდისთვის, ზოგი – თვალისთვის და ზოგიც – ღილისთვის. ბოლოს ცოტა ვანილს ვაყრი და სურნელოვანი და მიმზიდველი ხაჭოს პაპა ცეკვა-ცეკვით მიმაქვს ლევანიკოსთან.
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მას უყვარდება ხაჭო, სწორედ ამ – დესერტი თოვლის პაპას – ფორმით. მით უმეტეს, რომ გარეთ დეკემბერი დგას, ქუჩებში საახალწლო ნათურები ბრჭყვიალებენ, ოთახში კი – ნაძვის ხე უკვე ავხუნძლეთ ახალი სათამაშოებით.
ზუსტად ექვსი წლის მერე ხაჭოს პაპას უკვე სანდროსთვის ვამზადებ. ვიზუალით აღტაცებულია, მაგრამ ჭამის აუცილებლობა მაინცდამაინც არ ხიბლავს. ამიტომ ყველაზე სენსიტიური მომენტებით ვმანიპულირებ: თოვლის პაპას ეწყინება, თუ მისი სიფაფუკე არ დაფასდება, თუ მისი ჭრელი ღილები არ ჩახრამუნდა… წესით, დამაჯერებელი უნდა იყოს! რომელიმე კეთილი და მხიარული ბიჭის ან გოგოს მუცელში ხომ გაცილებით სასიამოვნო იქნება, ვიდრე გულგრილ წითელ თეფზე, სადაც სევდიანად წევხარ და საუკეთესო შემთხვევაში ფოტოსთვის თუ გამოდგები.
„ნახე, გიყურებს, ნახე, თვალი ჩაგიკრა, ნახე, ფორმა დაკარგა! აბა, ასეთი რომ დავტოვოთ, ხომ აღარ მოეწონება
თავისი თავი და მოიწყენს?! და თუ თოვლის პაპა ატირდა და გაგვებუტა, ან რა შობა იქნება, ან რა ახალი წელი?!“
ლევანიკო თვალს მიკრავს და სანდროს არიგებს: „ჭამე, სანდრო, ჭამე, თორემ ქონდრისკაცი დარჩები“, – და თან მთელი ხმით ხარხარებს – „მეც ზუსტად ეგრე მაბოლებდნენ, როცა პატარა ვიყავი.“
სანდრო დიდ პირს აღებს და კურაგებიან ხაჭოს ორი ყბით ღეჭავს. ლევანიკოს სიტყვა კანონია – რასაც ის ეტყვის, ესე იგი, სწორია და წყალი არ გაუვა! თუ ის იცინის, ესე იგი, ერთად უნდა ვიცინოთ! და სანდროც ხარხარებს. ეს ის ლევანიკოა, კარაქიან პურს რომ ვერ შეაჭმევდი, თუ ზედ მთელი დრამატურგია არ გათამაშდებოდა! რაც
მთავარია, კარგად ახსოვს, რას აღარ ვიგონებდი მის გამოსაკვებად და მყარად დგას აზრზე, რომ შვილები „საშინელი წვალებაა“ და ჯობია სულ არ გააჩინო!
არადა რა იცის…
რა იცის, რომ მთელი ეს „წვალება“ ყველაზე სასიხარულო წვალებაა დედამიწის ზურგზე! მით უმეტეს, როცა განათებულ ქუჩას გასცქერი და გრძნობ, როგორ მოიპარება ფანჯრებს მიღმა ახალი წელი. მოიპარება იმ თოვლის პაპასავით, თვალით რომ არ გვინახავს, მაგრამ დაუღალავად კითხულობს ჩვენს წერილებს, თვალს ხუჭავს იმაზე, რომ გასულ წელსაც ვზარმაცობდით, ვჯიუტობდით და სისუფთავესაც ვერ მივეჩვიეთ.
ის მაინც ჯდება მარხილში, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ბედნიერი მოქრის ჩვენთან, სიხარულით გვისრულებს ყველაზე თამამ სურვილებს, ჯიუტად გვაძლევს ახალ-ახალ შანსებს…

ხაჭოს პაპაც გადავსანსლეთ, მისი ქუდი და ღილებიც გემრიელად ჩავახრამუნეთ, ახლა იმაზე ვიმტვრევთ თავს, რისგან დავამზადოთ საახალწლო სუფრისთვის სანტას ელფები…
გარეთ ცივი და სუსხიანი ზამთარია, მაგრამ მათ ასეთი ზამთარიც უხარიათ – მობუზული ბეღურებით, გაშიშვლებული ხეებით, ძალადაგაკრგული მზით, ზამთრის დღესასწაულებით, ახლის დაწყების მოლოდინით… ვუყურებ მათ და ეს ყოვლისმომცველი სიხარული მეც მედება.
ხელში წითელი თეფში მიჭირავს – ხაჭოს პაპისგან ზედ მხოლოდ ფიფქისმაგვარი კვალი რომ დარჩა და ვხვდები-
მთავარია, ძალიან გინდოდეს, მთავარია, საჭიროებას ხედავდე, მეტიც-აუცილებლობას გრძნობდე…
ახალი წლის ღამეს თუ არა, მერე მაინც ჩამოყრის ნამდვილ ფიფქებს, დილაუთენია ჰაერში მხიარულად
გაიწკრიალებს ყინვა და მე ისევ ვერასდროს გავუბრაზდები ჩემს ფიფქიჭამია ბიჭებს, მხიარულად რომ შესცინებენ თოვას.
იქამდე კი ვზივარ და ვყვები, რომ მაშინაც იდგა ზამთარი. მოდიოდა ახალი წელი და მე, ანას და მარის ჯიუტად
გვეფიქრებოდა ჩაშლილ დღესასწაულზე, მოწყენილ თოვლის პაპაზე, რომელსაც ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუნდებოდა.
და გათენდა დილა. ფანჯრებზე ყინვას მთელი ღამის განმავლობაში ეხატა და ეხატა ყურებდაცქვეტილი ელფები,ფერიები და მოფარფატე ანგელოსები. ნაძვის ხის ქვეშ კი ფერადი ყუთი იდო, ყუთში – სხვადასხვა ფორმის შოკოლადმოსხმული ხრაშუნა ორცხობილები და წითელი შალის ნაჭრისგან შეკერილი სამი კაცუნა – წვეტიანი ქუდებითა და ყელზე შემოვლებული ქათქათა მაქმანებით.
…ვყვები და ორ წყვილ მოციმციმე თვალში ნელ-ნელა იმღვრევა ჩემი პორტრეტი. მე კი მიხარია, რომ მათაც უჩუყებს გულს ჩემი ბავშვობის სევდა. მიხარია, რომ სამივე ერთად ვსევდიანდებით. მიხარია, რომ ამ ორს ასე უყვარს თავისი მტირალა და მეოცნებე დედა…
ახალი წელიც ხომ სიხარულისგან ატირებაზეა!

10_Issue_CulinArt72

ინგრედიენტები:
* ხაჭო 200 გრ.
* ჩირი ნებისმიერი
* შაქარი და ვანილი: გემოვნებით

მომზადება: პაპასთვის ხაჭოს ორ გუნდად ვამრგვალებთ, თვალების, ცხვირის, პირის, ქუდის, ხელებისა და ღილებისთვის კი სხვადასხვა ჩირს ან ხილს ვიყენებთ. გემოსთვის ცოტა შაქრის ფხვნილსა და ვანილს ვაყრით.

10_Issue_CulinArt_Page_100

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com