KIDS MENU

_MG_9919

მხიარული სენდვიჩები

სარკის წინ ვდგავართ სამნი და თვითონაც ვიჭერ ბავშვებსა და ჩემ შორის გარეგნულ მსგავსებას, რომელსაც ყოველთვის ხაზგასმულად აღნიშნავენ ხოლმე. განგვასხვავებს ის, რომ მე ყვავილებიანი კაბა მაცვია, მათ კი – შარვლები. ვინც უფრო ახლოს გვიცნობს, მან ისიც იცის, რომ მე და ეს გრძელთმიანი ბიჭები გარეგნობასთან ერთად კიდევ ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს: ერთი და იგივე წიგნები და ფილმები მოგვწონს, ერთი და იგივე ადგილები, გართობის ფორმა, ერთი და იგივე საჭმელები გვიყვარს…

ის, რომ ბავშვის საყვარელი საჭმელების ჩამონათვალს დიდწილად დედა განსაზღვრავს, ყოველთვის ვიცოდი.
მშობელი სთავაზობს შვილს იმას, რაც თვითონ მოსწონს, თვითონ მიაჩნია მნიშვნელოვნად და აუცილებლად. მოგვიანებით მივხვდი, რომ დედა, სურვილის შემთხვევაში, არამარტო შვილის ჯანსაღ კვებაზე ზრუნავს, მის კულინარიულ ბიოგრაფიასაც წერს… წერს იმ წვნიანებით, სენდვიჩებითა და ტკბილეულით, რომლებსაც თვითონ გამოიგონებს, განსხვავებულად შეფუთავს.

თვითონ მე ვფიქრობ, რომ ჩემი და ჩემი შვილების მსგავსებას ერთნაირ თმასა და ცხვირებზე მეტად ცხოვრების
მიმართ ჩვენი ლაღი დამოკიდებულება განსაზღვრავს. ის, თუ როგორ აღვიქვამთ სეზონების ცვლილებას, გათენებას, თვალების გახელის ყოველ მორიგ შესაძლებლობას, ყოველდღიურ, ხშირად წვრილმან სიხარულს და ამ სიხარულის საგანს.

ვგავართ იმითაც, რომ სამივენი ვგიჟდებით ხეტიალზე და როგორც კი ქალაქში პირველი მზიანი დღეები ჩამოდგება, სულ უფრო ნაკლები დრო გვემეტება ოთახში გასატარებლად.

დავსეირნობთ ძველი თბილისის ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, ვაკვირდებით ძველებურ ჭიშკრებს, აბრებსა და დანაღვლიანეულ ფასადებს, მოგვწონს ჩვენი ქალაქით აღტაცეულ ტურისტებთან გულღია კომუნიკაცია და საღამოს აჩემებულ მყუდრო კაფეში კენკრის ლიმონათის წრუპვა.

ხანაც უფრო შორეულ მარშრუტს ვირჩევთ. გამოვალაგებთ ზურგჩანთებს, პლედს, საპიკნიკე კალათს, ვამზადებთ მხიარულ სენდვიჩებს და დღის სუფთა ჰაერზე გასატარებლად მივემართებით.

როგორ ვირჩევთ საპიკნიკე ადგილს? მთავარია, ბალახი და ბევრი სიმწვანე იყოს, რომ თვალმა დაისვენოს და ლამაზი ფოტოები გამოვიდეს. აუცილებელია დიდი ხეების ჩრდილიც. ჭიანჭველები უნდა სახლობდნენ სადმე მოზრდილი ქვის ქვეშ – მუცელზე გაწოლილებს საათობით შეგვიძლია იმის ყურება, როგორ ესევიან დაუღლელი ფუსფუსა მწერები ჩვენს ფერადოვან საუზმეს. კიდევ ჩიტების ჟღურტული უნდა ისმოდეს – როგორც ურბანული ქაოტური გარემოსგან მოწყვეტის ერთ-ერთი მთავარი პირობა. თუ გვირილების მინდორიც ვიპოვეთ, ესე იგი, კიდევ უფრო გაგვიმართლა- ჯერ ერთი, ლამაზია და თან ძმები გვირგვინს წნავენ ხოლმე ჩემთვის.

ცაზე მოცეკვავე მზის თაღის ქვეშ შეუდარებლად ფოტოგენურია ქალაქის განაპირა მდელოები. ესაა გარემო, რომელიც ყველაფერს გავიწყებს, რომელიც უნივერსალური ბედნიერების საათებს წერს მოგონებების წიგნში, გახალისებს, სუფთა ჰაერით გათრობს და მგელივით გაშიებს. 

აი, მაშინ დგება საპიკნიკე კალათიდან მხიარული სენდვიჩების ამოლაგების წამი.

ეს სენდვიჩები ჩვენს სახლში მაშინ გაჩნდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს ლევანიკომ კბილი კბილს დააჭირა და
ვერანაირმა ხვეწნამ, დაპირებამ, დაყვირებამ, და საერთოდ, საერთოდ ვერაფერმა ვერ აიძულა კარაქიანი პურის ჩაყლაპვა. საშინელებად მოეჩვენა და მორჩა! მახსოვს, ჯერ მრისხანების შემოტევას ვიოკებდი და მერე კარგა ხანს იმაზე ვიჭყლეტდი ტვინს, რითი ჩამენაცვლებინა საუზმისთვის განკუთვნილი ბუტერბროდი, რომელიც ჩემმა ცხვირპაჭუა ბიჭმა კეთილსინდისიერად ჭამა ორი წლის განმავლობაში. ასე დაემატა კარაქიან პურს ფერადი კაცუნები, სოკოები და ჭიამაიები. გაჩნდა სენდვიჩები, რომლებზეც უარს ვერასდროს იტყვი და, მით უმეტეს, ვერ იტყვი ტყეში ხის ძირას გაშხლართული, კამკამა ჰაერისგან მოშიებული.

ივნისში ტყე გაზაფხულის მოტკბო სურნელთან უკვე განშორებულია, სიტკბო მწიფდება და მათრობელა არომატს იძენს; ყველა კვირტმა დიდი ხანია დაიყვავილა, ყველა ყლორტმა ამოხეთქა მიწა, და ხმამაღლა მფეთქავი ტყის სურნელიც ისეთივე შეუდარებელია, როგორც მზის ციალი განთიადისას, გაცისკროვნებულ და სიხარულით სავსე დღეს რომ გპირდება.

გაზაფხულის პირველივე თბილი დღეების დადგომისას, ჩემი შვილების ყველა მოლოდინი აგვისტოსკენაა მიმართული. ესაა თვე, რომელსაც უპირობოდ მთიულეთში ვატარებთ. და ერთი რამ ვიცი დანამდვილებით – ისეთები, როგორებიც ვართ, სწორედ იმიტომ ვართ, რომ არასდროს ვღალატობთ
აგვისტოს თვის მთიულეთში გატარების ტრადიციას. 

ამიტომ პიკნიკი ზაფხულის ბოლო თვის ერთგვარი რეპეტიციაა. ბუნებასთან მონატრებული სიახლოვის თუნდაც, სულ ცოტათი დაკმაყოფილების მცდელობა.

ვწევარ ბალახზე, თვალს ვუშტერებ შეჩვეულ და უცვლელ პეიზაჟს და გულისაჩუყებამდე შორი მეჩვენება წამები, რომლებიც თითებს შორის გაიპარა, უხმაუროდ გაქრა…

ბუნება კი აუღელვებელია ჩვენი ცხოვრებისეული ცვლილებების მიმართ; იმის მიმართ, რომ ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით.

არადა, მოკლედ შეჭრილი თმა ისევ გამეზარდა, კარგა ხანია 50 კილოგრამს აღარ ვიწონი, კაბები შემიყვარდა და გრძელ საყურეებს ვეღარ ვიკეთებ. ლევანიკოს და მე ერთი ზომის ფეხსაცმელი გვაცვია, სანდრო ღამღამობით ბალიშის ქვეშ ძილის მინისტრის საჩუქრებს აღარ ეძებს, აღარც ნამცხვარს ეძახის მამცხვარს…

ეს მდელო კი, გარშემორტყმული ფიჭვებით და ტოტებში მოციალე გულღია მზით, ისევ ისეთია, როგორიც შარშან იყო, იმის წინ… უცვლელია წიწვის მათრობელა არომატი და ბალახში გაცინებული მზეებივით მიმობნეული გვირილები.

უცვლელი იქნება აგვისტოს მთიულეთიც – საძოვრებიდან მობრუნებული ძროხების ბღავილით, ფიჭვნარი ტყის მათრობელა არომატით, წვიმის მერე ხის კუნძებთან ამოწვერილი წითელი სოკოებით, ქოთქოთა ქათმებით, ჭინჭრით დასუსხული კიდურებით და დილდილობით თბილი, კეთილი მზის ამოგორებით.

აი, ასე, ზუსტად ერთნაირად გვესმის ზაფხული და უფრო ამიტომ ვართ ერთნაირები, თუმცა თმაც გვიგავს, თვალებიც, თითებიც და სხვა ყველაფერიც თითქმის.

რით განვსხვავდებით? აი, იმით, მე რომ ყვავილებიანი კაბა მაცვია, მათ კი – შარვლები. და კიდევ იმით, რომ ისინი, ჩემგან განსხვავებით, ფოტოების გადაღებას ვერ იტანენ. სახლიდან ყოველ გასვლას თან ახლავს საპროტესტო ტალღა, თუ შეამჩნევენ რომ ზურგჩანთაში მალულად ვტენი ფოტოაპარატს. მე არაფრით ვტყდები და ჯიუტად ვამტიცებ, რომ მხოლოდ პეიზაჟების გადაღებას ვგეგმავ, რისიც მათ, რა თქმა უნდა, არ სჯერათ. მაგრამ მაინც, რამდენიმე საათის მერე ორივე ბიჭი – ყელამდე სავსე მზითა და სიხარულით- თვითონ მორბის ჩემთან და სამახსოვრო ფოტოების გადაღებაზე დიდსულოვნად მთანხმდება.

მიზეზს რაღა ძიება უნდა? გარეთ საარაკო ივნისი დგას და კომპრომისზე წასვლაც სულ მარტივია, როცა ძალიან გიყვარს.

მხიარული სენდვიჩები

_MG_9890-(1)

სენდვიჩის პურზე კარაქს ვუსვამთ და სასურველი კომპოზიციის შესაქმნელად ყველს, ძეხვს ან ბეკონს, პომიდორს, კიტრს, სალათის ფურცლებს, კვერცხსა და ზეთისხილს ვიყენებთ.

ფოტო: LIG STUDIO

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com