კულინარიული კრახი – მაქსიმე მაჩაიძე

max-(3)

უკანონო კრახი 

მისი სხეული და სახლი საოცრად საინტერესო ინსტალაციებს წარმოგიდგენს. სივრცე, რომელიც მუსიკას, მხატვრობას, ხელნაკეთ სამოსს და ავეჯს, უამრავ რკინის და ფაიფურის საინტერესო ობიექტს, თუ ფერად გირლიანდებს აერთიანებს ‒ ეს მაქსიმეა. პოეტი… პოეტი ‒ მაქსიმე მაჩაიძე! 

ეს ის შემთხვევაა, როცა ერთ გარემოში სხვადასხვა ინტერესი იყრის თავს და სახლი ერთგვარ გალაქტიკას ემსგავსება. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული დეტალი ინტერესის ახალ სფეროს გიშლის წინ. ეს უბრალოდ ძალიან, ძალიან საინტერესოა… 

სამზარეულოში, ხშირად აწყობს კულინარიულ ინსტალაციას. მოსწონს ხილის შეხამება იმ ნივთებთან, რომლებსაც აგროვებს, იქნება ეს წყალქვეშა ნავის ჩამრთველი, თუ საკუთარი ხელით აწყობილი სანათი. ამ დროს, იაზრებ ადამიანი, რომ ყველაფრის საწყისი ერთია ‒ საკვების, ნივთების, ფიფქების და სრულიად გალაქტიკისაც… 

max-(1)

მაქსიმეს მენიუ 

„კულინარია არის საწვავის გემრიელად ჩასხმის ფორმა. დილას, რომ ვიღვიძებ ერთ ქილა მაწონს ვიღებ და მერე ვიწყებ მუშაობას. მარტივ საკვებს ვანიჭებ უპირატესობას, ბევრ ხილს და ბოსტნეულს ვჭამ. 

ჩემი აზრით, როგორც ელექტრონულ მუსიკაში, კულინარიაშიც გამიქსვაშია საიდუმლოება. პოეზიაშიც იგივე პრინციპია ‒ აერთიანებ სიტყვებს, რომლებიც გევასება. მათ სწორად ალაგებ, რიტმში სვამ ან არ სვამ და იქმნება ლექსი. როგორც ნახატისთვის საღებავს არჩევ, ასევე ერთმანეთს სხვადახვა ინგრედიენტს უხამებ კერძის მისაღებად.“ 

მისი მენიუს მთავარი კომპონენტია ‒ ჩაი. დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა არომატით სვამს. ხშირად, კერძებსაც უმზადებს მეგობრებს. როგორც ყველა დანარჩენ საკითხზე, კვებაზეც საინტერესო და სასარგებლო შეხედულება აქვს: 

„მაქსიმალურად ვცდილობ მარტივად ვიკვებო. მაგალითად, მიყვარს წიწიბურა ყველით, ჩაი ‒ შაქრის გარეშე. რაც უფრო, ჟელიბონების და ჰამბურგერების მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, მით უფრო რთულად აღიქვამს მარტივ გემოებს და სჭირდება ნარკოტიკივით საკვები. ზოგადად, ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით, რასაც ირგვლის ვპოულობთ ‒ სივრცეებს, ადამიანებს, პროდუქტს. 

არ მომწონს, როცა გემო შოკს გგვრის. მაგრამ, თუ მოწეული ვარ შემიძლია, ბროკოლი ამოვავლო ნუტელაში, ყველი დავადო და შევჭამო“. 

max-(4)

კულინარია ხელოვნებაში 

„კვების სცენები, ყველაზე მეტად მომწონს ანიმაციურ და ამერიკულ ფილმებში. განსაკუთრებით ‒ გადაკარგულ უდაბნოში, რომ ბურგერის საკვები ობიექტებია. 

რეჟისორი კულინარი? დარწუნებული ვარ, ჯარმუში აკეთებს ძალიან მაგარ ყავას. ჰაიაო მიაძაკიც გამორჩეული კულინარი იქნება, ვეს ანდერსონი და ვიმ ვენდერსიც, ალბათ უგემრიელესად ამზადებენ. 

ერთი რეპერია ექშენ ბრონსონი, ძალიან მაგარი ტიპია, მუსიკის გარდა კულინარიითაც არის გატაცებული. ხშირად დადის ტურნეებზე და სულ რაღაცას აკეთებს, ყველა ვიდეოში ჭამის პროცესშია. 

რაც შეეხება მხატვარ კულინარს, დედაჩემი მთელი ცხოვრებაა ძალიან გემრიელად ამზადებს.“ 

უკანონო კრახი 

კრახი შეიძლება იყოს უცნაური, სახალისო, ტარანტინოს ფილმზე დაძაბული სიუჟეტის ან უბრალოდ დრამატული, მაგრამ ასეთი… 

„დედამიწა ისეთი პლანეტაა, რომელზეც თავისით ამოდის მცენარეები, ადამიანები და ხეები იზრდებიან. ბევრი ბუნებრივი მოვლენა ხდება, მათ შორის პლანიც შეიძლება აყვავდეს გზის პირას. მოკლედ, ერთხელაც კახეთიდან წამოვიღეთ მოსაწევი. სულ მესმოდა მისგან დამზადებული ნამცხვრების და პეჩენიების შესახებ და მე და ჩემმა მეგობარმა გრინჩმა (ჯგუფ Kung Fu Junkie-ს წევრი) გადავწყვიტეთ, გამოგვეცხო. 

დავჭერით პლანი და მოვხარშეთ კარაქში. შემდეგ, გავწურეთ და მიღებული მწვანე მასა გავყინეთ მაცივარში. ბოლოს, ამ კარაქის კუბიკს ნორმაზე ნაკლები რაოდენობის ფქვილი გავუკეთეთ და მასა, რომ მოვზილე მდნარი გამოვიდა. ღუმელში შედგმისას, კი სულ დადნა. იმდენად გვინდოდა, ჭიქაში ჩავფშხვენით, მდუღარე წყალი დავასხით და დავლიეთ ნახევრად ცხიმიანი სითხე. 

მას მერე, კიდევ ბევრჯერ ვცადე და უკვე გემრიელი ორცხობილები გამომდის, მაგრამ პირველად კრახი განვიცადე. ეს ისტორია ჩემთვის უფრო ძვირფასი გახდა, რადგან გრინჩი აღარ არის…“ 

ის, რაც მაწუხებს 

ქვეყნის კეთილდღეობისთვის უამრავ სხვა მისწრაფებასთან ერთად, ორი განსაკუთრებული სურვილი აქვს: პლანის ‒ სვანურ სამზარეულოში და უსამართლოდ დაჭერილი ახალგაზრდების საკუთარ სახლებში დაბრუნება. 

„ამ ქალაქში იმდენი ახალგზარდა ზის უსამართლოდ ციხეში… იჭერენ 15-16 წლის ბიჭებს, რომლებსაც პლანს უპოვიან. ჩემი აზრით, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ყურძენი დაკრიფო და სახლში მოიტანო ღვინის დასაწურად. ამ დროს, კი არავინ რეაგირებს… 

როცა მცენარე თავისით ამოდის და ხალხი ებრძვის, ეს ადამიანის ‒ ბუნებაში ჩარევაა. ისეთი აფსურდული გარემოა, შეიძლება რიგითი მოქალაქის ეზოში გაიხაროს პლანმა და მან თავი კრიმინალად იგრძნოს. კი არ უნდა აკრძალონ, სწორად მოხმარება უნდა ასწავლონ ხალხს. 

მოსაწევი, რომ დეკრიმინალიზებული იყოს, აღარავინ მოიხმარდა ბიო-ნარკოტიკს, რაც ყველაზე საშიშია ჯანმრთელობისთვის.“ 

ამ საკითხისგან განსხვავებით, დადებითი შეხედულება აქვს ქართულ სამზარეულოზე. ამბობს, რომ კერძებით და გამორჩეულად ჯანსაღი პროდუქტით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ. როგორც ყველა მოვლენასა და ობიექტს გარემოში, საკვების შინაგან ბუნებასაც აკვირდება და მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებს. 

„საინტერესოა, როგორ ინახავს წყალი ინფორმაციას. მეხსიერების დისკივით არის. აღმოაჩინეს, რომ პოლუსებზე ყინული ძალიან ძველ ინფორმაციას ატარებს. გადნობის შემთხვევაში, კი ყველაფერი ქრება. 

თითოეული ჩვენგანი წყლისგან შედგება, ისევე როგორც ცხოველები. ამიტომ, სპეციფიური გემოს მატარებელი და ნაკლებად სასარგებლოა სტრესით მოკლული პირუტყვის ხორცი, თევზის კი არა, რადგან მას წამიერი მეხსიერება აქვს.“ 

max-(6)

ფოტო: იკა პირველი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com