Djaba Paris Amour

„წარმომიდგენია, რომ ჩემს კაბებს ქალები ოდნავ შებინდებისას უნდა იცვამდნენ და გადიოდნენ გარეთ. დღის ამ მონაკვეთში, ქალი სულ სხვანაირად გამოიყურება… შემდეგ, მთელ ღამეს უნდა ათენებდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ, იცინოდნენ. უკვე გამთენიისას, ცოტა შელახული სამოსით იქნებიან, ამასაც საოცარი ხიბლი აქვს.“

კაბებით შექმნილი ზღაპრული სამყარო

ყველა ქალის ცხოვრებას, უხილავი ჯადოსნური ჯოხით ზღაპრად აქცევს. ამ ნიჭთან ერთად დაიბადა და თითქოს მის კაბებს უსაზღვრო ბედნიერება, სიცილი, სიბრჭყვიალე და სიყვარული მოჰყვება. ჯაბას ირგვლივ მუდამ სიხარულით თვა ლებანთებულ ადამიანებს ნახავთ, უკიდეგანოდ თავი სუფლებს და ლაღებს. ამბობს, რომ მისი შემოქმედების მთავარი მიზანი სწორედ ეს არის ‒ დაეხმაროს ქალებს გამოავლინონ თავისუფლების უნარი, იყვნენ უსასრულოდ ბედნიერები…

მისი მთავარი შთაგონება მე-19 საუკუნის ტენდენციებს უკავშირდება. მუზებს ვისკონტის ფილმებში ან თუნდაც მარსელ პრუსტის წიგნებში ხვდება. შემდეგ კი პერსონაჟებს რეალურ გმირებად აქცევს. და მაინც, ყველაფერი ოჯახიდან დაიწყო…

Djabamour

„ბებიაჩემი ‒ ფრანგი, ბაბუაჩემი კი ქართველი, პარიზში გაზრდილი ემიგრანტი იყო. დედაჩემი იქ დაიბადა და ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ჩემმა მშობლებმა თბილისში გაიცნეს ერთ მანეთი. მე ბავშვობიდან ორივე ქალაქში მუდმივი მიმოსვლა მქონდა. პირველი კლასიდან მეექვსემდე პარიზში ვსწავლობდი, მეექვსედან მეათემდე ‒ თბილისში. შემდეგ დავბრუნდი საფრანგეთში, სადაც დავამთავრე სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი.

გამიგია, რომ ბაბუაჩემი, ნიაზ დიასამიძე, სამოსს თავისი ხელით იკერავდა. ალბათ, ამიტომ მიყვარს მეც საკუთარი თავის შემოსვა. საფრანგეთში იმიგრირებულ დიდ ბებიას, კი ატელიე ჰქონდა პარიზში. ოჯახში ეს საქმიანობა ყოველთვის აქტუალური იყო.“

La Femme

ამბობს, რომ ქართველმა და ფრანგმა ქალებმა გაზარდეს და სწორედ ამიტომ არის ორივე ეროვნების მიმართ სენტიმენტალურად განწყობილი. მათი შეფასება უჭირს, თუმცა საერთოს ხედავს.

„იმდენად ჩემიანია ქართველი და ფრანგი ქალი, რომ სუბიექტურად გამომივა შედარება. ალბათ, მე თვითონ ვარ მათ შორის პარალელი. ფრანგ ქალებს პრინციპული თავისუფლება აქვთ და ამას ძალიან დიდ პატივს ვცემ. სხვათა შორის, დამოუკიდებლობის საოცარი ძალა აქვთ ქართველ ქალებსაც. ეს დასაფასებელი და აუცილებლად მოსაფრთხილებელია. მეც ზუსტად ამაში ვუწყობ მათ ხელს.“

ინსპირაცია ძირითადად ქალებისგან მოდის ‒ იქნებიან ესენი ლიტერატურული პერსონაჟები, კინოს გმირები, ირგვლივ მყოფი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები. უფრო ხშირად, მუზებს მე-19 საუკუნის ნამუშევრებში პოულობს. ფრანგულ ლიტერატურაში, მათ განსაკუთრებით გი დე მოპასანთან და მარსელ პრუსტთან ხვდება. ამბობს, რომ სიამოვნებით იქნებოდა ლუკინო ვისკონტის ყველა ფილ მის კოსტიუმის ავტორი.

„პრუსტს ერთ-ერთ გაზეთში ჰქონდა რუბრიკა, სადაც კვირაში ერთხელ პარიზის გამორჩეული ქალის წვეულებაზე წერდა. ამის მთავარი იდეა იყო, რომ სხვა ქალბატონებს წაეკითხათ და გაეგოთ, ვის რა ეცვა.

Élisabeth, Countess Greffulhe მე-19 საუკუნის პარიზის მაღალ საზოგადოებას წარმოადგენდა. ჩაცმა განსაკუთრებულად უყვარდა და მიღებებზე ხალხის ყურადღებას იქცევდა. ცოტა ხნის წინ, პარიზში გაიმართა გამოფენა, სადაც ამ ქალის სამოსი და სხვა ნივთები იყო წარმოდგენილი. აქვე ნახავდით ჩანაწერებს და ჩამონათვალს აუცილებელი ნივთებისა, რომლებიც დამხმარე ქალს დასასვენებლად წასვლისას მისთვის უნდა გაემზადებინა. ისეთი ფანტასტიკური წასაკითხი იყო, ამის მიხედვით ერთი კოლექცია გამომივიდოდა.

მარსელ პრუსტმა, მისი შთაგონებით შექმნა ნაწარმოების გმირი ‒ გერმანტების პრინცესა. სწორედ ამ პერსონაჟს შევმოსავდი სიამოვნებით.“

კულინარიული დღესასწაული

ფერადი ყვავილებით, ხილით, სანთლებით, ლამაზი ჭურჭლით, ბრჭყვიალა დეტალებით გაწყობილი უზარმაზარი მაგიდა და მის ირგვლივ შემოკრებილი დახვეწილი, ელეგან ტური, ბედნიერი ადამიანები… საზეიმო განწყობა, გულღია საუბრები, მუსიკა და ხმამაღალი სიცილი გათენებამდე. ეს არის ტრადიცია, რომელიც ბავშვობიდან ოჯახში ჰქონდათ და დღემდე შეინარჩუნა.

„ჩემი საყვარელი ეპოქის ნაწარმოებებში და ფილმებში ხშირად იკრიბებიან ადამიანები ბალზე, ან ვახშამზე. საოცა რი მიზიდულობა მაქვს ამ ტრადიციის მიმართ. ძალიან მიყვარს სტუმრები, ასე იყვნენ ჩემი ბებია-ბაბუები და მშობლებიც. ბავშვობიდან, მაგიდის ირგვლივ ვიცნობდი ხალხს და ვაკვირდებოდი. ჩემთვის ვახშამი მნიშვნელო ვანია, ისევე როგორც ‒ ფრანგულ და ქართულ კულტურაში. ამ დროს, სტუმრებს შორის კომუნიკაცია მყარდება. მიყვარს მაგიდის გაწყობაც, დეტალებზე დაკვირვება. ჭურჭლის და ვერცხლის ნივთების კოლექციონერიც კი ვარ. ამ ყველაფერში რაღაც მაგიურია. პარიზის ჩემს პატარა ბინაში, ხშირად ვპატიჟებ მეგობრებს. განსაკუთრებულად კარგად გამომდის მწვანე სალათი. ისე გემრიელად აკეთებენ ბებიაჩემი და დედაჩემი, რომ მეც ვისწავლე. კულინარიული კრახი, კი არასდროს მქონია, რადგან რისკს ვერიდები.“

პარიზული დღიურებიდან

„საკუთარი ქალაქის მიმართ დამოკიდებულებით, თბილისელები და პარიზელები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. უსაზღვროდ უყვართ და მუდამ უკმაყოფილოები არიან პარიზელები ყველაფრით, რაც იქ ხდება. თუმცა, თავის ქალაქს მაინც არაფერი ურჩევნიათ. ასევე ვარ მეც, უკვე მენატრება ჩემი სახლი, ის ჰაერი და ყოველ-დღიურობა…

ჩემი დილა იწყება საუზმით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 12 საათამდე სახლიდან არ გავდივარ, აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს ვაკეთებ გარეთ, უბრალოდ დაბნეული დავდივარ. ამ დროისთვის, მივდივარ ნაჭრების შესაძენად, შესაკვეთად ან მქარგავებთან. შემდეგ გამოფენაზე შევივლი. შუალედებში აუცილებლად ვჩერდები კაფეებში, ვუსმენ მუსიკას, ვფიქრობ, ვსტუმრობ წიგნის ან აქსესუარების ჩემს საყვარელ პატარა მაღაზიებს. ძირითადად, დროს სეირნობაში ვატარებ. ეს მეხმარება მუშაობის პროცესში, სხვაგვარად წარმოუდგენელია…“

პროფესიული შეფასებები

პარიზში დაბადებული მოდა განსაკუთრებულად მოსწონს, რაც არ უნდა განსხვავებული სტილი იყოს. დადებითად აფასებს იტალიურ მოდასაც. ფიქრობს, რომ აზიელები გენიოსები არიან, ისევე როგორც ‒ იაპონელები. ამ ყველაფრის მთავარი წერტილი კი ‒ საფრანგეთია.

„ქართული მოდის ინდუსტრიაში დიდი წინსვლა და პერსპექტივაა. ჩემს ყველა კოლეგას დიდ პატივსვცემ, მაგრამ არც დღევანდელი ფრანგული მოდის თაყვანისმცემელი ვარ და არც ‒ ქართულის. ჩემი შემოქმედების მთავარი აზრი არის იმის შექმნა, რასაც ვერ ვხედავ, რაც ირგვლივ არ არის.“

რამდენიმე დღის წინ, ჯაბამ თბილისს ახალი კოლექცია წარუდგინა. რუსთაველის თეატრში მონო სპექტაკლი გამართა, რომლის მთავარი გმირიც თავად იყო. ელეგანტურად გამოწყობილმა მიმტანებმა სტუმრებს შამპანურები დაურიგეს. დარბაზში სუნამოსა და სასმელის სუნი სასიამოვნოდ შეერწყა ერთმანეთს და მძიმე ხავერდის ფარდაც გაიხსნა. დიზაინერი სცენაზე გამოსულ მოდელებს საკუთარი ხელით უსწორებდა დეტალებს, უკეთებდა აქსესუარებს და მაყურებლის თვალწინ ნამდვილ არისტოკრატ ქალებად აქცევდა.

„ჩვენების იდეა იყო, გულწრფელად მეჩვენებინა ადამიანებისთვის რატომ ვაკეთებ ამ სამოსს, როგორ ვმუშაობ და რომ დიდ პატივს ვცემ ქალებს. ხშირად ფოტოების დათვალიერების დროს, განვიცდი როცა არ არის კაბის დეტალები გასწორებული. მივხვდი, მათი იდეალურად წარმოჩენა მხოლოდ მე შემეძლო.“

და მაინც პატარძლები, რომელთა ცხოვრებაშიც ჯაბას უზარმაზარი ცვლილება და ბედნიერება შეაქვს… ფიქრობს, რომ ეს ყველაზე რთული პროცესია.

„ყოველთვის ვცდილობ, მოვერგო პატარძლებს. ვხვდები, რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ მაქვს შეცდომის დაშვების უფლება. მთავარია, იმ ადამიანის ენერგია დავიჭირო და ყველაფერი ამის მიხედვით ავაწყო. ხშირად ერთი კოლექციის გაკეთებას უდრის ერთი საქორწილო კაბა, იმდენად ვღელავ ხოლმე“.

DARIAL

ჯაბას მონაწილეობით, ბარსელონაში დიდი, საინტერესო ინტერიერის და კონცეფციის სივრცე გაიხსნება. ის სამოსის მაღაზიას, გალერეას და რესტორანს გააერთიანებს. სახელწოდებაზე ბევრი იფიქრეს და სიმბოლურად „დარიალი“ შეარჩიეს.

„ბაბუაჩემის დას ჰქონდა გალერეა DARIAL. მისი ინსპირაცია დარიალის ხეობა იყო, ჩვენც გადავწყვიტეთ ეს სახელი აგვერჩია. თანაც უცხოელებისთვის საკმაოდ მარტივად და ელეგანტურად ჟღერს. აქ წარმოდგენილი იქნება ჩემი კაბები, უცხოელი დიზაინერების ნამუშევრები და ასევე ‒ ატელიე, სადაც მე და „დარიალის“ გუნდის წევრები ვიმუშავებთ. გვექნება შეკვეთები და მაღაზიისთვის სპეციალური კოლექციები. შესაძლებელია, გვყავდეს მოწვეული დიზაინერებიც. მთავარი იდეა იყო, გამოგვეხატა ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება როგორც მოდის, ასევე სხვა სფეროების მიმართ.“

ფოტო : ირა კურმაევა,  გიორგი ნაზღაიძე 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com