კულინარიული კრახი გუგა კოტეტიშვილი

Culinart_11_PRINT33

კულინარიული არტის ოსტატი

ძველებური ჭურჭელი, სანათები, მაგიდის ფერადი, დახვეწილი გადასაფარებლები, ბებიის დროინდელი ვერცხლის სამოვრები და დანა-ჩანგალი, ყვავილებით მოხატული ჩაის ფინჯნები, 90-იანი წლების ბუფეტები, სანათად გადაკეთებული ალუმინის გობი, თოკებზე გაფენილი სარეცხი, ლეიბები, საბნები… ამ ყველაფერს, მხოლოდ იმ კაფეებისა თუ რესტორნების ინტერიერში შეხვდებით, რომლებსაც გუგა კოტეტიშვილი აკეთებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გარემო დროში გამოგზაურებს… ირგვლივ ყველაფერს აკვირდები, თითო დეტალს გონებაში თითო მოგონება მოჰყვება… ამ სივრცეში, კერძებსაც სულ სხვა გემო აქვს…

ფანტაზიორი კულინარი

ხუთი რესტორანი აქვს, ყველას დიზაინი თავად გააკეთა. ინტერიერს ყოველთვის მენიუს არგებს. ამბობს, რომ კერძის მომზადების და ობიექტის გაფორმების დროს ერთი პრინციპით მოქმედებს: რა მასალაც აქვს, იმის მიხედვით აყალიბებს იდეებს და მუშაობს.
კერძების მომზადება ეხერხება და
ხშირადაც აკეთებს. უყვარს, როცა თავის ფანტაზიით ქმნის რაიმე გემრიელს, იქნება ეს ხორცი, წვნიანი თუ სალათები… რა ინგრედიენტებიც აქვს, იმის მიხედვით ნებისმიერ კერძს შეიძლება შეეჭიდოს, და მაინც… ამ თემაზე საუბარს მისთვის ყველაზე გემრიელი საკვებით – კვერცხით ვიწყებთ.
„ერბო-კვერცხი ყველაზე მეტად მიყვარს და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგრად ვაკეთებ. ისე – როგორც სხვები ვერ ამზადებენ. რეცეპტები არ ვიცი, ყოველთვის საკუთარ ინტერპრეტაციას ვიყენებ. ერთხელ, ღორის კისერი თაფლში და აჯიკაში ამოვავლე, ნივრებით, კომშებითა და კარტოფილებით გავაფორმე და ღუმელში, დაბალ ცეცხლზე შევწვი. ფანტასტიკა გამოვიდა! უგემრიელესი იყო!“

კრახი

მიუხედავად საამაყო კულინარიული წარსულისა, კრახი მაინც ჰქონდა. ერთხელ – და ისიც უხარისხო პროდუქტის გამო. მას შემდეგ მიხვდა, რომ გემრიელი კერძის საიდუმლო ახალ და ჯანსაღ ინგრედიენტებშია.
„ჩემმა ძმამ ჰოლანდიაში გამიკეთა კრევეტები. ვუყურებდი, როგორ ამზადებდა: ქვაბში, ზეთთან და კარაქთან ერთად კრევეტები ჩაყარა, გაუფცქვნელი ნიორი და წითელი წიწაკა დაამატა და შეწვა. ერთხელაც, მოსკოვში ყოფნის დროს გადავწყვიტე სტუმრებისთვის თავი მომეწონებინა და იგივე გამეკეთებინა. სუპერმარკეტში გაყინული კრევეტები ვიყიდე. ყველაფერი სწორად მოვამზადე, მაგრამ საშინელი გამოვიდა! ძალიან შევრცხვი! მაშინ მივხვდი, რომ გაყინული პროდუქტი საერთოდ არ უნდა შევიძინოთ.“

Culinart_11_PRINT34

კულინარიული არტი

„კულინარიას უნდა გრძნობდე, გიყვარდეს – როგორც ხელოვნება და ამით – ცხოვრობდე. ეს არის მთავარი! მაშინ გამოდიან ცნობილი კულინარები. არსებობს კონკრეტული რეცეპტები, მაგრამ ზოგი ძალიან გემრიელად ამზადებს, ზოგი კი – უგემურად! იგივეა ხელოვნებაში, ყველა დახატავს ნატურმორტს, მაგრამ ნახევარი ნაგავია და მეორე ნახევარი – შედევრი.“
იხსენებს ხელოვანებს, რომლებიც ამავდროულად კარგი კულინარებიც არიან…
პირველ რიგში დიუმა ახსენდება – როგორც გურმანი. ამბობს, რომ რუბენსი ისეთ ქალებს ხატავდა, ალბათ ხორცის შეწვაც განსაკუთრებულად გამოუვიდოდა. თავის მეგობარზეც გვიყვება, რამაზ გემიაშვილზე, რომელიც მსახიობი იყო, ახლა კი კულინარიამ და მხატვრობამ გაიტაცა.
„რამაზს საკუთარი კაფე აქვს, სადაც ხშირად ნახავთ, როგორ უთავსებს ამ ორ საქმიანობას ერთმანეთს…“
ფიქრობს, რომ კარგია როცა ქალებს ეხერხებათ მზარეულობა. მით უმეტეს, რომ ბავშვების გაზრდის დროს ეს ცოდნა საჭიროა. თუმცა აღნიშნავს, რომ ოჯახებში ფუნქციები არეულია და შესაძლებელია ქალი არა მზარეულის – არამედ, უფრო მარჩენალის სტატუსითაც კი იყოს.

„ბოლო დროს, ბევრს უჩნდება ამ სფეროს სწავლის სურვილი. მიხვდნენ, რომ მამაკაცთან მისასვლელი გზა კუჭზე გადის.“გუგა კოტეტიშვილი კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევს, რომ აუცილებლად ახალი პროდუქტი გამოიყენონ, მოსამზადებლად აირჩიონ საღამოს მონაკვეთი, სასურველია ამ დროს, მხატვრული ხედვაც ჩართონ და შედეგი წარმატებული გამოვა…

DSC_6680

ფოტო: ირა კურმაევა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com