ნესტან ნენე კვინიკაძე
ხშირად ვიხსენებ: საბერძნეთში, გალაქსიდიში, ზღვისპირა სასტუმროს ეზოში, ცეცხლზე შემწვარ გიგანტურ რვაფეხებს; ომლეტს, კაპუჩინოს და ფორთოხლის ფრეშს – დილის 7 საათის პარიზის კუთხის კაფეში. ლვოვში – ხაჭოს მაჭკატებს და ოთხი ყველის პასტას – სან რემოში.
ჭამა ჭამისთვის არასოდეს არის შთამბეჭდავი! გემო, ამბავთან და სიტუაციასთან ერთად ილექება და თუ ამბავია დაუვიწყარი, გემოც შესაბამისი ხდება.
ასე რომ არ იყოს, მას შემდეგ რამდენი ომლეტი და პასტა მიჭამია?!
მაგრამ, თუ ვინმე მკითხავს, შენი მოგზაურობების შედეგად, რომელი გემო აგეკვიატა სამუდამოდ, ისე, რომ ვერ ივიწყებ და სულ თან დაგყვება, წამსვე სამი ქალაქის რესტორნები მიდგება თვალწინ: “სუში საიტო” – ტოკიოში, “ბაბელი”- ბერლინში და “მენძელი”- ზუგდიდში.
Ist Floor Ark Hills south Tower, 1-4-5 Roppongi,
Minato-ku, Tokyo, Japan
ტოკიოში მოგზაურობის ვერც ერთი ეპიზოდი ვერ აღვწერე შესაბამისად. მეეჭვება, ამ მცდელობამ გაამართლოს.
ტოკიოში ისე არ უნდა წახვიდე, რომ მანამდე, ამ ქალაქის კვლევას არ მიჰყო ხელი. იმიტომ, რომ ეს არ არის, უბრალოდ, ქალაქი. მილიონნაირი ფანტასტიკის პარალელურად, ტოკიოში 100 ათასი რესტორანია და დღეს ჩვენ ამ ნაწილზე ვფოკუსირდებით.
კვების ყველა ობიექტი საინტერესოა როგორც ინტერიერის, ისე მენიუს თვალსაზრისით. მაგრამ, შევთანხმდეთ,რომ არ არსებობს იაპონიაში ჩასული ადამიანი, ყველაზე ხშირად, სუშიზე არ ფიქრობდეს.
დამიჯერეთ, ტოკიოში რიგით სუპერმარკეტში და ქუჩის “ავტომატებში” შეძენილი სუშიც კი გემრიელი და ხარისხიანია. დიახ, ჩვენთან ტვიქსი და კოკა-კოლა რომ დევს ავტომატებში, იქ სუში და სხვადასხვა სალათი შეგიძლიათ “ჩამოაგდოთ”.
მაგრამ, იმისთვის, რომ ნამდვილი სუში იპოვოთ, წამყვანი გამოცემების რესტორნების ათეულებს გირჩევთ. ხშირად ამართლებს. კვლევის შედეგად, მეც ვნახე ასეთი ჩემს სასტუმროსთან ახლოს. თანაც, აღმოჩნდა, რომ ქალაქის საუკეთესო სუშის რესტორანს მივადექი.
აკასაკაში, ამერიკის და სხვათა შორის, საქართველოს საელჩოებთან ახლოს, “სუში საიტო” მდებარეობდა – მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი.
წითელი ფარდის მიღმა შვიდადგილიანი ძალიან პატარა სივრცეა, რომელსაც შეფ-მზარეული ტაკაში საიტო მართავს. მასშტაბიდან გამომდინარე რესტორანი რეზერვაციაზე მუშაობს.ზღვის პროდუქტით ცნობილი ცუ კიჯის თევზის ბაზრიდან მარაგდებიან. ამიტომაცაა სუშიც და ბრინჯიც ასეთი ცოცხალი და ჯანმრთელი.
ვასაბი, სოიო ან ლიმონი, – ასე იწყება და ირთვება თქვენი წილი ადგილი, შემდეგ შეკვეთის შესაბამისად გემსახურებიან, თუ ზუსტად ვერ ჩამოყალიბდები, მზარეული თავად გირჩევთ. ყველაზე რთული დასამახსოვრებელი სწორედ იაპონური სამზარეულოს სახელებია. ლანჩისთვის 10, 15 ან 18-ნაჭრიან პორციებს გთავაზობენ. შეგიძლია სადილის მენიუდანაც შეარჩიო სხვადასხვა სახის წვნიანი ან სალათები.
ამ რესტორნის კიდევ ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ მიუხედავად ძვირადღირებული ქალაქისა, აქ ხელმისაწვდომი და დემოკრატიული ფასებია.
ბონიტო გემოთი ტუნას მოგაგონებს, თუმცა ტუნა არ არის. ამ რესტორანში ტუნას როლებია, ასევე ძალიან გემრიელი. გირჩევდით baby shrimp-ს, – ვასაბით გაცოცხლებულ სუშის სახეობას. გასინჯეთ უნი სუში – ფუტურისტულ ინსტალაციას რომ ჰგავს. გემრიელია შადიც, პირში დნება ილი. სხვა დანარჩენის გემო მახსოვს, სახელები – არა. თან იაპონურ ლუდს თუ მიაყოლებთ, რომელიც არ ჰგავს არც ერთი ქვეყნის ლუდის გემოს, მით უფრო გემრიელი იქნება სტუმრობა მსოფლიოს საუკეთესო სუში რესტორანში, რომელმაც 2014 წლიდან მისამართი შეიცვალა და იქვე ახლოს, როპონგი ჰილსში გადავიდა. ისევ პატარაა, უბრალოდ, დაემატა მოსაცდელი ოთახი, სადაც ყოველთვის იცდის ვიღაც. იქიდან გამოსული კი ზუსტად იმ ემოციებით ივსება, რომლითაც სავსემ ერთდროს დავწერე:
“ამ ქალაქში თვალს არ გისწორებენ, კინოში – ბილეთს, მაღაზიაში კი – ფულს ორი ხელით გაწვდიან. სიცილის დროს სახეს ხელით იფარავენ… ეს არის მომავლის ქვეყანა! ლურჯი მონტევიდეოს და მანგას იმპერია! სადაც ყოველთვის ეჭვი გეპარება, ნამდვიალია თუ არა ეს ყველაფერი. და ამიტომაც, ამ ორგანიზებულ ქაოსში, სადაც 32 მილონი ადამიანი გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით, გამუდმებით ვიმოწმებდი თავს _ ტუჩის კვნეტით, წელზე ბრწკენით _ ხომ ნამდვილია, ხომ არ დამთავრდება და ხომ სულ იქნება ტოკიო!”
ბაბელი
წლიდან წლამდე ამ დღეს ველოდები. უფრო დიდი სიხარულით, ვიდრე ახალი წლის ღამეს.
მიყვარს, როგორ ამოვდივარ მეტროდან, როზენტალეპლაცზე გზას ზემოთ მივუყვები, გავივლი ქვიშიან პარკს, ჩემს საყვარელ ნაყინის და ვაფლის იმპერიას, თანამედროვე დიზაინერების მაღაზიებს, სახლებს, დახლებს – გარეთ გამოწყობილ ფირფიტებს. მერე სამუშაოებისთვის გადათხრილ გზას ცოტათი გვერდს ავუქცევ, და ისიც გამოჩნდება.
ფერადი, ახალთახალი ყვავილები დიდ ლარნაკებშია გადანაწილებული. ამ ყვავილებს ფუტკარი ეხვევა. ღია ცის ქვეშ ხის გრძელი მაგიდები და ასეთივე უზურგო სკამები სიმეტრიულადაა დაშორებული. ერთმანეთის გვერდით სრულიად უცნობი ადამიანები ღიმილიან მზერას ცვლიან. ყველამ კარგად იცის, სადაც არის – ლიბანური რესტორანი “ბაბელი”, კომფორტული ინტერიერით და დაუჯერებლად ხელმისაწვდომი ფასით. რესტორნის შიდა ნაწილი ერთმანეთის გვერდით მჭიდროდ დაკიდებული ნახატებით არის მორთული – ჩე გევარას პორტრეტი, რელიგიური მოტივები, უბრალოდ, ნატურმორტები.
წითელქუდიან და შავუნიფორმიან შეფმზარეულს შეკვეთა სწორედ აქ უნდა მისცეთ. ასეთი დიდი, გამჭვირვალე დახლმაცივარი, ჩემს ბავშვობაში, პეტრიაშვილის და ლარსის ქუჩების კუთხეში, გასტრონომში იდგა.
მენიუ ვრცელია. ბერლინში საუკეთესო შაურმა სწორედ აქ კეთდება. თუმცა, მე, ყოველ მისვლაზე, ერთსა და იმავეს ვითხოვ და თქვენც ამის გასინჯვას გირჩევთ.
შუააღმოსაველთიდან შემოპარული, ათას მეერთე ღამეს შექმნილი ფელაფელი- ფელაფელი ტაფაზე. ეს არის: ძროხის ხორცის ბურთები ჰუმუსით, მანგოს სალათით, ბროწეულით, კიტრით და აჯიკით,ასევე, მჟავე წიწაკა, ჩერი პომიდორი,თხლად დაჭრილი ბოლოკი, ბაზილიკი და პიტნა. ეს ყველაფერი დიდ თეფშზე ისეა განაწილებული, რომ ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს. საითაც არ უნდა წახვიდე, ყველგან საფრთხეა, ოღონდ ერთგან მაინც მიდიხარ. შეხვდები დევს, გული აგიჩქარდება,მერე შეგიყვარდება გოგო ან ბიჭი და ბოლოს ბედნიერი იქნება დასასრული.
„ბაბელის“ კერძებს ლუდს აყოლებენ ხოლმე. მე, უბრალოდ, ვგიჟდები ბერლინულ ლიმონათებზე და შესაბამისად, ჯინჯერის ან ჟოლოს სასმელს ვამჯობინებ.
"იქაურები ამბობენ: ბერლინი ისე არ დატოვო, „ბაბელში“ რომ არ მიირთვაო. ლიბანელი შეფმზარეულების ხედვა და სლოგანი კი ასეთია “Make falafel, not war”.
მენძელი
გასულ წელს ზედიზედ 34 სპექტკალი ვნახე თბილისის,ზესტაფონის, ქუთაისის, ჭიათურის, ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის და ხულოს თეატრებში.
შესაბამისად, თითქმის მთელი საქართველოს სამზარეულოში, კიდევ ერთხელ, სიამოვნებით და სიყვარულით გავინებივრე.
მაშინ არც მე და ცხადია არც სხვებმა იცოდნენ, რომ თურმე ორსულად ვარ და მაინც მხნედ მივიკვლევ გზას ხულოს მაღალ მთებში, მზიან ბათუმში თუ მოწყენილ ზესტაფონში.
ისე მოხდა ზუგდიდში მხოლოდ გავლით ვიყავი ნამყოფი. ახლა სპექტაკლამდე დრო გვქონდა. დადიანების სასახლეში რომ მივედით წვიმა წვრილად ცრიდა. სასახლე გულმოდგინედ და წესის დაცვით, გიდთან ერთად დავათვალიერეთ. მაგარია! უბრალოდ, მაგარი!
თეატრალური პრემია “დურუჯის” ჟიურიმ, ანუ ჩვენმა ჯგუფხელმა, – ასე ვეძახდით მიშას,სასადილოდ იქვე, კოსტავას ქუჩაზე რესტორანში მიგვიყვანა.
ინტერიერი ძველებურ ქართულ დარბაზს ჰგავდა აზიური გავლენით: ხის მაგიდები და სკამები, სადა ვიტრაჟები.
რაც იქ მოხდა, მერე დიდხანს მახსენდებოდა. შესაძლებელია თუ არა, რომ ცრემლები მოგადგეს გემოს გაცნობიერებისგან? მე ასე დამემართა. ელარჯის გული დანით შემათხელებინეს, შიგნით თაფლი ჩამასხმევინეს, მერე ერთმანეთში გადავზილე. ღერღილის, სულგუნის და თაფლის ეს იდეალური შერწყმა გავსინჯე და გამიჩნდა კითხვა – კი მაგრამ, რა გვაქვს ევროპისგან სასწავლი?! ეს აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა, როცა გებჟალია მოიტანეს, პირში ჩამდნარი სულგუნი, რომელიც ძვირფასი “მკვებავებით, შრატებით და ნელსაცხებლებით” არის შეზავებული, რაღაც ისტორიას, ამბავს ყვება. კიდევ არის საფირმო ხაჭაპური “დადიანი”, და ამას გარდა, ათეულობით ცივი და ცხელი კერძი. ღვინის და სხვა სპირტიანი სასმელის ფართო არჩევანი. აქ ყველაფერი შეკვეთიდან მალე მზადდება. ფასებს რაც შეეხება, არაფრითაა იმაზე ძვირი, რამდენსაც თბილისური კაფეების “პლასტმასის” ცეზარებსა და ე.წ. როლებში ვიხდით.
ჰოდა, ვგიჟდები სამეგრელოს ამ უდრეკ ხასიათზე, რომელიც გემოში ყველაზე მაგრაა გამოხატული. მოკლედ, ადგილზე ვეღარ ვჩერდები.
კოლეგებს ვეუბნები, რომ მაღაზიაში გავლა მსურს და დროებით ვტოვებ მათ. წვიმამ გადაიღო. მზე გამოვიდა. ზუგდიდის ცენტრი საოცრად მიზიდავს. მე ჩვევა მაქვს ასეთი, ყველა რაიონული ცენტრის ერთ “სექენდ ჰენდში” მაინც უნდა შევყო თავი. აქაც მოვნახე, შევედი. პერსონალი ერთმანეთში მეგრულად საუბრობს. მე მომწონს იქ ყოფნა. მომწონს 80- იანი წლების კოპლიან კაბას ლუი ვიტონის ჩანთა რომ ჰკიდია. გაცვეთილ სანდლებს კი ჩოგბურთის ბურთები აყრია. დოლჩე გაბანა ჭარბობს.
აბა, რა იციან ან აბა, რა იციან ან დოლჩემ ან გაბანამ “მენძელის” შესახებ – არც არაფერი. მსოფლიოს ჯერ წინ აქვს მეგრული ფანტასმაგორიის აღმოჩენა.