ნანა ჯორჯაძე
ამოჩემება არ უყვარს, მუდამ სიახლის ძიებაშია. ერთსა და იმავე ადგილს იშვიათად სტუმრობს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ სტაბილურად ერთ ადგილას არ ცხოვრობს. გადატვირთული რეჟიმი, მუდმივი გადაღებები იმის საშუალებას არ აძლევს, რომ სამზარეულოში ტრიალი მოასწროს. სამაგიეროდ, თუ დრო აქვს და გარეთ გადის, მაშინ ქუჩაშ ბევრს სეირნობს. აკვირდება ახალ-ახალ ადგილებს და ძირითადად, ინტერიერს აქცევს ყურადღებას.სწორედ ასეთ რესტორნებსა თუ კაფეებზე რეჟისორი ნანა ჯორჯაძე "Food Tourist" ის რუბრიკაში გვესაუბრება:
– ქალბატონო ნანა, რამდენად ახლოსაა თქვენთან სამზარეულო და რისი კეთება გამოგდით?
-სამზარეულოსთან ძალიან რთული უთიერთობა მაქვს, არც მე მიყვარს და არც მას ვუყვარვარ. ჩემი კვება მუდმივად ქაოტურია, რადგან სულ გადარბენაზე ვარ. ეს, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ან ამზადო ან სადმე იჯდე დიდხანს და სიამოვნება მიიღო. სამზარეულოსთან ჩემი ურთიერთობა, ძირითადად არის ყავა, ესეც მაშინ, როცა ვმუშაობ. სამზარეულო ოთახთან მაქვს გაერთიანებული, ამიტომ მარტივია, უცებ მოვიდუღო ყავა ან ჩაი. მზადებით ძალიან იშვიათად ‒ თუ გადავწყვეტ რაიმეს მომზადებას, ამბობენ, რომ გემრიელია. სერიოზულ სადილს და კერძებს ვერასოდეს ვაკეთებ და არც მიცდია, ალბათ იმიტომ, რომ შინაგანი განწყობა მაქვს ‒ არ გამომივა. ვფიქრობ, გემრიელად გამომდის, პატარ-პატარა ლამაზი, გემრიელი, ე.წ. „სტარტერები“.
– ზაფხულში როგორ იკვებებით?
-ძირითადად უმი ბოსტნეულით ვიკვევები. ეს არის ჩემი საკვები. ძალიან მიყვარს ცხიმგამოცლილი ხაჭო და მაწონი. მიყვარს უმი კომბოსტო, ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, ყველაფერი რაც შეიძლება უმად მიირთვა. აქედან ვიღებ დიდ საიმოვნებას. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ტკბილეული.
– საყვარელი დესერტი…
-ტკბილეული ჩემი სუსტი წერტილია, რასაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან განვიცდი. ეს არის შოკოლადი, ნამცხვრები… მართალია ფორმებზე მოქმედებს მაგრამ, მე მაინც მიყვარს. არ მიყვარს ნაყინი, ტკბილი წყლები. ძირითადად ვსვამ წყალს, არ ვსვამ ალკოჰოლს. დესრტებიდან ძალიან მიყვარს ვაშლის შტრუდელი ‒ დარიჩინით გატენილი. საერთოდ, ნამცხვარში სასურველია იყოს ბევრი ჟელე და ხილი ‒ ცოტა ცომი. კიდევ მიყვარს შავი შოკოლადი.
– ფილმის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის“ ‒ იდეა საიდან გაჩნდა?
-ამ ფილმის იდეა დამებადა მაშინ, როდესაც პიარ რიშარს შევხვდი კანის კინოფესტივალზე. უბრალოდ მასში სულ სხვა ადამიანი დავინახე და არა ის, რომელსაც ეკრანიდან ვიცნობდი. რაღაც ძალიან მარტო და მოწყენლი იყო. ისე ვკითხე: ‒ ამპლუას შეცვლაზე ხომ არ ფიქრობთ-მეთქი და რატომაც არაო. შემომთავაზე და ვითანამშრომლოთო, ‒ პირდაპირ მითხრა. მაშინ მოვუყევი ეს ისტორია, რომელიც ძალიან ახლოა რეალობასთან. ფილმის შინარსი დაკავშირებულია ჩემს წინაპრებთან, ოჯახთან. ძალიან ბევრი ისტორიაა აღებული მშობლებისგან, ბებიებისა და ბაბუებისგან. ფრანგი კულინარი, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და რესტორანი გახსნა, ეს ფაქტი არის ფილმის დოკუმენტური ნაწილი, დანარჩენი უკვე ფანტაზიაა. თვითონ კულინარია ამ ფილმშიც და საერთოდ ცხოვრებაშიც, ჩემთვის ესთეტიკური ფენომენია და არა მხოლოდ კვება. ჩემთვის საინტერესოა ყოველი კერძის გაფორმება, მისი მხატვრული სახე. თვითონ მზადების პროსცესია ცალკე შემოქმედების ნაწილი. შეიძლება მზარეულმა, სრულიად შეუთავსებელი ახალი გემო შეაერთოს და მიიღოს მესამე და მეოთხე. აი, ეს მაინტერესებს, მისი შემოქმედებითი მხარე. ფილმში აქცენტები მთლიანად კულინარიის ესთეტიკურ მხარეზე გავაკეთე.
Venice Beach
ძალიან იშვიათი ადგილია კალიფორნიაში. შეგიძლია ბევრი იარო ფეხით. საინტერესო სიტუაციებს წააწყდები. გაიცნობ ახალ ადამიანებს. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უგემრიელესი დესერტები შემიძლია დავაგემოვნო.
Blue Note New York
ჩემთვის ეს მუსიკაა, არა მხოლოდ კვება. დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქ, გემოვნებიანი მუსიკით შეგიძლია დატკბე.
Paris La Coupole
როდესაც პარიზში მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ “La Coupole“-ს არანაირი კავშირი აღარ აქვს იმ ისტორიასთან, სადაც საუკუნის დასაწყისის მხატვრები იკრიბებოდნენ; სადაც ხატავდა მოდილიანი, პიკასო; ახლა, ამ ადგილს, უფრო ტურისტული დატვირთვა აქვს და უკვე აღარ არის საინტერესო, მაგრამ მე მაინც ვცდილობ ხოლმე, რომ მივიდე და იქაური ატმოსფეროთი ვისიამოვნო.
Lolita Tbilisi
„ლოლიტაში“ შევდივარ ხშირად. მომწონს ინტერიერი, განსაკუთრებით მეორე სართული. ბევრი ნაცნობი იყრის თავს. ჩემთვის, მხოლოდ კვება არ არის საინტერესო, თუმცა კერძები აქაც საოცრად გემრიელი აქვთ.
ქუთაისი „პაოლო“
როდესაც გადაღებები მქონდა, ქუთაისში ვიყავი, სადაც ახალი კაფე „პაოლო“, პირდაპირ ოპერის გვერდით გაიხსნა. ძალიან საინტერესო სივრცეა, სადაც შეგიძლია უყურო ფილმს, მოუსმინო კონცერტს, იმიტომ რომ ყოველთვის, ყოველ საღამოს ახალ ‒ ახალი მუსიკოსების შეხვედრა ეწყობა. დღის განმავლობაშიც კარგ, გემოვნებიან მუსიკას გასმენინებენ, რომელიც ურთიერთბაში ხელს არ გიშლის. გარემო განგაწყობს, რომ ცოტა დიდხანს იჯდე. კერძებიც გემრიელია. ქუთაისური ქუჩა, ქალაქის ცენტრი, ოპერა, ეს ყველაფერი ძალიან უწყობს ხელს ერთმანეთს, ძალიან მომეწონა და დიდი სიამოვნებაც მივიღე.
Kant Cafe Berlin
ბერლინში „კანტი“ მიყვარს. ხშირად შევდივარ. სასიამოვნო გარემოა, ვხვდები ნაცნობებს და ეს მიხარია.
ქეთო და კოტე თბილისი
ძალიან მომწონს „ქეთო და კოტე“, რომელიც რამაზმა გააკეთა, ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა რასაც ის აკეთებს. ინტერიერი ყველა ოთახში სხვადასხვანაირია, თუმცა ერთიანი სივრცეა. კერძებიც ძალიან გემრიელია. რამაზი თვითონ საინტერესო ადამიანია, შემოქმედია და კულინარიასაც შემოქმედებითად უდგება. რესტორანში ხედი არაჩვეულებრივია ‒ შეგიძლია იჯდე აივანზე, ეზოში, უყურო ამ სივრცეს, თბილისს. ატმოსფერო განგაწყობს, რომ ისაუბრო, შეხვდე მეგობრებს. თვითონ პატრონთანაც შეგიძლია იურთიერთო, რაც კიდევ ცალკე სიამოვნებაა. აქ, საკმაოდ სიმპათიური ხალხი დადის, სახეები, რომელსაც იცნობ, რომლებიც ჯერ ისევ შემორჩნენ თბილისს.