თეონა კონტრიძე
12 წლიდან ქურასთან დგას და თვლის, რომ არაპროფესიონალი მზარეულის კვალობაზე, კარგ ტექნიკურ ცოდნას ფლობს. კულინარია, მისი მთავარი გატაცებაა, შესაბამისად, მისი მომზადებული კერძი ბევრს მოსწონს, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს. თავად ტკბილის და მარილიანის დაბალანსებული კერძები იზიდავს და ამ მხრივ, ტაილანდურ სამზარეულოს ნამდვილ გასტრონომიულ შედევრად თვლის. ასევე ძალიან უყვარს იტალიური კერძები, მიიჩნევს რომ ევროპულ სამზარეულოში, იტალიური კერძები ყველაზე უნივერსალურია ვეგეტარიანელებისთვის, თევზისა და ხორცის მოყვარულთათვის. „და საერთოდ თუ ქვეყანას აქვს კარგი ღვინო, ყველი და პური, 90 პროცენტი უკვე გაკეთებულია.“
თეონა კონტრიძე, არც დროს და არც თანხას არ იშურებს, იმისთვის რომ ყველა ქყეყნის კულინარიულ ტრადიციას გაეცნოს. ის წელიწადში მინიმუმ 100-150 ახალ რესტორანს სტუმრობს. სწორედ ამიტომ „კულინArt”-ის ამ ნომრის სტუმარია თეონა. სანამ გავიგებთ, რომელი რესტორნების მონახულებას გვირჩევს ის მოგზაურობის დროს, მანამდე გავიგოთ რა შეხედულება აქვს მას ზოგადად კულინარიაზე:
„მე არასდროს არავის ვურჩევ კონკრეტული კერძების დაგემოვნებას, მე უბრალოდ ვთვლი, რომ საჭმელი მეტყველებს ქვეყნის მენტალიტეტზე და კულტურაზე. მოგზაურობის დროს არ დაგეზაროთ და აუცილებლად ესტუმრეთ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი მიირთმევს. აუცილებლად დაუთმეთ ერთი დღე გასტრონომიულ სამზარეულოს. აი სწორედ, ეს დიაპაზონი მოგცემთ საშუალებას ღრმად გაეცნოთ ქვეყნის არსს, გულს, მენტალიტეტს, ტრადიციებს. არ მიუდგეთ სამზარეულოს მხოლოდ, როგორც საჭმელს. როგორც ცნობილია შენ ის ხარ, რასაც ჭამ …“
1 Le Mas Provencal
რესტორანი სოფელ ეზეში (საფრანგეთი) – ეს არის ნამდვილი საოცრება. ინტერიერი მთლიანად შექმნილია ცოცხალი ყვავილებისგან, ძირითადად შროშანებისგან. მოგეხსენებათ შროშანს სპეციფიური სუნი აქვს, ამიტომ სამ დღეში ერთხელ მოდიან ფლორისტები და ყვავილებს ამუშავებენ. ამ რესტორნის მფლობელი – გერმანელი წყვილია, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული. კერძებში საკუთარი ბოსტნის პროდუქტებს იყენებენ. საოცარი
სამზარეულო აქვთ, შაფრანის რიზოტოდან დაწყებული, კარაქში შემწვარი ტურბოთი დამთავრებული.
დაბოლოს, გამოსვლის წინ აუცილებლად გჩუქნიან თავიანთ გაკეთებულ შნაფსს ან ასევე თავიანთ ბაღში დაკრეფილ რაიმე კენკროვანს. გარდა ამისა, რესტორანში მღერის რუმინელი ბოშა ბაბუა.
2 African Queen
port Beaulieu sur mer
ეს რესტორანი საფრანგეთის სანაპიროზეა, თუ არ ვცდები 1951 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვეულებრივი სანაპიროს რესტორანია, სადაც აქვთ ყველა ის კერძი, რასაც იტალიურ და ფრანგულ რესტორნებში შეხვდებით: ტრიუფელის პიცა, მიდიები, ზღვის პროდუქტები, უბრალოდ, ამ რესტორანში ეს ყველაფერი უგემრიელესია.
3 Le Chabichou Courchevel
ადგილი, რომელიც ჩემში საოცარ გრძნობებს იწვევს. ეს რესტორანი ჩემს ცხოვრებაში, პირველი გასტრონომიული სამზარეულოა. საფრანგეთის ალპები, იდეალური ღვინო, ხის სუნი, ლაბორატორიის მსგავსი სამზარეულო და რაც მთავარია, ზღვის ზღარბის ხიზილალა.
4 Pont de Brent Montreux
ჯაზ ფესტივალზე ვიზიტის დროს, ამ სამზარეულოს მე და ნინო ქათამაძე ვესტუმრეთ. ეს იყო სამი საათი, გასტრონომიული ტრანსი, შვეიცარიის სოფელში. 14 პოზიციისაგან შემდგარი იდეალური თევზის სეტი, თავისი
არანორმალურად გემრიელი დესეტრებით და ყველის მაგიდით. ბოლოს შეფ-მზარეულმა თავად გამოგვაცილა,
ეტყობა ისე ვკვნესოდით სიამოვნებისგან ☺
5 Частный Визит
ეს რესტორანი, რომელიც ძალიან მიყვარს, ლევიტანის სამშობლოში, სოფელ პლიოსში ტიპიური რუსული არისტოკრატიული სახლია, სადაც ვერავინ შეყოფს ცხვირს, კონკრეტული რეკომენდაციების გარეშე, ანუ მფლობელს უნდა დაურეკოს ვინმემ და გააფრთხილოს სტუმრობის შესახებ. ეს უბრალო კაპრიზი არ გეგონოთ, მფლობელი ელენა ითვალისწინებს სტუმრების რაოდენობას და აქედან გამომდინარე, ყიდულობს ადგილობრივ პროდუქტს ყოველ დღე.
სტანდარტული მენიუ აქ არ დაგხვდებათ, ოფიციანტი თავად გეუბნებათ, რითი გაგიმასპინძლდებათ რესტორანი. ნეკა თითის ზომის 15 სახის ღვეზელი, თეთრი თევზი ხიზილალის სოუსით, მწნილი, ყურძნის კომპოტი და რაც მთავარია მოცვის, კენკრის და მარწყვის ნაყენი.
ხედი აქ ულამაზესია, მდინარე ვოლგას უყურებს და აქაც უნდა ავღნიშნო, ბოშებისგან დაკომპლექტებული მომღერლების ჯგუფი, რომელიც სენტიმენტალურ ბოშურ რომანსებს ასრულებს.
დაბოლოს, რესტორნის მფლობელი ელენა თვითონ მოდის სტუმრებთან და გესაუბრებათ. ეს ადგილი იდეალურია მეგობრებთან ჩასახუტებლად.