Foodtourist

მიშა ჩარკვიანი

კულინარიაზე ისეთი აზარტითა და თანმიმდევრულობით საუბრობს, გეჩვენება, რომ მისი პროფესია ‒ რეჟისურა განსაზღვრავს თხრობის თავისებურებას, სილაღეს. ოდნავ მოგვიანებით ხვდები, რომ გასტრონომიის მიმართ მიშა ჩარკვიანის არტისტული დამოკიდებულებაა მთავარი. ადრეული ასაკიდან კარგად ნაცნობი სფერო- კულინარია ‒ ბავშვობის ასოციაციებსაც აღუძრავს და მოგზაურობის ეპიზოდებსაც აცოცხლებს. მთავარი ტურისტული გამოცდილება უპირობოდ უკრაინას უკავშირდება, ‒ ქალაქ ლვოვს, სადაც რამდენიმე წლის წინ მეგობრებთან ერთად გაცვლითი პროგრამით მოხვდა და საქმიანთან ერთად გასტრონომულ თავგადასავალშიც გადაეშვა.

ასე იხსენებს: „არქიტექტურა, ვიწრო, კლაუსტროფობიული ქუჩები, რომლებსაც დიდ მოედნებზე გაყავხარ, წარუშლელ ეფექტს ახდენს. წყალზე განლაგებული ოპერის შენობა, ქალაქის ქვეშ გამდინარე მდინარე, საოცარი ეკლესიები საორღანო მუსიკით, შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, პატრიოტი ხალხი და მთავარი ‒ გასტრონომიულ მეხსიერებას შემორჩენილი აურაცხელი გემო. ლვოვში, ისტორიულ შენობებში 10-12 თემატური კაფეა განთავსებული. ისინი „ლოკალის“ ქსელის ქვეშაა გაერთიანებული და შთამბეჭდავად იმეორებს ამ ნაგებობების ისტორიულ შინაარსს.“

– რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში სამზარეულოს?

– ძალიან მნიშვნელოვანია კულინარია ჩემთვის, რამდენადაც თვითონაც ხშირად ვამზადებ. მიყვარს ხალხი ჩემს სივრცეში, ხშირად ვიწვევ სტუმრებს, ყოველთვის ვცდილობ კარგად დავხვდე და, როგორც ამბობენ, მოსწონთ, რასაც ვახვედრებ. ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლად ხშირად მიწევდა მზადება, მერე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანიაში ვცხოვრობდი. იქ, ძირითადად, ქართულ კერძებს ვამზადებდი და ჩემი მეზობლები აბსოლუტურად შოკირებულები იყვნენ. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, რომელ საც რიგრიგობით ვალაგებდით, მაგრამ მე, თუ სიტყვაზე, ნიგვზიან ბადრიჯანს მოვამზადებდი, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დალაგების ვალდებულებისგან მათავისუფლებდნენ.

– ვისგან ისწავლეთ მზადება?

– ყველა კარგად ამზადებს ჩემთან. ბებიაჩემი შესანიშნავი კულინარია, მას მართლა ხელოვნების დონეზე აქვს ეს ყველაფერი აყვანილი. ბაბუაჩემი ხორცს ამზადებდა ძალიან კარგად და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. დედა არაჩვეულებრივი კონდიტერია, სასწაულ ნამცხვრებს აცხობს. ბავშვობაში მეც ვეხმარებოდი ხოლმე და დავხელოვნდი. ამბობენ, რომ ნიჭიც აღმომაჩნდა. თან მზადება დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რაც ყოველთვის ეტყობა საჭმელს.

– ახალ კერძებს თამამად აგემოვნებთ?

– ყოველთვის მაინტერესებს ისეთი რამის გასინჯვა, რაც აქამდე არ მიცდია და ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ხოლმე ისეთ ქვეყნებში მოგზაურობით, სადაც არაფერი ახალი არ მხვდება. უცხოეთში პირველი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ ადგილობრივ სამზარეულოს ვაგემოვნებ და იქაური კერძების რეცეპტებსაც ვეძებ, რომ შემდეგ თვითონაც ვცადო მომზადება.

– რომელია თქვენი ფავორიტი სამზარეულო?

– არასდროს ვყოფილვარ ჩინეთსა და იაპონიაში, მაგრამ მათი კერძები ძალიან მიყვარს. თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც ქართული სამზარეულოა, რომელიც გაცილებით მდიდარი და ეგზოტიკურია, ვიდრე ჩვენ მას ვიცნობთ. იგივე მესხურ თუ თუშურ სამზარეულოში უამრავი შესანიშნავი კერძი, ტკბილეული და სასმელია, რომელიც არასდროს დაგვიგემოვნებია. მე მგონია, რომ აღმოსაჩენია ჩვენი სამზარეულო. ასეთივე მრავალფეროვანი და საინტერესოა უკრაინული კერძებიც. მათ პელმენებსა და ბლინებს არ ჩამოუვარდება ხაჭოს არაჩვეულებრივი ნამცხვრები, წვნიანები, ძეხვეული, რომელიც არაა იმდენად ცნობილი, ასევე ძალიან საინტერესოა არაალკოჰოლური სასმელები. უამრავი გემრიელი რამ აღმოვაჩინე.

– კულინარია ხელოვნებაა?

– აუცილებლად! ალბათ, ყველაზე საჭირო ხელოვნებაც კი. მე მგონია, რომ არსებობენ კულინარები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან, კლასიკური გაგებით, არტისტებს. ჩემი აზრით, ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს ხელოვნებად, გააჩნია მისი შესრულების ხარისხს.

Masonic Lodge

ლვოვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კაფეა. მისი მთავარი უცნაურობა ის არის, რომ არცერთ რუკაზე, არცერთ საინფორმაციო ცენტრში არანაირი ინფორმაცია არაა მითითებული ამ კაფეს ადგილმდებარეობის შესახებ. ზუსტად ისეა გასაიდუმლოებული, როგორც მასონური შეკრების ადგილები. ადგილობრივმა უკრაინელმა მეგობარმა წაგვიყვანა. შედიხარ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში და კარს გიღებს ხალათსა და ჩუსტებში გამოწყობილი კაცი ‒ დიდი შანსია იფიქრო, რომ მისამართი შეგეშალა. ამიტომ ამან არ უნდა დაგაბნიოს, თორემ უკან გამოგაბრუნებენ. მთელი კორპუსი რესტორნადაა გადაკეთებული და შესანიშნავადაა მოწყობილი. მიმტანები მასონური წინსაფრებით გემსახურებიან, ერთ ოთახში როლს როისი დგას, საპირფარეშოს კარი სეიფის კარივით იღება, ორმაგ ტყვიაგაუმტარ მინაში შედიხარ და შენ ირგვლივ, მთელს სივრცეში, ასდოლარიანი კუპიურების შეკვრები ალაგია.

Masoch Cafe 

თემატური კაფეა ლვოვში. ამ შენობაში დაწერა მაზოხისტური თეორიის ავტორმა ლეოპოლდ მაზოხმა თავისი ცნობილი ნაწარმოებები. შედიხარ, გხვდება მაზოხის ძეგლი, რომელსაც შეგიძლია ჯიბეში ხელი ჩაუყო და მის ღირსებას შეეხო. გემსახურებიან ოფიციანტები, რომლებიც აბსოლუტურად მოულოდნელად გამათრახებენ, ბანქოს ან ლოტოს თამაშობ და წაგებულს სარდაფში დაბმა, ისევ და ისევ მათრახი ან სხვა მსგავსი სასჯელი ელის. ინტერიერიც ძალიან საინტერესოა, სექსუალური თემატიკის ავეჯით. მენიუდან ჩვეულებრივ უკრაინულ კერძებთან ერთად შეგიძლია ცხოველების გენიტალიებიც შეუკვეთო.

Book Corner

კაფე დედა ენის ბაღში. ხშირად მივდივარ ხოლმე იმისთვის, რომ ვიმუშავო ‒ რამე დავწერო, რეპეტიციისთვის მოვემზადო, ან, უბრალოდ ვისადილო, ყავა დავლიო. მომწონს იმიტომ, რომ წყნარი ადგილია, კარგი განათებით, თან მტკვარზე დგას, რომელიც ამავე დროს გვახსენებს როგორი დაბინძურებულია ის. ესაც პარალელური თხრობაა და ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა.

კახელები 

ქართული სამზარეულო ასე, ალბათ, არსად მზადდება. შესანიშნავი საჭმელი აქვთ, რომელიც, ჩემი აზრით, ყველამ უნდა დააგემოვნოს. თუ უცხოელი სტუმარი მყავს, ყოველთვის ამ რესტორანში ვეპატიჟები.

KaVa

ყავა რომც არ გიყვარდეს, შეუძლებელია ამ კაფეს ჩაუარო და არ შეხვიდე. აქ ადრე ყავის ფაბრიკა იყო. ინტერიერი დღემდე შენარჩუნებულია. ძალიან ბევრნაირი, უმაღლესი ხარისხის და გემრიელი ყავა აქვთ. საოცარი ადგილია! მომსახურებაც საინტერესოა, ‒ ყავას ურიკებით დაატარებენ როგორც ქარხანაში; იქვე ფქვავენ დიდი საფქვავებით. ის არომატი, ალბათ, არასოდეს დამავიწყდება. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ვიყავით, ყავის სუნი გვეცა და ამან მიგვიზიდა, თავი მიგვაგნებინა თავისით.

Gasora Lampa

ლვოვში, ამ შენობაში გამოიგონეს გაზის პირველი სანათი ლამფა. უამრავი ძველი და თანამედროვე ლამფაა მთლიან სივრცეში თავმოყრილი. ბოლო სართული ჩინურ ლამფას ჰგავს, მასში ზიხარ და მთელს ქალაქს გადმოჰყურებ. შესანიშნავი ადგილია!

“Underground Bunker”

მისი მიგნება ლვოვში ძალიან მარტივია, რადგან ყველაზე ხმაურიანი კაფეა. შესასვლელში ავტომატიანი კაცი გხვდება. სარდაფში ჩადიხარ, სადაც მიწა სანგარივითაა გათხრილი. კუსტარულად შეჭედილი მაგიდები დგას, ‒ სამხედრო რკინის ჭურჭლით გაწყობილი. გეკითხებიან მამა თუ გყავს რუსი. უნდა უპასუხო, რომ არა. თუ რუსი ტურისტი აღმოჩნდები, სრულიად უსასყიდლოდ მძიმე ალკოჰოლურ სასმელს შემოგთავაზებენ, რომელიც სასწაულად ათრობს. ძალიან უცნაური მომსახურება აქვთ. ადგილობრივი ლორი შევუკვეთეთ, ძალიან ლამაზ დაფაზე დადებული მოიტანეს, ნახევარი დაჭრილი იყო, ნახევარი ‒ დაუჭრელი, ნაჯახი მოაყოლეს და იმით დავჩეხეთ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com