სოფოს და ლიზას სამზარეულოს წესები
რუსთავი 2-ის კულინარიული შოუს „ჩემი სამზარეულოს წესების“ ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია დედა-შვილი სოფო და ლიზა. მათ პროექტში გამოჩენისთანავე მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურეს, არა მხოლოდ კერძების მზადების ტექნიკით, არამედ მათი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებით, როცა წლების წინ თბილისიდან სოფელ შალაურში გადავიდნენ საცხოვრებლად.
დღეს სოფო და ლიზა „ჩემი სამზარეულოს წესებში“ გამარჯვებისთვის იბრძვიან. სწორედ ამ დაძაბულ პერიოდში გადავწყვიტეთ მათთან სტუმრობა და წინასაახალწლოდ, სპეციალურად „კულინArt”-ისთვის გერიელი რეცეპტი ჩავიწერეთ:
– როდიდან გაჩნდა თქვენი ინტერესი კულინარიის მიმართ?
სოფო: ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. დედას მეგობრებისთვის ვაცხობდი სხვადასხვა ნამცხვრებს. ინგრედიენტები გაზეთზე მქონდა გაშლილი, რის გამოც დამცინოდნენ. ლიზაც ალბათ მე ავიყოლიე.
ლიზა: მე ინტერესი ალბათ მაშინ გამიჩნდა, როცა შალაურში გადავედით საცხოვრებლად. დედამ მაშინ დაიწყო სამზარეულოში ფუსფუსი. ნელ-ნელა ვაკვირდებოდი. ბოლოს სერიოზულად გამიტაცა კულინარიამ.
– დღეს რა ადგილი უჭირავს კულინარიას თქვენს ცხოვრებაში?
ლიზა: ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში. ამჯერად ვმუშაობ და უფრო სერიოზულად ვეკიდები ამ საქმეს. მინდა, რომ კულინარია ჩემს ცხოვრებაში სულ იყოს.
– არსებობს თუ არა ისეთი კერძი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ, არ გიყვართ ან არ გასინჯავდით?
ლიზა: ყველაფერს გავსინჯავ, რადგან ვთვლი, რომ თუ ამ საქმეში გინდა წარმატებას მიაღწიო, ყველაფრის გემო უნდა იცოდე. ძალიან მიყვარს ტკბილეულობა, შოკოლადი.
სოფო: კეთების დროს რაც კარგად გამომდის, იმ მომენტში ის ხდება ჩემი საყვარელი კერძი და სანამ არ მომბეზრდება ვაკეთებ. გასინჯვით ყველაფერს ვსინჯავ.
– რა არის თქვენთვის კულინარია?
სოფო: ჩვენი ცხოვრების წესის დიდი შემადგენელი ნაწილი. შეიძლება ითქვას, ის დაყვანილია ხელოვნების დონეზე. შალაურში ჩვენით ვქმნით პროდუქტს, ყველს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი ცხოვრება, რომელიც მთლიანად ამ საქმიანობის გარშემო ტრიალებს.
ლიზა: ხშირად მიფიქრია ამ კითხვაზე, ბანალური პასუხი მექნება ალბათ, მაგრამ კულინარია ხელოვნებაა და ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს შეადგენს. როგორც დედამ თქვა, შალაურში გადასვლის შემდეგ უფრო დიდი ნაწილი გახდა.
– სახლში ყველაზე ხშირად რას ამზადებთ?
ლიზა: ძალიან გვიყვარს ექსპერიმენტები, ამიტომ ერთი კერძი არ გვაქვს. ვცდილობთ სულ ახალი გავაკეთოთ. ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ არა.
სოფო: გააჩნია სეზონს, ხასიათს. ესეც ერთ-ერთ პლუსია შალაურში ცხოვრების. შეიძლება მინუსიც, რაც სეზონზე არ არის, იმის ჭამას არ ვეტანებით. ზამთარში უფრო ვაცხობთ. საღამოს, როცა ცივა კარგია, თბილი, გემრიელი ტკბილეული. მით უმეტეს, როცა ლიზა ჩამოდის სპონტანურად ვიწყებთ კეთებას.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა სამზარეულოს ინტერიერს იმისთვის, ვინც მუშაობს სამზარეულოში?
სოფო: ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამზარეულოს აქვს გარკვეული წესები. უნდა იყოს გათვლილი განლაგება. ასევე ხასიათსაც უნდა შეესაბამებოდეს. ყოველთვის ვცდილობ შევიქმნა ჩემი გარემო. ჩემი სამზარეულო არ არის იდეალური, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მის გაუმჯობესებას. მინდა იყოს ლამაზი. ბევრჯერ შევცვალეთ სამზარეულოს ინტერიერი და ვფიქრობ, დღეს როგორიც გვაქვს იდეალურთან მიახლოებულია.
– რა არის თქვენთვის ბავშვობს გემო?
სოფო: სკოლის „კორჟიკი“ და ბებიას მომზადებული აჯაფსანდალი.
ლიზა: ალბათ „გალუშკები“. ეს არის მოხარშული ხაჭოს ცომი არაჟნით.
– ქართული სამზარეულო უფრო გიყვართ თუ თანამედროვე და რას გამოყოფდით?
ლიზა: მე ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, მაგრამ არ მიყვარს ოჯახური ტრადიციული კერძები, როგორიცაა, მაგალითად, სოუსი.
სოფო: ქართული სამზარეულო, მიყვარს მაგრამ უპირატესობას არ ვანიჭებ. მიყვარს სხვადასხვა გემოები. მიყვარს იაპონური, ჩინური, იტალიური და ფრანგული სამზარეულოები. ქართულს უფრო მეტად დახვეწა სჭირდება. არ მიყვარს ინდაური.
ლიზა: ვეთანხმები დედას. ყველა სამზარეულოს თავისი ხიბლი აქვს და ასე ვერ გამოარჩევ, რთულია. არის დღეები, როცა ევროპული სამზარეულოს ხასიათზე ვარ ან ინდურის. საბოლოო ჯამში ამორჩევა ძალიან რთულია.
– როდის და რატომ გადაწყვიტეთ „ჩემი სამზარეულოს წესებში“ მონაწილეობის მიღება?
ლიზა: როცა გავიგე ამ პროექტის შესახებ, მაშინვე დედას ვუთხარი. თავიდან ხუმრობით დამეთანხმა. გავაგზავნეთ მონაცემები. მალევე დაგვირეკეს ‒ კონკურსში მოხვდითო. მაშინ დავიწყეთ ნერვიულობა.
სოფო: ერთადერთი რა მინუსიც ჰქონდა ამ ყველაფერს, მორალურად მზად არ ვიყავი. დარწმუნებული ვარ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და დასამახსოვრებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. აუცილებელია იყოს ასეთი შოუ. ვფიქრობ უკვე გაამართლა და შემდეგი სეზონები უკეთესი იქნება.
– რა ხდება ახალ წელს თქვენს სუფრაზე?
სოფო: გოზინაყი და საცივი აუცილებლად გვაქვს. არაფერი ზედმეტი. მიყვარს გოჭის ხორციც. საცივს ჩემი მეუღლის დედის რეცეპტით ვამზადებ, შეუდარებელი საცივია.
– დღეს რა მოგვიმზადეთ?
სოფო: დღეს მოგიმზადეთ გოგრის „კრემ-სუპი“, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია.
გოგრის კრემ-სუპი
ინგრედიენტები:
• 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
• 2 თავი თეთრი ხახვი
• 2 კბილი ნიორი
• 1 კგ. გოგრა
• 700 მლ. წყალი ან ბულიონი
• 150 მლ. ნაღები
• მწიკვი მარილი
• მწიკვი პიპლილი
• ქონდარი გემოვნებით
• ძირა გემოვნებით
• თონის პური, ზეითუნის ზეთი
• მწიკვი ძირა, მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
საშუალო ზომის ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. დაასხით ზეთი და დაუმატეთ დაკეპილი ნიორი, ხახვი და კუბებად დაჭრილი გოგრა; დარბილებისთანავე ქვაბში დაამატეთ მარილი, პილპილი, ძირა და ქონდარი გემოვნებით და დაასხით ბულიონი ან წყალი. მასა დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10-15 წუთი, გოგრის დარბილებამდე. მოხარშული გოგრის მასა დააბლენდერეთ და სისქე აკონტროლეთ ნახარშის მეშვეობით;
„სუპი“ დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე და დაუმატეთ ნაღები; ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე; თონის პური დაჭერით გემოვნებისამებრ, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და მოაყარეთ სუნელები; გამოაცხვეთ 10-15 წუთი.
ფოტო : ირა კურმაევა