FOOD Lovers

6_issue_culinart51

ნინულა ასათიანი

”კულინArt-ისთვის” ჩვენ ისევ ვეძებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მათი განსხვავებული პროფესიებისა და გადატვირთული განრიგის მიუხედავად, ნამდვილი food lover- ები არიან და ყოველთვის პოულობენ დროს
იმისთვის, რომ სხვადასხვა კერძების მომზადებითა და მისი დაგემოვნების პროცესით დატკბნენ.
ჩვენი ახალი აღმოჩენა-ნინულა ასათიანია, რომელმაც ნამდვილად გამაკვირვა და გამანებივრა უგემრიელესი კეძებით.
ნინულა 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი უსაყვარლესი შვილი.
პროფესიით- ფსიქოლოგია.
სწორედ, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფსიქოლოგი, მშვიდი და გაწონასწორებული. როცა ცუდად იგრძნობ თავს, უნდა გაგასინჯოს თავისი საოცარი კერძები და შენი სტრესი თუ დეპრესია, იმ წამსვე უგემრიელეს ქათამს თუ საოცარ ბანანის კექსს ჩაბარდება. ბანანის კექსზე საუბარი ამით არ დამისრულებია, ალბათ ძალიან დიდი ხანი არ დამავიწყდება მისი გემო, რომლის ნახევარიც მარტომ შევჭამე. ნინულა ნამდვილი food lover-ია, მისი დამოკიდებულება კერძების, რეცეპტების და საჭმლის მომზადების პროცესის მიმართ განსაკუთრებულია.

6_issue_culinart52

აი, რას გვიამბობს ნინულა:
”ალბათ ყველაფერი ჩემი გურმანობიდან დაიწყო. უგემური საკვების ჭამას მირჩევნია საერთოდ არ ვჭამო.
თუნდაც უმარტივესს – კვერცხს რომ ვწვავ, ვცდილობ სხვადასხვანაირად შევწვა , რომ გემრიელი და განსხვავებული იყოს. მართალი გითხრათ, არავის უსწავლებია, ჩემით დავიწყე ყველაფრის მზადება. მახსოვს მეგობრების დაბადების დღეზე გემრიელ კერძს თუ შევჭამდი, შემდეგ მის ბებიას ან დედას ვურეკავდი და რეცეპტს ვიწერდი.
რესტორანში თუ რაიმე კერძი მომეწონებოდა, ვცდილობდი გამომეცნო რა ინგრედიენტებით იყო შეზავებული და სახლში ვამზადებდი ხოლმე .
ასევე ხშირად ინტერნეტში ვეძებ რეცეპტებს და შემდეგ კერძს ჩემი ინტერპრეტაციით ვამზადებ.
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი კერძის მზადების პროცესში არის ის, რომ ამ პროცესისგან სიამოვნებას იღებდე.
მე, პირადად ძალიან მიყვარს მზადების დროს, ახალი სანელებლების და ინგრედიენტების დამატება, მაგრამ
ცხობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად მიჰყვე ინტსრუქციას, რადგან ინგრედიენტების ცვლილებით შეიძლება ყველაფერი დრამატულად და არასასურველი შედეგით დამთავრდეს”.
ნინულამ, როგორც უკვე ვახსენე ძალიან გემრიელი, სურნელოვანი, პომიდვრით და ნივრით შეკმაზული ქათამი და უგემრიელესი კექსი მოგვიმზადა. გადავწყვიტე მეც მესინჯა თავი სხვის სამზარეულოში და ჩემი ერთ-ერთი
საყვარელი ინგრედიენტების სინთეზით, მსუბუქი და და გემრიელი სალათი მოვამზადე, მეც აუცილებლად მოვსინჯავ ნინულას სხვა რეცეპტებს და თქვენც იგივეს გირჩევთ. ყურადღებით წაიკითხეთ რეცეპტები და აუცილებლად მოამზადეთ სახლში.

ქათამი პომიდვრით და რეჰანით

6_issue_culinart53

ინგრედიენტები:
• 800 გრ. ქათმის მკერდი
• 1 კონა რეჰანი
(ასევე ხმელიც გამოდგება)
• 500 გრ პომიდორი ჩერი
• 1 თავი ნიორი
• 1 ს. კ. ხმელი ორეგანო
• მარილი, წიწაკა
• 2 ს.კ. კარაქი და ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
საშუალო ზომის ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ქათმის მკერდის ორივე მხარე-მარილში, შავ წიწაკაში და ორეგანოში ამოვავლოთ, დავდოთ ტაფაზე და 5 წუთის განმავლობაში შევწვათ თითო გვერდი. დავუმატოთ შუაში გაჭრილი პომიდვრები, დასრესილი ნიორი, ბოლოს დავუმატოთ კარაქი და რეჰანი და დაახლოებით 15 წუთი გავაჩეროდ ნელ ცეცხლზე.

ბანანის კექსი ნიგვზებით

6_issue_culinart54

ინგრედიენტები:
• 2 კვერცხი
• 150 გრ მარგარინი
• 1 ჩ.კ. სოდა
• 400გრ ფქვილი
• ½ ჩ.კ. მარილი
• 250გრ შაქარი
• 2 ს.კ. რძე
• 2-3 ცალი ძალიან მწიფე და
რბილი ბანანი
• 200გრ ნიგოზი

6_issue_culinart115

მომზადების წესი:
მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, სოდა, მარილი) შევურიოთ ერთმანეთს. სხვა ჯამში, მიქსერით ავთქვიფოთ მარგარინი და შაქარი, სანამ არ გახდება მსუბუქი და ფუმფულა. დავუმატოთ დაჭყლეტილი ბანანი, კვერცხი და რძე და ესეც ავთქვიფოთ. ამ მასას დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი ნიგოზი. საშუალო ზომის ფორმას წავუსვათ ზეთი და ჩავასხათ გამზადებული მასა. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსამდე. გამოცხობას დაახლოებით 55-60 წუთი დასჭირდება.

კომშის სალათი

6_issue_culinart55

ინგრედიენტები:
• 1 საშუალო ზომის კომში
• 100 გრ ნიგოზი
• 2 კონა სალათის ფოთოლი
• 400 გრ პომიდორი ჩერი
(შეიძლება სხვადასხვა ჯიშის
პომიდვრის გამოყენებაც)
• 100 გრ ყველი ”პარმეზანი”
• 2 ს/კ -ბლანტი ბალზამიკო
• 1 ს/ კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
ხელით დანაწევრებული სალათის ფურცლები და დაჭრილი პომიდორი მოვათავსოთ დიდ ჯამში. გავთალოთ კომში, დავჭრათ წვრილ კუბიკებად და მოვშუშოთ თავდახურულ ტაფაში, ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 15-20წთ. ჯამში ჩავყაროთ მოშუშული კომში, წვრილად დაჭრილი ნიგოზი და სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, მარილი გემოვნებით და კარგად ამოურიოთ. გავაფორმოთ პარმეზანის ძალიან თხლად დაჭრილი ფირფიტებით.
სალათი მზად არის.

გემრიელად მიირთვით !

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com