ნატა წერეთელი –“Goodwill”-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
– ნატა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.
– 10 წელია ვმუშაობ მარკეტინგის სფეროში და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. მიმაჩნია, რომ ბრენდის შექმნას უნიკალური რეცეპტი სჭირდება. ამჯერად ვმუშაობ „გუდვილში“, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, იმიტომ რომ თითოეული ბრენდი განსაკუთრებულია და შემოქმედებითია სამუშაო პროცესიც.
– კულინარიის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– გადასარევი. ძალიან მიყვარს კულინარია, მიყვარს გემრიელი კერძები. მზადებაც მიყვარს. დროის უქონლობის გამო ხშირად არ გამომდის, მაგრამ კვირაში სამჯერ-ოთხჯერ მაინც ვახერხებ. გვიან ღამითაც გავაკეთებ, მგონია, რომ კულინარია საუკეთესო ანტიდეპრესანტია. შენით რომ ჰქმნი, საყვარელ გარემოში, საყვარელი ადამიანებისთვის, აი ეს არის შენთვის იდეალური მდგომარეობა.
– ყველაზე ხშირად რას ამზადებთ?
– ყველაზე ხშირად ვამზადებ ბავშვებისთვის ტკბილეულობას. ორი შვილი მყავს და ბავშვობიდანვე მივაჩვიე და ახლაც სულ ითხოვენ ჩემს მომზადებულ ტკბილეულს. მე თვითონაც ძალიან გამორჩეულად მიყვარს ტკბილი.
– ჯანსაღ კვებას თუ აქცევთ ყურადღებას?
– კი, აუცილებლად. კულინარია თავად იძლევა ამის საშუალებას. მაგალითად, ჩემს შვილებს დღესაც უყვარს ბროკოლი და ყაბაყი, რაც ძალიან ჯანმრთელია და სიამოვნებით მიირთმევენ. კერძი ისე შეიძლება გააფორმო, რომ ზუსტად იცი ამას შეჭამენ. ჩემი შვილები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაფერს ჭამენ. თუ სათანადოდ წარუდგენ, ყველაფერს მიირთმევენ.
– საყვარელი დესერტი თუ გაქვთ?
– „მილქი“ ჰქვია. უგემრიელესი დესერტია, რომელიც ნაღებითა და შედედებული რძით მზადდება. მართალია, ძალიან მსუყეა, მაგრამ ამავდროულად გემრიელი.
– ზაფხულში როგორ კერძებს ამზადებთ?
– ზაფხულში ძალიან მიყვარს გრილზე მომზადებული კერძები იმიტომ, რომ უცხიმოდ მზადდება და ჯანსაღია. რა თქმა უნდა, ზაფხული არის ხილის სეზონი. ხშირად ვაკეთებ სახლის პირობებში ლიმონათებს. სალათები თავისთავად, ზაფხულის განუყოფელი ნაწილია.
– როგორია იდეალური ბიზნესს ლანჩი და რას მიირთმევთ ხოლმე საქმიან შეხვედრაზე?
– ბიზნესს ლანჩზე ხშირად დავდივარ. ასეთ დროს ბანალურად, შემოვიფარგლები – სალათით. იდეალური ბიზნესს ლანჩი პირველ რიგში არის ის, თუ შეხვედრა შედგა და მოვილაპარაკეთ იმაზე, რაც შეხვედრის მიზანია. რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევ გარემოს და მგონია, რომ კარგ გარემოში, კარგ კერძთან ერთად ძალიან ბევრი საკითხის მოგვარებაა უფრო ადვილი, ვიდრე საკონფერენციო ოთახში.
– მოგზაურობის დროს რომელი ქვეყნის კულინარიას ანიჭებთ უპირატესობას?
– ძალიან მიყვარს იაპონური სამზარეულო, მიყვარს ტაპანიაკი და შემწვარ სუშიზე ვგიჟდები. თუმცა ამ ბოლო დროს გავსინჯე ლიბანური სამზარეულო და გავოცდი ისე მომეწონა.
– დღევანდელი „ბიზნესს ლანჩისთვის“ რა მოგვიმზადეთ?
– მოგიმზადეთ, ქათამი გრილზე შემწვარი ბრინჯის გარნირით და ბერძნული სალათი. ასევე ლომონათი, რომელსაც ძალიან ხშირად ვაკეთებ სახლში და ზაფხულში გაგრილების კარგი გამოსავალია.
ქათამი გრილზე
ქათამს ცალკე ვამარინადებთ ძმარში, მარილში. ვტოვებთ ორი საათის განმავლობაში. უნდა მოვასხათ ლიმონის წვენი. შემდეგ ვწვავთ გრილზე. ცალკე ვჭრით ხახვს და სოკოს. მოვშუშავთ, ვუმატებთ ნამდვილ პომიდვრის სოუსს. კიდევ ვუმატებთ ტობასკოს სოუს, ტარხუნას.
ნიორი, პილპილი და მარილი გემოვნებით, შემდეგ უკვე ქათამს ვახსამთ სოუსს და ვაყრით პარმეზანს.
გვერდით ვუდებთ ბრინჯს: მოხარშული ბრინჯი ბარდითა და სიმინდით.
ლიმონათი
პიტნის ერთ კონას დავასხათ მდუღარე წყალი და ვაცადოთ სანამ გაგრილდება.
ამოვიღოთ პიტნა და გადავაგდოთ. წყალს დავუმატოთ შაქარი.
ცალკე გავწუროთ ლიმონის ფრეში (ერთი ლიმონი და 2 ლაიმი) დავუმატოთ ერთმანეთს და მოვურიოთ.
სილამაზისთვის ჩავყაროთ ორი ნაჭერი ლიმონი, პიტნა. გავაგრილოთ და ვისიამოვნოთ ცივი სასმელით!
ფოტო: ანა ბოკო