Business Lunch

eka4

ეკატერინე არველაძე -DHL-ის ოფიციალური წარმომადგენლის ‒ შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრესის“ გენერალური დირექტორი

eka1

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ… 

ამ პოზიციაზე მესამე წელია ვმუშაობ. პროფესიით ექიმი ვარ და შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრესის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, გარდა იმისა, რომ იმ დროს ჩემი უმცროსი შვილი ძალიან პატარა იყო თავად ეს საქმე უკავშირდება ტრანსპორტს, გადაზიდვას, უამრავ ტექნიკურ პრობლემას, ძალიან დინამიური და აზარტული საქმიანობაა. მიყვარს სირთულეები, მათი დაძლევით მიღებული შედეგი კი ‒ მახარებს, ჩემთვის ეს ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა. ამ კომპანიაში რთული და ნაყოფიერი წლები გავატარე. 

რამდენად ინტერესდებით კულინარიით? 

კულინარია ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გატაცებაა. არაფერი მანიჭებს უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის გემრიელი საკვების მომზადება ‒ მათი გამასპინძლება. დიდი ოჯახი გვაქვს, მიყვარს როდესაც ერთად ვიკრიბებით და მათთვის ვამზადებ, თუმცა დატვირთული საქმიანობიდან გამომდინარე, ამას ძირითადად დასვენების დღეებში ვახერხებ. 

ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად რომელი კერძის მომზადებას გთხოვენ? 

იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დატვირთული ვიყავი, შეწუხებული მამაჩემი ხუმრობდა კულინარი დავკარგეთ და მშივრები დავრჩითო. მოსწონთ ჩემი მომზადებული ქართული კერძებიც და მათ მომზადებას ხშირად მთხოვენ. რაც შეეხება ჩემს შვილებს, მათ უფრო ჩინური სამზარეულოს კერძები უყვართ. 

ახალი რეცეპტების მოძიებით თუ ინტერესდებით? 

მაინტერესებს კულინარიული ლიტერატურა და გადაცემები, თუმცა თითქმის არასდროს მივყვები რეცეპტს, სატელევიზიო გადაცემებს ძირითადად იმ მიზნით ვუყურებ, რომ რაიმე ახალი იდეა გამიჩნდეს, აღმოვაჩინო ახალი პროდუქტები, რომლებიც ერთმანეთს უხდება, ან სოუსის შემადგენლობაში, რაიმე ახალი ინგრედიენტის დამატების სურვილი გამიჩნდეს. გარდა იმისა, რომ რეცეპტს ვერ მივყვები, ერთსა და იმავე კერძს ერთნაირად ვერ ვამზადებ. 

მეგობრები თუ გთხოვენ მათთვის კერძების მომზადებას? 

ტრადიცია გვაქვს, მორიგეობით ვმასპინძლობთ ერთმანეთს, თუმცა ძირითადად ეს რესტორანში ხდება, როდესაც ჩემი რიგია, ყოველთვის სახლში მოსვლას ითხოვენ, მათთვის მარწყვის ან ფორთოხლის ტორტსაც ვაცხობ. ისეთი ტორტი, რომლის გემოც ბავშვობიდან მახსოვს, სამწუხაროდ დღეს აღარ იყიდება. მე ის ბავშვობის გემო მომწონს და ვცდილობ ისეთი ტორტის გამოცხობას. 

მოგვიყევით თქვენი საკონდიტრო ინტერესების შესახებ… 

მიუხედავად იმისა, რომ ტკბილეული ძალიან მიყვარს, საკონდიტრო მიმართულებით საკმაოდ გვიან დავინტერესდი. მეგონა ცხობა არ გამომდიოდა, თუმცა ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ მაგალითად, ტორტიც შეიძლება სწრაფად გამოაცხო, არ მიყვარს მთელი დღის განმავლობაში ერთი საქმის კეთება. 

რომელია თქვენი საყვარელი კერძი? 

მიჭირს ერთი კერძის დასახელება. გამოვარჩევ ჩინურ სამზარეულოს. 

ჩაი თუ ყავა? 

ჩაი. 

ბავშვობიდან რაიმე კერძის გემო თუ გახსენდებათ? 

ძალიან უჭმელი ვიყავი, ცოტა რომ წამოვიზარდე, განსაკუთრებით შემიყვარდა ჩიხირთმა. ბავშვობიდან, ასევე, შავი ხიზილალის გემო მახსოვს. 

რამდენად გურმანი ხართ? საზღვარგარეთ თუ ინტერესდებით ადგილობრივი კულინარიით? 

მოგზაურობისას, ყოველთვის ვცდილობ დავაგემოვნო ადგილობრივი სამზარეულო, თუმცა ვერ გეტყვით რომ ყველაფრის გასინჯვას ვბედავ ‒ უმ ხორცს ვერიდები. 

ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავთ? 

შეიძლება ვინესთვის არ არის უცნაური, მაგრამ თურქეთში დავაგემოვნე ძროხის კუდის სუპი. 

რომელ ინგრედიენტს ან კერძს არ მიირთმევთ? 

ტარტარს. 

ხორცი დარიჩინით 

eka3

ინგრედიენტები:
• საქონლის ხორცი – 500 გრ.
• ნიორი – 1 თავი
• ხახვი – 4 ც.
• დარიჩინი – ½ ჩაის კოვზი
• მარილი
• პილპილი
• ზეითუნის ზეთი – 4 ს/კ
• სოუსი (სოიოს სოუსი – 50 გრ. თაფლი 1 ს/კ, თეთრი ღვინო – 50 გრ.)

მომზადების წესი: 

ვოგში მოასხით ზეითუნის ზეთი, რომ გაცხელდება მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და დაღერღილი პილპილი. შემდეგ ჩაყარეთ წვრილ, თხელ ნაჭრებად დაჭრილი საქონლის ხორცი, მოურიეთ, ცოტა რომ დაიბრაწება, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ვოგს დაახურეთ თავსახური. პერიოდულად დაუმატეთ წყალი, რომ ხორცი დარბილდეს. დაასხით სოუსი, დაელოდეთ რომ ალკოჰოლი აორთქლდეს და დაუმატეთ ცოტა მარილი. კერძი გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. 

გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ბრინჯი. კერძი მიირთვით წითელ ღვინოსთან ერთად. 

ხორციანი რულეტი 

eka2

ინგრედიენტები ცომისთვის:
• ფქვილი 500 გრ.
• კვერცხის გული 3 ც.
• არაჟანი 150 გრ.
• კარაქი 200 გრ.
• არაყი 1 ს/კ.
• მარილი

ცომის მომზადების წესი:
აიღეთ დარბილებული კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ რომ ფხვიერი მასა გამოვიდეს. ცალკე ‒ არაჟანს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გულები, მარილი, არაყი და ეს ორი მომზადებული მასა გააერთიანეთ, მოზილეთ ცომი, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში, სულ მცირე ნახევარი საათის განმავლობაში.

ინგრედიენტები ხორცისთვის:
• შერეული ხორცის ფარში 1 კგ.
• ხახვი 3-4 თავი
• ნიორი 4 კბ.
• კვერცხი – 3 ც.
• ხმელი ქონდარი
• მარილი
• შავი პილპილი

ხორცის მომზადების წესი:
ფარშის ინგრედიენტები მოშუშეთ ტაფაზე და ბოლოს შეურიეთ კვერცხის დარჩენილი ცილა. მოხარშეთ სამი ცალი კვერცხი, დაჭერით და გაციებულ ფარშს შეურიეთ. დაუმატეთ ხმელი ქონდარი, მარილი, პილპილი. მაცივრიდან გამოიღეთ ცომი და მას გრძელი ფორმა მიეცით, რომ ადვილად დაანაწევროთ. გაყავით 4 ნაწილად და ოთხკუთხედი ფორმით გააბრტყელეთ. წაუსვით ფარში, რომელიც ასევე ოთხ ნაწილად გაქვთ წინასწარ დაყოფილი და ძალიან ფრთხილად გადაკეცეთ, რომ რულეტის ფორმა მიიღოს, ბოლოები შეუკეცეთ, შემდეგ
მოათავსეთ საცხობ დაფაზე. მოამზადეთ ოთხი რულეტი, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

ფოტო: იკა პირველი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com