თამარა ჯავახაძე – IOTA HOTEL TBILISI-მარკეტინგის დირექტორი
თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა. ქალაქის ცენტრში, ტაბიძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მდებარე 5 ვარსკვლავიანი IOTA HOTEL TBILISI ოფიციალურად 2 ივნისს გაიხსნა.
სასტუმროს მშენებლობისა და კეთილმოწყობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხის მასალებია გამოყენებული. სასტუმრო გემოვნებიანი, უმაღლესი კლასის ნომრები და, ზოგადად, მთელი სივრცე სტუმრების მოთხოვნებს მაქსიმალურადაა მორგებული.
IOTA HOTEL TBILISI-ს კონცეფციასა და მიზნებზე სასტუმროს მარკეტინგის დირექტორი თამარა ჯავახაძე გვიყვება:
“IOTA HOTEL TBILISI” ხუთვარსკვლავიანი, 90-ნომრიანი დიზაინ სასტუმროა. ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებად საშუალო და მაღალი სეგმენტის წარმომადგენლები მოიაზრებიან. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს გარდა ჩვენთან ორი რესტორანი და ღვინის ბარი ფუნქციონირებს, აქაურობა არამარტო სასტუმროში მცხოვრებთათვისაა ღია. მათთან ერთად ადგილობრივ გურმანებსაც ვუმასპინძლებთ. “IOTA GARDEN”-ი სტუმრებს განსხვავებულ ევროპულ და იაპონურ კერძებს შესთავაზებს, ხოლო ბოლო სართულზე განთავსებულ რესტორან “GHUMELI“-ში შეგეძლებათ ქართული და ევროპული კერძები დააგემოვნოთ. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება Guinness World Records-თან, ჩვენი ღუმელი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა მსოფლიოს ყველაზე დიდი ღუმელის ტიტული მოიპოვოს, რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება. პირველ სართულზე მდებარე ღვინის ობსერვატორია შემეცნებითი ადგილია, ჩვენი მიზანია სტუმარმა უფრო მეტი გაიგოს ღვინის შესახებ, ვიდრე ჩვენთან სტუმრობამდე იცოდა, ამაში მათ სომელიე კობა აბრამიშვილი დაეხმარება.
– რა პრინციპითა და კრიტერიუმებით შეირჩა სასტუმროს ადგილმდებარეობა? არის თუ არა ქალაქის ძველი, მყუდრო უბანი და ამავდროულად ცენტრალური მდებარეობა სასტუმროს ერთ–ერთი უპირატესობა?
– სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები და კულტურული ძეგლები სტუმრისთვის მარტივად ხელმისაწვდომია, რაც თავისთავად დიდი უპირატესობაა.
– რა განასხვავებს IOTA HOTEL TBILISI–ს ჩვენი ქალაქის სხვა მაღალი კლასის სასტუმროებისგან? რაში მდგომარეობს მისი უპირატესობები? ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები?
– „იოტა“ ძველი ქართული ანბანის ასოა, რომელიც ძველბერძნული ანბანიდან იყო შემოტანილი და დღესდღეობით აღარ გამოიყენება. ვფიქრობ, ძველთან დაბრუნება საინტერესოა, მითუმეტეს, რომ იოტა თავისი მოხაზულობით შინაარსიანი და ლამაზია. ჩვენს სასტუმროში შემოსული სტუმარი პირველივე წამიდან შეიგრძნობს ბრენდის უნიკალურობას. სასტუმროში გამოყენებული ავეჯი ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხისგან ჩვენი სასტუმროს საამქროში მზადდება, ყველა ხელოვნების ნიმუში, რომელსაც ჩვენთან იხილავთ, ადგილზე მდებარე სახელოსნოშია შექმნილი ახალგაზრდა და ნიჭიერი მხატვრების მიერ.
ჩვენი გუნდი დიდი სიფრთხილით ეკიდება სოციალურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ, რისი შეთავაზება შეიძლებოდა მომხმარებლისთვის და გადავწყვიტეთ ქალაქის ცენტრში 300 კვადრატულ მეტრზე გაგვეშენებინა ქართული ენდემური ჯიშებისგან შემდგარი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღები.
სასტუმროში იქნება ტექნიკურად სრულად აღჭურვილი ორი ტიპის საკონფერენციო დარბაზი. ერთ-ერთი მათგანი 160 ადამიანზე და მეორე – შედარებით პატარა ზომის – 30 ადამიანზე გათვლილი. ჩვენი საკონფერენციო სივრცე იდეალურია კორპორატიული და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.
ჩვენთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას ვთავაზობთ.
კარლო ასათიანი – IOTA HOTEL TBILISI-ის შეფ მზარეული
IOTA HOTEL TBILISI-ს სამზარეულოს კონცეფციის შესახებ მისი ავტორი, კარლო ასათიანი საუბრობს:
– რას საქმიანობდით, სად მუშაობდით IOTA HOTEL TBILISI-მდე? როგორია თქვენი გამოცდილება?
– 2004 წელს დავიწყე პრაქტიკები ქალაქ მიუნხენის ერთ-ერთ უძველეს და ცნობილ რესტორან “Florian“-ში, 6-თვიანი სწავლის შემდეგ მათი გუნდის წევრი გავხდი. მალევე დამაწინაურეს sous-chef-ის თანამდებობაზე და ამ პოზიციაზეც 2012 წლამდე ვიყავი დასაქმებული. საქართველოში დაბრუნების შემდეგ “Folk Garden“-ის შეფ-მზარეულის თანამდებობა დავიკავე. დღესდღეობით კი IOTA HOTEL TBILISI-ს შეფმზარეული გახლავართ.
– რა იყო მიზანი? ‒ როგორი კონცეფციის სამზარეულო გინდოდათ შეგექმნათ? გქონდათ თუ არა ამ თვალსაზრისით თავისუფლება?
– ჩემი როგორც შეფ-მზარეულის მიზანი იყო, რომ IOTA HOTEL TBILISI-ს სამზარეულო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ ჩვენს მენიუში ყველა კონტინენტის წამყვანი კერძები შევიტანე. „იოტას“ სტუმრებს მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ.
შევეცადეთ მენიუ ინოვაციური ყოფილიყო, ამიტომ სასტუმრო „იოტას“ სივრცეში არასტანდარტული ვიზუალისა და განსხვავებული ინგრედიენტების შემცველობის კერძები შეიქმნა, რომლებიც ოჯახში სიყვარულით დამზადებულ კერძებს მოგაგონებთ. მენიუში წარმოდგენილი კერძების ფართო ასორტიმენტი, იმედი მაქვს, გულგრილს არ დატოვებს ჩვენს სტუმრებს.
„იოტა“-ში მენიუს შექმნისა და კერძების დეგუსტაციის შემოქმედებითი პროცესი ჩემს პრაქტიკაში ყველზე განსხვავებული, საინტერესო და მრავლისმომცემი იყო. რა თქმა უნდა, ამ კუთხით სრული თავისუფლება მქონდა მონიჭებული, რაც პროცესს, თავისთავად, საინტერესოს ხდიდა და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობასაც მაკისრებდა.
– რაზე კეთდება აქცენტი სამზარეულოში?
– რა თქმა უნდა, ჯანსაღ პროდუქტზე, მის სწორად დამუშავებასა და შემდეგ დამზადებაზე, რათა ჩვენს სტუმრებს ხარისხიანი და გემრიელი კერძებით გავუმასპინძლდეთ. თითოეული მათგანი გამორჩეული ყურადღებით, პროფესიონალიზმითა და სიყვარულით მზადდება.
– სულ რამდენი კერძია მენიუში?
– მენიუში 50-მდე კერძია წარმოდგენილი, ზოგიერთი მათგანი ჩვენს საფირმო ღუმელში მზადდება და ამით მათ დამატებით სასიამოვნო გემოვნური თვისებები ეძლევა. რაც შეეხება დესერტებს, ჩვენი ტკბილეულობაც ისეთივე ორიგინალურია, როგორც ჩვენი სასტუმრო.
– თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს ახლად გახსნილი ობიექტის სამზარეულოს წარმატებას? რა კომპონენტების ერთობლიობით იქმნება ახალი და საინტერესო გასტრონომიული სივრცე?
– პირველ რიგში, გამოვყოფდი ხარისხიანად და პროფესიონალურად დამზადებულ კერძებს, სასიამოვნო გარემოსა და მაღალკვალიფიციურ სერვისს.
– როგორ ფიქრობთ, რითი მიიზიდავს თქვენი სამზარეულო სტუმრებს? რა იქნება მისი მთავარი ინდივიდუალური თავისებურება?
– უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული პროდუქტის უმაღლესი ხარისხი.
– სჭირდება თუ არა ამ საქმეს შთაგონება? არის თუ არა კულინარია თქვენთვის ხელოვნების ერთგვარი ფორმა?
– იმისათვის, რომ ადამიანმა ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, საჭიროა მას უსაზღვრო ფანტაზია და გემოთა შეხამების უნარი ჰქონდეს.
– შეიცვლება თუ არა მენიუ სეზონურად? და, ზოგადად გადახალისდება თუ არა ის პერიოდულად ახალი კერძებით?
– სამყარო ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება, შესაბამისად, ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ არსებულ სიახლეებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სასტუმრო „იოტაში“ ახალი, ინოვაციური კერძების დაგემოვნების შანსი გექნებათ.