PicnicMenu

8_issue_culinArt15

13 ივნისის სტიქიამ და ცხოველების სათვალავის არევამ, განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე, ამიტომ ბავშვები
(ელენე და ქეთო) დროზე ადრე გავიყვანე ქალაქიდან და წლევანდელ ოჯახურ პიკნიკებსაც გამოვემშვიდობე.
არადა, ჩემთვის დასვენება იწყება იქ, სადაც ურბანული სივრცე მთავრდება. თუნდაც, ათეული კილომეტრი
ვიარო ფეხით (და ამას ხშირად ვაკეთებ), მაინც ვისვენებ, იმიტომ რომ ქალაქიდან შორს ვარ და ვგრძნობ,
როგორ ჩადის ჩემს ფილტვებში ჟანგბადი და არა „ჯიპების” გამონაბოლქვი. ჩემი შვილები უკვე თვეზე მეტია
„ჟანგბადს სუნთქავენ” (ბორჯომში არიან), მე კი მათ გარეშე პიკნიკზე ზრუნვა აღარ მეხალისება, გადავწყვიტე
სხვა ოჯახების პიკნიკ-სტუმარი გავხდე, გავიგო მათი ტრადიციები და რაც მთავარია, მენიუ. ბუნების წიაღში
გემრიელ კვებას არაფერი სჯობს ☺

Weekend-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზურა აბაშიძე არც ქუთაისშია (პარლამენტში) და არც პარტიული საქმიანობითაა დაკავებული (თავისუფალი დემოკრატების წევრია). ის თავის ოჯახთან ერთად კულინArt-ის სტუმარია.საკმარისია, ერთი დღე გაატარო მათთან ერთად და მაშინვეmხვდები, რომ ერთმანეთისგან დისტანცირებული ცხოვრება კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის მათ შაბათ-კვირას. ყველგან ერთად დადიან, ერთობიან და ბევრს საუბრობენ. საუბრობენ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა…
ერთმანეთი 4 წლის წინ, ზაფხულის დასაწყისში გაიცნეს, მერე მთელი სეზონი ისე გავიდა, ერთმანეთს შემთხვევითაც არ შეხვედრიან; სექტემბერში კი მათი გზები ისევ გადაიკვეთა… ნოემბერში იყო ჯვრისწერა და პატარა ქორწილი.
თეონა – მივხვდი, რომ ყველაზე ერთგულ ადამიანს ვუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას. მის გვერდით დაცულად ვგრძნობ თავს, ზურა ჩემთვის საიმედო დასაყრდენია.
ზურა – პირველი ეფექტი მისმა გარეგნობამ მოახდინა; მერე როცა ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ მისი შინაგანი
სილამაზე ვიზუალურს აღემატებოდა… მოკლედ, ვიგრძენი, რომ თეონა ჩემი ცხოვრების მეგზური უნდა გამხდარიყო. სამ თვეში შევუღლდით. ჩემთვისაც და თეონასთვისაც მეორე ქორწინებაა, ამიტომ ჩვენ გარშემო ყველა გვთხოვდა, არ გვეჩქარა… მინდა ყველა სკეპტიკოსის ეჭვები გავაქარწყლო, მე და თეონამ ერთმანეთი ნამდვილად ვიპოვნეთ და ეს სამუდამოა… თეონა ექიმია, მაგრამ თავისი პროფესიით არასდროს
უმუშავია. აქტიური პოლიტიკოსის მეუღლე თავად აპოლიტიკურია. სახლში ზურას საქმიანობაზე, თითქმის არასდროს ლაპარაკობენ.
თეონა – იმდენად ცოტა დროს ვატარებთ ერთად, რომ სახლში პოლიტიკაზე სასაუბროდ აღარ გვცალია. დავდივართ კინოში, შვილებთან ერთად, ზაფხულობით ვცდილობთ ბუნებასთან ახლოს ვიყოთ. ამ მხრივ, პიკნიკი საუკეთესო არჩევანია. როცა ამას ვერ ვახერხებთ, ღია კაფეებს ვსტურობთ, ოღონდ ისეთს, სადაც ბევრი სიმწვანეა.
ზურა – როცა თეონასთან და ბავშვებთან ერთად ვარ, გარესამყაროს ვეთიშები. ჩემი მთელი ყურადღება მათ ეკუთვნით ხოლმე. იმდენად ცოტაა დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ, რომ არც ერთი წუთის დაკარგვა არ მინდა. ვცდილობ, ეს დრო ხარისხიანად გავატარო. 

შვილები…
ზურას პირველი ქორწინებიდან 2 შვილი, ნიკო და ქეთი ჰყავს, თეონას ერთი ბიჭი ვაკო. ყველაზე პატარა 2 წლის გიორგი ამ დიდ ოჯახს აერთიანებს, ის თეონას და ზურას საერთო შვილია.
ზურა – ჩემთვის მთავრია, რომ კარგი ადამიანები გაიზარდონ. ჯანსაღად იცხოვრონ და სადაც არ უნდა წავიდნენ სასწავლებლად, თავის ქვეყანას დაუბრუნდნენ. ახალმა თაობამ დაგროვებული ცოდნა აქ, სამშობლოში თუ არ გამოიყენა, ქვეყანა ვერ განვითარდება. მე საერთოდ ვისურვებდი, რომ განათლების სისტემა ისე დაიხვეწოს, რომ ახალგაზრდებს ხარისხიანი ცოდნის მიღება, ქვეყნიდან გაუსვლელადაც შეეძლოთ.
თეონა – ზურა ძალიან დამთმობია. ბავშვებთან ურთიერთობისას რბილი და მეგობრული ხასიათი აქვს, ამიტომ სიმკაცრის გამოჩენა მე მიწევს. პრინციპში, იშვიათად მჭირდება ეს. ბიჭები ცურვაზე და კალათბურთზე დადიან, ქეთი არაჩვეულებრივად მღერის. გიორგი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მულტფილმების ყურებით უამრავი ინგლისური სიტყვა ისწავლა… ვფიქრობ, ზურას მთავარი სურვილი, რომ კარგები გაიზარდონ, აუცილებლად შესრულდება.

კულინარია…
ზურა – არასდროს გამისინჯავს კუჭმაჭი და კუპატი. კახური სამზარეულო მიყვარს… მინიმალისტურია, თან ხორციანი… ცოტა ხნის წინ ლონდონში, ერთ-ერთ საუკეთესო აზიურ რესტორანში მოვხვდი, მე ეს საუცხოო გემოები არასოდეს დამავიწყდება. ზოგადად, პრეტენზიული არ ვარ. ყველაფერი მიყვარს, რასაც თეონა მიმზადებს, განსაკუთრებით, მისი სალათები.
თეონა – თვითონ ზურას, მხოლოდ შვრიის ფაფის მომზადება შეუძლია. მე ქართული სამზარეულოებიდან, იმერული და მეგრული მიყვარს. ზღვის პროდუქტები არის ის, რისი ჭამაც გაუთავებლად შემიძლია.

8_issue_culinArt16

8_issue_culinArt111_Page_033

ფოტო: LIG Studio

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com