მაკა გვრიტიშვილი – საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
მოგვიყევით კომპანია ICR-ის შესახებ…
ICR უკვე 25 წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და დღესდღეობით ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია 22 ბრენდს წარმოადგენს, ჰყავს 700-მდე თანამშრომელი და მუშაობს რამდენიმე მიმართულებით: ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, აქსესუარები, ავეჯი და კვება. ფეხსაცმლის მიმართულება აერთიანებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა „ბატა“, „ბამბინო“, „ეკკო“, „ჯეოქსი“, „ტამარისი“, „სკეჩერსი“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“ და „კორსო იტალია“, რომელიც შედარებით ახალი ბრენდია, გასულ წელს დაემატა ჩვენს პორტფოლიოს. ტანსაცმლის მიმართულებით გვაქვს მხოლოდ ერთი ბრენდი – „ოკაიდი-ობაიბი“. აქსესუარების მიმართულებაში წარმოდგენილი გვაქვს ბრენდები: „პარფოისი“ და „მოა“. რაც შეეხება ავეჯის და დეკორის მიმართულებას, ეს გახლავთ – „ლაბორატორია ჩემი სახლი“, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალური, ცხოვრების სტილზე მორგებული ინტერიერის მოსაწყობად თვისობრივად ახალ სერვისს და პროდუქტს სთავაზობს. შარშან „ლაბორატორია ჩემი სახლის“ სივრცეს დავამატეთ ოთხი წამყვანი იტალიური ბრენდის შოურუმი – Aran, Dialma Brown, Tomassela და Colombini. კვების მიმართულებით ICR უკვე ხუთ ბრენდს წარმოადგენს: მაღალი კლასის ქართული რესტორანი – „ტაბლა“, იტალიური პიცერია და სტეიკის სახლი – „პომოდორისიმო“, ფრანგული ბულანჟერია – „კაფე ლა ფრანსი“ და „კაფე ლაბორატორია“. სულ ცოტა ხნის წინ კი „ისთ ფოინთში“ გავხსენით ბურგერისა და სტეიკის სახლი Old Wild West, რომელიც გახლავთ იტალიური ბრენდი ამერიკული კონცეფციით. აღსანიშნავია, რომ Old Wild West ნომერი პირველი სტეიკის სახლია იტალიაში.
მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ…
ვხელმძღვანელობ ICR-ის მარკეტინგის დეპარტამენტს, რომელიც მუშაობს სტრატეგიული მარკეტინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციის საკითხებზე. როგორც აღვნიშნე, გვაქვს 5 მიმართულება და 22 ბრენდი, რაც ძალიან აქტიურ სამუშაო რეჟიმს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის.
როგორია თქვენი სამუშაო განრიგი?
კომპანიის დადგენილი სამუშაო საათებია 10:00-დან 19:00 საათამდე. თუმცა როდესაც ახალ ბრენდზე ან პროექტზე ვმუშაობთ, ან ვხსნით ახალ ობიექტს ეს განრიგი, რა თქმა უნდა, იცვლება.
კულინარიით თუ ინტერესდებით? თუ გიყვართ კერძების მომზადება?
კულინარიით ვინტერესდები ჯანსაღი კვების კუთხით, რადგან ვფიქრობ რომ საკვები ადამიანის ჯანმრთელობას და სილამაზეს განაპირობებს. ყოველდღიურად არ მიწევს სახლში კერძების მომზადება, მაგრამ კვების ჯანსაღ რაციონს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
თუ გიფიქრიათ ვეგეტარიანელობაზე ან ვეგანობაზე?
მიფიქრია, თუმცა ვეგეტარიანელობა მიზნად არასდროს დამისახავს და შესაბამისად, არ ვარ. ხშირად აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რთული არ იქნება. კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ასეთი არჩევანი გააკეთა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ერთ დღეს შეიძლება მივიღო ასეთი გადაწყვეტილება.
რამდენად ხშირად გიწევთ “ბიზნეს ლანჩზე” წასვლა?
ძალიან ხშირად. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და შეხვედრა. „ბიზნეს ლანჩზე“ უმეტესად ჩვენი კვების ობიექტებში ვეპატიჟებით პარტნიორებს, რადგან ამ დროს მნიშვნელოვანია კომფორტული გარემო და ხარისხიანი საკვები.
სახლში სტუმრების მიღება თუ გიყვართ? მათთვის კერძებს თუ ამზადებთ?
სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ, შესაბამისად მიყვარს როცა ჩემთან მოდიან ან მე მივდივარ სტუმრად. უნდა ვაღიარო, ამ დროს უმეტესწილად ვაკეთებ არა კერძებს, არამედ შეკვეთებს ჩვენი კვების ობიექტებში.
თუ არის ისეთი კერძი, რომლის მომზადებას მეგობრები ხშირად გთხოვენ?
მაკას „საფირმო“ კერძი არ მაქვს, ალბათ ჩემი მომზადებული გამაგრილებელი სასმელები უფრო მოსწონთ.
რომელია თქვენი საყვარელი სასმელი?
მიყვარს თეთრი მშრალი ღვინო.
როგორია თქვენთვის იდეალური ბიზნეს ლანჩი?
როცა კომფორტული გარემოში ვხვდები საქმიან ადამიანებს და ლანჩის დროს საუბარი სრულდება კარგი შედეგით.
რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
განსაკუთრებულად საყვარელი კერძი არ მაქვს, ეს დამოკიდებულია განწყობებსა და გარემოებებზე. სხვათა შორის, ICR-ის ყველა რესტორნის მენიუში მაქვს საყვარელი კერძი.
რომელია თქვენი საყვარელი ინგრედიენტი?
ავოკადო
როდესაც მარტო ხართ, საკუთარი თავისთვის მომზადება გიყვართ?
ყველაზე მარტივი და სასიამოვნო სალათის მომზადებაა.
ახალი რეცეპტების მოძიებით თუ ინტერესდებით?
როცა დრო მაქვს ძალიან მიყვარს ცნობილი შეფ-მზარეულებისა და რესტორატორების გადაცემების ან ვიდეო ბლოგების ყურება. ეს არის ჩემთვის ახალი რეცეპტების მთავარი წყარო.
რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო და საყვარელი კერძი?
ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. აქ ყოველთვის არის არჩევანი, როგორც ტრდიციული და მარტივი საკვების, ისე ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანებისთვის. მგონია, რომ იტალიური რესტორანი ნამდვილი კომფორტის ზონაა.
არის რაიმე ისეთი რისი გასინჯვის სურვილიც არ გაქვთ?
ზოგადად, არ ვარ ექსპერიმენტების მოყვარული კვების კუთხით. ეს განსაკუთრებით აზიურ სამზარეულოებს ეხება. მიუხდავად იმისა, რომ მიყვარს ჩინური, იაპონური, ტაილანდური სამზარეულოები, მაინც ძალიან ფრთხილად ვარჩევ კერძს. არ მიყვარს ნახევრად უმი საკვები.
ინგრედიენტი, რომელიც არ გიყვართ?
ასეთი ინგრედიენტი არ მახსენდება.
ქართულ სამზარეულოში რომელ კერძს გამოარჩევთ?
ქართულ სამზარეულოში მიყვარს ფხალეული და ნიგვზიანი კერძები.
"კაფე ლაბორატორიის" მენიუდან
ფოტო: LIG STUDIO