Business Lunch

ნინა თალაკვაძე – კომპანია "ართთაიმის" მარკეტინგის მენეჯერი

საქმიანი ადამიანები სამუშაო შეხვედრებს ხშირად ლანჩის დროს გეგმავენ. სასიამოვნო გარემო და გემრიელი კერძები თითქოს ოფიციალური ნაწილისგან გვათავისუფლებენ, თან საქმიან პარტნიორებთან ერთად ლანჩი დროის მენეჯმენტისთვისაც ძალიან ეფექტურია. როგორი უნდა იყოს იდეალური ბიზნეს ლანჩი, რომელი კერძები უნდა შევარჩიოთ?! ‒ ამ თემებზე და ზოგადად კულინარიაზე სასაუბროდ, კომპანია „ართთაიმის“ მარკეტინგის მენეჯერს ‒ ქალბატონ ნინა თალაკვაძეს ვესტუმრეთ.

– მოგვიყევით თქვენი სამუშაო დღის შესახებ… 

-სამუშაო დღე 10:30-6:00 საათამდე გრძელდება. ჩემი საქმიანობა კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს მოიცავს ‒ სხვადასხვა შეხვედრები, სარეკლამო მოღვაწეობა, კომპანიის განვითარების გეგმის, კონცეფციის შემუშავება ‒ ეს ჩემი საქმიანობაა. პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო სამუშაო დღე მაქვს, ვხვდები უამრავ ადამიანს, ხშირად მიწევს ბიზნეს შეხვედრებზე სიარული. ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებს უმეტესად ლანჩის დროს ვგეგმავ. გემრიელი კერძები და ასეთი ატმოსფერო შეხვედრას გაცილებით უშუალოს ხდის. 

– კულინარიით თუ ინტერესდებით? 

-კულინარია მაინტერესებს და მიყვარს, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვისთვის ვამზადებ. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კერძის ვიზუალს, გარკვეულწილად ეს განსაზღვრავს სურვილს, გინდა თუ არა კერძის დაგემოვნება. ამაში დავრწმუნდი, როდესაც ჩემმა შვილმა მითხრა ერთ-ერთ კერძზე, რომ მისი დაგემოვნება არ უნდოდა, რადგან ვიზუალურად არ მოსწონდა. ესთეტიურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ვთვლი რომ კულინარიისთვის მნიშვნელოვანია „შეფუთვა“, ის თუ, როგორ მიაწოდებ კერძს. 

– ახალი რეცეპტების მოძიებით თუ ინტერესდებით? 

-ძირითადად რეცეპტს მივყვები, თუმცა ფანტაზიაც ჩართულია კულინარიულ პროცესში. ძალიან მიყვარს ნამცხვრების გამოცხობა, მათი მომზადების ტრადიციული ოჯახური რეცეპტები გვაქვს, რომელთაც ყოველთვის ვიცავ, რადგან იმდენი წელია ამ წესით მზადდება, რომ ვფიქრობ, რაიმეს შეცვლა ამ შემთხვევაში არ არის საჭირო. ეს ნამცხვრები, ‒ პირველად ბებიამ გამომიცხო, თუმცა მათი რეცეპტები გაცილებით ძველია. გვაქვს ნიგვზის კექსის, ნიგვზის ტორტისა და სხვა ნამცხვრების რეცეპტები. კერძების მომზადების პროცესში უფრო თავისუფალად ვმოქმედებ, დამოკიდებულია არსებულ ინგრედიენტებზე და იმაზე, თუ რომელი გემოები უფრო მომწონს. 

– ცხოვრების ჯანსაღ წესს თუ იცავთ?! 

-მესამე წელია გატაცებული ვარ იოგათი და ძალიან შემეცვალა საკვების მიმართ დამოკიდებულება. გარკვეული კერძების დაგემოვნების სურვილი უკვე აღარ მაქვს. სწორი კვება მეტ ცილასა და ნაკლებ ნახშირწყლებს გულისხმობს. ზოგადად, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, მიყვარს მწვანილი, ხილი ‒ სამწუხაროდ ნაკლებად, უფრო ბოსტნეულის მოყვარული ვარ. შევზღუდე ყავის ოდენობა დღის განმავლობაში. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, გამომდინარე საქმიანობიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ‒ ადამიანები კვებასთან დაკავშირებით გარკვეულ არჩევანს აკეთებენ. 

– ყავა თუ ჩაი? 

-ყავა… ყოველ დილით ვსვამ ყავას და ძალიან მიყვარს. მწვანე ან ყვავილების ჩაის ვსვამ მხოლოდ ვარჯიშის დროს. 

– რომელია თქვენი საყვარელი ინგრედიენტი? 

-ვფიქრობ, ნიგოზი და ლიმონი აკეთილშობილებენ როგორც ნამცხვარს, ასევე კერძს. არ მიყვარს ქოქოსი. ქოქოსის სუნი მომწონს, მხოლოდ კოსმეტიკასა და პარფიუმერიაში. 

– თუ არის რაიმე კერძი, რომელსაც არ დააგემოვნებთ? 

-მახსოვს შვლის ხორცით მომზადებული კერძი შემომთავაზეს და ვერ გავსინჯე. 

– სახლში საკუთარი თავისთვის თუ ამზადებთ? 

-ძალიან მარტივად… სიმართლე გითხრათ, მეზარება საკუთარი თავისთვის კერძების მომზადება. 

– რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო? 

-მიჭირს რომელიმე ერთის დასახელება. განწყობაზეა დამოკიდებული, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს ზღვის პროდუქტები. გამოვარჩევ ჩინურ სამზარეულოს, ამ კერძებში თითქოს ყველა გემო ერთიანდება, მიყვარს ფრანგული დესერტები, ასევე ქართული სამზარეულო. 

– რომელი კერძი ასოცირდება თქვენს ბავშვობასთან? 

-ძალიან მიყვარდა შემწვარი წიწილა, რომელსაც კეცზე მიწვავდნენ. ის, თუ რომელი ნაწილის შემდეგ რომელს შევჭამდი, ჩემთვის „რიტუალი“ იყო. 

– მოგვიყევით კომპანია „ართთაიმის“ შესახებ… 

-„ართთაიმი“ ის კომპანიაა, რომელმაც პირველმა შემოიყვანა საქართველოში შვეიცარული საათების ბრენდები. ჩვენთან წარმოდგენილია 20 ბრენდი და ფასი 130 ლარიდან იწყება. დღეს კომპანია წარმოდგენილია შვიდი მაღაზიით. ექვსი მათგანი თბილისში მდებარეობს, ერთი კი ‒ ბათუმში. სამომავლოდ, რუსთაველის გამზირზე, ახალ სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ განთავსდება „ართთაიმის“ კიდევ ერთი მაღაზია. ასევე, ვგეგმავთ მაღაზიების გახსნას ქუთაისსა და ზუგდიდში. 

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, დავიწყეთ „ართთაიმის“ კაფეების ქსელის გახსნა. პირველი, სატესტო კაფე უკვე ელოდება სტუმრებს სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ „ართთაიმის“ მაღაზიის გვერდით. 

– რისი დაგემოვნება არის შესაძლებელი „ართთაიმის“ კაფეში? 

-გვაქვს ძალიან გემრიელი ნამცხვრები, ხილის სალათა, ასევე ბურგერები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქათმის როლი. მენიუს, უახლოეს მომავალში, დაემატება ახალი კერძები. 

– როგორი უნდა იყოს იდეალური ბიზნეს ლანჩი? 

-ვფიქრობ, იდეალური ბიზნეს ლანჩი უნდა იყოს მუბუქი, თუმცა ნოყიერი. რადგან დროის ამ მონაკვეთში, სამუშაო დღე ჯერ არ არის დასრულებული. შევარჩევდი სალათას ზღვის პროდუქტებით ან ქათმის მკერდით, ბევრი მწვანილითა და სხვა მწვანე ბოსტნეულით. ასევე საფირმო ლიმონათი, ან წყალი ლიმონით. 

ქათმის როლი

ინგრედიენტები: 

ქათმის ფილე -400-450 გრ. 

სიმინდი -1 ქილა (350 გრ.) 

წითელი ბულგარული -1 ც. (საშუალო ზომის) 

მჟავე კიტრი -5 ც. (საშუალო ზომის) 

კამა -2 კონა 

კვერცხი -3 ც. 

მაიონეზი -250-300 გრ. 

ლავაში -4 ც. 

წითელი/შავი პილპილი, 

მარილი ‒ გემოვნებით 

მომზადების წესი: 

აიღეთ ლავაშის ერთი ფენა, თხლად წაუსვით მაიონეზი, ზემოდან მოათავსეთ დანაწევრებული მოხარშული ქათმის ფილე და მოაყარეთ გემოვნებით წითელი პილპილი და მარილი. ზემოდან მოათავსეთ ლავაშის მეორე ფენა, მაიონეზი, სიმინდი და დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ლავაშის მესამე ფენას, მაიონეზის წასმის შემდეგ, მოაყარეთ დაჭრილი მჟავე კიტრი და კამა, ხოლო ლავაშის ბოლო ფენაზე მოათავსეთ მაიონეზი, მოხარშული კვერცხი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ბოლოს უნდა გადაახვიოთ, რომ მისცეთ რულეტის ფორმა. 

სასურველია კერძი გააჩეროთ 2 საათის განმავლობაში გრილ ადგილას და დაჭრათ ნაჭრებად. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com