Business Lunch

გიორგი ბურჭულაძე -კომპანია ‚‚ლივინგსტონის” მმართველი პარტნიორი

მომიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ… 

კომპანია „ლივინგსტონის” საქმიანობა დანაკლისის შევსებას ჰგავს, ვქმნით იმას რის დანაკლისსაც ვხედავთ ჩვენს მიმართულებაში. ძირითადად, ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო/სარეკლამო ინდუსტრიების თანაკვეთაზე ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას ახალი ტენდენციები მოჰყვა, ის ინდუსტრია, რომელშიც ვსაქმიანობთ თავისთავად ყალიბდება. გარდა ლივინგსტონისა, გვაქვს სტარტაპი „ნებულა“ განათლების მიმართულებით, რომელიც საგანმანათლებლო რესურსების ელექტრონიზაციასა და მათ ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს. ასევე „ჯეოლაბი“, რომელიც არის აკადემია და ლაბორატორია ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის. ვასწავლით, მობილური აპლიკაციების შექმნას, შემდეგ ვაძლევთ სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. „ლივინგსტონი“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს დაახლოებით 115 ადამიანია ჩვენთან დასაქმებული. კიდევ ვიზრდებით და ბევრ მიმართულებას ვაერთიანებთ. მაგალითად, კრეატიული სააგენტო, რომლის საქმიანობის შედეგად კანის კინოფესტივალზე „ლომები“ და სხვა საერთაშორისო ფესტივალების ჯილდოები მოვიგეთ. ასევე, ვართ კომპანიების Google და Facebook პარტნიორები სარეკლამო-ანალიტიკური მიმართულებით. კიდევ ახალი მიმართულება გვაქვს “Artificial Intelligence”, რაც დიდ მონაცემთა ანალიზზე მუშაობას გულისხმობს. ჩვენ კონკურენციასა და აზარტს ყოველთვის გლობალური მასშტაბით ვუყურებთ და კრეატიული, დეველოპერული მიმართულებით ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას. 

რამდენად ინტერესდებით კულინარიით? 

ბოლო რამდენიმე წელია, რაც დავინტერესდი. ადრე ნაკლებად ვფიქრობდი ამ საკითხზე. კვების ინდუსტრიასთან შეხებამ, მოგზაურობამ იმატა ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ამანაც იქონია გარკვეული გავლენა. 

თავად თუ ამზადებთ კერძებს? 

ხშირად არა, მაგრამ ექსპერიმენტები მიყვარს, თუ მეგობრებს ვეპატიჟები, ვცდილობ ერთი კერძი თავად მოვამზადო. ვიღებ მარტივ კომბინაციებს და ვცდილობ ჩემი ფანტაზიით მოვამზადო. დამგემოვნებლებს ძირითადად მოსწონთ… 

რომელია თქვენი საყვარელი კერძი? 

ბევრია, მიჭირს ერთი დავასახელო, ხშირად ერთი და იგივე სახელწოდების კერძებიც განსხვავებულად მზადდება სხვადასხვა კვების ობიექტში. საყვარელ კერძად პასტა კარბონარას დავასახელებ. 

რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო? 

იტალიური სამზარეულო, პიცა, პასტა. ასევე მომწონს ბერძნული სამზარეულო.

რამდენად ჯანსაღად იკვებებით? 

ბოლო დროს ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, თუმცა არც არაჯანსაღ კვებას შევუწუხებივარ ოდესმე. თავად დავიწყე იმის შეგრძენება, თუ რომელი საკვებია ჩემთვის ჯანსაღი. ბოლო დროს ღორის ხორცის მიღება მინიმუმამდე შევამცირე, ვგრძნობ რომ არ მიხდება. ვცდილობ ბოსტნეულის, ხორცის, ხილის დღიური ნორმა მივიღო. 

ჩაი თუ ყავა? 

ყავა. 

ბიზნეს ლანჩებზე ხშირად გიწევთ სიარული? როგორი უნდა იყოს იდეალური ბიზნეს ლანჩი? 

ბიზნეს ლანჩები ხშირად მაქვს და ძირითადად ერთმანეთს გავს. ჩემი და ჩემი პარტნიორების დამოკიდებულება ბიზნეს კულტურის მიმართ ძალიან განსხვავდება ტრადიციულისა და კლასიკურისგან. ახალ კულტურას ვქმნით, არასდროს ვაპირებ პიჯაკის ჩაცმას, სადაც არ შემიშვებენ პიჯაკის გარეშე, იქ არ შევალ. 

ლანჩისთვის თბილისში მომწონს სტრადა. რაც შეეხება კერძებს, თუ დაგეგმილი ბიზნეს ლანჩისთვის კერძები თავად უნდა ავირჩიო, ალბათ ბევრი სახეობის დაჭრილი ბოსტნეულით დავიწყებდი. მთავარ კერძად კი, ‒ პასტას ავირჩევდი. 

მოგზაურობისას თუ ინტერესდებით ადგილობრივი კულინარიის გაცნობით? 

ყოველთვის ვინტერესდები, ძირითადად ევროპასა და ამერიკაში მიწევს მოგზაურობა. ადგილობრივი სამზარეულო ხშირ შემთხვევაში მწირია, როდესაც კითხულობ ადგილობრივ კერძს 3-5 კერძს თუ შემოგთავაზებენ, იტალია-საფრანგეთზე თუ არ ვისაუბრებთ. მაგალითად ქართული სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია და უნიკალური კერძები გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით ყველა არის ველური, არაფერს არ აქვს ფორმა, როგორიც აქვს იტალიურ ან ფრანგულ სამზარეულოს. ალბათ ის სამზარეულოები მეტად განვითარდა, სადაც სამეფო კარზე შეფები იყვნენ და ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ჩვენთან არ ვიცი ეს როგორ ხდებოდა. ჩვენ თუ კარგად შევფუთავთ, დისტრიბუციის სწორ ფორმას ავურჩევთ ჩვენს სამზარეულოს, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ძალიან თავისებური და ეგზოტიკურია. 

კარბონარა ფეტუჩინი 

რაჭული ლორით და სვანური მარილით 

მოზრდილ ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ცოტა მარილი (1 ს.კ. / 3 ლიტრზე) და ზეითუნის ზეთი (10 გრ. / 3 ლიტრზე). მდუღარე წყალში ჩაყარეთ 400 გრ. ფეტუჩინი და ხარშეთ ერთ წუთზე ნაკლებ ხანს, ვიდრე ფეტუჩინის შეფუთვაზე არის მითითებული. თხლად დაჭერით 150 გრ. რაჭული ლორის (სასურველია ბურვაკის) შედარებით ნაკლებად ცხიმიანი ნაწილი. შეწვით ტაფაზე დაბალ ცეცხლზე, სანამ მოყავისფრო ელფერი არ მიეცემა. პარალელურად, ათქვიფეთ 3 ც. კვერცხი, შეურიეთ 100 გრ. გახეხილი პარმეზანი, 50 გრ. ნაღები და დააყარეთ სვანური მარილი. ფეტუჩინის მოხარშვის შემდეგ, წყალი გადაწურეთ, ქვაბში დარჩენილ ცხელ მასას კი დააყარეთ შემწვარი ლორი, მოასხით კვერცხის სოუსი და ამოურიეთ, თან დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წამის განმავლობაში. კერძი მზად არის…

გადმოიღეთ ჯამებზე (თეფშების ნაცვლად) და გემრიელად მიირთვით.

ფოტო : ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com