Business Lunch

10_Issue_CulinArt78

ნინუცა ჩეჩელაშვილი
(Hotels & Preference Hualing Tbilisi-ს მარკეტინგული კომუნიკაციის მენეჯერი)

სასტუმრო-ინდუსტრიაში საქმიანობს უკვე ორ წელიწადზე მეტია, თუმცა Hotels & Preference Hualing Tbilisi, მისთვის პირველი პროფესიული საქმიანობაა საერთაშორისო ბრენდთან. ამ სფეროში მუშაობა ძალიან საინტერესოდ მიაჩნია, რადგან განსხვავებულ ადამიანებთან უწევს ურთიერთობა, სამუშაო რიტმი მუდმივად აქტიური და დატვირთულია.
ახალი წლისთვის Hotels & Preference Hualing Tbilisi განსაკუთრებით ემზადება. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ახალი წლის, 31 დეკემბრის ღამის სტუმრებისთვის გაიმართება სპეციალური გალა-ვახშამი. უკვე უამრავი ჯავშანია, – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან და სხვა ქვეყნებიდან. გალა-ვახშამთან ერთად ჩატარდება კონცერტი.
ძალიან საინტერესო საახალწლო პროგრამა ელოდება სტუმრებს, რომლის დეტალების შესახებ, მარკეტინგული კომუნიკაციის მენეჯერი, ჯერ არ საუბრობს. ნინუცასთვის ახალი წლის ღამე ფანჯარასთან ყოფნასთან და მოლოდინთან ასოცირდება, თუ როდის გამოჩნდებიან თოვლის ბაბუა და მარხილ შებმული ირმები. ეს ღამე
მისთვის ჯადოსნურია და პატარა ბავშვივით უხარია. საახალწლო ნაძვის ხის თითოეული სათამაშოს შერჩევა და ფერების შეხამება კი, მისთვის უდიდესი სიამოვნებაა.
საახალწლოდ, ყოველთვის ყიდულობს საჩუქრებს ოჯახის წევრებისთვის, იძენს ახალ სათამაშოებს, განსაკუთრებით მოსწონს წითელი და ოქროსფერი ფერის, თვლის, რომ ყოველ წელს მინიმუმ ერთი სათამაშო მაინც უნდა შემატოს ნაძვის ხეს. თოვლის ბაბუას საახალწლოდ მსოფლიო სიმშვიდეს სთხოვს, კიდევ აქვს სურვილები, თუმცა ეს უკვე საიდუმლოა… 12 საათს ყოველთვის სახლში ხვდება, შემდეგ მისი და მეუღლის მშობლებთან მიდის სტუმრად, ერთად იკრიბებიან ნათესავები, ეს მისთვის ძალიან ოჯახური დღესასწაულია და სხვაგან ყოფნა არ უყვარს.
ახალ წელს მისი მშობლების სახლში ძალიან ტრადიციულად ხვდებიან; აუცილებლად მზადდება საცივი. ეს ტრადიცია მან ახალ სახლში გადმოიტანა, თუმცა განახლებული რეცეპტით, საცივს ახლა ნინუცა ქათმით ამზადებს და სურს ეს ტრადიციად აქციოს.
ჟურნალ “კულინArt”-ის რედაქციას და მის მკითხველს წინსვლას, წარმატებას და ბევრ სიხარულს უსურვებს..!

10_Issue_CulinArt79

საცივი ქათმით

10_Issue_CulinArt80

ინგრედიენტები:
• უძვლო ქათამი – 1ც.
• ნიგოზი – 500გრ.
• ხახვი – 100გრ.
• სუნელები – (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა, მიხაკი და დარიჩინი) თითოეული 5გრ.
• მარილი – 10 გრ.
• პომიდორი „ჩერი” – 2ც.
• ნიორი – 3 კბ.
• ნიგვზის ზეთი

მომზადების წესი:
ქათმის ნახარში გააციეთ და ცხიმი მოხადეთ. ამ ცხიმში მოთუშეთ ხახვი სანამ ოქროსფერი არ გახდება. ხახვი კარგად უნდა მოითუშოს და არ დაიწვეს. ბლენდერში მოათავსეთ ნიგოზი, ნიორი, სანელებლები (გემოვნებით). დაუმატეთ მოთუშული ხახვი, ბულიონის გაციებული წვენი და მარილი, – კარგად დააბლენდერეთ. მიღებული მასა ორჯერ გაწურეთ საცერში. დადგით დაბალ ცეცხლზე და მოურიეთ ხის კოვზით სანამ კარგად არ ადუღდება. ადუღებული საცივი მაშინვე გადაიტანეთ თიხის ან ემალის ჭურჭელში, რომ ფერი არ იცვალოს, შეგიძლიათ დაუმატოთ თეთრი ძმარი (სურვილის შემთხვევაში). თუ საკმარისი ნიგოზი გაქვთ, მხოლოდ ნიგოზი გამოიყენეთ. სხვა შემთხვევაში, ბლენდერში დაუმატეთ წვრილ საცერზე გაცრილი ერთი მუჭა მჭადის და ერთი მუჭა პურის ფქვილი.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com