Business Lunch

k7

ნინო ეგაძე – თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი

ნინო, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორია. წლებია ამ სფეროშია. სკოლის დამთავრებისას არჩეული გრაფიკული დიზაინერობა დიდი ხანია მიივიწყა, თუმცა პროფესიული „თვალი“ და ოსტატობა მარტივ დეტალებშიც საგრძნობია. ბარის ზედაპირი, ასიმეტრიული ფორმის ჭურჭელი, გამზადებული საჭმლის თეფშზე განსხვავებულად, მხატვრულად განაწილების ჩვევა… უყურებ და ყველაფერი მოგწონს! მოგწონს ჭრელი, ჰაეროვანი კაბა, გრძელი თმა და უფარდო სამზარეულოში ჯდომა, რომლის ფანჯრებს მიღმა ტყიური შემოდგომა დგას.

საუბრის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე ყოველთვის ბევრი ლაპარაკი უწევს, რაც საქმისა და ლანჩის წარმატებით შეთავსებაში ხელს უშლის. აი, მზადების პროცესს კი ლაპარაკი, როგორც ჩანს, ბევრს ვერაფერს აკლებს. მესაუბრება ოჯახის კულინარიულ ტრადიციებზე, მოგზაურობისას მიღებულ გასტრონომიულ შთაბეჭდილებებზე, კვების კულტურაზე თუ საყვარელ კერძებზე. მესაუბრება შთამბეჭდავად, გულღიად და ამომწურავად.

თხრობის პარალელურად, სამზარეულოში ერთმანეთის მიყოლებით მზადდება ნინო ეგაძის გამორჩეულად საყვარელი იტალიური კერძები. და ისეთი სურნელი დგას, ლამის წამებს ვითვლი, რომ დიქტოფონი გამოვრთო და ჟურნალისტიდან დეგუსტატორად ვიქცე.

k5

– ნინო, სამზარეულოში საკმაოდ გამოცდილის შთაბეჭდილებას ტოვებთ, რამდენად ხშირად ხართ ამ ამპლუაში?

– ძალიან ადრე დავიწყე მუშაობა და ადრევე გავაჩინე ბავშვები. ყოველთვის დატვირთული ვიყავი, თუმცა ეს შვილების კვებაზე ზრუნვის ვალდებულებისგან ვერანაირად ვერ გამათავისუფლებდა. ძირითადად, დღის ბოლოს, ძალიან გვიან მიწევდა მზადება. ამიტომ იმ პერიოდიდან ღამით წვნიანის ხარშვა, ცოტა არ იყოს, მწარედ მახსოვს. არავინ თქვას, რომ უჭმელადაც შეიძლება ოჯახის გატანა. ამის გარეშე არაფრით გამოდის. რაღაც მომენტში, როცა მივხვდი, რომ ძილისთვის დრო, ფაქტობრივად, აღარ მრჩებოდა და ბავშვებიც წამოიზარდნენ, რესტორნულ კვებაზე გადავედით. შესაბამისად, ჩემი შვილებიც ადრეული ასაკიდან შეეჩვივნენ ეგზოტიკურ საჭმელს, მაგალითად, ჩინურ, იაპონურ სამზარეულოს. თუმცა ვერ ვიტყვი,რომ ჭამის დიდი მოყვარულები არიან. ბავშვების უმრავლესობის მსგავსად, მათაც შემწვარი კარტოფილი, პასტა და „ჯანქ ფუდი“ უყვართ. ამასთან შეწინააღმდეგება კი ძალიან რთულდება, როცა დედა ჩემსავით დაკავებულია და დღეში სამი-ოთხი კერძის მოსამზადებელი დრო, უბრალოდ, არ არსებობს! ისე, ჩემი ყველა კერძი მოსწონთ და ოღონდ სამზარეულოსთვის მოვიცალო, აბსოლუტურად ყველაფერზე თანახმა არიან.

ამ ეტაპზე მრავალფეროვან კერძებს, ძირითადად, მაშინ ვამზადებ, როცა სტუმრებს ველოდებით. მათთვის იმას ვარჩევ, რაც თვითონ მიყვარს, ვიცი და, შესაბამისად, კარგად გამომდის. ვცდილობ სტუმრები ამ მხრივაც მაქსიმალურად ვასიამოვნო.

ორიგინალური, ალბათ, არ ვიქნები, მაგრამ რუტინული საჭმლის მომზადება არ მიყვარს, თუმცა როცა ოჯახი გაქვს, შვილები გყავს, იქ მხოლოდ განსაკუთრებულ კერძებს ვერ მოამზადებ, წვნიანის მოხარშვაც გიწევს, ქათმის შეწვაც და სხვა დანარჩენიც. ძალიან ვეწინააღმდეგები იმ სტერეოტიპს, რომ საქმიანი ქალი საჭმელს არ უნდა აკეთებდეს. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, შენ, ალბათ, არაფერს ამზადებო. არადა, პირიქით მგონია: იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურში ასე დატვირთულია, სამზარეულო სიამოვნება და განტვირთვაც კია.

– ჩვენი რუბრიკისთვის კერძები რა პრინციპით აარჩიეთ?

– სხვათა შორის, ძალიან ვღელავდი და დილემის წინაშე ვიყავი, რა კერძებით უნდა მემასპინძლა თქვენთვის. მერე მივხვდი, რომ ამ შემთხვევაშიც ის უნდა მომემზადებინა, რაც კარგად ვიცი და მიყვარს; რასაც მეგობრებისთვის ვამზადებ. იტალიურ სამზარეულოზე შევაჩერე არჩევანი.

– კულინარიული ექსპერიმენტების მოყვარული ხართ?

– აბსოლუტურად გახსნილი ვარ ყველანაირი სიახლის მიმართ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ყოველთვის ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. წელიწადში ასჯერ და მეტჯერ მიწევდა უცხოეთში წასვლა. ეს საქმიანი მივლინებები კი გასტრონომიულ თავგადასავლებსაც ითავსებდა. ყველგან, სადაც ჩავდიოდით ხოლმე, ადგილობრივი მასპინძელი გვყავდა, რაც საშუალებას გვაძლევდა მათი სამზარეულოს ყველაზე ორგანული და საინტერესო საჭმლისთვის გაგვესინჯა გემო. ახალი კერძების დაგემოვნებასაც თავისი ეტაპები აქვს: თავიდან ცდილობ ყველაფერი გასინჯო, რასაც შემოგთავაზებენ, შემდეგ კი უკვე იმას ეძებ, რაც აირჩიე და შეგიყვარდა.

საერთოდ, ჭამა ძალიან მიყვარს და მადლიერი ვარ ცხოვრების, რომ ყველა შანსი მომცა ჩემი გურმანული ინტერესი სამზარეულოს მიმართ მაქსიმალურად დამეკმაყოფილებინა.

ახალი გემოს ძიება მიყვარს, ყოველთვის დიდი ინტერესი მაქვს რაღაც განსხვავებულის დაგემოვნების. როცა უცხოეთში ვარ, ფეხით სეირნობისას ვცდილობ თვითონ მოვძებნო სასურველი რესტორნები. ჩემი კრიტერიუმები მაქვს საამისოდ. ისეთ წერტილებს ვეძებ, სადაც ნაკლები ტურისტია, მეტი ‒ ადგილობრივი. კიდევ რაღაც ნიუანსებს ვაკვირდები და ხშირად ამის მიხედვით ვაგნებ სასურველ სივრცეს.

– რისი მზადება გიყვართ?

– ვერ ვიტყვი, რომ რაღაც კონკრეტული კერძი ღვთაებრივად კარგად გამომდის, თუმცა ოჯახის წევრებსაც და მეგობრებსაც მოსწონთ ჩემი მომზადებული საჭმელები. საერთოდ, ჩემთვის ესაა მთავარი: მოსწონდეს იმას, ვისაც ვუმზადებ. სიამოვნებას რომ ვანიჭებ, მეც მიხარია და თან კომუნიკაციის ერთგვარ ფორმად აღვიქვამ. ყოფილა შემთხვევები, რომ ძალიან გვიან, კლუბის შემდეგ მოსულან ჩემი მეგობრები. ამ დროს რაც გაუხარდებათ ხოლმე, იმას ვუმზადებ, არ მეზარება.

ერთხელ განსაკუთრებულად გავიგიჟე თავი. ძალიან მძიმე სამუშაო დღის შემდეგ გადავწყვიტე მეგობრებს ბლინებით გავმასპინძლებოდი. დაახლოებით 200 ცალი დავაცხვე და სხვადასხვანაირი ფორმით მივართვი. დიდად ისიამოვნეს და მეც კმაყოფილი ვიყავი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ხანგრძლივად მყოფნის ნებისყოფა ასეთი საქმეებისთვის. განწყობა უნდა. ზოგადად, კულინარია დიდი შრომაა და, ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელია.

200 ბლინის ამბის მიუხედავად, ცხობა დიდად არ მიყვარს, თუმცა ვიცი. ჩემი რუსი ბებიებისგან ვისწავლე. საუზმეზე ყოველ დილით იდო მათი საკონდიტრო შედევრები: სხვადასხვანაირი ბლინი, ოლადები. ცხობის პროცესში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. დედა, ბებიები, დიდი ბებია, ყველა კარგად ამზადებდა, ყველას ჰქონდა თავისი საფირმო კერძი და მათ რომ ვუყურებდი, ვსწავლობდი. ძალიან პატარაობიდან ვცდილობდი რაღაცების გაკეთებას, სახლში მარტოებს რომ გვტოვებდნენ, კულინარიული ექსპერიმენტებისთვის მშვენიერი შანსი მქონდა.

– ლანჩს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

– როგორც დაკავებული ადამიანების უმრავლესობას, მეც ყოველდღიურად მიწევს გარეთ ჭამა. ხშირად ესაა პასტა, ხორცი და რაიმე ბოსტნეული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ 12-13 შეხვედრაა დღის განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობ ჭამას ხელი არაფერმა შეუშალოს. ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს მნიშვნელოვან პროცესად მივიჩნევ კვებას.

რაც შეეხება ბიზნეს-ლანჩს, მაინცდამაინც საჩემო არაა. მიზეზი ისაა, რომ საქმის დროს ვერ ვჭამ, რადგან ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, ჯობია 5-10 წუთი დაუთმო ცალკე ჭამას და საქმის პარალელურად არ დაკავდე ამ პროცესით.

– იდეალური სამზარელო როგორია თქვენთვის?

-ასეთი, ჩემი აზრით, ის სამზარეულოა, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომად დევს. ვინც მართლა ამზადებს, მან იცის, რომ შენახული ნივთები, ჭურჭელი, ხელსაწყოები მოუხერხებელია, თუმცა, მეორე მხრივ, გინდა, რომ სივრცე მაქსიმალურად დალაგებული და ლამაზი იყოს. მე, ზოგადად, გართულება მაქვს, რომ ზედმიწევნით მოწესრიგებული იყოს ყველაფერი. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხშირი მზადება დისკომფორტს მიქმნის: ყველაფერი ირევა და ყოველ წუთს მიწევს აქაურობის მოწესრიგება.

რაც შეეხება სამზარეულოს ნივთებს, ჭურჭელს, სხვა საჭირო ატრიბუტებს, ყველაზე მეტად, ალბათ, ეგ ნაწილი მიყვარს. მუდმივად ვაახლებ, მგონი, უსასრულო სახე აქვს ამ ყველაფერს. ასეთი დეტალებით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

– საკვების სიჯანსაღეს რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ?

-მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 წელია ღამით მხოლოდ 5-6 საათს მძინავს, ენერგიას, ალბათ, იმით ვინარჩუნებ, რომ ჯანსაღად ვიკვებები. რაც არ მიყვარს, არ მომწონს, უხარისოა ან მავნეა, არაფერს ვეკარები. ძალიან ბევრ რძის პროდუქტს ვიღებ. ჩემი დილაც არა ყავით, არამედ ერთი ჭიქა რძით იწყება.

– ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ?

-იტალიასა და საფრანგეთს შორის მერყეობს ამ თვალსაზრისით ჩემი არჩევანი. დღეისთვისაც ლანჩის იდეად ამ ორ ალტერნატივას განვიხილავდი. იტალიურ სამზარეულოში თავისუფლება და ინდვიდუალიზმის მაღალი ხარისხი მომწონს. ფრანგული სამზარეულო უფრო რაფინირებულია, ისეთ ნიაუანსებს ითვალისწინებს, რომლებიც ზედმიწევნით უნდა დაიცვა და, ამდენად, იმპროვიზაციის საშუალებას უფრო გიზღუდავს.

იტალიაში ყველაზე მეტად რაც მომწონს ისაა, რომ ძირითადი კერძის მოტანამდე აუცილებლად რაღაცას გაჭმევენ. ეს შეიძლება იყოს ორცხობილა, ზეთისხილი, ყველი… მომწონს, როცა სტუმარს თუნდაც მსუბუქად დააპურებ და მერე მიართმევ სრულფასოვან კერძებს. მომწონს იტალიელების ესთეტიკა ამ თვალსაზრისით ‒ რა ფორმით მოაქვთ საჭმელი, ოდნავ დაუდევრად განლაგებული, მაგრამ ყოველთვის ძალიან გემრიელი!

k6

კაპრეზე მოცარელათი

k3

კონცეფცია: ესაა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მსუბუქი სალათი, რომელიც ნოყიერი სადილის იდეალურად დაბალანსებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:
• 3 პომიდორი
• 1 ს/კ პესტოს სოუსი
• 100 გრ. მოცარელა
• 1 ჩ/კ ტრუფელის ზეთი
• 1ს/კ ბალზამიკო
• ორეგანო – გემოვნებით
• ბაზილიკი – გემოვნებით
• მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი: თეფშის ძირზე ვუსვამთ პესტოს სოუსს. პომიდორს ვჭრით თხელ, მრგვალ ნაჭრებად, ზემოდან ვალაგებთ მოცარელას სქელ ნაჭრებს. ვასხამთ ცოტაოდენ ტრუფელის ზეთს, ბალზამიკოს სოუსს, შესაძლოა რომელიმე, მაგალითად, მარწყვის არომატით. ზემოდან სასურველი რაოდენობით ვაყრით მარილს, ორეგანოსა და ბაზილიკს.

სპაგეტი ბოლონეზე

k2

კონცეფცია: პასტა ყველანაირი ფორმით მიყვარს, თუმცა ბოლონეზე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. ოდნავი იმპროვიზაცია მისი მომზადებისასაც დასაშვებია. საერთოდ, მე ზუსტი რეცეპტებით არასდროს ვხელმძღვანელობ, რისი გემოც ვიცი და მომწონს, იმის მიხედვით ვამზადებ.

ინგრედიენტები:
• 1 – იტალიური სპაგეტი
• 200 გრ. საქ. ხორცი
• 1 თავი ხახვი
• 1-2 პომიდორი
• 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
• 1 ს/კ ნაღები
• 1 ს/კ ლიმონის წვენი
• 100 გრ. პარმეზანი

მომზადების წესი: ვხარშავთ 1 შეკვრა იტალიურ სპაგეტის. ცალკე ქვაბში ზეითუნის ზეთში ვთუშავთ 1 თავ ხახვს, ვამატებთ ჯერ 200 გრ. გატარებულ საქონლის ხორცს, რამდენიმე წუთში კი ‒ წვრილად დაჭრილ ან გახეხილ 1-2 პომიდორს. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია ცოტაოდენი ნაღებისა და ლიმნის წვენის გამოყენებაც. როცა გამზადდება, პასტას ზემოდან მოვასხამთ და გახეხილ პარმეზამს მოვაყრით.

იტალიური სტარტერი

k1

კონცეფცია: კულინArt-ის სტუმრობისთვის იტალიური კვების პრინციპს მეც ბოლომდე მივყევი და ძირითად კერძამდე ტიპური იტალიური სტარტერი მოგიმზადეთ. უმარტივესია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დასაწყისს აძლევს კვების პროცესს!

ინგრედიენტები:
• 250 გრ. მწვანე ზეთისხილი
• 250 გრ. წითელი ზეთისხილი
• 1 ს/კ ტრუფელის ზეთი
• 2-3 ორცხობილა

მომზადების წესი: სხვადასხვა სახის ზეთისხილს ცოტაოდენ ტრუფელის ზეთს ვასხამთ და ზემოდან 2-3 ორცხობილას ვაფშხვნით.

ფოტო: იკა პირველი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com