თამარ სორდია 28 წლის
განათლება: სოხუმის სახელმწიფო ინსტიტუტი, ფილოლოგი, უცხო ენების სპეციალისტი (ინგლისური, ფრანგული, რუსული). ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) მარკეტინგი, პიარი. NIMA -ს სადიპლომო პროგრამა და Pღ სკოლა. ბიზნესის მართვას და მარკეტინგის სწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, რადგან თვლის, რომ საკუთარი ბიზნესის სწორად აწყობისა და განვითარებისთვის ეს ცოდნა გამოადგება. საქართველოს კულინარიის აკადემიაში კონდიტერ-ოსტატის კურსზე სწავლობდა, ახლა სწავლას კონდიტერ-შეფის დონეზე აგრძელებს. მომავალში სწავლის გაგრძელებას მზარეულისა და სომალიეს კურსებზე გეგმავს. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ცდილობს საზღვარგარეთ გაემგზავროს და საკონდიტრო სფეროში სიახლეები შეიტყოს, ხშირად წამყვანი პროფესიონალების მასტერკლასებს ესწრება.
კულინარია: კულინარიამ სტუდენტობის დროს გაიტაცა. მოსკოვში გაიზარდა, სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. თბილისში მარტო ცხოვრობდა და კერძების მომზადება თავად დაიწყო; მიხვდა, რომ ძალიან მოსწონდა და თან კარგადაც გამოსდიოდა. ქართული სამზარეულოც უფრო ახლოს გაიცნო. ამბობს, რომ ოცნებობდა ისეთ სასწავლებელში ესწავლა, სადაც ყველა კულინარიით გატაცებული ერთად იქნებოდნენ. კულინარიის აკადემიის გახსნით ოცნება აუხდა, რისთვისაც ბატონ კახა ბენდუქიძეს და მის გუნდს მადლობას უხდის.
გეგმები: მომავალში სურს, პატარა, მყუდრო რესტორანი გახსნას, სადაც აკადემიის საუკეთესო სტუდენტებს მოუყრის თავს. მისი აზრით, სწორი მენეჯმენტი, მაღალი ხარისხის სერვისი, სუფთა სამზარეულო და გემრიელი კერძები – რესტორნის მთავარი კრიტერიუმებია. მისი მიმართულება ჯანსაღი კვებაა. ის, რაც არ გავნებს და, ამავე დროს, სიამოვნებას განიჭებს. ამბობს, რომ გურმანია. უჭირს რომელიმე ქვეყნის სამზარეულოს გამორჩევა, ფიქრობს, რომ ყველგან შეიძლება იპოვო, რაღაც საინტერესო.
ნიუ იორკული ვანილის ჩიზქეიქი მოცვით
10 პერსონაზე/ მომზადების დრო 1 საათი და 10 წთ + გაციების დრო
ინგრედიენტები ბრეტონული ფხვიერი ცომისათვის:
* 2 ც. კვერცხის გული
* 100 გრ. შაქარი
* 150 გრ. კარაქი
* 150 გრ. ფქვილი
* 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
* 2 მწიკვი მარილი
* დარიჩინი – გემოვნებით
ჩიზქეიქის მასისთვის:
* 115 გრ. შაქარი
* 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი (ან ფქვილი)
* 900 გრ. კრემ-ყველი „ფილადელფია“ – ოთახის ტემპერატურის (ან სხვა კრემ-ყველი)
* 2 ც. დიდი კვერცხი
* 115 მლ ცხიმიანი ნაღები
* 1 ვანილის ჩხირის მარცვლები ან 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსრტაქტი
* 1 ც. ლიმონის ცედრა
მოცვის სოუსი:
* 400 გრ. მოცვი
* 3 ს.კ. შაქარი
მომზადების წესი:
კვერცხის გული და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ რბილი კარაქი, შემდეგ მშრალი ინგრედიენტები. უცებ მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ მაცივარში 2 საათით. ღუმელი გავაცხელოთ 180 С-მდე. მოვამზადოთ ნამცხვრის ფორმა, წავუსვათ კარაქი. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და გავაბრტყელოთ. გადავიტანოთ ფორმაში და ვაცხოთ 10 წთ. შემდეგ გავაციოთ ჩიზქეიქის ძირი.
ჩიზქეიქის მასა:
დავაყენოთ ღუმელი 200 С-ზე. შაქარი და სახამებელი გადავურიოთ ერთმანეთში და დავუმატოთ კრემ-ყველი, მიქსერით მივიყვანოთ კრემისებურ კონსისტენციამდე. დავამატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ, ბოლოს ვუმატებთ ნაღებს, ლიმონის ცედრას, ვანილის მარცვლებს ან ექსტრაქტს და კარგად ვურევთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ეს კრემისებური მასა დავასხათ ზემოდან მომზადებულ ჩიზქეიქის ძირს და შევდგათ ღუმელში. ვაცხოთ დაახლოებით 40-45 წთ. სანამ ჩიზქეიქის ზედაპირი ოდნავ ოქროსფერი გახდება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ჩიზქეიქის ზედაპირის ძალიან გამუქება, შეგიძლიათ დააფაროთ ფოლგა. შემდეგ კარგად გააცივეთ და შედგით მაცივარში 3 საათით ან მთელი ღამით.
მოცვის სოუსი:
ჩაყარეთ მოცვი ჯამში, მოაყარეთ შაქარი, დაასხით ძალიან ცოტა წყალი იმისთვის, რომ შაქარი დასველდეს. დადგით საშუალო ცეცხლზე და ნაზად ურიეთ 10 წთ. გააცივეთ და მოასხით ჩიზქეიქს.