NEWCOMERS

7_issue_culinart75

 გიორგი ჯანყარაშვილი /  21 წლის

განათლება: ბავშვობაში წონის პრობლემა ჰქონდა. თვითონ შეადგინა კვების რაციონი, თვითონვე იმზადებდა კერძებს და ექვს თვეში 55 კგ დაიკლო. ამის მერე დაინტერესდა კულინარიით. მეცხრე კლასში უკვე ზუსტად იცოდა რა პროფესიას აირჩევდა. პროფესიულ კოლეჯ „იკაროში“ მზარეულის ერთი საფეხური დაამთავრა, შემდეგ სწავლა საქართველოს კულინარიის აკადემიაში განაგრძო, სადაც მეორე საფეხურზეა.

კულინარია: ამბობს, რომ გურმანია, მაგრამ ჭამა არ უყვარს. მოსწონს სუნები, გემოები და არომატები. სახლში თავად ამზადებს, მაგრამ უფრო ხშირად მეგობრებისთვის. გამორჩეულად უყვარს იტალიური სამზარეულო, პასტა, პიცა, სოუსები. ფიქრობს, რომ ქართული სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეულია, მაგრამ დახვეწა და შემსუბუქება სჭირდება.

გეგმები: მზარეულის პროფესია კვების ობიექტის გარეშე წარმოუდგენელია. მომავალში თავი დიდი რესტორნის შეფად წარმოუდგენია, სადაც თანამედროვე, ე.წ. მოდერნისტული სამზარეულო იქნება. ამბობს, რომ თუ პროდუქტი არ არის მაქსიმალურად ხარისხიანი, ნომერ პირველი შეფიც კი ვერაფერს გააკეთებს. ადრე პროდუქტის ხარისხს ამხელა ყურადღება არ ენიჭებოდა, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ჯანსაღი და არა გენმოდიფიცირებული იყოს.

შავი შოკოლადის ტორტი ხილით
• შავი შოკოლადის ბისკვიტი:
• კარაქი – 175 გრ.
• შაქარი – 175 გრ.
• თაფლი – 25 გრ.
• დამდნარი შავი შოკოლადი – 25 გრ.
• კვერცხი – 4ც.
• ფქვილი – 150 გრ.
• კაკაო – 25 გრ.
• საცხობი ფხვნილი – 8.75 გრ.
• ნუშის ფხვნილი – 25 გრ.

მომზადების წესი:
ჯამში ავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, თაფლი და შოკოლადი, ფაფუკი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაუმატოთ კვერცხი და კარგად აურიოთ. მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიოთ და ნელ-ნელა დავამატოთ კარაქისა და კვერცხის მასას. მასა ჩავასხათ 20 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ცხიმ წასმულ ფორმაში და 170 გრადუსზე ვაცხოთ 30-35 წუთი. გამოვაცხოთ, გავაგრილოთ ცოტა ხანი ფორმაშივე, შემდეგ გადმოვიღოთ ცხაურზე და მინიმუმ 2 საათი დავტოვოთ გასაგრილებლად. უსწორმასწორო ზედაპირი მოვაჭრათ და ძირის მხრიდან ავაწყოთ.

7_issue_culinart76

შავი შოკოლადის მუსი

ინგრედიენტები:
• ნაღები 35 % – 75 გრ.
• შავი შოკოლადი – 75 გრ.
• ნაღები 35 % – 350 გრ.
• ვანილი – 1 გრ.

მომზადების წესი:
75 გრ. ნაღები ავადუღოთ ვანილთან ერთად, დავასხათ შოკოლადს და ავურიოთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გავაგრილოთ. ავთქვიფოთ დარჩენილი ნაღები 2/3 ით, შევურიოთ გაციებული შოკოლადის მასა და კარგად ავთქვიფოთ ნაღები ბოლომდე. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და 30 წუთი მაცივარში გავაციოთ.

კარამელიზირებული თხილი

ინგრედიენტები:
• მოხალული გარჩეული თხილი – 50 გრ.
• შაქარი – 50 გრ.

მომზადების წესი:
შაქრით კავაკეთოთ მშრალი კარამელი, ჩაუმატოთ თხილი და აურიოთ. გადმოვიტანოთ სილიკონზე და დავაცადოთ გაციება. მასის ნახევარი წვრილად დავჭრათ, ნახევარიც მსუბუქად ხელით დავამტვრიოთ.

ფორთოხლის კონფიტიური

ინგრედიენტები:
• ფორთოხალი – 1ც.
• შაქარი – 150 გრ.
• წყალი – 150 მლ.

მომზადების წესი:
ფორთოხალი დავჭრათ 2 მილიმეტრის სისქეზე და წყლისა და შაქრის სიროფში დაბალ ტემპერატურაზე ვხარშოთ 30 წუთი. ამოვიღოთ სიროფიდან და გავაცივოთ. დაგვჭირდება სულ რამდენიმე ნაჭერი. თითო ნაჭერი დავჭრათ პატარა სამკუთხედებად.

• მარწყვი – 200 გრ.
• ფორთოხალი (სეგმენტებ მოჭრილი) – 1ც.
• შაქრის პუდრა – 10 გრ.
• საჭმელი ყვავილები

ბისკვიტი დავდოთ სასურველ ლანგარზე, დავნამოთ ფორთოხლის ნახარში სიროფით, წავუსვათ ცოტა შოკოლადის მუსი და გადავანაწილოთ, დავაყაროთ დაჭრილი კარამელიზირებული თხილი, დანარჩენი შოკოლადის მუსი დავასვათ ბურთების სახით, დავალაგოთ სხვადასხვა ფორმაზე დაჭრილი მარწყვი და ფორთოხლის სეგმენტები, დავაყაროთ მთელ-მთელი კარამელიზირებული თხილი, დავალაგოთ ფორთოხლის კონფის სამკუთხედი ნაჭრები, დავაყაროთ შაქრის პუდრა და დავალაგოთ ყვავილებიც.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com