სალომე დადუნაშვილის ბლოგი

მზისგან დამწვარი ბალახის შრაშუნი მესმის, მას ჭრიჭინების ხმელი შრიალი უერთდება.მიწიდან ამოსულ მხურვალებას ვგრძნობ, რომელსაც გასრესილი ველური პიტნის და ყურძნის სურნელი მოყვება. უკვე ბუნდოვნად ვხედავ ფიჭვებსა და კვიპაროსებს, უბრალოდ ხეებს კი არა – იდეალურ ხეებს. ერთმანეთისგან იდეალური დაშორებით, ლანდშაფტის იდეალურ წერტილში, იდეალური ზომით რომ ხარობენ. ჩემი ოცნება უკვე რეალურია: ტოსკანაში ვარ, ვენახის ბოლოს, უზარმაზარი კაკლის ხის ჩრდილში, პიკნიკზე, რომელიც შარშანწინ ზაფხულში მოვაწყვეთ. გამომშრალი პომიდვრის, მოცარელას, ზეთისხილის სურნელი და სოფლის თეთრი პურის არომატი. იდეალური საკვები, იდეალური ამინდი, იდეალური დასვენება

მას შემდეგ, რაც პირველად შევისუნქე თბილი, ნოტიო, ფორთოხლის ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი, ზაფხული და ბედნიერების უზრუნველი განცდა ჩემთვის იტალიას დაუკავშირდა სამუდამოდ.
ამიტომ ყოველ იანვარს, მაშინ როცა ჯერ კიდევ ასე შორია ზაფხულამდე, ვიწყებ ოცნებას. ოცნებას ამალფის სანაპიროს სერპანტინის გასწვრივ აყვავებულ ალეანდრებზე, პოზიტანოს გლიცინიით დაბურულ ქუჩებზე, ტოსკანის მთებზე ჩამწკრივებულ კვიპაროსებზე.
უცნაურია, მაგრამ იტალიაზე ოცნება ჩემთვის რატომღაც მუდამ გარკვეულ მცენარეულ საფართანაა დაკავშირებული. მძვინვარე, გარყვნილებამდე მისულ თამამ ფლორასთან, რომელიც ურცხვად ყვავის, აფქრვევს სურნელს და ყველაფერს ეპოტინება. სწორედ ამ ხატებებს, მათ წარმოსახვით სურნელს და შრიალს მივყავარ ნირვანის იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ოცნება ჰქვია.
პულია, იტალიური ჩექმის ქუსლზე მოკალათებული ხმელი მიწაა.
სამხატვრო აკადემიაში რამდენიმე ფერი ფასობდა ყველაზე მეტად, ძნელადაც იშოვნებოდა და ყველაზე გასაფრთხილებელიც იყო. ოხრა წითელი, დამწვარი სიენა, წითელი სიენა. ამ ფერების გარეშე არაფერი გამოდის. მეც არაფერი გამომდიოდა.
როცა წლების წინ პირველად მოვხვდი სიენაში, ზუსტად მივხვდი, უფრო სწორედ ვიგრძენი, რას ნიშნავს წითელი სიენა, მაგრამ შარშან, პულიაში, პირველად ვნახე მიწა, პეიზაჟი, რომელიც ცის ლაჟვარდის გარდა, მხოლოდ ჩემი საყვარელი ფერებით იყო დახატული.
პულიაში მიწა ჟანგისფერია, უფრო წითელი. მკაფიო ცხიმიანი წითელი სიენას ფერი. ძალიან ქვიანია, როცა ამუშავებენ, ქვებს მიწის ნაკვეთის გასწვრივ გამართულ ღობეს ამატებენ. რაც უფრო მაღალია ღობე, მით უფრო მეტს და კარგად მუშაობს მიწის მფლობელი, მით უფრო უკეთესი ზეთისხილის ხეები იზრდება მის ნაკვეთზე.

პულიაში კი ყველაზე დიდი, ძველი და მშვენიერი ზეთისიხილის ხეებია, რომლის მსგავსიც იტალიის არც ერთ კუთხეში არ მინახავს.
ჩვენი სახლის ღობე მაღალი იყო, თუმცა ალაგ-ალაგ გადანგრეული. იტალიელი მეპატრონე, პულიელი მიწათმფლობელის შთამომავალი, რომელმაც ოჯახურ ბიზნესს – ზეითუნის ზეთის გამოხდას სასტუმროს მართვა ამჯობინა, ამდენ საქმეს ერთად ვერ აუდიოდა – ზეთისხილის ხეებზე ბზიკების სატყუარებს ამაგრებდა და უზარმაზარი ბაღის დაცვას კი ცისფერთვალა ძაღლ ლილას ანდობდა.
სახლის თეთრ კედლებს ეჭიდებოდა ბუგენვილიიის ორი ბუჩქი და თავგამეტებით ყვაოდა.
ორასი წლის ზეთისხილის ხე, რომელიც აუზს ჩრდილავდა, ჩემს თვალწინ ისხამდა და ისხამდა მწვანე ხვლიკისფერ ხილს, რომელსაც ზეთად გადაქცევა არ ეწერა.
არც ერთი ხე არ მიყვარს ისე, როგორც ზეთისხილის. რაღაც გვაქვს ჩვენ საერთო, მართალია, ჯერ არ ვიცი რა, მაგრამ გრძნობა, რომელიც 200 წლის ზეთისხილის დანახვაზე მიპყრობს, ირაციონალურია. ასე მგონია, უნდა მივიდე და გავეცნო როგორც ადამიანს. ასეც მოვიქეცი და ახლა ჩვენ მეგობრები ვართ.
პულიაში კიდევ ერთი მეგობარი აღმოვაჩინე – ადამინთა რიცხვიდან. მიმზიდველი და თვითკმაყოფილი, რომელსაც მუდამ აქვს სურვილი გაუზიაროს ადამიანებს კერა, საკვები და სითბო. ეს უნიკალური თვისებაა ადამიანისა, როგორც სოციალური ცხოველისა. მაგრამ თუ სახლი სასახლეა, საკვები – ღვთიული ამბროზია და ადამიანი ქეთი ბაქრაძე, ისტორია კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
ქეთიმ, რომელიც ზუსტად ორი წუთის სავალზე ქირაობდა სახლს, ვახშამზე დაგვპატიჟა.
საღამოს რვა საათისთვის, ჩაბნელებული პარკის უზარმაზარ კარიბჭეს მივადექით. როგორც ზღაპრებში, ასწლოვანი ხეების ხეივნის ბოლოს იტალიური პალაცოს ბნელი სილუეტი მოჩანდა.
სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჩემმა ორი წლის ქალიშვილმა, რომელიც პრინცთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა (ცხადია, სასახლეში დაპატიჟეს და რა გასაკვირია, რომ პრინციც სადმე იქვე უნდა ყოფილიყო), ჯერ აღფრთოვანებისგან პირი დააღო, მერე კი იტირა და სასწრაფოდ თავის პატარა სახლში დაბრუნება მოითხოვა, სადაც მეგობარი ლილა ეგულებოდა.
ეს თხოვნა ვერ შევუსრულე, რადგან „მეო ევოლის“ საგვარეულო სასახლის დათვალიერებაზე, რომელიც პულიის თითქმის ყველა საგვარეულო „ვილის“ მსგავსად – ქირავდებოდა, უარს ვერ ვიტყოდი.
იტალიური პალაცო ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ცოტა მოუვლელი, ფრესკებით კედლებზე, ქვის „ბალუსტრადიანი“ ტერასებით, დაბურულ პარკს რომ გადაჰყურებს და წინაპრების ყრმობის დროინდელი პორტრეტებით – მისაღებ ოთახში. შავებში გამოწყობილი ოთხი ბავშვი, ფეხზე ძაფგამობმული პატარა იადონით ხელში. მაგრამ ყველაზე მომაკვდინებელი მაინც სამზარეულო იყო.
ალბათ ოდესმე დაგმართნიათ მსგავსი რამ. შედიხარ სახლში, ან რომელიმე ოთახში და ხვდები, თურმე ეს სივრცე ისეთი მისაღები, ისეთი ნაცნობია შენთვის, რომ გული ფრიალს იწყებს, ტვინი კი რაციონალურ აზროვნებაზე უარს აცხადებს. ასე მოხდა, როცა „მეო ევოლის“ სასახლის სამზარეულოში შევედი.
სივრცე, რომელიც ტერასას ესაზღვრებოდა, უკვე მოთუხთუხე ქვაბებით და ახლადდაკეპილი ორეგანოსა და ბაზილიკის სურნელით აევსო ქეთის. ყველა ქურაზე რაღაც დუღდა, მაგიდაზე „განისვენებდნენ“ ახლად მოხარშული „კრევეტები“ და ამ უსწორმასწორო, მე-19 საუკუნეში არარაციონალურად დაგეგმილი სამზარეულოს ყველა კუთხე-კუნჭული, პატრონების მიერ მიტოვებული სახლი, მადლობას უძღვნიდა ქეთის – სიცოცხლის ამხელა ტალღისთვის.
ტერასაზე გრძელი მაგიდა იყო გაშლილი. უკვე ბნელოდა და ცუკინის ყვავილებს შემწვარი რიოტათი, მიდიების პასტას და იტალიური ყველის უნაზესი სახეობის, ბურატას თეთრ გუნდებს, სანთლის შუქი ანათებდა.
პულიის ყველაზე შეუპოვარი კოღოების თავდასხმაც კი ვერაფერს დაკლებდა ამ შესანიშნავ საღამოს, ქეთის განუმეორებელ ენერგიას და მისი საკვების სასწაულ გემოს.
მიდიების მოტკბო გემო ახალი პომიდვრის სოუსთან, ბაზილიკთან და იდეალურ „ალ დენტე პასტასთან“ ერთად. ბურატას რძიანი ფაფუკი გუნდები. ეს არის ბედნიერება, ეს არის ზაფახული, ეს არის იტალია.
ერთ-ერთი უძველესი და უპირველესი სიამოვნება, სიამოვნება კვებისგან, მხოლოდ მაშინ კარგავს ცხოველური ინსტინქტის დაკმაყოფილების სახეს, როცა ადამიანი მას სხვა ადამიანებთან ერთად გაიზიარებს. კარგ „კომპანიაში“ საკვების განაწილების პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო სასიამოვნო იყოს, ვიდრე თავად საკვები.
ზაფხული უკვე მოვიდა და ჩემი „მედიტაციები“ იტალიის თემაზე უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.
მაგრამ კვიპაროსებთან ერთად ახლა ბუგენვილიას განუმეორებელი ფერის ყვავილები, ზეთისხილის ხის ფოთლების ვერცხლისფერი გაელვება ქარში და „მეო ევოლის“ სამზარეულოს უსწორმასწორო, საოცარი არომატებით გაჟღენთილი სივრცე მელანდება.
კიდევ კარგი, ქეთი ბაქრაძე მაინც არის ახლო-მახლო.

3_issue_culinart92

3_issue_culinart93

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com