ლუკას სამზარეულო – გიგა დათიაშვილის ოჯახური დებიუტი

სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, დაკავებულია ბათუმისა და თბილისის თეატრებში, რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლებში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, ითამაშა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში.“ გიგა დათიაშვილი 24 წლისაა. უკვე შთამბეჭდავი პროფესიული ბიოგრაფიის ფონზე მთავარ, ყველაზე საპატიო როლად ტყუპების მამობას მიიჩნევს.

– კულინარია ერთგვარი შუალედური პროფესიაა ხელობასა და ხელოვნებას შორის. ესაა მუდმივად განმეორებადი პროცესი, რომელიც საშუალებას გაძლევს დახვეწო შედეგი და რაღაც ახალი, ღირებული შექმნა. რაიმე მსგავსებას თუ ხედავ ამ თვალსაზრისით მსახიობის პროფესიასთან?

– ჩემთვის მსახიობობა ‒ პირადი თავისუფალი სივრცეა, უდიდესი კომფორტი. კულინარია დიდად არ მეხერხება,
მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ვინც ამ საქმით პროფესიულადაა დაკავებული, მისთვის ეს ხელოვნებაა. ზოგადად, რასაც ახალს ქმნი, ყველაფერი ხელოვნებაა.

მზარეულისა და მსახიობის პროფესიებს შორის მსგავსებას იმ კუთხით ვხედავ, რომ როცა რაღაც როლზე ვმუშაობთ, მაქსიმალურად ვიკვლევთ იმ ადამიანს, რომელიც უნდა განვასახიეროთ. შეფმზარეულისთვის კი კვლევის საგანი ის ადამიანები ხდებიან, რომლებსაც საკუთარი ნახელავი უნდა წარუდგინოს ‒ კერძი მაქსიმალურად უნდა მოარგოს მათ სურვილებსა და გემოვნებას.

მსგავსებაა გამეორების თვალსაზრისითაც ‒ კერძის დახვეწა-გაუმჯობესების განმეორებით მცდელობასა და როლზე მუშაობის ხანგრძლივ პროცესს შორის. თუმცა მსახიობის საქმეში ეს სამუშაოს ტექნიკური ნაწილი უფროა. მთავარი ‒ პერსონაჟის შესწავლაა, იმის გამოკვლევა, ვინაა ის, რა წარსული აქვს, რატომ გახდა ასეთი, რა მოტივაციები ამოძრავებდა. ვცდილობთ იქამდე მივიდეთ, რომ ეს ყველაფერი წარმოჩინდეს.

– კულინარიაშიც ასეა: ცდილობ იმის ემოციაზე ითამაშო, ვინც შენი ნახელავი უნდა დააგემოვნოს. რაღაც ძვირფასი გაახსენო მას ‒ ბავშვობა ან რამე მსგავსი. ამაზე გამახსენდა: რომელია შენთვის ის კერძი, რომელიც ბავშვობიდან მოგყვება და ყველა სხვა კერძს გირჩევნია?

– შემწვარი კარტოფილი. შემიძლია ყოველდღე მივირთვა.

– არის რომელიმე კერძი ან პროდუქტი, რომლის დათმობაც მოგიწიათ ჯანსაღი კვების პრინციპით ან ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე?

– ძალიან ბევრი რამის, იმიტომ, რომ რასაც ვჭამთ, ბავშვებსაც ყველაფერი უნდათ. მაიონეზი, კეტჩუპი რაციონიდან ამოვიღეთ, რომ ამათაც არ მოითხოვონ და თავიდანვე ჯანსაღ კვებას მიეჩვივნონ. ქეთი, ჩემი მეუღლე, მომავალი ექიმია და ჯანსაღი კვება მისთვის უმნიშვნელოვანესია. პურიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერს დიდ ყურადღებას აქცევს. მე არ ვარ ასე, ჯერ პროფესია მაქვს ისეთი, რომ ასეთი პრეტენზიული საკვებთან მიმართებაში ვერ ვიქნები. თან მომწონს შემწვარ კარტოფილს რომ ვჭამ და რატომ არ უნდა ვჭამო, ვერ ვხვდები. მე და ქეთი სულ ვკამათობთ ამაზე, ვეუბნები, 24 წელია რაღაცას ვჭამ და არაფერი მომდის, ახლა რა მომივა-მეთქი, მაგრამ ის თავის აზრზე მყარად დგას.

– მზადება გეხერხებათ?

– კულინარი ქეთია ჩვენთან, მაგრამ რაღაცები მეც მეხერხება, მარტო თუ ვრჩები, თავის გატანა არ მიჭირს. საკუთარზე მეტად ბავშვების საჭმელს ვამზადებ. ფაფა, მარტივი წვნიანები შემიძლია მოვუმზადო.

– ზოგადად, კარგი წვნიანი მარტივი მოსამზადებელი არაა, ამიტომ მცდელობა უკვე მნიშვნელოვანია! იქიდან გამომდინარე, რომ რეალიზებული მსახიობი ხარ და, ამავდროულად, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ორი შვილის მამაც ხარ, როგორ ახერხებ დროის ეფექტურად და სწორად განაწილებას? ბალანსის დაცვას ოჯახურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქ მიანობას შორის?

– თავიდან მაგაზე არ ვფიქრობდი, სულ სხვანაირი ცხოვრების სტილი მქონდა, ‒ ზუსტად ისეთი, როგორიც, ალბათ, ყველა თბილისელ ჩემი ასაკის ბიჭს აქვს. უნივერსიტეტი, მერე გართობა… როცა გავიგე, რომ ტყუპებს ველოდებოდით, დიდად მაინც ვერ გავაცნობიერე, რა მელოდა წინ. თან მთელი იმ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა „მძევლების“ გადაღებები. ბავშვებიც რომ გაჩნდნენ, ორი კვირის შემდეგ მოსკოვში წავედი. მერე გადაღებები დამთავრდა და სწავლაც დამეწყო, იმ დროს რაღაცნაირად თავიდან ბოლომდე ამოტრიალდა ჩემი ცხოვრება. უფლება არ მქონდა ცოტა დრო დამეთმო ან ოჯახისთვის, ან უნივერსიტეტისა და სწავლის თვის. ვცდილობდი, რომ კეთილსინდისიერი ვყოფილიყავი იმ ადამიანების მიმართ, ვის წინაშეც პასუხისმგებლობა მქონდა აღებული ‒ რეჟისორებს, ჩემს ჯგუფელებს ვგულისხმობ ‒ და ის, რომ ორი შვილი მყავს, გასამართლებელი საბუთი არ ყოფილიყო. მეტსაც გეტყვი ‒ ბავშვები რომ გამიჩნდა, იმის მერე, პირიქით, აღარასდროს გამიცდენია ლექცია, სულ იმ შემართებით ვიყავი, ვინმეს არ ეთქვა, აი, შვილები ჰყავს და იმიზეზებსო. მაქსიმალური მობილიზება გავუკეთე ჩემს თავს. იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორ გამომეყენებინა დრო მაქსიმალურად ეფექტურად. ახლა ეს ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ზუსტად ვიცი, სად რომელ საათზე უნდა ვიყო. ცხოვრების წესი გახდა. იმასაც ვხვდები, რამდენი დრო მაქვს დაკარგული არაფერში. ახლა, როცა ზუსტად მაქვს განსაზღვრული, როდის რას ვაკეთებ, დღის განმავლობაში იმდენ რამეს ვასწრებ, თვითონაც მიკვირს.

– ფუნქციებს როგორ ინაწილებთ ოჯახში?

– დღისით ჩემს მეუღლესთან არიან ბავშვები. ამ ეტაპზე მეცადინეობს და ძიძა ეხმარება. საღამოს, როცა მოვდივარ, ვცდილობ სულ ჩემთან იყვნენ. ღამე ან ქეთი აძინებს, ან მე. ასე წინასწარ დაგეგმილი არ გვაქვს, ვინ რას გააკეთებს, თავისით ბალანსდება. ისე არაა, რომ დღეს მე ვუვლი და ხვალ ‒ შენ. ერთად ვზრდით მე და ქეთი.

– ყველაზე დიდი სირთულე, წინააღმდეგობა რა იყო, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა შენთვის როგორც ახალბედა მამისთვის?

– სულ :ვღელავ, რამე არ მოუვიდეთ. ასე თუ ვინერვიულებდი, არ მეგონა. სულ ვამბობდი, ჩემს შვილს დამოუკიდებლად გავზრდი, გავუშვებ, რომ თავისუფლად იაროსმეთქი, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე იოლი. ერთხელ საწოლიდან გადმომივარდა ბავშვი და კინაღამ შევიშალე. დედაჩემს თუ დავემსგავსებოდი, ნამდვილად არ ველოდი და უცებ აღმოჩნდა, რომ ისეთივე ემოციური მშობელი ვარ ზუსტად. ამიტომ შვილების გაზრდის პროცესში ფიზიკურ დაღლაზე ბევრად რთული ემოციური მხარე მგონია. ხშირად მყავს ხოლმე ბავშვები მარტოს, საერთოდ არ ვიღლები, ალბათ, იმიტომ, რომ ვართობ, ვეთამაშები და თვითონაც დიდ სიამოვნებას ვიღებ მათთან ურთიერთობით.

– რთულია, როცა იგებ, რომ ერთის მაგივრად ორი შვილი გეყოლება? რთულია ტყუპების გაზრდა?

– რთულია მხოლოდ იმ მხრივ, რომ შეიძლება ფიზიკურად დაიღალო, მაგრამ მაგას გაუმკლავდები. თორემ სხვა მხრივ, გაორმაგებული სიხარული და სიამოვნებაა. თან ყველაფერს ერთმანეთისგან სწავლობენ, ზრუნავენ ერთმანეთზე.

– მთელი ცხოვრება ერთმანეთი ეყოლებათ! რაიმე პრინციპი თუ გაქვს, რომელსაც შვილების პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე იყენებ მათი აღზრდის პროცესში?

– არ ვუყვირი, არ ვეჩხუბები, ყველაფერს ვუხსნი. მართალია, ძალიან პატარები არიან, მაგრამ უკვე ბევრი რამე ესმით. ქეთიც ასეა, სულ რაღაცას ელაპარაკება.

– ახალი კერძების დაგემოვნება გიყვარს?

– აბსოლუტურად ყველაფრის დაგემოვნება შემიძლია, რაც იჭმევა. ქართული სამზარეულოც მიყვარს, მაგრამ მსუბუქად კვება მირჩევნია, სალათები. არ მომწონს ისეთი საჭმელი, რომელიც მამძიმებს.

– როგორ ფიქრობ, როცა შენი შვილები წამოიზრდებიან, ჩაერევი მათი ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში? იგივე, მაგალითად, პროფესიის არჩევაში?

– ჩემს შვილებს არაფერს დავაძალებ, მხოლოდ მიმართულების პოვნაში დავეხმარები. მე, მაგალითად, კითხვას არასდროს მაძალებდნენ, მაგრამ სულ ვხედავდი მამას, რომელიც ჭამის დროსაც კი კითხულობდა. ერთ დღესაც დამაინტერესა, რას კითხულობს ასეთი გატაცებით-მეთქი და მეც დავიწყე. კითხვას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ, ის გიყალიბებს გემოვნებას, ფანტაზიას. არც პროფესიულ არჩევანზე ფიქრისას შევუზღუდივარ ვინმეს ‒ ფეხბურთელი ვიყავი, მერე იურისტობა მინდოდა, ექიმობაც, ბოლოს მივედი მსახიობობამდე და ჩემი საქმე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ადრე არ ვფიქრობდი, უფრო სწორედ, მოგონილი მეგონა, მაგრამ მართლა ოჯახის სარკე ყოფილა ბავშვი, ამიტომ იმის კეთება, რაც სწორი გგონია, კი არ უნდა დააძალო შვილს, უბრალოდ, კარგი მაგალითი უნდა მისცე.

– ახალგაზრდა მშობლებს რას ურჩევდი პირადი გამოცდილებით?

– ერთადერთს ‒ მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ შვილებთან. ესაა მთავარი. მე ბავშვების გარეშე საერთოდ ვერ ვძლებ, ცუდად ვხდები მათ გარეშე. ამას იწვევს ის, რომ სულ ერთად ვართ. ამაზე პრიორიტეტული არაფერია ჩემთვის.

კამპანიისთვის „კაცები ზრუნავენ“. კამპანია ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.

ფოტო : ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com