როგორ იკვებებიან ჩვენი შვილები? დამეთანხმებით, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და ყველა მშობელს აწუხებს ეს პრობლემა, ჩვენი შვილების საყვარელ საკვებს, ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს ეგრეთწოდებული “Fastfood”, არაჯანსაღი და მავნე საკვები. მერწმუნეთ, სახლის პირობებში ბავშვების ამ პროცესში ჩართვით, შეიძლება მომზადდეს უგემრილესი საკვები, რომლითაც ჩაანაცვლებს ეგრეთწოდებულ “Fastfood”-ს. გთავაზობთ ბავშვებისთვის საყვარელ სახლში მომზადებულ „ნაგეთსის“ რეცეპტს, გარნირითა და ბანანის დესერტით.
ქათმის“ნაგეთსი”
ინგრედიენტები:
* ქათამი 1 ცალი
* 2 ცალი კვერცხი
* საფანელი
* მარილი
* ზეთი
* ფქვილი
მომზადების წესი:ქათმის ხორცს კანი გავაცალოთ და გავანთავისუფლოთ ძვლებისგან, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ფარშში დავამატოთ კვერცხი, მარილი, მოვურიოთ კარგად. სუფრის კოვზით ამოვიღოთ ფარში, ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში. გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავდოთ ქათმის უკვე ამოვლებული ბურთულა, დაბალ ცეცხლზე შევწვათ ორივე მხრიდან. ვინაიდან ბავშვების საყვარელი გარნირი არის კარტოფილი, გთავაზობთ ამ კერძთან ღუმელში გამომცხვარი
კარტოფილის უმარტივეს რეცეპტს:
კარგად გავრეცხოთ კარტოფილი შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ, გამომცხვარი
კარტოფილი გავაგრილოთ და გავჭრათ 4-ად.
გახურებულ ზეთიან ტაფაზე მოვათავსოთ 4-ად
დაჭრილი კარტოფილი და შევბრაწოთ. შებრაწული კარტოფილი გადმოვიღოთ ხელსახოცზე,ზედმეტი ზეთის მოსაცილებლად, მოვაყაროთ მარილი.
ბანანი შოკოლადში
ინგრედიენტები:
* ბანანი 3 ცალი
* 1 ფილა 75% შოკოლადი
* ფოლგა
ბანანი გავრეცხოთ და შევამშრალოთ, შემდეგ გავჭრათ სიგრძეზე. წვრილად დატეხილი შოკოლადი მოვათავსოთ ბანანში მაქსიმალურად ღრმად. შევახვიოთ ფოლგაში ჩვენი “შოკოლადიანი ბანანი” და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთით.
ბავშვები ნამდვილად კმაყოფილი დარჩებიან!
ფოტო: ანა ბოკო