გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში 22 წლის ნინო წინწალაშვილს მწყრის ფერმა აქვს. ამბობს რომ მწყრის კვერცხი ჯადოსნურია და ის ყველამ უნდა დააგემოვნოს. ახალგაზრდა ფერმერი ბიზნესს თბილისიდან მართავს, რადგან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. შაბათ-კვირას კი მშობლიურ ბაკურციხეში მიდის და მწყერს უვლის. თავიდან ასაკის გამო არასერიოზულად აღიქვამდნენ, მაგარმ ნინოს მიზანდასახულობამ, ყველა დაარწმუნა, რომ პატარა გოგოსაც შეუძლია ამ ასაკში ბიზნესის ხელმძღვანელობა.
იდეა
იდეა 2015 წლის ივლისში გაჩნდა, ოღონდ ეს მხოლოდ ჩემი იდეა არ იყო. დედა ‒ ზოოინჟინერია და ხშირად მესაუბრებოდა მწყერებზე, მათ სარგებლობაზე. ფერმის გაკეთებაც ერთად გადავწყვიტეთ. ჯერ პროექტი დავწერეთ, დაფინანსება რამდენიმე ეტაპის გადალახვის შემდეგ მოვიპოვეთ. 2016 წლის დასაწყისიდანვე უკვე შევიძინეთ ინკუბატორი, მწყრის საპუტი, გალიები და სხვა საჭირო ინვენტარი.
პირველად, როცა კვერცხი მაჩვენეს ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. სიმართლე გითხრათ თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ამ პატარა კვერცხს ასეთი სასარგებლო თვისებები შეიძლება ჰქონოდა. საქართველოში მწყრის კვერცხი დიდი პოპულარობით ჯერ ვერ სარგებლობს. მე როცა დავიწყე მაშინ პირველი ვიყავი. ჩემ შემდეგ ბევრი დაინტერესდა და ასე ნელ-ნელა გაიზარდა მწყრის კვერცხზე ცნობადობა.
ბიზნესი თუ პროფესია
ჩემი მთავარი მიზანია, რომ რაც არ უნდა მოხდეს კარგი სტომატოლოგი გავხდე. სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ძირითად დროს იქ ვატარებ. ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა მედიცინა. მეთერთმეტე კლასამდე ოტო-რინო-ლარინგოლოგობა მინდოდა, ბოლოს კი გადავიფიქრე და ორთოდონტია ავირჩიე. ჩემთვის ბიზნესი ჰობია, მინდა რომ კარგი ექიმი გამოვიდე, ეს არის ჩემი მიზანი, სხვა საქმის კეთება ვერ წარმომიდგენია.
თბილისი – ბაკურციხე
ფერმა ბაკურციხეშია. თავიდან მხოლოდ მე და დედა ვხელმძღვანელობდით. ახლა უკვე დამხმარე ქალბატონებიც გვყავს. როცა ეს საქმე წამოვიწყე სტუდენტი ვიყავი, ამიტომ ორივე საქმეს ერთდროულად ვუმკლავდები. კვირის დღეებში ვსწავლობ, შაბათ-კვირას კი ბაკურციხეში ჩავდივარ. საორგანიზაციო საქმეებს თბილისიდან ვაკეთებ, ვყიდულობ იმას რაც ფერმაში გვჭირდება. მანძილი დიდი არ არის, ერთ საათში ჩამოვდივარ, ამიტომ მთელი შაბათი-კვირა ფერმაში ვარ. იქ ახლა 200-მდე მწყერი მყავს და ძირითადად მათი მოვლით ვარ დაკავებული.
ჯადოსნური კვერცხი
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მწყრის კვერცხს ამდენი სასარგებლო თვისება ექნებოდა. მას ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებები გამოაქვს. იაპონელები ისე არ უშვებენ ბავშვებს სკოლაში, რომ დილით ორი მწყრის კვერცხი არ აჭამონ. იმასაც ამბობენ, რომ იაპონელებმა მსოფლიოს ხელახლა გააცნეს მწყერი. ხორცი არ გამისინჯავს, ვიცი, რომ ძალიან გემრიელია, მაგრამ მე ვერ ვჭამ ‒ მეცოდება. კვერცხს სიამოვნებით მივირთმევ. მასში ბევრია ნატრიუმი, კალიუმი, ფტორი, კალციუმი, B ვიტამინი. ბავშვებს სილამაზის გამო მოსწონთ. ისიც გამიგია, რომ თუ ბავშვს მეტყველების პრობლემა აქვს, სასურველია მწყრის კვერცხი აჭამონ. ჩემგან, მაგალითად, აუტისტი ბავშვებისთვისაც წაუღიათ. დღეს მწყრის კვერცხი პოპულარულია იაპონიაში, უკრაინაში, გერმანიაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, უფრო ხორცი უყვართ.
სამომავლო გეგმები
ძალიან მინდა, რომ ხალხი შევაჩვიო მწყრის კვერცხს. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. რად გვინდა წამლები, როცა ასეთი ჯადოსნური პროდუქტი გვაქვს. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ პროფესიას და ბიზნესს ერთად გავუმკლავდე. ჯერჯერობით ვახერხებ და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება. დღეს ხალხი ქუჩაში მცნობს, გულწრფელად მიხარია, მაგრამ ჩემთვის უფრო დიდი წარმატება ის იქნება, რომ როგორც პროფესიონალ სტომატოლოგს ისე მიცნობდნენ და მაფასებდნენ .
ფოტო : გოგა ჩანადირი