FOOD LOVERS

IMG_1804

მიშა ჩარკვიანი – რეჟისორი

FoodLovers-ის ახალი აღმოჩენა, მხოლოდ FoodLovers-ის არ არის, ჩემი პირადი აღმოჩენაც გავაკეთე, გავიცანი ახალი არტისტი, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი რეჟისორი. ხელოვნების მიმართ გულგრილი არ ვარ, როგორც ჩვენი ბლოგის აქტიური მკითხველი მიხვდა არც კულინარიის მიმართ, აი როდესაც ეს არაჩვეულებრივი ორი სფერო ერთიანდება, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. 

მიშა ჩარკვიანი 26 წლის თეატრის რეჟისორია, საინტერესო ექსპერიმენტულ პროექტებზე მუშაობს და საკუთარი სახელოვნებო კომპანიაც კი დააარსა „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ უკვე გვქონდა ჩვენი პირველი სპექტაკლის „შიმშილის ღმერთის“ პრემიერა. ვგეგმავთ ბევრი საინტერესო, ექსპერიმენტული, სოციალური პროექტის განხორციელებას ‒ ძალიან საინტერესოდ ჟღერს. 

მიშა ძალიან მოხერხებული და სამზარეულოს მორგებული კულინარი აღმოჩნდა, საჭმლის მომზადება მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს ყველაფერი მის მომზადებულ ძალიან გემრიელ და შემოდგომისთვის იდეალურ კერძზე აისახა, რომელიც დარწმუნებული ვარ შიმშილის ღმერთიც ვერ დატოვებდა მშიერს. 

„დედაჩემი ამზადებს ძალიან კარგად, ბებიაჩემიც, თუმცა საჭმლის მომზადება არც ერთს არ უსწავლებია. რაღაცნაირად თავისით მოხდა. არც მახსოვს როდის დავიწყე მზარეულობა. მიყვარს ჩემი მომზადებული საჭმელი და უფრო მიყვარს ის, რომ სხვებსაც მოსწონთ“ 

ეს ნამდვილი კულინარის სიტყვებია, ყველაზე მნიშვნელოვანი ‒ შეგრძნება კულინარიაში ‒ გაზიარებაა. მიშა საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე კულინარიასაც ზედაპირულად არ უყურებს და თითოეულ დეტალს უღრმავდება. 

„მზადების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია ზომიერება და სიზუსტე. კერძის ვიზუალი ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც გემო. და ბოლოს, ექსპერიმენტი ყველგან ერთნაირად საინტერესო და მნიშვნელოვანია, თეატრშიც, ცხოვრებაშიც და კულინარიაშიც”. 

მიშას მომზადებული ქაფქეიქის გემოს აღწერა ძალიან გამიჭირდება, ამიტომ მხოლოდ იმას დავწერ, რომ უგემრიელესია და მისი მომზადებული პომიდვრის წვნიანი, ზამთრის ცივ დღეებში იდელაური მიგნებაა. მიშამ რეცეპტებიც როგორც ყოველთვის, დეტალურად გაგვიზიარე. 

პომიდვრის წვნიანი 

IMG_1778

ინგრედიენტები:
• 4 მოზრდილი პომიდორი
• 250 მ.გ. წყალი
• 2 თავი ხახვი
• 1 კვერცხი
• 100 გრ. კარაქი
• პიტნა და შავი წიწაკა.

მომზადების წესი: ხახვი დაჭერით მოზრდილ რგოლებად და მოთუშეთ კარაქში. დააბლენდერეთ პომიდორი და ხახვს დაასხით, დაამატეთ 250 მ.გ. წყალი. ათქვიფეთ კვერცხი და როცა ქვაბში წვნიანი წამოდუღდება ჩაასხით და კარგად ურიეთ. ადუღეთ 2-3 წუთი და დაამატეთ პიტნა, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

P.S. პიტნა ბევრი უხდება.

ხორცის „ქაფ-ქეიქები“

IMG_1782

ფარში:
• ქათმის ფილე – 500 გრ.
• ნიორი – 3 კბილი.
• შავი წიწაკა და მარილი – გემოვნებით

საფანელი
• 2 თავი მოზრდილი ხახვი
• სულგუნი – 250 გრ.

მომზადების წესი: ქათმის ფილესთან ერთად დააბლენდერეთ ნიორი, შავი წიწაკა და მარილი. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთები. სულგუნი დაჭერით პატარა კუბებად და მოაქციეთ ხორცის შუაგულში. ამოავლეთ საფანელში. ხახვი გაჭერით შუაზე და დააცალკევეთ ხახვის ფირფიტები. ხახვის „ჯამებში“ მოათავსეთ ხორცის ბურთები, ტაფა ნახევრამდე გაავსეთ ზეთით და მოხარშეთ ხახვის „ქაფ-ქეიქები“. გადააბრუნეთ რამდენჯერმე და როცა შეიწვება გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, იმისთვის რომ ცხიმი მოშორდეს. შემდეგ გადაიღეთ გაშლილ თეფშზე და გემრიელად მიირთვით.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com