ბებოს რეცეპტები

ჩემო ძვირფასო მკითხველებო, კერძი გემრიელი რომ გამოვიდეს აუცილებლად უნდა გიყვარდეთ სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მომზადება. ვინაიდან, შემოდგომა მოდის და ქართული ბადრიჯნის სეზონიც მალე მიილევა, მინდა შემოგ- თავაზოთ ბადრიჯნის რამდენიმე რეცეპტი. პირველად შემოგთავაზებთ ნიგვზიანი ბადრიჯნის განსხვავებულ რეცეპტს (რომელსაც ჯერ კიდევ ჩემი საყვარელი ბებია „კუდიან ბადრიჯანს“ ეძახდა).

გავრეცხავთ და გავასუფთავებთ ბადრიჯანს ისე, რომ კუდებს დავუტოვებთ. გავჭრით შუაზე ისე, რომ მოვახერხოთ შიგთავსის ჩადება, დავამარილებთ. დავჭრით წითელ ხახვს წვრილად, ასევე წვრილად დავჭრით ოხრახუშს, ქინძს, ნიახურს და რეჰანს, დავუმატებთ გატარებულ ნიორს და წიწაკას. ცალკე ჯამში მოვათავსებთ გატარებულ ნიგოზს, დავასხამთ ძმარს, მოვზელთ და ნელ-ნელა შევურევთ დაჭრილ ხახვს და მწვანილებს. ბადრიჯნებს გამოვტენით ამ მასით და შევწვავთ ზეთში, დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაზე. ორივე მხრიდან შემწვარ ბადრიჯნებს მოვათავსებთ ჯამზე. ამავე ტაფაზე მოვშუშავთ ხორცსაკეპში გატარებულ პომიდორს, შევაზავებთ მარილით და წიწაკით და ადუღებულ მასას დავასხამთ შემწვარ ბადრიჯნებს. გააცივეთ და მიირთვით გემრიელად!

ინგრედიენტები:
* 1 კგ. ბადრიჯანი
* 1/2 კგ. ხახვი
* 1/2 კგ. პომიდორი
* 1 თავი ნიორი
* 1 ჩ.ჭ ნიგოზი
* 100 გრ. ქინძი
* 100 გრ. ნიახური
* 50 გრ. რეჰანი
* 50 გრ. ოხრახუში

„აძენძილი ბადრიჯანი სუნელებში“

გავრეცხავთ, გავთლით და დავჭრით გრძლად ბადრიჯანს. შევწვავთ ოქროსფრად ადუღებულ ზეთში, ჩავაწყობთ ჯამში და დავახურავთ თავზე. ცალკე მოვშუშავთ ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს და დავაყრით ბადრიჯანს. ამავე ტაფაზე დავდებთ დანაყილ ნიორს და წიწაკას, დავაყრით ყვითელ ყვავილს, ხმელ ქინძს და უცხო სუნელს, დავასხამთ ძმარს და წამოვადუღებთ. ცხელ მასას დავასხამთ ბადრიჯანს და კარგად ამოვურევთ. გაცივდება და მზად არის სტუმრებთან მისართმევად. შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი წითელი პომიდვრებით.

ინგრედიენტები:
* 1 კგ. ბადრიჯანი
* 1/2 კგ. ხახვი
* 1 თავი ნიორი
* 2 ს.კ ყვითელი ყვავილი
* 2 ს.კ უცხო სუნელი
* 1 ს.კ ხმელი ქინძი
* 1/2 ჩ.ჭ ძმარი

„შემწვარი ბადრიჯანი ნივრით ქინძით“

გარეცხავთ ბადრიჯანს, გათლით ზოლებად (ზებრათ), დაჭრით გრძელ ბრტყელ ნაჭრებად, წაუსვამთ მარილს და შეწვავთ ორივე მხრიდან. დანაყავთ ან დააბლენდერებთ ნიორს, ქინძს, დააასხამთ ძმარს ცოტა მარილს. შემწვარ ბადრიჯნებს წაუსვამთ მიღებულ მასას და დააწყობთ ერთმანეთზე. ცოტა ხანს გააჩერებთ და შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ კარგად შემწვარ კარტოფილთან ან ხორცთან ერთად.

ინგრედიენტები:
* 1 კგ. ბადრიჯანი
* 1 თავი ნიორი
* 200 გრ. ქინძი
* 1/2 ჩ.ჭ ძმარი

ავტორი: ნანა მეგრელიშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com