კულინარიული სიზმრები დაგსიზმრებიათ?
მე კი, თან ძალიან ხშირად.
ერთხელ, ჩემი ცხოვრების ძალიან რთულ და უცნაურ პერიოდში, მესიზმრა, რომ ერთ გადასარევ პოეტ გოგოსთან ერთად ზღარბებს ვჭამდი. დილით საშინელი ყელის ტკივილით გამეღვიძა, დღემდე მახსოვს ეს შეგრძნება, როგორ მფხაჭნიდა ყელს ყოველი მომდევნო გადაყლაპული ზღარბი.
კიდევ მახსოვს, სიზმარში, რომელიღაც გაბოლილ ბარში ვიჯექი და მარილიან წყალს ვსვამდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ განსაკუთრებული სასმელია, ერთხელ კიდევ ულამაზეს, კოპწია კათოლიკურ მონასტერში მივირთმევდი მარწყვის კრემიან შუებს, ვჭამდი და ვჭამდი, დარწმუნებული, რომ ღმერთს ჩემი საქციელი დიდად არ მოეწონებოდა…
სიზმარში სამზარეულო და ქურაც მაქვს, რეცეპტებსაც ხშირად ვიგონებ, ვწვავ და ვთუთქავ ყველაფერს, რასაც ცხადში არც გავეკარებოდი…
მაინც რამ გამახსენა ეს ჩემი სიზმრის კულინარია? რამ და მილორად პავიჩის კულინარიულმა სიზმრებმა, წიგნებმა, სადაც ამბავი სიზმარსა და ცხადს, რეალურსა და ირეალურს შორის ხდება, სადაც დროში მოგზაურობა ისევე მარტივია, როგორც სიზმრიდან ცხადში გაღვიძება და სადაც სრულიად ფანტასტიკური ლიტერატურული კულინარია შეგხვდებათ, ოღონდ ზოგიერთი კერძის მომზადებას მხოლოდ სიზმარში შეძლებთ, იმიტომ, რომ ინგრედიენტებს რეალურ, ასე ვთქვათ, ცხადის ბაზარში უბრალოდ ვერ იპოვით, მოგიწევთ საკუთარი სიზმრებისა და წარმოსახვების მაცივარს მიაკითხოთ…
რომ ვთქვა, პავიჩი ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, ალბათ მოგატყუებთ, როგორღაც ისე გამოვიდა, რომ ჩემი საყვარელი ლიტერატურული ტექსტები უფრო ესპანურ და ინგლისურენოვან ნაწარმოებებს შორის მოიძებნება, მაგრამ საოცარი მისტიკა, სიუჟეტის სტრუქტურა, სიზმარს რომ ასე მოჰგავს, დროსა და სივრცეში მოულოდნელი ცვლილება, ლიტერატურული თამაშები, მაგიურობა, მითოსის, ქრისტიანული და აღმოსავლური მსოფლმხედველობის უცნაური სინთეზი ლიტერატურის არცერთ მოყვარულს არ დატოვებს გულგრილს.
ყველა მწერალი ხომ სხვადასხვაგვარი კულინარია, ზოგიერთის რეცეპტს მისხალს ვერ მოაკლებ და ვერც დაუმატებ, ზოგიერთი ისე ზუსტად აღწერს კერძს, რომ შეგიძლია ცალ ხელში წიგნი დაიკავო, მეორეში ‒ ჩამჩა და წარმოსახვის ცეცხლზე ისეთივე კერძი მოათუხთუხო. ზოგიერთი მეტისმეტად პირძუნწი და სიტყვაძუნწია, ზოგიც მოყირჭებამდე დამტკბარი და ცხიმიანი…
ერთი წინადადებით რომ ვცადო პავიჩის პროზის კულინარიის დახასიათება, ალბათ ასე ვიტყვი ‒ რამდენიმე ძირითადი პროდუქტით მრავალი კერძის მომზადების ხელოვნებაა-მეთქი, რასაც სხვაგვარად, ლიტერატურულ ინტერპრეტაციას დავარქმევდი. ძალიან საინტერესოა მისი შემოთავაზებული ტრაპეზი, მითუმეტეს, რომ სანელებლები ჩემთვის ძალიან მშობლიურია ‒ ბალკანეთის მზით, კონსტანტინოპოლით, ბერძნული კუნძულების ზღვის ბრიზით შეზავებული…
სამი ძირითადი შემადგენელი, რითაც პავიჩის კულინარია მზადდება, იმ კულტურული და რელიგიური კონტექსტიდან მომდინარეობს, რომელსაც ეს შესანიშნავი სერბი ავტორი ეკუთვნის, ვგულისხმობ ქრისტიანულს, კონკრეტულად კი, ბიზანტიურ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, შესაბამისად, სამი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ხშირად შეგხვდებათ პავიჩის პროზაში პური, თევზი და ღვინოა…
პავიჩთან კულინარია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ლიტერატურული ხერხი, სიმბოლო ანდაც
მეტაფორა, კვანძის გახსნის საშუალება, პერსონაჟის დამახასიათებელი ნიშანი, წინასწარმეტყველება, ლიტერატურული თამაშის მეთოდი და ა.შ. ძალიან ბევრ რომანში ერთგვარად წიგნის პერსონაჟია შიმშილი, რომელიც სულ სხვადასხვაგვარ ფორმებს იღებს, ხან სიყვარულად გვევლინება, ხან წარმოუდგენელი ეროტიზმით გვავსებს, ხანაც ყველაზე დიდი გამოცდა და განსაცდელია.
გადავწყვიტე რამდენიმე კულინარიული ამონარიდი გაგასინჯოთ, გემრიელია თუ არა, წიგნების წაკითხვის
მერე განსაჯეთ, მითუმეტეს, რომ ბოლო დროს მილორად პავიჩის ძალიან ბევრი ნაწარმოები ითარგმნა ქართულად:
„გოგოს კალინა ერქვა. კალინას ჩრდილს დარიჩინის სუნი სდიოდა, და პეტკუტინმა იგუმანა, ეს გოგო იმას შეიყვარებს, ვისაც მარტში შინდი აქვს ნაჭამიო. და მოილოდინა მარტი, გემრიელად მიაძღა შინდს და კალინას დუნაის პირას გასასეირნებლად წაყოლა სთხოვა. აქეთობისას, ერთმანეთს რომ ემშვიდობებოდნენ, კალინამ ხელიდან ბეჭედი წაიძრო და მდინარეში გადაუძახა.
ქალ-ვაჟმა ერთმანეთი ამ ზამთარს შეიყვარა. ჭამით ისინი ერთი ჩანგლით ჭამდნენ ნაცვალ გარდად, ანუ რიგრიგობით, და ქალი ღვინოს ვაჟის პირიდან იხმევდა ანუ სვამდა.“
„ბოლო ხანს დოქტორ სუკში ნამდვილად გაჩნდა და იფურჩქნებოდა შიმშილის აქამდე უცნობი რამ ნაირსახეობა
და სწრაფად, როგორც ნაყოფი, მწიფდებოდა ბლანტი, უსაფუძვლო იმედი, რომელიც შიმშილთან ერთად პირველი გადაყლაპული ლუკმისთანავე კვდებოდა.“
„მის სანდრა უკვე ზის ერთადერთ სკამზე. მთელი ყურადღება საჭმლისკენ აქვს მიმართული. სუში კოჭას არომატით, წყალმცენარეების სალათი და მწვანე ჩაი – ასეთია მენიუ. ფინჯნიდან არეკლილი ნათება ჭერზე ნერვიულად ცახცახებს. მის სანდრა ჭამას არ წყვეტს, თუმცა სტუმარს მაინც სტყორცნის გაყინულ მზერას. თვალს არ ახამხამებს. თმა უბრწყინავს. სპილოს ძვლის ჩხირები, რომლის დახმარებითაც ბრინჯს შეექცევა, ნაზად უჭირავს თხელი თითებით, რომელთაც, თავის მხრივ, ხელთათმანები უფარავს. არც ხელთათმანები გამოიყურება ჩვეულებრივად – ერთ მათგანს შვიდი თითი აქვს, მეორეს ხუთი. თუ ხელთათმანებით ვიმსჯელებთ, მის სანდრა თორმეტი თითის პატრონია, სწორედ იმდენის, რამდენი თვეცაა წელიწადში. ერთი თითი ერთ თვეს უდრის.“
აი, თუ უფრო ზუსტ რეცეპტს ეძებთ:
„აიღეთ ერთი დიდი ხამანწკა, იმხელა, რომ ზომით გაუთქვეფავად შემწვარი კვერცხის გულს არ ჩამოუვარდებოდეს. მოხარშეთ იგი მდუღარე წითელ ღვინოში, რომელშიც წინასწარ ჩაყრილია ერთი ცალი ნაჭუჭიანი კაკალი, ლიმონი და ერთი კოვზი ნაცარი.
ცალკე ჭურჭელში აადუღეთ წყალი და შიგ ჩაამატეთ ცოტაოდენი ზღვის მარილი, ჩაის ფოთოლი და მწვანე
ფორთოხლის ლებანი. ტილოს ხელსახოცში გახვეული სოკო ცოტა ხანს ორთქლზე გააჩერეთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დასველდეს.
ხამანწკა ჩააგდეთ ძალიან ცხელ ზეითუნის ზეთში, ოდნავ დაბრაწეთ და სოკოსთან ერთად დადეთ ქაღალდის დიდ მარაოზე, რათა ზეთი შეიწოვოს. ზემოდან გააწყვეთ ბანანებით”
გემრიელად მიირთვით!
ისიამოვნეთ ლიტერატურული გემოებით! გაიმრავლეთ მკითხველისა და გურმანის გამოცდილება…