კულინარიული კრახი გიორგი პოპიაშვილი

IMG_9353

კულინარია, როგორც შემოქმედება…

„ნაყროვანება თვალის ცდუნებაა. ზომას აგირევს, რადგან მუცელი ცოტას ითხოვს, მას კი ყველაფრის ერთად შთანთქმა სურს. ეშმაკთა მთავარი ‒ დაცემული ანგელოზია, ხოლო ვნებათა მთავარი ‒ ნაყროვანება…”

იოანე კლემაქის ეს სიტყვები ჩემი რესპოდენტის კულინარიისადმი დამოკიდებულებას ეხმიანება, ამიტომაც გადავწყვიტე სტატიის ასე დაწყება.

პროფესიით არტ დირექტორი გიორგი პოპიაშვილი დაახლოებით 15 წელია კომუნიკაციების სფეროშია.
პარალელურად, რეჟისურასა და ვიზუალზეც მუშაობს. საგნებისა თუ მოვლენების ალტერნატიული აღქმით და საკუთარი ხედვით სარეკლამო სფეროში თავისი ხელწერა დაამკვიდრა. უამრავი ვიდეო თუ ბეჭდური სარეკლამო რგოლის ავტორს, ცხადია, კულინარიის თემატიკაზეც უმუშავია. ბოსტნეულისთვის მწერის ფორმის მიცემა, თუ რძის ყუთზე კანის გადაკვრა და ზედ მკერდის მიმაგრება სწორედ, იმ ფანტაზიის და შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფია, რომელიც მეხსიერებაში მარტივად და დიდი ხნით რჩება. ყოველი ნამუშევარი ინოვაცია ან არსებულის ახლებურად და სრულიად განსხვავებულად წარმოდგენაა.

IMG_9332

კულინარია, როგორც ასეთი…

„ჩემი აზრით, კულინარია ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი სფეროა, ისევე როგორც ‒ მოდა. მასში არაფერია კეთილშობილი. რაც შეიძლება მეტი სიამოვნების მიღებაზეა ორიენტირებული. ადამიანებს არსებობისთვის ბევრი არ გვჭირდება, იდეალურად დაბალანსებული გემო სიცოცხლისთვის აუცილებელი სულაც არ არის. შეგვიძლია ხიდან მოწყვეტილი ან მიწიდან აკრეფილი პროდუქტი მივირთვათ. ალბათ, სწორედ სიამოვნების მიღების მოთხოვნილებამ გააჩინა კულინარიის შექმნისა და შემდეგ მისი დახვეწის იდეა. ეს ყველაზე გულახდილი სფეროა! პირდაპირ გეუბნება ‒ შენ ხარ გაზულუქებული ქმნილება და მე ვარსებობ
იმისთვის, რომ დავაკმაყოფილო შენი გარყვნილი მოთხოვნილებები.”

პროფსიული შეხება კულინარიასთან

თავისი ბუნებიდან გამომდინარე ვიზუალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა, როცა საქმე კულინარიას ეხება, აქ მთავარი გემოა. 

ამ თემაზე პროექტის მზადების პროცესში ყოველთვის საკვების სტილისტთან შეთანხმებულად მუშაობს. იხსენებს 10 წლის წინანდელ წარმატებულ ბეჭდურ რეკლამას, რომელიც გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად შექმნა. მთავარი სათქმელი ‒ პროდუქტი, რომლითაც ვიკვებებით, ხშირად გენმოდიფიცირებულია ‒ საოცრად კრეატიულად გადმოსცა.

საუკეთესო რეკლამა და პროდუქტის განთავსება კინოში

მაგიდაზე ჰაეროვნად იყრება ფქვილი… ნელა ეცემა კვერცხის გული და ფქვილს მიმოფანტავს… დანას გახუხული პურის ზედაპირზე უსმევენ… სპეციფიური ხმა… პურის ნამცეცები… ტაფის შიშხინი… ბოსტნეულის სწრაფად დაჭრის პროცესი… ‒ რეკლამები ყოველგვარი სცენარისა და შინაარსის გარეშე, თუმცა, საუკეთესო რეჟისურით, ვიზუალით, გადაღებისა და მონტაჟის ტექნიკით შექმნილი. კულინარიის თემაზე გაკეთებული პროექტებიდან, კარაქი “LURPAK” ‒ ის სარეკლამო რგოლებს გამოარჩევს.

„ეს ვიდეო რგოლი ზუსტად ისე მოქმედებს შენზე, როგორც ტიტანიკის ყურებისას ჯეკის წყალში ჩაძირვის სცენა. ემოციურად, მარტივად და გასაგებ ენაზე არის ნაჩვენები კულინარია. რაც შეეხება გასტრონომიულ თემას კინოში… ბავშვობიდან დამამახსოვრდა სცენა ფილმიდან „ამადეუსი”, სადაც ქალი მიირთმევს ტკბილეულს, რომელსაც ვენერას ძუძუები ჰქვია და შესაბამისად გამოიყურება.”

კრახი

კერძებს არასდროს ამზადებს, თუმცა, იზიდავს ყველაფერი, რაც შემოქმედებასთან კავშირშია ‒ მათ შორის კულინარიაც. მხოლოდ ერთხელ, მოსკოვში, ძალები ამ სფეროშიც მოსინჯა.

„რაღაც პერიოდი მოსკოვში, ჩემი მეუღლის სახლში ვცხოვრობდი. ერთხელაც გადავწყიტე, რომ ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, სპონტანურად ოჯახისთვის მომემზადებინა სადილი. ვიყიდე ანანასი და ხორცი, არც ვიცი რომელი ნაჭერი იყო… რატომღაც, ხორცი დავკეპე, ხახვი დავჭერი, ხორცის თხელ ნაჭრებში სხვადასხვა პროდუქტი გავახვიე და რულეტის ფორმა მივეცი. შემდეგ შევწვი და ანანასის ნაჭრებით გავაფორმე. ზემოდან კარის სოუსი მოვასხი და შუაში საწებლის სქელი ზოლი გავაკეთე. თითო რულეტთან ერთად თითო
ანანასი უნდა აგეღო. საოცრად გემრიელი გამოვიდა. ამ წარმატების მერე ვიფიქრე, რომ კულინარიული ნიჭი მქონდა. ამიტომ, მეორედაც ვცადე და საშინელება გამომივიდა. რაც გავაკეთე, მთლიანად გადავყარე.”

greanpeace_scoprion_o  greanpeace_grasshopper_o

Agency: BBDO Moscow
Brand: Greenpeace
Art-director: Giorgi Popiashvili (idea),
Fabiano Marques
Photo: Goran Tacevski
Copywriter: Ilya Petrov, Tanya Moseeva
Client service: Anya Bogdanova
Creative Director: Andrey Illiasov

Awards:
* Moscow International Advertising
Festival – Gold
* Idea.ru: Poster of a month
* Epica Awards – Silver

greanpeace_spider_o

„ბოსტნეულს და ხილს ვაძლევდით მორიელის, კალიის და სხვა მწერებისა თუ ქვეწარმავლების ფორმას, რომლის გენსაც ხშირად იყენებენ პროდუქტის დასამზადებლად. მაგალითად, ხახვისგან ობობა გავაკეთეთ ‒ მწვანე ნაწილი ფეხები იყო, თეთრი კი ‒ თავი.“

ქართული სამზარეულო

ეროვნული კერძებიდან ყველაზე მეტად აჭარული ხაჭაპური უყვარს. ფიქრობს, რომ საინტერესო პროდუქტია ‒ გემრიელია და დამახასიათებელი ვიზუალი აქვს, მოსამზადებლად კი მარტივია.

აღნიშნავს, რომ ქართული სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანი და გამორჩეულია. თუმცა, როგორც ინოვატორს და შემოქმედებითად მოაზროვნეს მიაჩნია, რომ ქართულ სამზარეულოში ახალი, თამამი იდეები და ექსპერიმენტები გვაკლია.

„ბოლო დროს, მსოფლიო კულინარიაში აშკარა ტექნოლოგიური წინსვლაა. როგორც სხვა სფეროებში, აქაც ახალი იდეები გაჩნდა. ქართულმა კულინარიამ კი რაღაც ეტაპზე განვითარება შეწყიტა. ერთ ადგილას გაიყინა. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ უცხოელ მზარეულს ვესაუბრებოდი. გაოცებული იყო ‒ საქართველოში რამდენი სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი მოიპოვებაო. ჩვენ კი არც ვაქცევთ ყურადღებას, თითქოს სარეველა ბალახია. ეს ადამიანი დარბოდა ტყე-ღრეში და საოცარ ინგრედიენტებს აგროვებდა.

ერთი მცენარეა ‒ დანდური, ყველა მიტოვებულ ადგილას და ბზარებს შორის ამოდის. ბებიაჩემი მიმზადებდა ხოლმე. მარტივად კეთდება ‒ ნიორთან ერთად უნდა მოთუშო და ქინძი მოაყარო. ძალიან გემრიელია. ბევრმა კი არც იცის მის შესახებ. ქუჩაში რომ მხვდება, სულ აღვნიშნავ, რომ უგემრიელესი პროდუქტია. ასე რომ, მესმის იმ მზარეულის, რომელიც გაოცებული იყო ჩვენი შესაძლებლობებით.”

ფიქრობს, რომ საფრანგეთი და იტალია კულინარიის ეპიცენტრია. თუმცა, ბერლინსა და ჰამბურგში ცხოვრების გამოცდილების შემდეგ, მისთვის ყველაზე გემრიელი გერმანიის ნებისმიერ კუთხეში ნაყიდი საკვებია. ამბობს, რომ იქ უბრალო მაღაზიაში სოსისი და პურიც კი გამორჩეულია.

ასოციაცია

„ალბათ ვუდი ალენი ყველაზე გურმანი რეჟისორია. ვუდის უყვარს თამამად იმის ჩვენება, რომ ადამიანები სულაც არ ვართ ზე-არსებები. ზე-იდეების გარეშე, ძალიან მშვიდად იკმაყოფილებს თავის გარყვნილებას გემრიელი კერძებით და შესაძლოა თვითონაც ამზადებს.“

IMG_9340

ფოტო: თინა შაბურიშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com