ირლანდია

Trademark-Fine-Art-Belfast-Northern-Ireland-Skylin

სოფიო თავხელიძის ბლოგი

ხმაურიანი პაბი, კელტური მუსიკა, მხიარული შეძახილები, ვისკი, რაგბი, მუქი ლუდი, ბევრი პოზიტივი, სამყურა ყვავილი …რა თქმა უნდა, ირლანდია, დუბლინი. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: თუ გინდათ, რომ ქვეყანა კარგად გაიცნოთ, მუზეუმები ბოლოსკენ გადადეთ და ქალაქის ქუჩებში გაისეირნეთო. მეც ამ დარიგებით ვხელმძღვანელობ.

დუბლინში გვიან თენდება. ირლანდიური სამზარეულოს გაცნობას საუზმით ვიწყებ. ქუჩაში უმისამართოდ სიარულის შემდეგ, კელტურ სტილში გაფორმებულ კაფეში ამოვყავი თავი. ვთხოვე, მენიუდან ისეთი fry-up მოეტანათ, როგორსაც მათი წინაპრები მიირთმევდნენ.

არსებითი განსხვავებაა კონტინენტურ ევროპასა და ბრიტანულ-ირლანდიურ საუზმეს შორის. საფრანგეთსა და იტალიაში დილა ყველით, კარაქითა და მრავალფეროვანი ჯემებითაა დატვირთული. დუბლინში, ირლანდიური საუზმით იმდენად დანაყრდებით, რომ მთელი დღის რაციონს მიიღებთ, თუმცა თანამედროვე ირლანდიაში fry-up ძირითადად კვირა დღის საოჯახო ტრაპეზია.

full-irish-breakfast

Irish Fry-UP

ერთი კვერცხის ომლეტი, ნელ ცეცხლზე შემწვარი რბილი ირლანდიური ბეკონი, სოსისი, მობრაწული პომიდორი, სოკო პორტობელო, ოქროსფერი კარტოფილი, სოდა-პურზე გადასმული კარაქი, ფერმერის ყველი Dubliner, თეთრი და შავი პუდინგი Drisheen დღის საუკეთესო დასაწყისია! (ირლანდიური პუდინგი ძეხვს წარმოადგენს, თეთრი – ღორის ხორცისგან მზადდება, შავ პუდინგში კი საქონლის ან ღორის შედედებული სისხლია შვრიის ფანტელებით).

ირლანდიამ თავისი ისტორიის მანძილზე რამდენიმეჯერ გამოიარა მძიმე შიმშილობა, საუზმე ყოველთვის ასეთი ნოყიერი და მრავალფეროვანი არ ყოფილა. ხორცს, თევზს, რძეს შეძლებული ირლანდიელების სუფრაზე თუ ნახავდით. მოსახლეობის უმრავლესობა, მრავალშვილიანი ოჯახები, ერთი დიდი ქვაბის პრინციპს იყენებდნენ. მასში ათავსებდნენ ყველა იმ პროდუქტს, რაც მათთვის იმ დროისთვის ხელმისაწვდომი იყო. საქონლის ან ცხვრის ხორცის მცირეოდენი ნაჭრებით, კარტოფილით, ხახვით ჩატვირთულ ქვაბში იხარშებოდა ჩვეულებრივი ირლანდიელის სადილი. ინგრედიენტების ცვალებადობით იქმნებოდა ირლანდიური სტიუ-რაგუ და სახვადასხვა მარტივი წვნიანი. ქვაბს, ცეცხლიდან მოხსნის შემდეგ, აპირქვავებდნენ ნაკვერჩხალზე და მის შიგნით პურეულს აცხობდნენ.

ამ მხარეში დღემდე პოპულარულია, სოდაზე ამოყვანილი რუხი პური „სოდაპური“, ჩირითა და კენკრით შეზავებული სხვადასხვა ღვეზელი Barmbrack.

Barm-Brack-Traditional-Irish-Halloween-Bread-6

Barmbrack

მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან ირლანდიაში კარტოფილის გამოჩენამ ძლიერ იმოქმედა ამ ქვეყნის სამზარეულოზე. ფქვილს კარტოფილს უმატებდნენ და პურის გარდა მაჭკატებს „ბოქსტს“ აცხობდნენ. კარტოფილის პიურეს გარეშე უკვე წარმოუდგენელია ირლანდიელის რაციონი. მთავარი კერძიდან, დღეს უკვე ხორცის გარნირებად იქცა: პიურეში ჩათუშული კომბოსტო Colcannon და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის გამოყენებით დამზადებული Champ. ბოლო დროს პაბებში პოპულარობით სარგებლობს მოხარშული ღორის ფეხები-Crubeens და ხახვში მოშუშული სოსისი ბეკონით Coddle.

Culinart_N12_PRINT2

Colcannon

ამინდი შეიცვალა, შესაძლებლობა მაქვს დუბლინი კარგად დავათვალიერო. ქალაქი ვიკინგებმა დაარსეს, თუმცა მისი აღმავლობა მე-18 საუკუნეში დაიწყო. აქ ნახავთ ინგლისური სტილის სახლებს ფერად-ფერადი კარებით. ქვით მოკირწყლული ქუჩის გადასასვლელებს, გამაფრთხილებელი ნიშნებით „გაიხედე მარჯვნივ“, „გაიხედე მარცხნივ“. მდინარე ლიფს, რომელშიც ორაგულები დაცურავენ, ციყვებს ცენტრალურ პარკში და, თუ ყურს დაუგდებთ, გოგონა მოლის სევდიან ხმასაც გაიგებთ, დუბლინის ქუჩებში რომ დადის და ხამანწკებს ყიდის…

ირლანდიელებმა, რომელთა გენეტიკურ მახსოვრობაში მძიმედ აღიბეჭდა მრავალი განსაცდელის პერიოდი, კარგად იციან სტუმარ-მასპინძლობის ფასი, გულთბილად დაგეხმარებიან ნებისმიერ ვითარებაში. მათი განვლილი გზა გაკვეთილია, რათა სხვის მიმართ კეთილგანწყობილი მასპინძლები იყვნენ.

აქ ჩამოსულმა სტუმარმა რამდენიმე ღირსშესანიშნაობა უნდა დაათვალიეროს.

გინესის მუზეუმი

guinness-logo

ლუდი Guiness, 1759 წელს, არტურ გინესმა დააფუძნა დუბლინში. კომპანია, დღესაც იმავე ტერიტორიაზე ახორციელებს ნონ-სტოპ რეჟიმში ლუდის ჩამოსხმას. აქვე განლაგებულ, ფერმენტიზაციისთვის განკუთვნილ ძველ შენობაში კი მუზეუმია გახსნილი.

„ირლანდიურობის“ ერთ-ერთი სიმბოლო წარმოუდგენელია ირლანდიის სხვა სიმბოლოს – კელტური არფის გარეშე. გინესმა იგი გახადა საკუთარი სავაჭრო ნიშანი უფრო ადრე, ვიდრე ქვეყანა გამოსახავდა გერბზე. ვისაც ოდესმე უსარგებლია ცნობილი ირლანდიური ავიაკომპანიის Ryan-air მომსახურებით, მისთვის ცნობილი იქნება, რომ არფა ასევე, ამ კომპანიის სიმბოლოც არის.

გინესის მუზეუმში წარმოდგენილია ისტორია, წარმოების პროცესი, ფირმის სარეკლამო რგოლები. ირლანდიაში ლუდი პინტებით განისაზღვრება (1 პინტი უდრის 0,568 ლიტრს) და მასში 198 კალორიაა, იმაზე ნაკლები, რაც ფორთოხლის წვენშია. იგი ისხმება ტიტას ფორმის ჭიქაში ორ ეტაპად: ჯერ 45 გრადუსით დახრილ ბოკალში 3/4 ლუდს ასხამთ და მაგიდაზე დგამთ რომ დაწდეს. შემდეგ, იღებთ მას და ნელი ჭავლით ავსებთ ბოლომდე. ყოველივე ეს 2 წუთამდე გრძელდება. არომატების სრულად აღსაქმელად გინესი უნდა მოსვათ ერთ დიდ ყლუპად, ისე რომ ზედა ტუჩზე ქაფი დაგრჩეთ. გინესის მუზეუმის დათვალიერებასთან ერთად საშუალება გეძლევათ ერთი პინტი უფასო ლუდი დააგემოვნოთ მუზეუმის მე-7 სართულზე Gravity Bar- ში, საიდანაც ლუდსახარშის და დუბლინის პანორამული ხედი იშლება. სხვა პოპულარულ ირლანდიურ ლუდებს მიეკუთვნება Murphy's, Kilkenny, Harp.

events-brochure-2

gravury-bar

Gravity Bar

ჯეიმსონის ძველი სახდელი

ქარხანა„ღმერთმა გამოიგონა ვისკი, რათა ირლანდიელებს არ დაეპყროთ მსოფლიო“. ამ ცნობილი გამონათქვამით, და ოდნავ შენიღბული ტრაბახით, გამოხატავენ ირლანდიელები პატივისცემას ბევრი მამაკაცის ერთ-ერთი საყვარელი სასმელის მიმართ.

Jameson-Courtyard-landscape

The Old Jameson Distillery

საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს დავა, თუ რომელია ვისკის სამშობლო, ირლანდია თუ შოტლანდია. ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია და ალბათ ასეც დარჩება მომავალში. ირლანდიაში ჯერ კიდევ კელტი ბერები ხდიდენ ვისკის და მას გაელიკურად Uisge Beatha უწოდებდნენ, ანუ „სიცოცხლის წყალს“. სიტყვა Uisge კი ხანგრძლივი ტრანსფორმაციის შემდეგ იქცა სიტყვად Whisky. განსხვავებაა მართლწერაშიც. თუ შოტლანდიელები „ვისკის“ წერენ როგორც Whisky, ირლანდიელები მასში ერთ ზედმეტ ასოს ამატებენ – Whisky. ეს ზედმეტი ე ირლანდიელმა ემიგრანტებმა შორეულ ამერიკაში წაიღეს და სიტყვის იქაური ვერსია ირლანდიურის მსგავსია.

თუ შოტლანდია საქვეყნოდ ცნობილია თავისი ერთალაოიანი ვისკებით (Single Malt), ირლანდია აღიარებულია თავისი „შერეული“ (Blended), სამჯერ დისტილირებული ვისკებით. ტორფიანი და კვამლიანი შოტლანდიელი „ბიძაშვილებისგან“ განსხვავებით, ირლანდიურის გემო და არომატი უფრო მსუბუქი და ხავერდოვანია. ორასწლიანი ისტორიის Jameson ყველაზე პოპულარული ვისკია მწვანე კუნძულზე. სასმელის დაძველება მიმდინარეობს კასრებში, რომელშიც ადრე ბურბონი ან ჰერესი ესხა, ოქროსფერი შეფერილობა სწორედ მათი დამსახურებითაა.

ჯემისონის ვისკის ძველი სახდელი ქარხანა დუბლინში (The Old Jameson Distillery) დღეს გადაქცეულია ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, სადაც მიმდინარეობს წარმოების სრული პროცესის ინსპირაცია, კასრების შექმნის ტექნოლოგიის გაცნობა და თავად ვისკის დეგუსტაცია. ჩემდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ჯემისონის დეგუსტატორის სერთიფიკატი ავიღე (თუმცა, ეს დიდ სიძნელეებთან სულაც არ იყო დაკავშირებული).

უფრო ადრე, 1608 წელს, დღევანდელ ჩრდილოეთ ირლანდიაში დამზადდა მსოფლიოში პირველი ლიცენზირებული ვისკი, რომლის ადგილზე შემდგომში დაიწყო Bushmills ჩამოსხმა. ტიტულოვანია აგრეთვე Tullamore Dew. იგი მრავალი პრიზითაა დაჯილდოვებული და რამდენჯერმე საუკეთესო ირლანდიური ვისკის წოდებაც მოიპოვა. ძალზედ ცნობილი ვისკებია Redbreast, Powers, Connemara.

უკვე საღამოა, სანამ ქალაქს დავემშვიდობები მივდივარ იმ ადგილას, სადაც დუბლინელები და მათი სტუმრები იკრიბებიან – ტემპლ ბარი. ეს კრებითი სახელი უფროა, რაც პაბების, ბარებისა და რესტორნების რიგს წარმოადგენს. აქვეა U2-ს სასტუმრო The Clarence Hotel და დუბლინის ყველაზე ძველი პაბი The Brazen Head. ირლანდიური ტრადიციით, თუ ერთ პაბს ესტუმრეთ, არც მეორეს უნდა აწყენინოთ და ასე რამდენიმეს შემოვლით თქვენ „პაბური ცოცვის“ (Pub Crawl) მონაწილე ხდებით.

brazen-head

The Brazen Head

შორიდანვე გამოარჩევთ წითლად შეღებილ პაბს, მიახლოებისას კი ნაციონალური მუსიკა გესმით, ვიოლინოსა და აკორდეონის რითმული პასაჟებით. ჯეიმსონის კასრებთან შემომსხდარი სტუმრები მხიარული შეძახილებით მუსიკოსებს ამხნევებენ და სასმელის წრუპვაში მუსიკით ტკბებიან. ადგილები აღარ იყო და გამოსვლა დავაპირე, რომ სცენასთან ახლოს მჯდომმა შუახნის კაცმა მოკრძალებულად დამიძახა, მანიშნა რომ ადგილს მითმობდა. მიახლოებულს თავაზიანად გამიღიმა და დაინტერესდა საიდან ვიყავი, მერე გინესის ჭიქა ასწია და წასვლისას ერთი სახუმარო ირლანდიური სადღეგრძელო წარმოთქვა – „მე ვსვამ შენ და ჩემს სადღეგრძელოს, რომ მუდამ მეგობრები ვიქნებით, მაგრამ თუ ოდესმე ვიჩხუბებთ, ეშმაკმაც წაგიღოს, მე გამიმარჯოს!“

500x333.pm0.bgFFFFFF

The Wild Geese

wildgeeses

მალე, 17 მარტს, წმინდა პატრიკის დღეს იზეიმებს ირლანდია და დანარჩენი მსოფლიო. ბრიუსელიც ამ დღის მოლოდინშია. ჩემს „პაბურ ცოცვას“, მეგობრების გარემოცვაში, "The Wild Geese"-ში გავაგრძელებ. აქ ნამდვილი კელტურ- ირლანდიური გარემოა, ნილ კავანასა და მისი ქართველი მეუღლის მაკა შენგელაიას წყალობით. შეფ-მზარეული კრის ტეილორი საუცხოო ირლანდიურ სადილს მთავაზობს. ხბოს ხორცი გინესის ღვეზელში, ქოლქანონი, სეზონურ ბოსტნეულთან ერთად. ტრადიციას არ დავარღვევ და წმინდა პატრიკის დღეს გინესს სამყურას დავადებ, რომ ნამდვილი ირლანდიელივით ლუდი ისე ჩავცალო სამყურა ჭიქის ფსკერზე დავინახო. მერე კი, იმ გასაოცარ ამბებს მოვყვები „გინესის რეკორდების წიგნმა“ ლუდთან სასაუბრო თემად რომ აქცია.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com