NEWCOMERS

5_issue_culinart72

იანა პობედონოსცევა  24 წლის 

განათლება: დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი, საბანკო საფინანსო საქმის განხრით. კულინარიის აკადემიაში სწავლა ერთი წლის წინ გადაწყვიტა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი სახლში მოუწია გაჩერება და კულინარიით ამ დროს დაინტერესდა. ინტერნეტში რეცეპტების ძებნა და თავად მომზადება დაიწყო. შემდეგ სწავლა გადაწყვიტა კულინარიის აკადემიაში, სასერტიფიკატო პროგრამით: კონდიტერი, ოსტატი, მზარეული, შეგირდი. ამბობს, რომ მზარეულის ფორმა, პროფესიული სამზარეულო და კულინარიული შოუები ყოველთვის იზიდავდა.

გეგმები: მომავალში საკუთარი რესტორნის გახსნა სურს, აკადემიაში ჩაბარებაც ამის გამო გადაწყვიტა. თუმცა, ამბობს, რომ ჯერ ადრეა, რადგან საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, თუ როგორი სტილის რესტორანი უნდა. მისი თქმით, კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია. ზუსტად იცის, რომ მაქსიმალურად შეეცდება იმ სტერეოტიპის დარღვევას, რომელიც დღევანდელ სარესტორნო ბიზნესში გვხვდება. ცდილობს, სხვადასხვა კერძი გასინჯოს, თუნდაც მისთვის არამიმზიდველ პროდუქტებს შეიცავდეს. განსაკუთრებით იტალიურ კერძებს გამოყოს, ასევე უყვარს ქართული ნაციონალური სამზარეულო.

სიცილიური კანოლი

ინგრედიენტები:
* ფქვილი – 350 გრ
* კარაქი (ცივი) – 60 გრ
* შაქარი – 30 გრ
* მწიკვი მარილი
* 1 ც. კვერცხი
* 1 ან ½ ჭიქა ნახევრად ტკბილი ღვინო (ღვინოს ცომის კონსისტენციის მიხედვით ვასხამთ)

შიგთავსი:
* რიკოტას ყველი – 500 გრ
* შაქრის პუდრი – 150 გრ
* 1 ც. ფორთოხლის ცედრა (შესაძლებელია ცოტა ლაიმის ცედრის დამატებაც)

კენკრის სოუსი:
* ჟოლო – 250 გრ
* შაქარი – 150 გრ
* ცუკატები (გასაფორმებლად)

მომზადების ტექნოლოგია: ფქვილი და კარაქი ავზილოთ ერთმანეთში, ქვიშის კონსისტენციის მიღებამდე.
დავამატოთ შაქარი და მარილი, შემდეგ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. მიღებულ მასას ჩავუმატოთ იმდენი რაოდენობის ღვინო, რომ ცომი ელასტიკური გახდეს. შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთი.

შიგთავსი
რიკოტას ყველს დავამატოთ პუდრი და ცედრა, მოვურიოთ და გავატაროთ საცერში, უფრო ნაზი კონსისტენციისთვის. სასურველია, მიღებული მასა გავაჩეროთ მაცივარში.

კენკრის სოუსი
დავაბლენდეროთ ჟოლო, შაქართან ერთად და გავატაროთ საცერში. გაცივებული ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ თხელი რგოლები, გადავაკრათ მილისებურ ფორმაზე და კარგად შევუკრათ კიდეები. ამის შემდეგ ჩავუშვათ გაცხელებულ ზეთში და შევწვათ 3-4 წუთის განმავლობაში (ოქროსფერის მიღებამდე), მოვაცილოთ მილისებური ფორმა და დავაცადოთ გაცივება. საკონდიტრო ტომარა დავტენოთ უკვე გაცივებული რიკოტას კრემით და მოვრთოთ, – გვერდებზე ფერადი ცუკატებით, ზემოდან კი კენკრის სოუსი მოვასხათ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com