სალომე ბენიძის ბლოგი

უსახელოური.  შემოდგომის სიზმარი 

„ღვინო, რომელიც შემიყვარდა, გერმანიაში დავლიე. სახელი არ მახსოვს. იმ ბიჭს ჰგავდა, რომელმაც დამისხა – ცივი იყო და სასიამოვნო.“
ჩემი მეგობარი თაკო

ზოგჯერ თვალღია სიზმრებს ვხედავ. როცა ძალიან ვიღლები, მაგრამ დასვენების დრო არ მაქვს და ენერგია მჭირდება, გონებას ვთიშავ და საკუთარ თავს ქვეცნობიერში მიძინებული ოცნებების ამარა ვტოვებ. და როცა ასე ხდება, მე ვხედავ მთებს (მერე რა, რომ ცნობიერად, ზღვა უფრო მიყვარს), ქონგურებმორღვეული ციხე-სიმაგრეების აქა-იქ გაბნეულ ნანგრევებს, მზიან ფერდობზე გაშენებულ ვენახს, სადაც მწკრივებს შორის გავრბივარ, გზადაგზა მწიფე მტევნებს ვწყვეტ და გემოს ვუსინჯავ. გრძელი, ჭრელი ჩითის კაბა მაცვია, ისეთი, ყურძნის წვენი დიდად რომ არ დამეტყოს. ალბათ, თექვსმეტი წლის ვიქნები. ვიცი, რომ ვენახის ბოლოს, კაკლის ძირში, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან, ჩემი ოჯახის კაცები სხედან.
ეს ვენახი ჩემია, ეს მიწა, ფეხქვეშ რომ ვგრძნობ, ჩემი წინაპრების დამუშავებული. ეს სიზმარი — ჩემი გენეტიკური მეხსიერებაა, საუკუნეებგამოვლილი, შესანახად და გასაგრძელებლად რომ გადმომეცა. ეს სიზმარი უფრო ძველია, ვიდრე ჩვენი საოჯახო ისტორიები აფხაზეთზე, იმდროინდელია, როცა ჩემი წინაპრები ჯერ კიდევ ლეჩხუმის მთებში ცხოვრობდნენ, იმ სოფელში, სადაც იზრდება, ნაყოფს იღებს, იწურება და უგემრიელესს, წითელ ღვინოდ იქცევა ვაზის იშვიათი ჯიში, ყველაზე ლამაზი სახელით — უსახელოური.
სოფელი, რომელზეც გიყვებით, არასოდეს მინახავს. უამრავი წლის წინ ჩემი წინაპრები იქიდან აიყარნენ და ახალი ცხოვრება დაიწყეს. როგორც ჩანს, ეს უნარი — ყველაფრის თავიდან დაწყების, წაქცევის შემდეგ ფეხზე წამოდგომის, მათგან ისევე მერგო მემკვიდრეობით, როგორც ვენახის სიყვარული.
თუ მთაწმინდაზე, ჩემი მეგობრის აივანს აყოლილი ვაზის სიცილ-კისკისით მოკრეფას არ ჩავთვლით, ნამდვილ, დიდ რთველში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. არასოდეს ვმდგარვარ საწნახელში. არასოდეს დავკვირვებივარ, როგორ ეცვლება ქვევრში ჩაყენებულ ჯადოსნურ სითხეს ფერი,
სურნელი და გემო. მხოლოდ ხანდახან, როცა საკუთარ თავთან დარჩენის დროს ვპოულობ, თბილისურ მარნებში და ღვინის მაღაზიებში მიყვარს გავლა, მიყვარს იქაური სიგრილე და სიჩუმე, ბოთლებზე მიკრული ეტიკეტების კითხვა, ღვინის დაკვირვებით დაგემოვნება, ცალი თვალის მოხუჭვა და მეორე თვალით ჭიქის მიღმა გახედვა. ჰო, ასეთი შემოდგომა მიყვარს.
ტრადიციულად, ქალები ღვინის დაყენებაში არ მონაწილეობდნენ — უფლება არ ჰქონდათ. შესაბამისად,
ისტორიას მეღვინე ქალების სახელები არ შემოუნახავს. თუმცა, ვერ დავიჯერებ, რომ ისინი განზე იდგნენ და ჩუმი, ფარული წვლილი არ შეჰქონდათ მეღვინეობის, ისევე, როგორც ბევრი სხვა დარგის განვითარებაში. ვერ
დავიჯერებ, რომ მამაკაცების გვერდით, ქალებიც არ უვლიდნენ ვაზს, არ რეცხავდნენ საღვინე ჭურჭელს და
ზოგჯერ, თუნდაც მალულად, საწნახელშიც არ დგებოდნენ. ზოგჯერ, როცა მაღალფეხიან ჭიქას ხელში ვატრიალებ და ღვინის სუნსა და ფერს ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანს რამდენიმე ცხოვრება აქვს, შეიძლება, სხვა ცხოვრებაში სწორედ ის ქალი ვიყავი, რომელიც ღვინოს საიდუმლოდ აყენებდა.
ჩემი სიზმარი ასე გრძელდება — კაბის კალთებს ვიკეცავ, საწნახელში ფეხშიშველი ვდგები და ყურძენს ვჭყლეტ.

მუქი სითხე თიხის ჭურჭელში იღვრება. ღვინო, რომელსაც უსახელოურს ეძახიან, ჩემს წინაპრებს ჰგავს — ნახევრად ტკბილია, როგორც შორეული, გაცრეცილი მოგონებები, სურნელოვანია, როგორც მთებში ჩაბუდებული შემოდგომა და ძლიერია, როგორც ჩვენი გენი.
მე, მხოლოდ ახირებული ოცნების მჯერა. მჯერა, რომ თუ ოცნებაა, სწორედ ახირებული და უცნაური უნდა იყოს, თორემ სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, მიზანს ემსგავსება და ფრთების გაშლის ნაცვლად, მიწაზე მყარად დგომას გთხოვს. ჩემი ოცნება კი ასეთია — მინდა, ოდესმე მოვახერხო და ლეჩხუმის ერთ მიკარგულ სოფელში, მზიან ფერდობზე შეფენილი, პატარა ვენახი ვიყიდო, სულ რამდენიმე მწკრივი ვაზით, უშველებელი სინათლითა და უზარმაზარი იმედით.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ქალი მეღვინეებიც უწევენ კონკურენციას მამაკაცებს, ვიცი, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც მეტყვის, რომ ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ქალის საქმე არ არის. მე კი მგონია, რომ თუკი თანამედროვე ქალებმა შევძელით, სინამდვილედ გვექცია წინა თაობების ქალების ოცნება
საკუთარი ოთახის შესახებ, არც საკუთარი ვენახისა და მარნის ქონაა შორეული პერსპექტივა, მითუმეტეს, თუ
ის გოგო ხარ, ვისი სახელიც საგვარეულო ხის ერთ-ერთი ტოტის ყველაზე ბოლო ნაყოფადაა მონიშნული და იცი, რომ მთელი მემკვიდრეობა, ცუდიც და კარგიც, მხოლოდ შენია, რომ შენი მოვალეობაა დაკარგული ზღვის დაბრუნებაც და დავიწყებული ვენახის ხელახლა გასხვლაც.
…ჩემს სიზმრებს ხშირად შემოდგომის ფერი აქვს. ხანდახან, უბრალოდ, ვზივარ და ვცდილობ, ქუთუთოები ერთმანეთს მივუახლოვო, მაგრამ არ გამომდის. და სწორედ მაშინ, როცა წამწამებს შორის შემდგომის შუქი მეპარება, მე ვხედავ სიზმარს — სადღაც, მთის კალთებს შორის, მზით განათებულ ფერდობზე, ვენახი მოჩანს, ჩემი წილი ვენახი, ჩემი სახელობის უსახელოური.

9_Issue_CulinArt_Page_0391

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com