დიპლომატია, კულინარია და ეტიკეტი
ქალების გადმოსახედიდან
ნაწილი მეორე
… ოთხშაბათი / 4 თებერვალი
… 11 : 45 a.m
ბრიუსელის ერთ-ერთი ცენტრალური და ყველაზე პრესტიჟული გამზირი- Avenue Louise. ვუახლოვდები # 124-ს და სუსხიან ჰაერში უკვე იგრძნობა ხრაშუნა კრუასანისა და ცხელი შოკოლადის პურის საოცარი სურნელი. « Le Pain Quotidien » (« ყოველდღიური პური »)- ბელგიური საცხობი-რესტორანი, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, Alain Coumont-ს საკუთარი ბებოს მიერ გამომცხვარი პურის სურნელის ძიებამ დააარსებინა. ბრიუსელის « ცუდი » პური მისი შთაგონების მთავარი წყარო გახდა შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც დღესაც კი, პური უძველესი რეცეპტებით მზადდება, თავად ცხობის პროცესი კი ხშირად რვა საათსაც აღემატება. თუმცა, ეს შრომატევადი და საოცრად დახვეწილი ცხობის მეთოდი, ნამდვილად ღირს ამად ! ინტერიერი დღესაც ისეთივეა, როგორიც ავტორის თავდაპირველ ჩანაფიქრში- სოფლის ესთეტიკა, ყველაფერი მარტივი და « სახლური ». რესტორნის მენიუ კი ფერმერთა ნამდვილი ზეიმია, BIO ინგრედიენტები და უმაღალესი ხარისხი. სალონის სკამები და მაგიდები გადამუშავებული ხისგან არის დამზადებული, « ასე რომ, მოჭრილ ხეებზე დარდი აქ ნამდვილად არ მოგიწევთ » – ასე გვამშვიდებენ რესტორანში გამოკრული ბანერებიც. ეს ადგილი ჩემმა მეგობრებმა თავად აარჩიეს. დღეს, აქ, თქვენთან შესახვედრად ვიკრიბებით. გადავწყვიტე, ეს ადამიანები თქვენ გაგაცნოთ და ჩემი ბლოგის მეორე ნაწილიც მთლიანად დავუთმო მათ კომპეტენტურ რჩევებსა და გამოცდილებებს.
ელჩი მეუღლის უღელში მყოფი, ჩემი უკვე ყოფილი «კოლეგები», კითხვებზე ძალიან მარტივი პასუხებით, თანამედროვე ეტიკეტის დღევანდელ ფორმებზე თავიანთ შეხედულებებს გაგანდობენ – დიპლომატია, კულინარია და ეტიკეტი ქალების გადმოსახედიდან !
Liza VERSHBOW – თანამედროვე სამკაულის ცნობილი დიზაინერი, ნატო-ს გენ. მდივნის მოადგილის მეუღლე
Sylvie GAUVIN- კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ნატო-ში კანადის ელჩის მეუღლე.
Hande JEYLAN- დიპლომატი, მხატვარი, ნატო-ში თურქეთის ელჩის მეუღლე.
ეტიკეტის საკუთარი განსაზღვრება:
ლიზა: ეტიკეტი, პირველ რიგში წესების გააზრების და შემდგომ მათი ადექვატური გამოყენების ხელოვნებაა. ამას დროც სჭირდება და გამოცდილებაც. როგორც ყველაფერს ახალს, ეტიკეტის გათავისებასაც თავისი გზების პოვნა უნდა. წესების ხელმარჯვედ გამოყენება, გარკვეულ გონიერებასაც მოითხოვს.
სილვი: ისეთი “ახალგაზრდა” ქვეყნისთვის, როგორიც კანადაა, ეტიკეტი არის არატრადიციულ საფუძვლებზე შექმნილი წესების კრებული. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ ახალი თაობის ქვეყანა ვართ და ეტიკეტიც შესაბამისი გვაქვს. ეტიკეტის ისტორიული საწყისი ბურჟუაზიასთან ასოცირდებოდა. დიდი ისტორიის მქონე ტრადიციულ სახელმწიფოებში, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გარკვეულ წილად “ელიტური” წრის კომპეტენციადაც ითვლებოდა. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებამ ბევრი შეხედულება თავდაყირა დააყენა. თანამედროვე ეტიკეტიც სწრაფად განვითარდა და ახლა საკუთარ უხერხულ წესებს, თითქოს თავად იშორებს თავიდან. სულ ახლახანს, მაგიდაზე იდაყვების ჩამოლაგება ცუდ ტონად ითვლებოდა, თუმცა დღეს, ეს ასე უკვე აღარ არის. თანამედროვე ეტიკეტი უფრო პრაქტიკული და სხარტია.
ჰანდე: ეტიკეტი ბავშვობიდან ცხოვრების წესად მაქვს. დედაჩემი აქტიური დიპლომატიით იყო დაკავებული, სტუმრები და მიღებები ბავშვობის მოგონებებიდან მახსოვს. სულ პატარას შემეძლო ეტიკეტის სრული დაცვით გამეწყო სუფრა. ეტიკეტი, ვფიქრობ სინთეზია ერუდირებული გონების და არჩეული სწორი ცხოვრების წესის. მთელი ცხოვრება ხომ ისედაც სწავლაა, ეტიკეტის კომპონენტებიც საჭიროების მიხედვით, შემოგაქვს ან არ შემოგაქვს შენი საკუთარი ცხოვრების წესში.
ეტიკეტის კულტურული “შტრიხები” ?
ლიზა: ყველა ქვეყანას თავისი “კულტურული” ეტიკეტი აქვს და ამას მხოლოდ მოგზაურობით და სხვა ხალხებთან ურთიერთობით აღმოაჩენ. 2005-2008 წლებში ჩემი მეუღლე ამერიკის ელჩის რანგში სამხრეთ კორეაში მსახურობდა. მახსოვს, პირველი ოფიციალური საღამო, სადაც დიდი პატივით დაგვირიგეს პერსონალური ვერცხლის კოვზები, რაც სუფრაზე განლაგებული მრავალი საერთო თეფშიდან, პირდაპირ კერძების დაგემოვნების საშუალებას იძლეოდა. საერთო თეფშიდან მირთმევა, მსგავსს ოფიციალურ მიღებაზე, ჩემი პირველი კორეული აღმოჩენა გახდა.
სილვი: 80 იანი წლების დასაწყისში თურქეთში ვმსახურობდით. ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე ისტორიაა. აქ მოგზაურობას არც საწყისი აქვს და არც ბოლო. ეტიკეტი ბევრ რამეს გვავალდებულებდა, მათ შორის ქუჩაში საელჩოს მანქანით გადაადგილებას და მუდმივად კონტროლის ქვეშ ყოფნას. თურქეთის მსგავსს ქვეყანაში კი, ეს ყველაზე დიდი დისკომფორტია, აქ თავისუფალი მოძრაობა სიცოცხლის ტოლფასია. მაშინ პირველად ვთქვი
უარი ქალაქში პერსონალური ასისტენტით სიარულზე. ეტიკეტი შეგიძლია მოირგო ისე, რომ არაფერი დაზიანდეს.
ეტიკეტი – უხერხულობა?
ჰანდე: 3 წელი სუდანში ვცხოვრობდით. საკუთარ “ჩატანილ” ეტიკეტს აქ “დახვედრებული” ეტიკეტი ერწყმის და ეს სინთეზი ძალიან საინტერესო ხდება. პირველი თავსატეხიც სუდანს უკავშირდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ადამიანს ვხვდებოდით და მათთან ურთიერთობაც გვიწევდა, თუმცა, ძალიან ხშირად ოფიციალურ დღესასწაულებზე სუდანელები, ეტიკეტის თანახმად, ეროვნული ტანისამოსით იმოსებოდნენ, რაც ნაცნობი ადამიანების ამოცნობას ჩვენთვის, სრულიად შეუძლებელს ხდიდა. სუდანური ”ჯალაბია” (თავსაბურავი და ტერფის სიგრძემდე დაშვებული გრძელმკლავებიანი ფართო სამოსელი, როგორც ქალებისთვის ისე მამაკაცებისთვის) ეტიკეტს, მნიშვნელოვან ნაციონალურ ელფერს სძენდა.
ლიზა: კორეაში ცხოვრებისას, მქონდა პატივი, უნიკალურ კორეულ ტრადიციას-ჩაის მირთმევის ცერემონიას დავსწრებოდი. Darye-სიტყვასიტყვით ჩაის მირთმევის ეტიკეტს ნიშნავს. ამ პროცესს ჰარმონიაში მოჰყავს მასპინძელიც და სტუმარიც. დაბალი მაგიდის ირგვლივ მუხლებით ეშვები და წვივებზე ჯდები, ზურგში გამართული და ოდნავ დახრილი თავით. ცერემონია საკმაოდ ნელია, მასპინძელი ჯერ სათითაოდ ათბობს უნატიფესი ფაიფურის ჯამებს, ჩაის ფოთლების ბუკეტს დაწვრილებით გიხსნის და ზღაპარივით გიყვება მისი ქვეყნის მდიდარ კულტურაზე. ამ ცერემონიას უკავშირდება ჩემი უიღბლო მცდელობაც, ჩაის მირთმევის კორეული პოზა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, შემჩნევა მეუხერხულა, თუმცა პროცესის დასასრულს წამოდგომა გამიჭირდა და სამარცხვინოდ დავეცი. ჟურნალისტებმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვეს და ჩემი ეტიკეტური მარცხიც ფირზე სათანადოდ აღბეჭდეს.
“არა ეტიეკეტური” საჩუქარი
ლიზა: რუსეთში 2001 წელს ჩავედით. ეტიკეტს აქაც თავისი წახნაგები აქვს. საჩუქართან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება. 8 მარტს, დიპლომატთა მეუღლეები თეატრში მიგვიწვიეს, ქალთა დღე მოგვილოცეს და საჩუქრებიც გადმოგვცეს. რამდენიმე თაიგულთან ერთად თეფშით მორთმეულმა ნამცხვარმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. შემდეგ ფოტოებიც გადაგვიღეს- გაღიმებული სახით, ყავილებით და ნამცხვრის თეფშით ხელში.
ყველაზე “არაეტიკეტური” კერძი ოფიციალურ ვახშამზე
ლიზა: ლობსტერი და სპაგეტი. მათი მირთმევა ოფიციალურ სუფრაზე ნამდვილად უხერხულობას ქმნის.
ჰანდე: გულ-ღვიძლი ან რაიმე შიგნეულობა.
სილვი: ღორის ხორცი- ბევრისთვის ძალიან სენსიტიური თემაა და უცხო ადამიანთა გამასპინძლებისას, სჯობს თავი დავიზღვიოთ.
ყველაზე “ეტიკეტური” ხილი და ბოსტნეული
ლიზა: მარწყვი და სატაცური
ჰანდე: კარამბოლა ( ეგზოტიკური ხილი) და არტიშოკი
სილვი: ბროწეული და პომიდორი საუბარი სასიამოვნოდ გაგვიგრძელდა, ყველაფერი ჟურნალის ფურცლებზე ვერ და არ მოხვდა, ესეც ეტიკეტის სრული დაცვით. შეხვედრის დასასრულს კი უცბად დავინტერესდი:
მოულოდნელად გადაწყდა, ქვეყნის პირველი ოფიციალური პირის სტუმრობა თქვენს რეზიდენციაში- აქვე დავუზუსტე- “ეტიკეტური” გამასპინძლებისთვის კი მხოლოდ 30 წუთი გაქვთ-თქო.
პასუხებმა ჩემი ბლოგის დასკვნითი ნაწილი თავად შექმნეს. ალბათ, ქვეცნობიერის კუნჭულში, ქართულმა სტუმარმასპინძლობამ თავი იჩინა და ჩემი რესპოდენტებიც ადვილად წარმომადგენინა, როგორ დაფაცურდებოდნენ და 30 წუთში სახელდახელოდ მოფიქრებულ ვახშამსაც, როგორ გაშლიდნენ, მაგრამ იქვე შეცდა! თანამედროვე ურთიერთობის ეტიკეტი, თუ-კი რამეს არ ნიშნავს, პირველ რიგში სტრესს და მით უმეტეს, არც რაიმეს მიმართ დაძაბულობას და შიშს. take it easy! დაუგეგმავ სტუმრობას- დაუგეგმავი მასპინძლობა ცუდ ტონად ნამდვილად არ ხვდება. პირიქით, თუ უპირველეს ყოვლისა, ეტიკეტი წესია და ნორმა, ნორმიდან ამოვარდნილ სიტუაციას ის სათანადოდ ერგება და მცირედი ძალისხმევით, თუმცა გონივრული მიდგომით და დახვეწილობით, ყოველგვარი სტრესის გარეშე, ყველაფერს “ხუთიანზე აწყობს”! სახლში ყველას აქვს ჩაი და რაიმე სახის ტკბილეული- აუღელვებლად განაგრძეს ჩემმა მეგობრებმა- მთავარია სასიამოვნო გარემო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი “კარგ ფორმაში” ( ამ სიტყვაში კი ყველაფერი იგულისხმეს) მყოფი მასპინძელი!
ასე რომ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, მოკრძალებული დასკვნაც თავისით ამოტივტივდა ზედაპირზე- ბევრს ყოველთვის როდის მოაქვს სიკეთე, ზედმეტი კი ხშირ შემთხვევაში შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს. ზომიერება
ურთიერთობაშიც და მასპინძლობაშიც. ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით, მდიდრულად “გაძეძგილი” სუფრა და სტუმარმასპინძლობაზე გადაჭარბებული ფილოსოფიები .
წინა ნომერშიც მარკ ტვენი დამეხმარა და ეხლაც შევაწუხებ: “too much of anything is bad” – Mark Twain.
ზომიერება ყველაფერში!
საუკეთესო სურვილებით,
ქეთი ჩხიკვიშვილი