პურის ნატეხის მეხსიერება

786fe9c5_shutterstock_128558903.xxxlarge_2x

დავჯექი, ვიფიქრე, გუშინ დაწყებულ ლექსს დავამთავრებ-მეთქი.

ამინდია ისეთი, ლექსი უნდა დაიწყო-დაამთავრო, დაიწყო-დაამთავრო.

არადა, სურნელი მომდის ‒ დედამ გადაწყვიტა ახალი პურის საცხობი გამოსცადოს და პურს აცხობს ‒ ცოტა მზესუმზირას და მწვანე ზეთისხილსაც გაურევს, ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთსაც. სურნელია ენით აღუწერელი, როგორ აგიხსნათ? აი, ისეთი სურნელია, სახლში მყოფები ყველანი მიგვწი-მოგვწია, ყველა სავარძელი და სკამი დაიკავა, ყველა საწოლზე მოკალათდა, ყველა ჭერი და კუთხე დაიპყრო. ლამის სკამიდანაც ამაგდოს და ჩემ მაგივრად გააგრძელოს კომპიუტერის კლავიატურაზე კაკუნი, თავისი ამბავი თავადვე დაწეროს.

სურნელია ისეთი, ისეთი…

ჰოდა, ბრახ და მეც ბავშვობაში გადავეშვი.

ის ძალიან, ძალიან ცუდი წლები გახსოვთ? გაკვეთილებს რომ ლამფის მწვანე შუქზე ვსწავლობდით. ჰო, შეიძლება არ იყო ის შუქი მწვანე, მაგრამ თვალები ისე მეწვოდა, ისე მეწვოდა, სულ მწვანედ მეჩვენებოდა.

სამოსზე ნავთის სუნი აგვდიოდა, წიგნებზე ნავთის სუნი აგვდიოდა, ხან ნავთის, ხანაც დიზელის. დღემდე ამ ორი საწვავის სუნს სუნამოს ექსპერტივით უცებ ვარჩევ.

ჰო, პურზე ვლაპარაკობდი, გახსოვთ როგორი რიგები იყო? ბავშვებს არ გეხსომებათ, უფროსებს ‒ კი, თუ ძალით არ დაივიწყეთ.

დადგებოდი რიგში, იყავი, ვთქვათ, რომელიღაც N336 (ხელზე დაგაწერდნენ), დაღამდებოდა, გათენდებოდა, დილის ოთხ საათზე შეიძლება მოგწეოდა და N335-ის ბედნიერი სახის დანახვის შემდეგ მოგქონდა შინ პური ‒ მწვანე, მძიმე, სუნიანი, ზოგჯერ ლურსმან თუ ტარაკანაჩართული, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა. თუ სახლში შაქარი იყო, მოაყრიდი ამ პურს შაქარს, უფრო სწორად, ფრთხილად მოაფრქვევდი და იყო მშვენიერი ბუტერბროდი, ხატავდა საბურავით დანთებულ ცეცხლზე ადუღებულ ჩაის.

დღემდე ყველაზე დიდი ფობია მაქვს, როდესაც საპურეში პური არაა, ადგილს ვკარგავ და ვერ ვისვენებ. იმდროინდელი შიშია.

იმ დღეებში, მახსოვს მეზობელმა 2 ტომარა გაფუჭებული ფქვილი გამოიტანა და გადაყარა. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაგიფუჭდეს 2 ტომარა ფქვილი, როცა იცი, რომ შენ ირგვლივ ყველას შია?! თუმცა, რა ჩემი განსასჯელია.

„რომ დავადგებით მოსაცომავათ, პიჯვარს დევიწერთ: ღმერთო და მამა ზეციერო, შენ მიეცი ბარაქა ჩემს ნათეს-ნამუშევარს, მუშას, მოყანეს, შენ გაუმარჯვე მათ, სახლის წმინდა ანგელოზო“, ‒ ეს დიალექტური კორპუსის ერთ–ერთი ზეპირი მთქმელია, პურის ცხობის ამბებს ჰყვება. იცით, რამდენნაირ პურს აცხობდნენ ქართულ ოჯახებში? მოდით, ისევ კორპუსს ჩავხედოთ: „ვაცხობდით ბევრნაირ რამეს ჩვენი წესით. რომელი რომელს შემოკანულს ვაკეთებდით, რომელი ‒ სართვიანს, რომელი ისე:

1.ქადიანი. ნიგოზს დავნაყავთ, გამოვხდით ზეთათ. ამ ზეთში პურიფქვილს მოვსვრით. ეს სართავია. ამას ჩოურთამთ პურში, შემოვაკანავთ მერე და ამას უძახით ქადიანს. გარეთაც ზეთს წოუსვამთ და სადიდებულო საჭმელია. 

2.ასე ჩართვა ვიცით: ლობიო, ქონი, ცერცვი, ყველი და ხაჭო. ესენი სუყველა სართვიანი პური იქნება. რასაც
ჩაურთამთ, იმის სახელს ვეტყვით. ლობიოჩართული, ქონიჩართული.

3.ღვეზილი. დიდი პური გამოცხობა ვიცოდით. ნახევარი ფუთი გამევიდოდა, სქელი იყო. შიგნი ჩართული ქონდა ყველი და თელ-თელი მოხარშული კვერცხი. გძელი იყო, გამოყვანილი. იცოდენ კაცის ძღვენათ ან ლხინში.

4.უდიერის ლავაში. ესიც დიდი შეუპოვარი იყო, უდიერისთვის იცოდენ მისი მიტანა.

5.ბასილას ახალწელიწადს ვაცხობდით. კაცი სახე ქონდა, თვალები ლობიოსი ქონდა ჩამსხდარი. იმაზე
გამევიყვანდით მთვარეს, მზეს, ვარსკვლავებს, ნალს, ლურსმნებს. ნალში ლობიო იყო ჩადებული, ვითომ ლურსმანია-თქვა. ბასილს ჩავაგდებდით ღვინიან ჭურჭელში და ვიგებდით იმ წლი მოსავალს, რავა გადაბრუნდებოდა იმითი. ყრუობა იყო, შვილო, ახლანდელი ფოქუზების არაფერი გვესმოდა. ისე ერთმანეთის გატანა მეტი იყო, ვა, შე კაცო!

6.ციცინაური კეცში გამომცხვარი აღვივებული პური იყო, წითლათ აბრაწული.

7.ხმიადი იყო ოუვალი პური, წყლით მოზელილი. საჭრელობელათ ‒ საჭრელობელა ‒ დაკბილული პატარა ფირფიტა, ხის, რომლითაც აჭრელებენ პურს იყო მოჭრელებული. იმას მეწისქვილე თუ გეიკეთებდა.

8.ნაზუქი. ფქვილს მოზელენ რძეში, კვერცხს და შაქარს უზმონან, ერბოს და ქიშმიშს და თონეში აცხობენ, ცოტა მოდიდოთ, სამკუთხეთ. რგვალი პური რომ გაჭრა, ისეთია.

9.რგვალი პური. გამოცხობა ვიცით ღველფში წაბლი ნეშოთი.

10.თხელი ლავაშების დაცხობა კეცებში ან თონეში ვიცით. იმას დანი წვერით ან რამეთი ჩევიღებთ და დავალაგებთ გობზე.

/გამოცემა: შინამრეწველობის მასალები (პირველ– ასლები) (შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით) ჩაწერის წელი: 1935/

ვკითხულობ და ვხედავ, როგორ მოჰყავთ ხორბალი, ქართული ჯიშის, ახლა უკვე დავიწყებული, როგორ ლეწავენ, მერე ხორბალი წისქვილში ხვდება. იქ ამბები იქნება? მეწისქვილეები, ლეგენდები, მითები, ეშმაკები და ანგელოზები, ზღაპრები და სინამდვილე… მერე ფქვილი შინ მოაქვთ, ცრიან, უზარმაზარი, ხის საცერიდან
ფქვილი იფრქვევა, როგორც იანვრის დილას თოვლი, შემდეგ თბილი წყალი, პურის ხაში და ზელენ ცომს, აფუმფულებენ, როგორც ზაფხულის მზიან დღეს ბატის ბუმბულის ბალიშებს გაოიტანს და ააფუმფულებს ხოლმე ბებია…

მერე კი სულ სხვადასხვაგვარი ცხვება, თონეში თუ ღუმელში, მრგვალი თუ მოგრძო, ლავაში თუ ხმიადი,
ჯვარდასმული თუ ცხიმწასმული…

მერე, რომელიმე ლოყაწითელი ბავშვი ყუას მიატეხავს და კიდევ ერთხელ შეასრულებს ცხელი პურის
მოკბეჩის მაგიურ რიტუალს, რომელიც გრძელდება და გრძელდება…

მარადიულად ტრიალებს დილაბი და ფქვავს და ფქვავს, ფქვავს და ფქვავს…

ჰო, ეს ყველაფერი სურნელმა გამახსენა, პურის სურნელმა, მაინც როგორი უცნაური მახსოვრობა იცის პურმა.

bread-185

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com