FOOD LOVERS

4_issue_culinart131

მაკო მეტრეველი

FOOD LOVERS – რუბრიკის სახელიდანაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ აქ გაიცნობთ იმ ადამიანებს, რომელთათვისაც საჭმლის მომზადება პროფესიას არ წარმოადგენს და უბრალოდ ამ შესანიშნავი პროცესით და შედეგით ტკბებიან. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ გემოს და იციან ის პატარა საიდუმლო რომელიც ყველა, თუნდაც მოყვარული მზარეულისთვის აუცილებელია – კერძის, ყველაზე მარტივისაც კი, სიყვარულით მომზადება.

დღეს Food Lovers- ის სტუმარი, მაკო მეტრეველია, პიარ სპეციალისტი, რომელიც ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკის და ორი შვილის დედობის მიუხედავად პოულობს დროს გემრიელი, საინტერესო და რაც მთავარია, ჯანმრთელი კერძების მოსამზადებლად. მაკო – გარდა პროფესიული საქმიანობისა, აქტიურად მისდევს სპორტს, არ ეწევა სიგარეტს, ცდილობს მხოლოდ ჯანსაღად იკვებოს და ყველას მოუწოდებს, მიბაძონ, რაც მეც ნამდვილად არ მაწყენდა.
„სულ რამდენიმე წელია, რაც ჯანმრთელი საკვები ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა. ბავშობიდან სხვადასხვა სპორტის სახეობით ვიყავი დაკავებული, თუმცა ჯანმრთელად არ ვიკვებებოდი. რაც გავიზარდე, სწორად კვება ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, როგორც ვარჯიში. საკმაოდ ბევრი პროდუქტი ამოვიღე კვების რაციონიდან, შეიძლება ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჯანმრთელად ვიკვებები. ძალიან მიყვარს სალათები, წელიწადის ამ დროს კი ჯერ კიდევ შესაძლებელია ახალი და ჯანსაღი ბოსტნეულით გემრიელი კერძის მომზადება. საკვების მომზადების პროცესსაც მარტივად ვუყურებ, რამე თუ მომეწონა, აუცილებლად ვიგებ როგორ მზადდება, თუმცა არსებობს ისეთი კერძიც, რომელსაც შენ თვითონ ქმნი და ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. სამწუხაროდ, ექსპერიმენტებისთვის ნაკლებად მცალია, მაგრამ მაინც ვცდილობ, გამოვნახო დრო განსხვავებული საკვების მოსამზადებლად, ეს პროცესი ძალიან მახალისებს – მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მშვენიერი განტვირთვის საშუალებაა. გემრიელი კერძის მოსამზადებლად მთავარია იყო მოხერხებული და გქონდეს გემოს აღქმის უნარი, იმისთვის რომ სხვადასხვა პროდუქტები შეუხამო ერთმანეთს. შეიძლება იყო გურმანი, მაგრამ არ შეგეძლოს გემრიელი საჭმლის მომზადება. გემრიელი კერძი გამოდის მაშინ, როდესაც მას გულით ამზადებ და ამ პროცესში მთელს ენერგიას ჩადებ“.
მაკომ უგემრიელიესი სალათი და საზამთროს ლიმონათი მოგვიმზადა. პატარა წვილილი მეც შევიტანე და ნივრიანი პურები გამოვაცხე.

სატაცურის სალათი თაფლის საწებლით

4_issue_culinart132

სატაცურის სალათი 4 ადამიანზე
* 400 გრ. სატაცური
* 600 გრ. მწვანე ლობიო
* 2 დიდი კონა „რუკოლა“
* 600 გრ პომიდორი
(სასურველია „ჩერი“,მაგრამ ჩვეულებრივი პომიდორითაც მშვენიერი გამოდის). სურსათის რაოდენობა გემოვნებისამებრ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ უმჯობესია, თუ თანაბრად გადანაწილებთ სალათში.

მომზადების წესი:
ზეითუნის ზეთში 5 წთ. ვთუშოთ მწვანე ლობიო და სატაცური, შემდეგ გავაშროთ ხელსახოცზე, რომ სალათს ზედმეტი ცხიმი არ შეყვეს. დაკეპილ „რუკოლას“ და პომიდორს შევურიოთ მწვანე ლობიო და სატაცური.

4_issue_culinart133

თაფლის საწებელი

* 10 გრ. თაფლი
* 50 გრ. არახისი
* 10 გრ. შაშკვლავი
* 30 გრ. ზეითუნის ზეთი
* 1/2 ლიმონის წვენი
(2 ჩ.კ. თაფლი და დანაყილი ან წვრილად დაჭრილი მიწის თხილი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ 2 ჩ. კ. „ბალზამიკო“, ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი და 1/2 ლიმონის წვენი, კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ და მოვასხათ სალათს. მარილი – გემოვნებით და სალათიც მზად არის.

ნივრიანი პური
სურსათის სარგო:
* 500 გრ. პურის ფქვილი
* 2.5 გრ. საფუარი
* 1 ჩ.ჭ. წყალი
* 1 თავი ნიორი
* ½ ჩ.კ. მარილი
* 30 გრ. ზეითუნის ზეთი
* 20 გრ. გამხმარი შაშკვლავი

მომზადების წესი:
1 ჩ. ჭ. თბილ წყალში გახსნილ საფუარს დავუმატოთ ფქვილი და მარილი, ვზილოთ, სანამ მასა ხელზე აღარ მიგვეკრობა. დავამრგვალოთ საშუალო ზომის ცომის ბურთებად, დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე და დაველოდოთ, როდესაც ამოფუვდება (დაახლ. 30 წთ.), შუაში ჩავჭრათ, ჭრილებში ნიორი ჩავყაროთ და შევდგათ 150-170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. დაახლ. 20 წუთში ღუმელშივე პურებს ზემოდან წავუსვათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ შაშკვლავი. როდესაც პური ფერს შეიცვლის და ზემოდან მოიბრაწება, შეგიძლიათ გამოიღოთ და მიირთვათ.

4_issue_culinart1111_Page_118

საზამთროს ფრეში

სურსათის სარგო:
საზამთრო, ყინული.

მომზადების წესი:
საზამთროს მოვაშოროთ კურკები და ავთქვიფოთ ყინულთან ერთად, სილამაზისთვის შეგვიძლია გავაფორმოთ ლაიმის თხელი ნაჭრებით.

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com