FOOD LOVERS

5_issue_culinart99

ანო ჩელიძე

ადამიანები, რომლებიც უპირველესად გურმანები არიან, სიყვარულითა და ინტერესით ამზადებენ ძალიან გემრიელ კერძებს. ამაში ყოველი ახალი Food Lovers – ის პოვნის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები. მათი განსაკუთრებულობა სწორედ ისაა, რომ ყოველგვარი პროფესიული განათლების გარეშე ძალიან გემრიელ და საინტერესო კერძებს ამზადებენ.

თქვენი და ჩემი სტუმარია ანო ჭელიძე – 26 წლის ძალიან ლამაზი და ენერგიული იურისტი, ამასთან, როგორც აღმოჩნდა, ძალიან კარგი კულინარიც. მისი ძირითადი საქმიანობა ოჯახი და სწავლაა. ანოს მეუღლე და 4 წლის შვილი ჰყავს. სწავლობს „ჯიპაში“, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს, ეს ორი მნიშვნელოვანი საქმე ერთმანეთს შეუთავსოს. ამასთან, დროსაც პოულობს იმისათვის, რომ ოჯახსა და მეგობრებს ძალიან საინტერესო კერძებით გაუმასპინძლდეს. 

ანომ ისეთი აღტაცებითა და ხალისით ილაპარაკა კულინარიაზე, რომ სანამ კერძს მოამზადებდა, უკვე დარწმუნებული ვიყავი, წინ რაღაც ძალიან კარგი მელოდებოდა.

„გურმანი ვარ, ვგიჟდები გემრიელად ჭამაზე; ეს ვის არ უყვარს? აქედან გამომდინარე, საჭმლის მიმართ ინტერესი, რაც თავი მახსოვს, სულ მქონდა. მიყვარდა ბებიაჩემთან ერთად სამზარეულოში რომ ვფუსფუსებდი, თუმცა, ალბათ ხელს უფრო ვუშლიდი, ვიდრე რამეში ვეხმარებოდი. დროთა განმავლობაში მან რაღაცებიც მასწავლა. საჭმლის ხშირი მომზადება ოჯახის შექმნის მერე დავიწყე. ყოველდღიურად ნამდვილად არ მიწევს ეს საქმიანობა, მაგრამ როცა ამის დრო და განწყობა მაქვს, ვაკეთებ. თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულო მიყვარს, რადგან თითოეულს თავისი უნიკალური გემო აქვს. „კულინArt“- ის ოჯახის, მეგობრების, ინტერნეტისა და კულინარიული გადაცემების წყალობით, ჩემს კულინარიის რვეულში უამრავი რეცეპტია.“
ჩემი აზრით, კულინარიაში მნიშვნელოვანია გემო, ფანტაზია და ვიზუალური მხარე… ანომ, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა, კიდევ ერთხელ გაამყარა ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გემრელი კერძის მოსამზადებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია.

„ვფიქრობ, რომ მომზადების დროს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონდომება. რასაც აკეთებ, მთელი გულით უნდა აკეთო. ძალიან მსიამოვნებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების კარგი შეფასებების მოსმენა. რაღაცას რომ ვაკეთებ და მათ მოსწონთ, ვგიჟდები.“

5_issue_culinart100

ანომ უგემრიელესი კერძი მოგვიმზადა. კეთების პროცესში ისეთი სურნელი დატრიალდა ჩემს სამზარეულოში, რომ ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ღუმელიდან ნახევრად გამზადებული კერძი გავსინჯე. პიკანტური და განსხვავებულად მომზადებული ქათამი, ბრინჯის გარნირით, ნამდვილად დაუვიწყარ გემოს გაგრძნობინებთ. რამდენიც არ უნდა ვეცადო, სიტყვებით მაინც ვერ გადმოვცემ ქათამ “Teriyki”-ს გემოს, ამიტომ სჯობს, აუცილებლად მოამზადოთ და თავად დარწმუნდეთ ჩემს მონათხრობში. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა და ანომ უგემრიელესი ტარტიც მოამზადა.

აზიური კერძი – ქათამი “ტერიაკი”

5_issue_culinart101

ინგრედიენტები:
• ქათმის ხორცი ან ქათმის ფილე – 1კგ.
• სოიოს სოუსი (მარილიანი) – 130 მლ.
• ვაშლის ძმარი – 4 ს.კ.
• შავი პილპილი (დაფქული) – 1 ჩ.კ.
• ყავისფერი შაქარი – 150 გრ.
• სახამებელი – 2 ჩ.კ.
• ნიორი – 4 კბილი
• ჯინჯერი – 8-10 სმ
• ბრინჯი – 1 ჭიქა

მომზადების წესი:
მოზრდილ ქვაბში აურიეთ – შაქარი, სოიოს სოუსი, ვაშლის ძმარი, შავი პილპილი, გახეხილი ჯინჯერი და ნიორი; 50 მლ ცივ წყალში გახსენით სახამებელი და ჩაასხით მასაში, შემდეგ დადგით გაზქურაზე და ურიეთ ადუღებამდე, სანამ არ გასქელდება. აიღეთ „ჟარონა“, ფუნჯით წაუსვით ზეთი, დაალაგეთ მასზე დაჭრილი ქათამი და დაასხით მომზადებული სოუსი ისე, რომ სოუსი თანაბრად გადანაწილდეს ხორცზე. მოათავსეთ კერძი წინასწარ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი. ყოველ 5-7 წუთში ქათამი სოუსში კარგად აურიეთ, რომ გაუჯდეს. პარალელურად მოხარშეთ ბრინჯი. ყველაზე მეტად ამ კერძს გრძელი, ინდური
ბრინჯი „ბასმატი“ მოუხდება. 200 გრ ბრინჯი ჩაყარეთ 1/2 ლ ადუღებულ წყალში. 10 წუთის ხარშვის შემდეგ ბრინჯი გაწურეთ საწურზე, დაუმატეთ მარილი – გემოვნებით და ბრინჯიც მზად არის.

დესერტი:

ტარტი ჟოლოთი და მაყვლით

5_issue_culinart102
გულსართი:
• ჟოლო და მაყვალი – 1/2 ჭიქა
• დაფქვილი შაქარი – 40 გრ
• ფქვილი – 20 გრ

ინგრედიენტები ცომის მოსამზადებლად:
• ფქვილი – 210 გრ
• მწიკვი მარილი
• დაფქული შაქარი – 2 ს.კ.
• უმარილო შერბილებული კარაქი – 115 გრ
• კვერცხი – 1 ც.
• თხევადი ვანილი – 1 ჩ.კ.
• ცივი წყალი – 2 ს.კ.

ცომის მომზადების წესი:
ფქვილი, შაქარი, მარილი ერთმანეთს შეურიეთ და ხელით შეაზილეთ შერბილებული (არა გამდნარი) კარაქი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული და თხევადი ვანილი და მიღებულ კონსისტენციას შეურიეთ. დაუმატეთ ცივი წყალი, მოზილეთ ცომი, დაამრგვალეთ, გაახვიეთ საკვების შესანახ პარკში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

მომზადების წინ გამოიღეთ ცომი, ტარტის ფორმას წაუსვით კარაქი, ოდნავ ფქვილიც მოაყარეთ, ტარტის ცომის გუნდა კარგად გაშალეთ ხელით და ოდნავ ამოიყვანეთ გვერდებში. ჟოლო და მაყვალი დაალაგეთ ფსკერზე, ზემოდან მოაყარეთ ერთმანეთში შერეული დაფქული შაქარი და ფქვილი და შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 200 გრადუსზე, აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი.

ინგრედიენტები კრემის
მოსამზადებლად:
• რძე – 0,3 მლ ლიტრი
• თხევადი ვანილი -1 ჩ.კ.
• კვერცხი – 3 ც.
• დაფქული შაქარი – 50 გრ
• ხორბლის ფქვილი – 2 ს.კ.
• სიმინდის ფქვილი – 2 ს.კ
• ლიქიორი – 1/2 ჩ.კ.

კრემის მომზადების წესი:
შაქარი და ერთი კვერცხის გული აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ორი დანარჩენი კვერცხის გული, შემდეგ ერთმანეთში აურიეთ ხორბლისა და სიმინდის ფქვილი და ნელ-ნელა ჩაყარეთ კვერცხისა და შაქრის მასაში, ურიეთ იქამდე, სანამ ერთიან მასად არ იქცევა. ქვაბში გააცხელეთ რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. ნელ-ნელა გაკეთებული მასა ჩაასხით რძეში და მიღებული საერთო მასა ცეცხლზე დადგით. ურიეთ, სანამ კრემივით არ გახდება. დაუმატეთ ლიქიორი და ვანილი გემოვნებით. კრემი წაუსვით გამომცხვარ
ცომს, სილამაზისთვის მორთეთ ჟოლოთი და მაყვალით. გემრიელად მიირთვით.

ფოტო: ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com