ყველაფერი ქეთი ჩხეიძის შესახებ

მარტო იმიტომ არა, რომ ალმოდო­ვარის მხატვრულ ახირებას ჰგავს მთლიანი კონტექსტი. არა, უფრო იმიტომ, რომ თითოეული კოსტუმი ხასიათის ახალ შტრიხებს ხდის თვალსაჩინოს. რა მაგარია, რა მოუ­ლოდნელი! ‒ ლამის ხმამაღლა იმეორებ და თანდათან ლოგიკურიც კი გეჩვენება ტრანსფორმაციის უსასრულო უნარი. „ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკადან ‒ მსახიობ ქეთი ჩხეიძემდე და ქეთი ჩხეიძიდან ‒ ყველა იმ ქეთი ჩხეიძემდე, რომელიც „კულინArt”­ის გარეკანისთვის ხან ყვითელი ქურქით პოზირებს, ხან ვარდისფერი ბერეტით და ხანაც ‒ რუხი პიჯაკით. ცოტა ჰიპსტერულისა და ცოტაც რომანტიკულის ნარევია; განწყობაც მსგავსი მოაქვს ‒ ფერა­დი და მათრობელა ‒ როგორიც ცხოვრებაა.

სამზარეულოს, გასტრონომიას რამდენად მნიშვნე­ლოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნამდვილად! ძალიან მიყვარს გემრიელი კერძების მომზადებაცა და დაგემოვნებაც. რომ გავთხოვდი, მერე უფრო ვისწავლე მზადება, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა ჩემი მეუღლისთვის მესიამოვნებინა, ‒ ამით ვიყავი გატაცებული. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვანაირად მეუბნებოდა, ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ყველაფერი გემრიელი არ გამომდიოდა. მერე ნელ-ნელა ვისწავლე და ახლაც ვსწავლობ.

თუ არის რამე, რაც განსაკუთრებით კარგად გამოგდით?

თევზის კერძების მომზადება მიყვარს, ფარშირებული სატენებით. წითელი ბულგარული, ცოტა ლიმონი, ტარხუნა, კარაქი ‒ ძალიან უხდება ეს კომბინაცია. ზოგადად, ალბათ, ყველას ჰგონია, რომ მისი საცივი ყველაზე გემრიელია და არც მე ვარ გამონაკლისი. ყოველ წელს ვამზადებ და ბოლოს არც ახალი წელი მინდა ხოლმე და არც არაფერი.

ყოველდღიურად გიწევთ მზადება?

გემრიელი საჭმელი რომ მოამზადო, ‒ კარგად, გულით, ‒ გარკვეული დრო სჭირდება. ჯერ მოტანას უნდა დრო, მერე დამუშავებას. სერიოზული საქმიანობაა, რომელსაც ყოველ დღე ვერ ვახერხებ დატვირთული სამუშაო რეჟიმის ფონზე.

ყოველდღიური მზადება რუტინაა?

აბა რა! მხოლოდ შრომა კი არაა, ‒ შრომას კიდევ რა უშავს, ‒ ძალიან მოსაბეზრებელიცაა. მარტო ეს რომ აკეთო, მოსაბეზრებელია და როცა რაღაცით იხალისებ ცხოვრებას, მაშინ კიდევ შეიძლება დაბალანსება.

თუ იყო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, როცა ყოველდღიურად გიწევდათ მზადება?

იყო, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი მაშინ, მაინც კარგად მახსენდება. შვილები პატარები მყავდნენ, სერიოზული რომანი მქონდა ჩემს მეუღლესთან და ყველაფერი მიხაროდა! მწვანილზე რომ მივდიოდი, ისიც კი.

რა გიყვართ ყველაზე მეტად?

ზღვის პროდუქტი და ბოსტნეული. სიყვარულით ეს მიყვარს, თუმცა უპრობლემოდ გეახლებით იმას, რაც არის. პრეტენზიული არ ვარ. რამეს რომ ვერ ვჭამდე, არ არსებობს ასეთი ჩემთვის. საფრანგეთში ვიყავი ხშირად. ეს – კარგო ‒ იქ მომზადებული ლოკოკინა, მენატრება ხოლმე ხშირად. ქართული კერძებიდან ელარჯი მიყვარს განსაკუთრებულად.

როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება კარგ მზარეულს?

ე. წ. პირის გემო და ინტუიცია, ‒ როცა შენ რაღაცებს იგონებ და არ გეშლება, რა რასთან კომბინაციაში იქნება ეფექტური. გარკვეული ცოდნაც უნდა, რა თქმა უნდა. სერიოზული პროფესიაა.

ახალი კერძების გასინჯვა თამამად შეგიძლიათ?

ზიზღის მომენტი საერთოდ არ მაქვს. წლების წინ ოჯახთან ერთად კამბოჯაში ვიყავი. ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა იქ ყოფნა და მეუღლემ შემომთავაზა, ეგზოტიკურად აღგვენიშნა ‒ ადგილობრივ ბაზარში გვეყიდა ყველაფერი, რაც გასინჯული არ გვქონდა და თვითონ მოგვემზადებინა. მაშინ დავაგემოვნე ზეთში მოხრაკული ხოჭოები, ობობები და კიდევ ერთი დიდი სახეობის ხოჭო ლუდთან ერთად. ალბათ, არავინ დაიჯერებს და იპრანჭებაო, იტყვიან, მაგრამ გემრიელი იყო ნამდვილად! უბრალოდ, ჩვენი თვალი რომ არაა მიჩვეული ამ ყველაფერს, ზიზღის გრძნობა გიჩნდება მაინც. არაა ჩვენს კულტურაში ხოჭო და ქვეწარმავალი.

კარგ ფორმაში ყოფნისთვის კვების კონტროლი გიწევთ?

ფორმაში ყოფნა ჩემი პროფესიის ნაწილია და ვერ ვიტყოდი, რომ გენეტიკის დამსახურებაა. გარშემო ყველა სრული მყავდა ‒ დედაც, მამაც, ბებია-ბაბუებიც, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემი იარაღი და პროფესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ‒ გარეგნობაა. სცენაზეც და ეკრანზეც. ამას თუ დავკარგავ, საქმესაც დავკარგავ. თან ძალიან მიყვარს ჭამა, ამიტომ თავის კონტროლი მიწევს. პერიოდულად დიეტაზე ვარ ხოლმე, ამით ვიცავ ბალანსს. როცა დაკავებული ვარ, ძალიან იოლად გამომდის და როცა დაკავებული არ ვარ, ვსუქდები, ცუდ ხასიათზე ვარ და ა. შ. ალბათ, როგორც ყველა.

ჯანსაღ კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?

გარკვეულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რა თქმა უნდა. რაც ჩვენ ჯანსაღი გვგონია, ისიც არ ვარგა დღეს და რაც ერთმნიშვნელოვნად იცი რომ ცუდია, იმაზე აღარაფერს ვამბობ. მაგალითად, თუ იძულებული არ ვარ, სწრაფი კვების ობიექტებს არ ვეკარები.

ხაჭაპურს კარგად აცხობთ?

ხაჭაპური კარგი რომ გამოვიდეს, განსაკუთრებული ყველია საჭირო. იმერული ხაჭაპურის მთელი საიდუმლო ამაშია. „ჩემი ცოლის დაქალებში“ სულ ხაჭაპურს ვაცხობ და სულ ცომში მაქვს ხელი. მთელი ცხოვრება მეყოფა, რაც მე იქ ცომი ვზილე.

იმერელი ხართ?

წარმოშობით იმერელი ვარ, მაგრამ თელავში დავიბადე. ბებიაჩემი, მამაჩემის დედა, სამშობიაროს მთავარი ექიმი იყო თელავში, ამიტომ იქ უწევდა ცხოვრება და მეც სკოლის ასაკამდე თელავში ვიზრდებოდი. ძალიან მიყვარს კახეთი!

იმერეთი?

იმერეთიც ძალიან მიყვარს! ძალიან რომ არ მიყვარდეს, ალბათ, ნუნუკას ვერ ვითამაშებდი. ბებიაჩემი ტიპიური იმერელი ქალი იყო ‒ თავისი ენერგიულობით, პეწით, ზომიერებით, სირბილით. იმერეთსაც ისევე, როგორც საქართველოს ყველა კუთხეს, თავისი, სრულიად განსაკუთრებული ხიბლი აქვს! სიმღერაშიც ჩანს, რამხელა რომანტიზმი აქვს იმერეთს.

ნუნუკას პროტოტიპი გყავდათ?

ორი ქალის სინთეზია. პირველ ეტაპზე, როცა ნუნუკა სოფელში ცხოვრობდა, მარტო მჭადს აცხობდა და იწყევლებოდა, ერთ-ერთი ქალის ინტონაცია, ხმა და ჩქარ-ჩქარა ლაპარაკის მანერა გამოვიყენე. მერე, თბილისში რომ ჩამოვიდა, ცოტა ჩაიცვა, დაიხურა, უკვე სხვა რაღაცები გახდა საჭირო, კიდევ ერთი ქალი გამახსენდა და იქით წავედი.

გიყვართ თქვენი გმირი?

ძალიან შემიყვარდა! მაყურებელს შეუყვარდა და, წარმოიდგინეთ, მე რა დამემართებოდა!

თანაუგრძნობთ როგორც ქალს?

ძალიან! იმდენად სწრაფად მოხდა ცვლილებები მის ცხოვრებაში, რომ წინააღმდეგობის გრძნობაც კი მქონდა. ძალიან მალე განვითარდა ამბავი ‒ როგორც ზღაპრებში ხდება, ისე. ზღაპრის ფორმა ჰქონდა თვითონ სიუჟეტსაც ‒ ფრიდონითა და ღორეშიდან ჩამოსული ნუნუკას რომანით. ზღაპარს ჰგავდა, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ზღაპარი ძალიან მალე მთავრდება, პროტესტის გრძნობა გიჩნდება; გინდა რომ გაგრძელდეს ცოტა, ერთი-ორი ფურცელიც დაემატოს. მე მეგონა, რომ გარკვეულ გზას გაივლიდა ეს ქალი ფრიდონისგან სახლში დაბრუნებამდე. მესმის, რომ ნუნუკა ხაჭაპურს აცხობს და მესმის, რომ ნუნუკასთვის სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ქალს ასეთი მამაკაცი ეტრფის და ოთახში ელოდება, შეუძლებელია ამ დროს მან ჭურჭელი რეცხოს და ეგონოს, რომ რა კარგია! ვიღაცისთვის ეს შეიძლება პრანჭვის ფორმაც იყოს, მაგრამ ასე იპრანჭებიან შტერი ქალები და ნუნუკა არ არის შტერი! ცა რომ გაიხსნება და დიდი ვარასკვლავი ჩამოვარდება, ასეთი რამ მოხდა მის ცხოვრებაში და ამას ნუნუკა, დიდი ალბათობით, სწორად შეაფასებდა. ნებისმიერ შემთხვევაში მე ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ პერსონაჟმა თავისი ნაბიჯით ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილი საქმე გააკეთა. ჩვენი ქვეყანა თავისი მენტალიტეტით, თავისი სიდუხჭირით ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, ლურსმანს რომ ჩააჭედებ თავში. ასეა უამრავი ჩემი ასაკის ქალი, გინდა ქალაქში და გინდა სოფელში. ნუნუკამ გაარღვია ეს კედელი და გავიდა. და ეს ძალიან დადებითი მოვლენა იყო. ყველაზე მთავარი სიხარული ადამიანის ცხოვრებაში არის იმედი. რაც არ უნდა ცუდად იყო, თუ შენ ჯანმრთელი ადამიანი ხარ, მაინც გაქვს იმედი და ნუნუკას პერსონაჟიც ამისკენ იყო მიმართული. მე ასე ვთამაშობდი, ეს იყო ჩემი ამოცანა შიგნიდან. მოცემულობაც ეს იყო. ასე დაწერა ქეთიმ და აქეთ წამიყვანა. არ ვიცი რას გვპირდება ახალი სეზონი, მაგრამ ჩემი უდიდესი სურვილი იქნებოდა ეს ქალი წინ წავიდეს.

რომელი სცენა იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური სათამაშოდ?

მაყურებლისთვისაც და ჩემთვისაც ყველაზე ემოციური, ალბათ, ის სცენა იყო, ნუნუკა სახლიდან რომ მოდის და სასტუმროში რჩება. მეც ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორიც მაყურებელს და რეალურად ვიტირე იმ სასტუმროში. სანამ დერეფანი გავიარე და ნომერთან მივედი, უკვე აბსოლუტური განცდა მქონდა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. არ გამიჭირდა არც მის მდგომარეობაში შესვლა და არც იმ სიტუაციის წარმოდგენა, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაშიც იყო მსგავსი რაღაცები. რამდენჯერ მიჩხუბია ჩემს ქმართან, წამოვსულვარ და მიტირია. განცდილი რომ გაქვს რაღაც, ის ემოცია უფრო ადვილად მოდის. ბევრი რამ გამახსენდა, ძალიან ახლოს მოვიყვანე ეს ქალი ჩემთან და კარი რომ გავაღე და ცარიელ ჩაბნელებულ ოთახში შევედი, გავიფიქრე, ღმერთო, ეს რა ხდება ჩემს თავს-მეთქი და წამოვიდა ცრემლი.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ?

განწყობა, რომ კარგად ხარ; რომ რაღაც მომავალი არსებობს. ასაკში რომ შედიხარ, იცი, რომ „მომავალში“ დიდი რომანები, მთებისა და ზღვების დაპყრობა არ იგულისხმება, მაგრამ ყველა ასაკში მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ზრდასრულ შვილებს უყვარხარ, მაგრამ იმდენად აღარ სჭირდები, მოვლენ, ჩაგეხუტებიან და გაიქცევიან. ამიტომაა აუცილებელი, განსაკუთრებულად მოეპყრა ადამიანებს, რომლებმაც გარკვეულ ასაკს მიაღწიეს. როცა ადამიანს ეუბნები: თავისუფალი ხარ! ‒ ის მიდის სახლში, გული უსკდება და კვდება. იმიტომ, რომ ადრეა ძალიან! ქვეყნის ღირსებაცა და სიმდიდრეც იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები აღიარო, მოუარო მათ. მაშინ ხარ შენ ღირსეული სახელმწიფო.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება სიყვარულის სხვა რამით კომპენსირება?

არა, არ არსებობს ამის დაბალანსება. დრამაა, როცა ეს არ არის. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სიყვარული, ბევრად მტკივნეულად განიცდის უიმისობას და თუ არასდროს გქონია, ინსტინქტურად მიისწრაფვი მისკენ, იმიტომ, რომ ადამიანი ამ გრძნობისთვის იბადება. ესაა მუზა. არ მოკვდები უსიყვარულოდ, მაგრამ ამ განცდის გარეშე ცუდია ძალიან ცხოვრება. მეტი არაფერი.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com