FOOD ასოციაცია

ნათია მეგრელიშვილი –  პუბლიცისტი

ეს ის შემთხვევაა, როცა რესპონდენტი გიმტკიცებს, რომ არც გურმანია და არც გამორჩეული კულინარი, მაგრამ არ გჯერა! უბრალოდ, არ გჯერა, იმიტომ, რომ მისი ხატოვანი თხრობა და კულინარიული ასოციაციები სულ სხვა ეფექტს ქმნის. პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი განსაკუთრებული აზარტით ტკბილეულზე საუბრობს და თვლის, რომ ფუნთუშების სიყვარულით მას მხოლოდ კარლსონი თუ გაეჯიბრება. 

– კულინარია რამდენად საინტერესო სფეროა თქვენთვის? 

– სულ ვამბობ ხოლმე, მე ვარ ზრდილობიანი კულინარი, რადგან ვიცი, რომ მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის წევრების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ვემორჩილები. ზოგადად კი, გურმანი ნამდვილად არ ვარ, ერთადერთი, რაც ძალიან მიყვარს, ფუნთუშაა. არასდროს მიჩნდება უცხო, ახალი კერძების დაგემოვნების სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურის ნაწილია, მით უმეტეს, როცა სხვა ქვეყანაში მიემგზავრები, სადაც პრინციპში კერძიდან იწყება ახალ ერთან და კულტურასთან ურთიერთობა, მე, სამწუხაროდ, ამ ახალი კერძების აღმოჩენის აზარტით არ გამოვირჩევი. აი, ტკბილეულთან კი ვმეგობრობ და ვთვლი, რომ პროფესიონალი ვარ ამ საკითხში. ნამცხვრიდან ფერი, არომატი მოდის, რომელიც გიზიდავს, სასიამოვნო განწყობას გიქმნის, გამხიარულებს. ფუნთუშები ჩემთვის პირდაპირ შთაგონების წყაროა! საერთოდ, განწყობის თეორია ყველაფერში მუშაობს და, მათ შორის, კერძებშიც. ნებისმიერ ტკბილეულს, ნამცხვარსა თუ მურაბას, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, სიმშვიდე მოაქვს ჩემთვის. 

– ხშირად ამზადებთ? 

– ყოველდღიურად. მთელი ცხოვრება მიწევს კერძების მზადება, რაც დიდი რუტინაა ჩემთვის. ალბათ, იმიტომ, რომ მე თვითონ არაფერი მიყვარს განსაკუთრებულად და არასდროს არცერთი კერძი არ მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ ჭამის სიყვარულით არ გამოვირჩევი, როგორც ამბობენ, ძალიან გემრიელი საჭმელები გამომდის. საერთოდ, განწყობაა მთავარი– როცა გულით ვამზადებ, შედეგიც შესაბამისია და როცა აუცილებლობით ‒ რასაკვირველია, იმ კერძს ეტყობა, რომ ის, უბრალოდ, გეგმიური კერძია და მეტი არაფერი. ამიტომ ვცდილობ ხოლმე გავახარო ოჯახის წევრები და მთელი გულით მოვამზადო. 

– კულინარიას ხელოვნებად მიიჩნევთ? 

– რა თქმა უნდა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგია. ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს ტელეკულინარიას. მომწონს როგორ მუშაობენ, როგორ იყენებენ ხელსაწყოებს, როგორ მოძრაობს მათი ხელები, რა სისწრაფით; ვაკვირდები მათ გემოვნებას, იმ ესთეტიკას, რომლითაც კერძებს აფორმებენ. მე, პირადად, არც გადაჭარბებულად გადაპრანჭული კერძები მომწონს და არც ძალიან მინიმალისტური, რაც დღეს ასე მოდაშია. სამი წვეთი ეს ინგრედიენტი, ხუთი ‒ ის ‒ ჩემთვის აბსტრაქციულ ფერწერას უფრო ჰგავს. ძალიან ხშირად დამიხედავს კერძისთვის და მითქვამს: ესაა კანდინსკის ნახატი, ეს მალევიჩის ნახატია, ეს ‒ პიკასო, მატისი… უფრო ნახატებს ვხედავ ასეთ კულინარიაში, ვიდრე ჩასაკოკლოზინებელს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com