მაკა ჩიჩუა მზისფერი ლედი

აცვია სიფრიფანა, ღია მზისფერი კოსტუმი, რომელიც ხაზს კი არ უსვამს, ‒ ასრულებს სილუეტს. რა თხელი ყოფილა, ვფიქრობ და ფოტოგრაფიც იგივეს მიჩურჩულებს ყურში. როგორ პოზირებს? ისე, რომ მთელი პროცესი რეპეტიცია მგონია; მგონია, რომ, უბრალოდ, „როლში შედის,“ ‒ არადა, ეს სარეპეტიციო კადრები სრულიად დასრულებულ კონტურებს იძენს, სახასიათო, დინამიკურ პორტრეტებად იყრის თავს. გადაღების პროცესს ვესწრები და იქვე ვეძებ საჭირო ზედსართავ სახელებს, რომლითაც მოგვიანებით ეს პროცესი და მისი მთავარი გმირი უნდა აღვწერო ‒ სადა? უშუალო? ბუნებრივი? ინდივიდუალი? ჰაეროვანი? ალბათ, ეს ყველაფერი ერთად და კიდევ რაღაც სხვა, კიდევ ბევრი სხვაც. თავის თავს ჰგავს ‒ ის, რაც შორიდანაც შესამჩნევია, აქ კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. მარტო ჩაცმის სტილი კი არა, ‒ დგომა, ჟესტიკულაცია, ღიმილი, საუბრის მანერა ქმნის სტილს, რომლითაც მას იოლად გამოარჩევ.

მეუბნება, რომ ოცნება არ უყვარს, თუმცა კოსტუმისფერი გარეგნობა სხვა ეფექტს ქმნის; პოეტურს. მზერაც ისეთი აქვს, თითქოს ელფების მეჯლისიდან სწვდება ხმები. ეს ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის მეუღლის სტატუსს ბევრი არაფერი შეუცვლია. ალბათ, იმიტომ, რომ ხუთ წუთში ხვდები რამდენად გულგრილია რეგალიების მიმართ. ის ჯერ მაკა ჩიჩუაა და მერე პირველი ლედი. უბრალოდ, მაკა ჩიჩუა. მზისფერი ლედი.

"ყოველი მომდევნო დღე აბსტრაქტული და გაურკვევლია. არასდროს ვიცით რა იქნება და რას გვიმზადებს მომდევნო წამი."

– მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი, მუსიკოსი ‒ რომელი სფერო დგას პირველ ადგილზე, რომელია თქვენთან ყველაზე ახლოს? 

– პროფესიად მხატვრობა ავირჩიე… და არც ვნანობ. თუმცა მუსიკა, მგონი, ყველაზე ძლიერი შემოქმედებაა ჩემთვის. ბგერა, სადაც არ უნდა გაიხედო, სულ გესმის. 

– როგორ, ვისი რჩევით ან გავლენით აირჩიეთ პროფესია? 

– გავლენა იყო, ალბათ… ან გენეტიკა. ან ორივე ერთად. დედამ სამხატვრო აკადემია დაამთავრა და სულ მახსოვს ის პერიოდი, როცა საკურსოებს აკეთებდა, ‒ დღისით რომ ვერ ასწრებდა და ღამე რომ მუშაობდა ხოლმე. საღებავები, პლანშეტები, ესკიზები და ღამის განათება ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა… მე ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა იმ ასაკში ხდება სამყაროს ყველაზე მძაფრად შეგრძნება და აღქმა: როცა თეთრი ფურცელივით სუფთა ხარ და შენს მეხსიერებაში ნელ-ნელა ჩნდება სხვადასხვა ფერის ლაქა. სუნიც კი კარგად მახსოვს. 

– თვისება, რომელიც გქონდათ და აღარ გაქვთ და პირიქით, ‒ რაიმე თვისება ან ჩვევა, რომელიც დრომ შეგძინათ. 

– ალბათ, თვისება არ არის, მაგრამ ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე, სწრაფად ვბრაზდებოდი. ახლა ბევრად მომთმენი ვარ. აი, ეს შემძინა დრომ. 

– ლიტერატურული ან კინოპერსონაჟი, რომელიც თქვენს თანაგრძნობასა და სოლიდარობას იწვევს. 

– ახლა უცებ ვინც გამახსენდა, კინოპერსონაჟია და ესაა ფორესთ გამფი. 

– რა არის თქვენთვის მოდა? სჭირდება თუ არა დიდი დრო და ენერგია იმის შექმნას, რასაც თქვენს სტილს უწოდებენ? 

– მოდა თვითგამოხატვის საშუალებაა, ჩემი აზრით. ამავე დროს მას პრაქტიკული დანიშნულებაც უნდა ჰქონდეს. ადამიანები ვიზუალურად იმის მიხედვით გამოიყურებიან, თუ რას გრძნობენ და როგორებადაც უნდათ, რომ თავი აჩვენონ. არიან მოდის კანონმდებლები და ისინი კარნახობენ საზოგადოებას იმ საინტერესო ტენდენციებს, რომელთა ავტორებადაც თავად გვევლინებიან. მერე კი სხვა ადამიანები იმეორებენ და ირგებენ ამ სტილს თავიანთ თავზე. 

– ზოგადად, რა ქმნის სტილს? 

– მოდის ინდუსტრია დიდი და მოთხოვნადი ბიზნესია. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი შთაბეჭდლება მაინც ვიზუალური აღქმაა. სტილს ქმნის ის, რომ ყველას უნდა შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს. 

– რა არის თქვენთვის სიკეთე? 

– სიკეთეს ძალიან დიდი ძალა აქვს. ის სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. სიკეთე ‒ თანაგრძნობა და სითბოა, სისათუთე და მხარდაჭერა, ზრუნვა და მიმტევებლობა. 

– შეგიძლიათ თუ არა ადამიანს მეორე შანსი მისცეთ? 

– რა თქმა უნდა. აუცილებლად. 

– გქონიათ თუ არა პერიოდები ან მომენტები, როცა მომავალი აბსტარქტული და გაურკვეველი გეჩვენებოდათ? 

– ყოველი მომდევნო დღე აბსტრაქტული და გაურკვეველია. არასდროს ვიცით რა იქნება და რას გვიმზადებს მომდევნო წამი. 

– გიყვართ თუ არა დაგეგმვა? 

– დაგეგმვა არ მიყვარს, თან ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან მიწევს. 

– რა არის თქვენთვის დედობის მთავარი ხიბლი? 

– დედობა აუხსნელი ფენომენია, სიყვარულის უზენაესი გამოხატულებით. 

– გყავდათ თუ არა ბავშვობაში ან ახალგაზრდობისას იდეალი, ვისაც ბაძავდით, ვისი სტილიც მოგწონდათ, ვისაც გინდოდათ გვანებოდით. 

– არა, იდეალი არასდროს მყოლია და უცნაურად მეჩვენება, რადგან არის ასაკი, როცა ყველა მოზარდს ჰყავს იდეალი. ყველაზე დიდხანს მიყვარდა და ჩემშიც ვხედავდი ბობ მარლის. 

– რამდენად ლიბერალური მშობლები იყვენენ თქვენი დედა და მამა? რამდენად დემოკრატები, ან პირიქით. 

– საკმაოდ ლიბერალური დედა მყავს. მამასთან კი არ მიცხოვრია და მაინცდამაინც ვერ დავახასიათებ. 

– რას თვლით თქვენს ძლიერ მხარედ და პირიქით-სისუსტედ? 

– არ ვიცი. მგონია, რომ სიყვარულის უნარი მაქვს და ეს უდიდესი ძალაა. სისუსტედ ვთვლი იმას, რომ ზარმაცი ვარ. 

– რა გაოცებთ დღემდე? 

– ახალდაბადებული ადამიანი მაოცებს და, ალბათ, ასეთი შეგრძნება სულ მექნება. ასევე მაოცებს სისასტიკე და დაუნდობლობა. 

– თქვენი საყვარელი ფერები რომელია? 

– ბევრი ფერი მიყვარს. თითქმის ყველა, რაც ბუნებაში არსებობს. 

– არსებობს თუ არა მუზა? უნდა თუ არა მუზა საქმეს, თუ, უბრალოდ, უნდა აკეთო ეს საქმე და მუზა „წამოგეწევა?“ 

– მუზა არსებობს, მაგრამ სულის ჩაბერვა სჭირდება, თორემ გაქრება და სხვა დაკარგულ უსულო მუზებს შეურთდება. 

– ქალაქგარეთ ცხოვრება სიმშვიდესთან ასოცირდება. რა ასაკიდან გაგიჩნდათ ამ სიმშვიდის მოთხოვნილება? 

– ასაკი არ მახსენდება, თუმცა სულ მიყვარს განმარტოება და სიმშვიდეში გარინდული ყოფნა. მხატვრის პროფესიაც გარკვეულწილად, ალბათ, ამ ნიშნით ავირჩიე. 

– სახლი გიყვართ? არის თუ არა სახლი ყველაზე უსაფრთხო და საიმედო სვრცე თქვენთვის? 

– რა თქმა უნდა. სახლი. ტკბილი სახლი. 

– რა გიქმნით სიმყუდროვეს? 

– სიმყუდროვე ყველაზე მნიშვნელოვანი განცდაა. ვიტყოდი ‒ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 

-უცხოეთში ცხოვრებაზე თუ გიფიქრიათ? 

– ბავშვობაში, მახსოვს, ავსტრალიაზე წავიკითხე ბევრი საინტერესო ამბავი და გარკვეული პერიოდი ავსტრალიაში ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ოღონდ ეს ღრმა ბავშვობა იყო, შემდეგ აღარ მქონია ასეთი სურვილი. მიყვარს ჩემი სამშობლო და სხვაგან ცხოვრება არ მიზიდავს. 

-ქვეყანა, ქალაქი, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენთან. 

– არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს დავდივარ, მაინც არ მაქვს პასუხი. 

– რა მოაქვს დროს? რა მიაქვს? 

– დროს ბევრი რამ მოაქვს და ასევე მიაქვს. მთავარია, რას დატოვებ შენში და რაზე კონცენტრირდები. 

– მიმნდობი ხართ? 

– დიახ, ვარ მიმნდობი. 

– გიზიდავთ თუ არა კულინარია? 

– არ მიზიდავს კულინარია. მართალი გითხრა, მეზარება ჭამა. თუმცა იაპონური სამზარეულო ყველაზე მეტად მომწონს. მათ კი შემოქმედებისა და მეცნიერების დონეზე აქვთ აყვანილი ეს სფერო. 

– რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სუფრის ლამაზად გაშლას, სერვირებას? 

– დიდ მნიშვნელობას ნამდვილად არ ვანიჭებ სუფრის გაშლას, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც ან გაღიზიანებს, ან კარგ გუნებაზე გაყენებს. 

– ყველაზე დიდი დრო რას მიაქვს თქვენს ცხოვრებაში? რისთვის აღარ გრჩებათ დრო? 

– ახლა ამ სტატუსით და პატარა თემოთი სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ბოლო სამი წელია. მინდა მეტი დრო მქონდეს ხატვისთვის. 

– პოლიტიკურმა პროტოკოლმა თუ მოახდინა გავლენა თქვენს ცხოვრებაზე? თუ არის რამე, რაც დისკომფორტს გიქმნით, გზღუდავთ? 

– პოლიტიკა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანის ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელია. რა თქმა უნდა, ჩემთან მეტად შემოიჭრა, მაგრამ გადამწყვეტი და რადიკალური ცვლილებები არ მოუტანია. 

– ოცნება გიყვართ? 

– არა, არ მიყვარს. 

– რა ზრდის ადამიანს? 

– გამოცდილება, განვითარებისკენ, ახლის შეცნობისკენ მუდმივი სწრაფვა. 

– თქვენი აზრით, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება? 

– კი, მგონი ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუ არსებობს გულწრფელი ნება და ამ ნების სიმტკიცე. 

"ადამიანები ვიზუალურად იმის მიხედვით გამოიყურებიან, თუ რას გრძნობენ და როგორებადაც უნდათ, რომ თავი აჩვენონ."

ტექსტი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო

სტილი: DARAIA

MAKE UP: ნათია გრძელიძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com