ნანა ბუთხუზი
სიყვარული ემოციებს უკავშირდება, ემოციები გრძნობებს, გრძნობები შეგრძნებებს, შეგრძნებები გვაგრძნობინებენ, რომ ადამიანები ‒ ცოცხალი არსებები ვართ. გემოს შეგრძნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანის ენას შეუძლია სხვადასხვა, მილიონობით გემო აღიქვას, მაგრამ გონებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს, ყველაზე განსაკუთრებული გემოები დაიკავებენ…
განსაკუთრებული გემოების ძიებაში, კულინArt-მა კიდევ ერთი განსაკუთრებული ადამიანი იპოვა. ნამდვილი გემოს და საჭმლის მოყვარული. ნანა ბუთხუზი მსახიობია და სამი შვილის დედაა. ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან რთულია იყო კარგი დედა, კარგი მეუღლე და კარგი მსახიობი, მაგრამ ნანამ ამ ყველაფერს კულინარობაც დაუმატა, ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს. ‒ „საჭმლის მომზადებით არ დავინტერესებულვარ, უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს მომშივდა და გავაკეთე. თვითონ ვისწავლე, დამოუკიდებლად. კონსულტაციას დედასთან გავდიოდი, დეტალების დასადგენად“.
„იშვიათად ვამზადებ სამწუხაროდ… ამ საქმისთვის სრულყოფილად ვერ ვიცლი. საჭმელს თუ აკეთებ, სული და გული უნდა ჩადო, უნდა გიყვარდეს, უნდა გქონდეს დრო, რომ ამ პროცესით ისიამოვნო. ამ ყველაფრისთვის დრო ასე თუ ისე უფრო ზაფხულში მაქვს ხოლმე, აგარაკზე, სადაც ფანტაზია მეხსნება და რაღაცებს ვიგონებ… ვისვენებ და ვერთობი“
საუზმე დღის დასაწყისია, საუზმის რაციონს შეუძლია დილიდანვე კარგი განწყობა შეგიქმნას, ენერგია მოგმატოს და ეს ენერგია და ემოცია მთელი დღის განმავლობაში თან გაგყვეს. პირველი კვერცხი იყო თუ ქათამი, ეს კითხვა, ყოფნაარყოფნასავით არის, არავინ იცის მისი პასუხი, მაგრამ ფაქტი ფაქტია, კვერცხი მარტივისა და გენიალურის იდეალური შესატყვისია.
ნანამაც ძალიან გამახარა, როდესაც მითხრა, რომ ფრანგულ ტოსტებს გააკეთებდა.
ნანა დილით 10 საათზე მესტუმრა, ყინულზე ფეხი დაუცდა და წაიქცა, მაგრამ მის ხასიათს არაფერი შეეტყო, აღფრთოვანებით მიყვებოდა, ფრანგული ტოსტების შესახებ, მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, კვერცხი და მით უმეტეს, ფრანგულ ტოსტად მისი გარდასახვა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია.
„მომზადების პროცესში მთავარია კარგი განწყობა. ცუდ ხასიათზე თუ ხარ არაფერი არ გამოგივა. შენი ხასიათი პირდაპირ აისახება კერძზე. ეს პოზიტიური და კარგი ადამიანების საქმეა. მნიშვნელოვანია სიმარტივეში აღმოჩენილი მრავალფეროვნება, რომელიც დატენილია სიჯანსაღით. რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და იმპროვიზაცია.
კულინარიაში, იმპროვიზაცია და ფანტაზია, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია, ამიტომაც ჩემი დაკვირვებით, მსახიობები ძალიან კარგი კულინარები არიან.
„კულინარიაში ექსპერიმენტების მომხრე ვარ. აუცილებელია მრავალფეროვნებისათვის და განვითარებისათვის. რაც მეტი მით უკეთესი…“
ნანას განწყობა მეც გადამედო და მარტივი და გემრიელი სალათი მოვამზადე, ორივეს დეტალურად გთავაზობთ. მოამზადეთ და კარგი და ენერგიული დღე გარანტირებული გაქვთ.
ავოკადოს სალათი მაწვნის სოუსით
ინგრედიენტები:
– 100 გრ. მაწონი
– 2 მსხალი
– 1 ავოკადო
– 1 ბროწეული
– 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
– ½ ჩ.კ. ბალზამიკო
– 1 თავი ჩინური კომბოსტო
– 1 ჩ.კ. თაფლი
მომზადების წესი:
ავოკადო და მსხალი დავჭრათ ფირფიტებად, ჩინური კომბოსტო დავჭრათ დიდ ნაჭრებად, ბროწეული
გავარჩიოთ და ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში. მაწონს შევურიოთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო. ჩავასხათ ჯამში. ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და სალათიც მზად არის, რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით.
French Toast – ყიყლიყო ფრანგულად
ინგრედიენტები:
– 2 კვერცხი
– 50 მლ. ნაღები
– ¼ ჩ.კ. დარიჩინი
– მწიკვი ვანილი
– ½ ჩ.კ. შაქარი
– მწიკვი მარილი
– 4 ნაჭერი ტოსტის პური
– 50 გრ. კარაქი
– 50 გრ. თაფლი
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად ავთქვიფოთ. ტოსტის პურები ჩავაწყოთ, ათქვეფილ მასაში კარგად დავალბოთ და კარაქში შევწვათ. დავაწყოთ თეფშზე. ზემოდან დავასხათ ცოტა თაფლი და დავაწყოთ ბანანი. დავაყაროთ ცოტა დარიჩინი. ლიმონის ცედრაც შეიძლება. ამ ყველაფერს ზემოდან მოხალული ნიგოზი მოვაყაროთ (თხილიც შეიძლება). ლამაზად დაჭრილი მწვანე ვაშლი შემოვუწყოთ. დავადოთ პიტნის ლამაზი ფოთოლი. უგემრიელესია, სასარგებლო, ნოყიერი და ჯანსაღი. რაც მთავარია სწრაფად და მარტივად მზადდება! -ნ. ბუთხუზი.
ფოტო: ანა ბოკო