FOOD Lovers

9_Issue_CulinArt8

ირაკლი ბიბილეიშვილი

ყოველი ახალი Food Lovers აღმოჩენა, უფრო აღფრთოვანებულს და გაკვირვებულს მტოვებს. მიხარია, როცა ადამიანებს, რომელთაც სხვა ძალიან ბევრი და ამასთანავე, მნიშვნელოვანი საქმე აქვთ, ასეთი გულისხმიერებით და ინტერესით უდგებიან კულინარიას.
მიუხედავად იმისა, რომ კულინარია მათ პროფესიას არ წარმოადგენს, ვრწმუნდები, რომ ჩვენი აღმოჩენილი მოყვარულები, არაფრით ჩამოუვარდებიან პროფესიონალ კულინარებს. მე მგონი დისბალანსი ნელ-ნელა ბალანსისკენ მიდის და მამრობითი სქესის Food Lover-ებიც მომრავლდნენ ჩვენს ბლოგში.
ირაკლი ბიბილეიშვილი, 23 წლის, პროფესიით დიზაინის და ბიზნესის მენეჯერი, Holiday Inn-ში მუშაობს და მე მგონი მის ჰობის დიდი პერსპექტივა აქვს.
ირაკლი Food and beverage მენეჯემენტში, ადმინისტრაციული ასისტენტია.

9_Issue_CulinArt9

„გადავწყვიტე ჩემი ცოდნა ამ სფეროში გამომეყენებინა, როდესაც ჰობის და პროფესიის სინთეზია, ბევრად უფრო სასიამოვნოა მუშაობა” ირაკლი დიდი ხანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ამ წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მის კულინარიულ აღმოჩენებზე და ზოგადად, მის დამოკიდებულებაზე კულინარიის მიმართ. 

„როდესაც 14 წლიდან მარტო ცხოვრობ, ბევრ რამეს სწავლობ, მათ შორის საჭმლის კეთებასაც. მქონდა საშუალება მუდმივად დავკვირვებოდი რესტორნების მომსახურებას, ახალ გემოებს, კერძების და პროდუქტების მრავალფეროვნებას და ხარისხს. როცა პატარა ვიყავი დედაჩემი მიკეთებდა წვნიანს „კლიოცკებით,” რომელიც
ძალიან მიყვარდა. როცა დედაჩემი საზღვარგარეთ იყო ხოლმე, ბებიაჩემს სულ ვთხოვდი, მოემზადებინა ეს კერძი, სამწუხაროდ, ბებიას ისეთი არ გამოსდიოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ვერავის ვანდობდი ამ საქმეს ჩემი თავის გარდა. აქედან დაიწყო ჩემი კულინარიული თავგადასავალი.”

თუ როგორი კულინარია ირაკლი, ამას ჩემი მოყოლა არ სჭირდება, ის ძალიან კარგად აყალიბებს კულინარიისადმი მის დამოკიდებულებას და ზუსტად აქვს ნაპოვნი ის მთავრი საკვანძო საკითხები, რის გარეშეც საჭმლის მომზადება წარმოუდგენელია.
სწორედ, ასეთი მიდგომაა – წარმატების გარანტია.
– დრო, ხარისხი და დაგემოვნება.

პირველ რიგში ვთვლი, რომ თუ გინდა გემრიელი კერძი მოამზადო, არ უნდა დაგეზაროს და დრო უნდა დაუთმო: კარგად გარეცხო, დაჭრა; ზოგი რამ 5 წუთში კეთდება, ზოგი 5 საათში. მთავარია, არ დააჩქარო პროცესი. მერე მოდის ხარისხი, ზოგი ამბობს რომ კარგი მზარეული უბრალო პროდუქტებითაც კარგ კერძს ამზადებსო, ეს მართალია, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტით, კიდევ უკეთესი გამოდის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესის დროს მუდმივად აგემოვნო, სულ, ისევ და ისევ. შეიძლება მეასედ აკეთებ იგივე კერძს, მაგრამ აუცილებლად უნდა გასინჯო და დარწმუნდე, რომ ის გამოგდის, რაც ჩანაფიქრში გაქვს.“

ირაკლის სახლში, გარდა ინტერიერის ძალიან საინტერესო და ლამაზი დეტალებისა, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ საჭმლის მომზადების პროცესმა და სტუმრებთან კომუნიკაციის დამყარებამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. გაშლილი დიდი ხის მაგიდა და ძალიან კარგად აღჭურვილი სამზარეულო. მეტი რა გინდა იმისთვის სტუმრებს, რომ გაუმასპინძლდე?

„როცა თავისუფალი დრო მაქვს, თითქმის ყოველდღიურად, მეგობრების გამასპინძლებას და ექსპერიმენტებს.
ვუთმობ. ვთვლი, რომ ეს აუცილებელი პირობაა კულინარიაში. ექსპერიმენტებია, რაც ავითარებს კულინარიას და გადაჰყავს შემდეგ საფეხურზე, რაც ხვეწს კერძებს და რაც მთავარია, აძლევს საშუალებას შეფს, თავისი ავტოგრაფი დატოვოს კერძზე. მაქსიმალურად უნდა ეცადო, დაამატო რაიმე შენი, გასინჯო, ისწავლო. ამიტომაა, რომ დღეს ჩემი წვნიანი „კლიოცკებით,” ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე დედაჩემის იყო.”

ირაკლისთან სტუმრობისას ყველაზე შესამჩნევი და განსაკუთრებული, ვერანდაზე აღმოვაჩინე. თუჯის დიდი, კვერცხის ფორმის ბურთი, საიდანაც კვამლი ამოდიოდა. ეს გრილია, რომელიც ირაკლიმ ინგლისიდან ჩამოიტანა. დამიჯერეთ, მართლა განსაკუთრებულ გემოს აძლევს ყველაფერს, რაც მასში მოხვდება.
ირაკლის მომზადებული სტეიკის გემო, არასდროს დამავიწყდება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგ რესტორნებშიც, იშვიათია ასეთი სტეიკი. სოუსის ასაღწერად არ ვიცი რა სიტყვები უნდა გამოვიყენო, ალბათ ჩემი სახის გამომეტყველება, რომ გენახათ ან ახლა ნახოთ, მიხვდებით რასაც ვგულისხომ.
ირაკლიმ დაწვრილებით გვიამბო, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მისი კერძები. ნებისმიერ გრილზე და თუნდაც, გრილის ტაფაზეც, შეგიძლიათ შეწვათ მსგავსი სტეიკი. სოუსი, ჩემი აზრით, სხვადასხვა დანიშნულებითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჰაეროვანი სმუზი ძალიან გემრიელია და თან ისეთი მარტივი მოსამზადებელი. მოკლედ ძალიან მიხარია, ეს რეცეპტები ჩემს ხელში რომ მოხვდა და თქვენთვის გაზიარებაც შემიძლია.

9_Issue_CulinArt10

Steak

9_Issue_CulinArt11

სტეიკი, აუცილებლია იყოს ხარისხიანი საქონლის ხორცის, მინიმუმ 3 სანტიმეტრი სისქის. ხორცი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ხორცს დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი (ახლად დაფქვილი) და წავუსვათ ოდნავ ზეითუნის ზეთი. გავახუროთ ტაფა (ან გრილი თუ გაქვთ). გახურებაში გავარვარებულს ვგულისხმობ, მაქსიმუმი ცეცხლი. 10-15 წუთის შემდეგ გრილზე ვდებთ ხორცს და ვატრიალებთ ყოველ წუთში. 4 ამოტრიალებამდე იქნება ნაკლებად შემწვარი “რარე”, 4-დან – 8-მდე არის “medium” მედიუმ ზონა, 8-დან 12-მდე უკვე კარგად შემწვარი, ანუ “well done”. (ასეთ ტემპერატურაზე ცხიმს შეიძლება ცეცხლი მოეკიდოს, ნუ შეშინდებით, ცეცხლს ან თავსახური ან ხორცი (ამოატრიალეთ) დააფარეთ. ხორცს, თქვენთვის სასურველ ფორმამდე, რომ მიიყვანთ, გადმოიღეთ თეფშზე და თუ სოუსს გამოიყენებთ, მაშინვეწაუსვით, თუ არა, შეგიძლიათ 1 კოვზი კარაქი დაადოთ ან თუნდაც არაფერი. ხორცი გააჩერეთ 5 წუთი, რათა ის იყოს წვნიანი, რბილი და გემრიელი და არ იყოს მშრალი. დაჭერით სურვილისამებრ “against the grain”.

9_Issue_CulinArt12

სოუსი
• 2-3 კბილი ნიორი
• 1/2 წითელი ხახვი
• 1 მუჭა ჯონჯოლი
• 1 მუჭა ტკბილი მჟავე კიტრი
(მაღაზიაში ნაყიდი)
• 2 მუჭა ოხრახუშის ფოთლები
• 1 მუჭა პიტნის ფოთლები
• 1 მუჭა რუკოლა
• 1 მუჭა ქინძის ფოთლები
• 1 მუჭა ბაზილიკის ან რეჰანის ფოთლები

9_Issue_CulinArt13

ოდნავ მარილი, შავი პილპილი და წიწაკა გემოვნებით (1 ცალი თესლებგამოცლილი წითელი ან მწვანე წიწაკა, საკმარისია ზომიერი სიცხარისთვის)
8 სუფრის კოვზი ხარისხიანი ზეითუნის ზეთი
3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი (ან ძმარი)
1 სუფრის კოვზი მდოგვი (დიჟონი ჯობია)
ყველაფერი ერთად ავურიოთ ბლენდერში ან ჩოპერში (სანაყშიც შეიძლება უკეთესი ტექსტურისთვის) და სოუსი მზად არის.

Smoothie

9_Issue_CulinArt14

სმუზი – რეალურად ყველანაირი ხილისგან კეთდება, ამ შემთხვევაში კენკრა (ჯობია გაყინული გამოიყენოთ),
ნახევარი ჭიქა კენკრა,1 ტკბილი ბანანი და 2/3 ჭიქა ცივი წყალი, ბლენდერში კარგად ათქვიფეთ და მზად არის. სილამაზისთვის, შეგიძლიათ პიტნის ფოთლით მორთოთ.

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com