მიყვარს საღამოობით თბილისის ქუჩებში ხეტიალი, განსაკუთრებით, კი თუ ეს ქუჩები ძველ თბილისშია. ზამთრის ერთი სუსხიანი საღამო იყო, მეგობრებმა გადავწყვიტეთ მორიგი გასეირნება მოგვეწყო, გეზი ლესელიძის ქუჩისკენ ავიღეთ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ საინტერესო ჭიშკარს მივადექით, რომლის შესასვლელშიც, საკმაოდ უცნაური სახელი ეწერა ‒ „რამერუმე“. გადავწყვიტეთ შევსულიყავით და გაგვეგო რა ხდება „რამერუმეში“.
„რამერუმე“ ქართული რესტორანია, სადაც გამოგიტყდებით და უგემრიელესი სამზარეულო აქვთ. ძველი სარდაფის ტერიტორიაზე რამდენიმე მაგიდა დგას, კედლები კი ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრებით არის დახუნძლული. მომსახურე პერსონალისგან შევიტყვე, რომ ეს რესტორანი რეჟისორ გიორგი ოვაშვილს ეკუთვნის. რა თქმა უნდა დავინტერესდი და „კულინArt“-ისთვის ინტერვიუს ჩაწერაზე დავითანხმე.
„რამერუმეში“ ჩემი შემდეგი ვიზიტი, უკვე გადამღებ ჯგუფთან ერთად შედგა. ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან, რესტორნის ყველაზე მყუდრო კუთხეში ჩავწერეთ.
იდეა…
-არ დაგიმალავთ და ეს იდეა დიდი ხანია მაქვს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა. მსგავსი ტურისტული ბიზნესის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, მით უმეტეს ძალიან ხშირად მიწევს სხვაგან ყოფნა, მოგზაურობა, ამ დროს მე ვარ ტურისტის ამპლუაში და მე მიწევს სხვადასხვა ადგილის სტუმრობა, ამიტომ სულ მინდოდა, რომ აქ ჩამოსული ტურისტები ჩემთანაც მოსულიყვნენ სტუმრად. ეს იდეა უცბად გაჩნდა. ამ რესტორანს ადრე ჩემი უახლოესი მეგობარი ‒ ილია მუხუგულიშვილი ამუშავებდა, რომელიც ასევე პროფესიით პროდიუსერია. ის ერთ მშვენიერ დღეს კვიპროსიდან სამშობლოში დაბრუნდა და გადაწყვიტა თავისი იქაური გამოცდილება აქ გადმოეტანა. სწორედ მაშინ გახსნა ეს ობიექტი. სამწუხაროდ მაშინ ისე მოხდა, რომ ამ რესტორნის ამუშავება მას გაუჭირდა. შემდეგ მე, როგორც მის მეგობარს, დამიკავშირდა და მთხოვა ეს საქმე ერთად გვეკეთებინა და ახალი ძალებით შეგვეცვალა აქაურობა. ჩვენი გაერთიანება 2 წლის წინ მოხდა და როგორც თავად ხედავთ, აი ასეთი შედეგი გვაქვს. რისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი? ჩემთვის ეს არ განიხილება, როგორც ბიზნესი, მოგების კუთხით. ეს არის ჩემთვის უფრო ჰობი, საქმე, რომლითაც სიამოვნებას ვიღებ. მაგალითად, თუ ჩემი მეგობარი ხშირად ნერვიულობს, რომ ამა თუ იმ თვეს მოგებასთან დაკავშირებით პრობლემებია, მე ვამბობ, რომ არა უშავს, ჩვენ ხომ ვარსებობთ და რაც მთავარია ხალხს ვემსახურებით.
ინტერიერი…
-ეს იყო აბსოლუტურად ცარიელი სივრცე, ძველი სარდაფი, სადაც არაფერი ხდებოდა. ილიამ ეს ყველაფერი ფაქტობრივად თავისი ხელით შექმნა. მან რესტორანი ნულიდან შეფუთა. „რამერუმეს“ აქვს ორი სივრცე, ერთი გარე და მეორე შიდა ‒ სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. გარე სივრცე განსაკუთრებით დიდი დატვირთვით მუშაობს ზაფხულსა და გაზაფხულზე, შემდეგ უკვე შიდა სივრცეში ვინაცვლებთ. ბოლო პერიოდში ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კიდევ სხვა დატვირთვა მოგვეძებნა ჩვენი შიდა ფართისთვის. მოვიფიქრეთ, რომ რესტორნის ქვედა ნაწილი საგამოფენო სივრცედ გვექცია, რითაც ჩვენ არა მხოლოდ დიზაინს შევავსებდით, არამედ ჩვენ შევთავაზებდით ჩვენს სტუმრებს ამ ნახატების შეძენასაც, რითიც ახალბედა მხატვრებს გზას გავუკვალავდით წარმატებისკენ. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც განვითარდეთ და გვქონდეს კაფე-გალერეა, სადაც მუდმივად იქნება მხატვრების გამოფენები.
სამზარეულო…
-ესეც გარკვეული დაკვირვების შემდეგ ჩამოყალიბდა. თავიდან, სანამ რესტორანს ილია მარტო უძღვებოდა, მას ჰქონდა ბერძნული რესტორნების გამოცდილება. შემდეგ ჩვენ თანდათან მივხვდით, რომ რადგან ჩვენი ძირითადი სტუმრები უცხოელები არიან, ჩვენ მათ ქართული სამზარეულო უნდა შევთავაზოთ. და აი აქედან, ნელ ნელა ტრანსფორმაცია განვიცადეთ. ჩვენთან მენიუში ნახავთ, საფირმო ხაჭაპურს, ბოსტნეულის სალათს, მწვადის ასორტს, ხინკალს, რომელიც ჩვენთან მზადდება. თონის პური, რომელიც სტუმრების თვალწინ ცხვება. ოჯახური ლიმონათი და რა თქმა უნდა გემრიელი, ღვინო. ჩვენ არ ვჩერდებით, სულ ძიებაში ვართ, გვინდა, რომ ეს ადგილი უფრო განვავითაროთ არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ჩვენი ქართველი სტუმრებისთვისაც.
მე და კულინარია…
-ძალიან მომწონს სამზარეულოში ყოფნა, ეს პროცესი ბავშვობიდან მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ საჭმელი თვითონ მოვიმზადო, ასევე მომწონს, როდესაც სხვებს ვუმზადებ. მე ვერ ვიტყვი, რომ დიდი კულინარი ვარ, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ გემრიელად გამომდის. ბავშვობაში მე და ჩემს ძმას გვქონდა ასეთი მანია: ჩვენით ვცდილობდით გამოგვეცხო ტორტი ან ნამცხვარი. დედას ჰქონდა ძველისძველი კულინარიული წიგნი და იქ ლამაზი ნახატები იყო, რომელი ნახატიც მოგვეწონებოდა, იმის მიხედვით გვინდოდა მსგავსის გამოცხობა. როდესაც ჩვენი მშობლები სამსახურში მიდიოდნენ და მე და ჩემი ძმა სახლში მარტო ვრჩებოდით, მაშინვე ვიწყებდით რომელიმე რეცეპტის მიხედვით მზადებას. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გაეგო არავის, იმიტომ რომ აუცილებლად დაგვსჯიდნენ. ყველაფერს ვაფუჭებდით, ყველა პროდუქტს. არ მახსოვს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი ოდესმე გამოსულიყო, ამიტომ ეზოში ბაღი გვქონდა, სადაც მიწას ვთხრიდით და გაფუჭებულ ნამცხვრებს ვმარხავდით. ალბათ მაშინ გამიჩნდა გარკვეული ჟინი, რომ ოდესღაც ამ მიმართულებით რაღაც გამეკეთებინა.
სახელწოდება „რამერუმე“…
-რამერუმე ‒ ეს არის ქართულში პატარ-პატარა, ბევრი რაღაც ერთად. სახელზე ბევრს ვფიქრობდით. ერთი პერიოდი, რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ, რესტორანი საერთოდ უსახელოდ იყო. შემდეგ „რამერუმეს“ იდეა გაჩნდა. საუბრის დროს ვთქვით, რომ ბევრი რამერუმეს გაკეთება შეგვიძლიათქო, და მერე ვთქვი, მოდი რესტორანს დავარქვათ „რამერუმე“. თავიდან დამიწუნეს იდეა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სახელი თავს დაიმკვიდრებდა. ასეც მოხდა, ყველას მოსწონს. დღეს „რამერუმეს“ წარმატება ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც პირველი დღიდან ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა.
ჩემი ახალი წელი…
-ჩემთვის ახალი წელი ძალიან სპეციფიკურია. ეს არის გარკვეული ტრადიცია, რომლის გარეშეც ვერ კი წარმომიდგენია. 31-ში დაახლოებით საღამოს 9 საათზე, მე ვჯდები მანქანაში და მივდივარ ქალაქიდან, ჩემთან სოფელში, სადაც ჩემი მშობლების სახლია. ახალი წლისთვის სახლი ყოველთვის ცარიელია. პირველი რასაც ვაკეთებ, იქვე ახლოს გავდივარ მამას საფლავზე, იქ მიმაქვს ერთი ბოთლი ღვინო, ყველი და პური, მეტი არაფერი, ჩემი საახალწლო სუფრა ყოველთვის მწირია. მივდივარ საფლავზე, ერთ ჭიქა ღვინოს ვსვამ, ჩემს შვილთან ერთად და ვბრუნდები სახლში. 12 საათს უკვე სახლში ვხვდებით, თოფით და მაშხალებით. შემდეგ პირველი საათისთვის უკვე სახლში ვბრუნდებით და ოჯახთან ერთად ვაგრძელებთ ახალი წლის აღნიშვნას. მე მომწონს ეს ტრადიცია და ვატყობ, რომ უკვე ჩემს შვილსაც აინტერესებს.
ახალი წელი „რამერუმეში“…
-„რამერუმეს“ ახალი წელი ყოველთვის დატვირთულია. წელს მესამე ახალ წელს ვხვდებით. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით კი პირველ დღეებში. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ სამზარეულო სრულად დაცარიელებულა. წელს უფრო მობილიზებულები ვიქნებით და 2017 წელს ყველას ვეპატიჟებით გემრიელ ქართულ კერძებსა და ღვინოზე.
ფოტო: იკა პირველი