ჩემი მეგობარი ჯადოქარია. ის გემოებს ერთი ხელის მოსმით აზავებს, სუნებს ერთმანეთში ურევს, თქვენ წარმოიდგინეთ, კერძების ფერების შეხამებაც გამოსდის. მისი ჯადოსნური ჯოხი ზოგჯერ ხის დიდი კოვზია, ზოგჯერ ჩამჩა, ზოგჯერ ‒ ცომის საბრტყელებელი, ერთი სიტყვით, სამზარეულოს უამრავი ნივთი, რომელიც ბევრჯერ გინახავთ და რომლის არაჩვეულებრივ უნარებზეც, შეიძლება, არასოდეს გიფიქრიათ.
ჩემი მეგობარი მეზღაპრეა. ვაშლებს თლის და ღუმელში აწყობს, ტაფებს ყოვლისმხედეველი სარკის მსგავსად აპრიალებს და ქატოსა და ფქვილს ისე ანაწილებს, რომ ამვლელსაც აჭამოს და ჩამომვლელსაც, შორ გზაზე საგზლად წასაღები ქადაც გამოაცხოს და ობლის კვერიც.
და რადგან ჩემი მეგობარი, პირველ რიგში, პოეტია, ის, ყველაზე კარგად, სიტყვების მაგიას ფლობს, სტრიქონების აგების, ფრაზების შეზავების ხელოვნებას, რომლის წყალობითაც ლიტერატურა და კულინარია ერთი კერძის ორ მთავარ ინგრედიენტად იქცევა.
დიანა ანფიმიადზე მინდა, გიამბოთ, საოცრად ნიჭიერ გოგოზე, ბევრი პრემიის ლაურეატსა და უამრავი ადამიანის საყვარელ ავტორზე, და მის ახალ წიგნზე „წინასწარმეტყველება მურაბით“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2016). როგორც თავად ავტორი გვეუბნება, თურმე „მურაბებით გატაცება საფრთხილოა და ცოტა საშიშიც“, ისევე, როგორც მისტიკითა და ჯადოქრობით, თუმცა როცა წიგნს გადაშლით, ამბებად ქცეულ არომატებს დააგემოვნებთ და სანელებლების სურნელებას ისეთი სიცხადით შეიგრძნობთ, თითქოს ახლახანს საკუთარი ხელით გაგესრისოთ ეზოში დაკრეფილი ომბალო, ამ გაფრთხილებას ყურადღებას აღარ მიაქცევთ.
სახლში ალბათ ყველას გინახავთ აქა-იქ მოსმენილი, ან საგულდაგულოდ მოძებნილი რეცეპტებით სავსე რვეულები. როგორი იქნებოდა ეს რვეულები, ჩვენს დედებს, დეიდებსა და ბებიებს მარტო ინგრედიენტები და მომზადების წესები კი არა, კერძებთან დაკავშირებული ამბები და ემოციები რომ ჩაეწერათ? რა მოხდებოდა, მეზობლების მოწონებულ საცივსა და ტორტის ჩავარდნილ ბისკვიტზე ერთნაირი გულწრფელობით რომ მოეთხროთ? ყველაზე ახლობელ ადამიანებს ალბათ უკეთ, გაცილებით უკეთ გავიცნობდით, რადგან კულინარია, პირველ რიგში, სწორედ ამბები და ემოციებია, ისეთი ამბები, როგორსაც დიანა წერს.
„წინასწარმეტყველება მურაბით“ სევდანარევი ბედნიერებების, ტკბილ-მწარე მოგონებებისა და გულის სიღრმეში საგულდაგულოდ გადანახული იმედების წიგნია, რომელიც ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას საქორწილო კერძებსაც დაგეგემოვნებინებთ, გერტრუდა სტაინისა და ელის ტოკლასის სამზარეულოშიც შეგახედებთ, ტაოსაც მოგატარებთ, საბერძნეთსაც, საქართველოს მთიანეთსაც და ზღვებსა და ქარებზე გაშენებულ ქალაქსაც, ზოგისთვის რომ სტამბოლია და ზოგისთვის დღემდე კონსტანტინოპოლი.
ეს არის წიგნი, სადაც მილორად პავიჩსა და ეგნატე ნინოშვილს ერთმანეთის მოსაზღვრე გვერდებზე უდევთ ბინა, სადაც კლასიკოსები და მეზობელ-ნათესავები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, რადგან შიმშილისა და ლიტერატურის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ.
ეს წიგნი ჩვენზეა, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ზოგჯერ მწირ, ზოგჯერ კი მდიდრულ ვახშმებზე, ჩვენს ერთად ყოფნაზე, გასაჭირის სასწაულებრივად გადაგორებაზე, ჩვენს დედებზე, რომლებმაც ყველაზე რთული წლები გმირულად გადაიტანეს, ჩვენს ბებიებსა და დიდ ბებიებზე, რომელთა ისტორიებიც ფერგადასულ ნეგატივებად შემოინახა მეხსიერებამ, ჩვენს მამებზე, რომლებიც გვენატრებიან, ჩვენს შვილებზე, რომელთა დაბადებითაც ახალი თავგადასავლები დაიწყო. ეს წიგნი სიყვარულზეცაა, სიყვარულზე, როგორც ცხოვრების მთავარ კერძზე, რომლის გარეშეც ვერცერთი მენიუ ვერ იქნება სრულყოფილი.
„ქალების მჯერა, მათი ძალის, ხელების და გულის! მათი მჯერა-მეთქი.“ ‒ ვკითხულობ და ვგრძნობ, როგორ მეღიმება, მეღიმება და მიხარია, რომ მეც იმ ქალებს შორის ვარ, ვისიც დიანას სჯერა, ვისიც ისე სჯერა, რომ უკვე მეორე კულინარიული წიგნის პერსონაჟად აქცია. რომ არა მეგობრისადმი რწმენის საოცარი ძალა, აბა, ჩემისთანა დიასახლისს ასეთ წიგნში რა მოახვედრებდა?! ამიტომ ეს წიგნი ჩემზეცაა, ჩემს უხეირო, მაგრამ გულიან მცდელობაზე, „ცეცხლისა და ყინულის სიმღერის“ სამზარეულოს წიგნის მიხედვით, რამდენიმე კერძი მომემზადებინა. რა გამომივიდა, არ მკითხოთ, სულერთია, მაინც არ მოგიყვებით.
თუ საშობაო არდადგებისთვის წიგნების მომარაგებას აპირებთ, „წინასწარმეტყველება მურაბით“ არ გამოგრჩეთ. განწყობის შესაქმნელად და კულინარიული ფანტაზიის გასაღვიძებლად, უკეთეს საშუალებას ვერ იპოვით. რომ არ გამომრჩეს, აქვე გთხოვთ, მარიამ გიგუაშვილის შექმნილი გარეკანი და ილუსტრაციები ცალკე შეაფასოთ და დააფასოთ.
და როცა წიგნის კითხვას მორჩებით, მურაბის ქილა გახსენით და ბლანტი, გამჭვირვალე სიტკბოება გაშლილ ლამბაქზე გადმოასხით. ლამბაქი სამჯერ დაატრიალეთ და ფანჯრის რაფაზე ისე დადგით, რომ ზამთრის მთვარე დაჰყურებდეს. კარგად დააკვირდით. თუ მურაბაში ფიგურების, ციფრებისა და გზების აღმოჩენას ვერ მოახერხებთ, ნუ აღელდებით. სასწრაფოდ აიღეთ კოვზი და თამამად მიირთვით. დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული.