Business Lunch

DSC_8818

გიორგი ოსეფაშვილი –  "ევროპროდუქტის" დამფუძნებელი

„კულინArt”-ზე მუშაობისას ყოველთვის საინტერესო ადამიანებთან მიწევს სტუმრობა. ზოგი კარგი კულინარია, ზოგს სამზარეულოს ინტერიერი აქვს გამორჩეული, ზოგიც საუკეთესო მოსაუბრეა და ა. შ. მაგრამ ჯერ არ მყოლია ისეთი რესპოდენტი, რომელზეც ვიტყვი, რომ 10 ქულიდან 10 დავუწერ-მეთქი. ახლა „კულინArt-ში“ ბიზნეს ლანჩის დროა და ჩვენი მასპინძლები ნამდვილი „გემოს მაძიებლები“ არიან. მგონი მივაგენი ისეთ რესპოდენტებს, რომლებსაც ჩემგან 10 ქულა ნამდვილად ეკუთვნით და მათთან გატარებული რამდენიმე საათი მხოლოდ სამსახური არ არის! „კულინArt”- ის გადამღებ ჯგუფს ბიზნეს ლანჩზე „ევროპროდუქტის“ დამფუძნებელმა, გიორგი ოსეფაშვილმა და მისმა მეუღლემ, სოფო ბროძელმა გვიმასპინძლა. სამზარეულოში ისეთი სურნელი ტრიალებდა, რომ ჩვენც და თავად მასპინძლებსაც ერთი სული გვქონდა, როდის დავასრულებდით გადაღებას და დავაგემოვნებდით კერძებს.

– გიორგი, მოგვიყევით კომპანია „ევროპროდუქტის“ შესახებ…

– ეს ყველაფერი კომპანია „ვალიოთი“ დაიწყო. „ვალიო“ იყო პირველი პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე გაჩნდა, როგორც ჯანსაღი რძის ნაწარმი. კომპანია, რომელმაც დაიწყო „ვალიოს“ შემოტანა, რამდენიმე წელიწადში გადაკეთდა „ევროპროდუქტად“. იქიდან გამომდინარე, რომ „ვალიო“ იყო ევროპული წარმოების რძის პროდუქტი, კომპანიამ იმხანად დაისახა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის, რაც შეიძლება მეტი მსოფლიოში ცნობილი ჯანსაღი ევროპული ნაწარმი შემოეტანა ჩვენს ბაზარზე. გარკვეული დროის შემდეგ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეხსნა საკუთარი მაღაზიების ქსელი. მოკლედ, რომ ვთქვა, ამ ყველაფრის შედეგად გაჩნდა „ევროპროდუქტის“ ქსელი, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს პროდუქტი ყველაზე ჯანსაღ მდგომარეობაში შეიძინოს.

– თქვენ თუ გიყვართ კერძების მომზადება? რა ადგილი უკავია კულინარიას თქვენს ცხოვრებაში?

– კვება ‒ ეს არის ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება. ჩემი აზრით, ურთიერთობა იმ საკვებ პროდუქტებთან, რომელიც გიყვარს უკვე დიდი სიამოვნებაა. ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი რესტორანი, ისეთ ქვეყანაში, სადაც შევძლებდი ვიყო ძალიან მაგარი შეფი, ოღონდ ამ მოვალეობას ბოლომდე თავად უნდა ვასრულებდე.

– თუ გრჩებათ დრო სახლში კერძების კეთებისთვის?

– ძალიან იშვიათად, ძირითადად მაშინ, როდესაც მარტო ვრჩები და სხვა გამოსავალი არ მაქვს. მაგრამ სხვა მხრივ, სანამ აქტიურად ჩავებმეოდი ამ კომპანიის მართვაში, მანამდე ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და ყველანაირი კერძის მომზადება ვცადე. ხაჭაპურიც კი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეუღლემ, სულ სხვადასხვა არატრადიციული ინგრედიენტებით, და გამოგვივიდა ძალიან გემრიელი.

– რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად, როცა საზღვარგარეთ ცხოვრობდით?

– ჩაქაფული და მისი გაკეთებაც ვცადე. სოფოს მჭადი და ყველი. ახლობლები და მშობლები სულ ცდილობდნენ ინგრედიენტების გამოგზავნას.

– კულინარიას მარტო ცხოვრების დროს დაეუფლეთ, თუ მანამდეც გაინტერესებდათ?

– ძირითადად საიტებზე ვნახულობთ ხოლმე რეცეპტებს და ვთარგმნით. ყოფილა შემთხვევა, როცა სპეციალურად Amazon.com-დანაც კი გამოგვიწერია ინგრედიენტები. გვიყვარს აზიური, იტალიური და ფრანგული სამზარეულო. ქართულს ორ კვირაში ერთხელ თუ შევჭამთ.

– რაც შეეხეა ბიზნეს ლანჩს… რამდენად ხშირად გიწევთ ბიზნეს ლანჩზე სიარული, და რას მიირთმევთ?

– ძალიან ხშირად „ევროპროდუქტის“ გარდა, კიდევ სხვა კომპანიებთანაც მიწევს შეხვედრა და ამიტომ ბიზნეს ლანჩი გადრაუვალია. თვეში რამდენჯერმე მყავს უცხოელი სტუმრები და უკვე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა შევთავაზო ქართული კერძები. მთელი დღე გაწერილი გვაქვს ხოლმე, რადგან ისინი ერთბაშად ვერ უგებენ გემოს ჩვენს სამზარეულოს.

– თუ გქონიათ კულინრიული კრახი?

– კი, ორაგულის გაკეთება გვინდოდა თაფლის სოუსით და არ გამოგვივიდა. უცნაური გემო მიიღო, რადგან ქართული თაფლი განსაკუთრებით არომატულია და სოუსისთვის არ გამოგვადგა.

– ბავშვების კვებაზე როგორ ზრუნავთ?

– ეგ თემა ძალიან რთულად გვაქვს. საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე 18 წლის ასაკში სად ჩააბარებენ ჩვენი შვილები. ჩვენთვის მთავარია ბავშვები გაიზარდონ ჯანსაღ გარემოში და იკვებონ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით.

– დღევანდელი ბიზნეს ლანჩისთვის რა მოგვიმზადეთ?

– დღეს შემოგთავაზებთ სტარტერის სახით „Spreadable Salmon“-ს. მთავარი კერძი გვექნება „Chicken Cordonne Bleu“. და ბოლოს კოქტეილი „Raspberry Mojito“. თითოეული ეს კერძი ძალიან მარტივი მოსამზადებელი და გემრიელია.

DSC_8748

Spreadable Salmon 

DSC_8775

ინგრედიენტები:
• 300 გრ. – მსუბუქად შებოლილი ორაგული
• 200 გრ. – მდნარი ყველი “ბუკო”
• 1 ჩ/კ – კამა
• 2 ს/კ – მწვანე ხახვი
• მწარე წიწაკის სოუსი
• 4 წვეთი ლიმონი

მომზადების წესი: ორაგული დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად, ავუურიოთ მდნარ ყველში, დავამატოთ ასევე წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, წიწაკის სოუსი და ლიმონი მოვაწუროთ. კარგად მოვურიოთ, რათა ერთიანი მასა გახდეს. მივირთვათ ბრუსკეტებთან ერთად.

Chicken Cordon Bleu 

DSC_8790

ინგრედიენტები:
• 6 ქათმის თხელი ფილე
• 6 ნაჭერი ლორი
• 6 ნაჭერი შვეიცარული ყველი
• 1 ს/კ ფქვილი 1 ჩ/კ პაპრიკა
• 6 ს/კ კარაქი
• 150 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
• 1 ჩ/კ ბულიონი დაფხვნილი
• 1 ჩ/კ სიმინდის ფქვილი
• 250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები
• ცოტა მარილი

მომზადების წესი: ფქვილი, მარილი და პაპრიკა ავურიოთ. ქათმის ფილე დავბეგვოთ და დავაფინოთ ზედ ერთი ნაჭერი ლორი და ყველი. გადავახვიოთ რულეტისებურად და ამოვავლოთ არეულ მასაში. ტაფაზე დავდოთ კარაქი და დავალაგოთ ქათმის ფილე მაღალ ცეცხლზე, ოდნავ რომ შეყავისფრდება ყველა მხრიდან, ჩავუწევთ ცეცხლს და დავასხამთ თეთრ ღვინოს და მოვაყრით ბულიონის ნაფხვენს. გავაჩეროთ დაახლოებით 20-25 წუთი.
ამოვიღოთ თეფშზე მზა ფილე და ტაფაზე დარჩენილ მასას დავასხათ ნაღებში არეული სიმინდის ფქვილი. გავაჩეროთ მაღალ ცეცხლზე, სანამ მასა არ შესქელდება და მოვასხათ თეფშზე ქათამს. მივირთვათ ცხელი!

Raspberry Mojito

DSC_8769_amochrili

ინგრედიენტები:
• 1/2 ლაიმი
• 5-6 ც. ჟოლო
• 1 ჩ/კ შაქარი
• 10-12 ფოთოლი პიტნა
• რომი ჩლუბ შოდა

ლაიმი გავჭრათ სამ ნაჭრად, ჩავყაროთ ჭიქაში ჟოლოსთან, პიტნასთან და შაქართან ერთად. კარგად ჩავჭყლიტოთ. დავუმატოთ ბევრი ყინული. ჭიქა შევავსოთ 2/3 Club Soda-თი და დანარჩენი რომით. მოვურიოთ და მივირთვათ!

ფოტო: ირა კურმაევა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com