დარჩელი სამეგრელოს საზღვრისპირა სოფელია. ექვსი კილომეტრი აშორებს განმუხურს. ტერიტორიის დიდი ნაწილი ვრცელ ველებზე გაშენებულ თხილის პლანტაციებს უკავია.
23 წლის მარიკა კოდუა 10 ჰექტარზე გადაჭიმულ პლანტაციას გვათვალიერებინებს, რომელიც ოცი წელია მისი ოჯახის წარმატებულ ბიზნესსაქმიანობად იქცა. თავის ამბავს ისევე სადად და მშვიდად ყვება, როგორც გამოიყურება. ნამდვილი 21-ე საუკუნის გოგოა – მოკლედ შეჭრილი თმით, სპორტული მაისურით, გარეგნული ეფექტების მიმართ აბსოლუტური დაუდევრობითა და მიზანზე ორიენტირებულობით.
ყვება იმაზე, რომ მაკიაჟი ერთადერთხელ, სკოლის ბანკეტზე გაიკეთა, კაბასა და მაღალქულიან ფეხსაცმელს კი ცხოვრების დატვირთულ სტილს ვერაფრით უთავსებს.
… უსმენ და ძალიან გინდება ასეთი სიმძაფრით გქონდეს ოჯახური მთლიანობის და ამ მთლიანობაში საკუთარი როლის მნიშვნელობის განცდა; გინდება ასე შეგეძლოს იდეის ერთგულება და მისთვის თავდაუზოგავი შრომა; გინდება დღისით უცხოელ დამკვეთებთან საქმიანი მოლაპარაკებები აწარმოო, საღამოს კი, უკვე შეგრილებულზე, გუშაგივით დაუარო 10 ჰექტარზე გადაჭიმულ თხილის პლანტაციას და ღერო-ღერო შეამოწმო ბუჩქები, მიაყურადო გაკვირტული ნარგავების უხმაურო სუნთქვას; გინდება ისევე დეტალურად ერკვეოდე ყველა სასუქში, როგორც თითოეული თანამშრომლისა და მისი ოჯახის ცხოვრების უმცირეს ნიუანსებში; გინდება შეგეძლოს მათი თვალით უყურო საქმესაც და ცხოვრებასაც; შეგეძლოს გულღიად ისაუბრო მომავლის გეგმებზე და იმაზეც, რაც უკვე იყო… ერთი სიტყვით, გინდება შეგეძლოს ყველაფერი.
წამოწყება, სახელად„ქესკია“
„უკვე მრავალი წელია ჩვენს ოჯახს თხილის პლანტაციები და გადამამუშავებელი ქარხანა აქვს. ამ საქმეს ხელი მაშინ მოვკიდეთ, როცა რეგიონში მეთხილეობა აზრად არავის მოუვიდოდა. დღეს სამეგრელო პირველ ადგილზე დგას საქართველოში თხილის მოსავლიანობის თვალსაზრისით. თუმცა ოცი წლის წინ ჩვენი ოჯახი სოფელში პირველი იყო, ვინც ამ საქმიანობას შეეჭიდა. 1996 წელს მამამ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და თხილის პლანტაცია გააშენა. მაშინ ყველას უკვირდა და ეუცნაურებოდა მისი წამოწყება. მაგრამ მამამ, საბედნიეროდ, არავის დაუჯერა. ახლა ხშირად აღნიშნავენ, რა ჭკვიანი აღმოჩნდიო. იმავე წელს დააარსა კომპანია სახელად „ქესკია.“ ეს მამაჩემის ბაბუის ბაბუის სახელია – იმ ადამიანის, რომელიც ჩვენს სოფელში, ამ ეზოში, პირველი დასახლდა. მის პატივსაცემად შეარჩია მამამ კომპანიის სახელი. რაც შეეხება თხილის გადამამუშავებელ ქარხანას, ის 1999 წელს გარკვეული ბიუჯეტის დაგროვების შემდეგ გავხსენით. სახლთან ახლოსაა, თავიდან პატარა შენობა იყო, ნელ-ნელა გავადიდეთ და წარმოების მასშტაბიც გაიზარდა. ჩვენი ქარხანა საშუალებას იძლევა ყოველწლიურად 1000 ტონა თხილი გადავამუშაოთ, თუმცა ჯერჯერობით ამ მასშტაბზე გასულები არ ვართ.
15 წელია ევროპის ბაზარზე ყოველწლიურად 500 ტონა თხილი გაგვაქვს. გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან რეგულარული მოთხოვნაა. მაგალითად, იტალიის ნაყინის მწარმოებელი კომპანია ყოველ წელს ყიდულობს ჩვენგან 40 ტონა თხილს. ევროპელები ჩვენს თხილს, ძირითადად, საკონდიტროებში, ნაყინისა და შოკოლადის წარმოებაში იყენებენ. ქართული თხილი დაბრენდილად რომ იყოს წარმოდგენილი მარკეტებში – ასე არაა.
ამ ეტაპზე თხილი მხოლოდ ექსპორტზე გაგვაქვს, თუმცა ერთ-ერთი სამომავლო გეგმა 100-100 გრამად დაფასოებული თხილის ადგილობრივად რეალიზაციას უკავშირდება.“
საქმიანი ბავშვობა
„პატარა ასაკიდანვე მივეჩვიე შრომით მიღებული შემოსავლის სიყვარულს. მეექვსე-მეშვიდე კლასში უკვე ჩართული ვიყავი თხილის მოვლასთან, კრეფასთან თუ რეალიზაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პროცესში. ყველას უკვირდა ამხელა ინტერესი რომ მქონდა და მშობლებიც უპრობლემოდ რომ მენდობოდნენ საქმეში.
საერთოდ, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. სკოლაში ოთხი წლის შევედი. სოფელში საბავშვო ბაღი არ იყო. ჩემი უფროსი და, წესისამებრ, ექვსი წლის რომ წავიდა სკოლაში, მშობლები ვერავისთან მტოვებდნენ და მეც მასთან ერთად შემიყვანეს. სკოლა განმუხურში იყო, სოფლიდან 6 კილომეტრის მოშორებით. რამდენიმე ბავშვი ერთად დავდიოდით. იმდენად პატარა ვიყავი, ვიღლებოდი და ხან ვინ ამიყვანდა ხოლმე ხელში, ხან- ვინ. მამაჩემს პატარა ტრაქტორი ჰყავდა, გაკვეთილების შემდეგ გვაკითხავდა ხოლმე და ასე მოვყავდით სახლში. მახსოვს, რა ამბავი გვქონდა ჩვენც და ჩვენს მეგობრებსაც ტრაქტორის დანახვაზე. იმდენი ბავშვი ჯდებოდა, ადგილი გაჭირვებით მრჩებოდა ხოლმე.“
"ბავშვობიდან ყველა ეტაპზე ჩართული ვიყავი ოჯახის სამეურნეო საქმიანობაში. ყოველთვის მსიამოვნებდა, როცა მშობლებს ვეხმარებოდი. რაც თავი მახსოვს, მომწონდა მათი საქმე. მომწონდა, როცა პლანტაციაში მივყვებოდი მათ თხილის შესაგროვებლად."
მთავარი არჩევანი
„პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯერი ვარ. სამეურნეო საქმიანობაშიც მეხმარება ეს თეორიული ცოდნა, რა თქმა უნდა. უნივერსიტეტში სწავლისას თბილისში ვცხოვრობდი. იმ პერიოდში შედარებით მოვწყდი ოჯახსა და აქაურ საქმეს. თუმცა, თვეში ორ-სამჯერ ჩამოვდიოდი ხოლმე ჩემების სანახავად და დასახმარებლად; იმ პერიოდიდან შეთავაზებებისა თუ კონტრაქტორებთან დოკუმენტაციის მოწესრიგების ყველა დეტალი ჩემს თავზე ავიღე.
უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მაგისტრატურაშიც ვისწავლიდი, მაგრამ როცა ბაკალავრიატი დავამთავრე, ვამჯობინე ცოტა ხანს უარი მეთქვა სწავლის გაგრძელებაზე. ჩემი დაც და ძმაც სტუდენტები იყვნენ, სამივენი თბილისში ვსწავლობდით, მშობლები მარტოები დარჩნენ ამხელა მეურნეობასთან. ამიტომ დაბრუნება გადავწყვიტე. ჩემი აქ ჩამოსვლა მარტო მშობლებისთვის შრომის შემსუბუქებას არ ნიშნავდა, წარმოიდგინეთ, დარჩელშიც და მიმდებარე სამ-ოთხ სოფელშიც პრაქტიკულად ერთადერთი დამსაქმებელი ჩვენი ოჯახია. აგვისტოში, მოსავლის აღების პერიოდში, 120 ადამიანს ვასაქმებთ, თხილის ქარხანაში 55 ადამიანი მუშაობს. ასე, შორიდან, რთული წარმოსადგენია, რამხელა შეღავათია
ეს რეგიონის მცხოვრებთათვის. მართალია, მათ სამუშაოზე მაღალანაზღაურებადი არ ითქმის, მაგრამ სოფლის პირობებში 400-450 ლარი ნორმალური გასამრჯელოა.“
ოცნების მომავალი
„საერთოდ, ვერასდროს, ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმომედგინა ცხოვრება აქაურობის გარეშე და დღემდე ასე ვარ. სამომავლოდ ისევ და ისევ სოფლის მეურნეობის სფეროში ვხედავ ჩემს თავს. საქმიანი ვიზიტით ერთი თვე შეერთებულ შტატებში გავატარე და იქ მივხვდი, რომ საქართველოს არაფერი მირჩევნია. ცოტა ხნით სასწავლად თუ წავალ უცხოეთში და ისიც იმისთვის, რომ ისევ აქ ჩამოვიდე და უფრო კვალიფიციურად განვავითარო, რასაც შეჭიდებული ვარ. სულ ვფიქრობ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, რა მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს. ჩემი ფიქრები და აზრები მუდმივად აქეთაა მომართული. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მიმბაძველი გამომიჩნდეს. როცა ხედავენ, რომ შენ, მართალია, დიდი წვალებისა და შრომის შედეგად, მაგრამ მაინც გამოგდის რაღაც, სხვებსაც სტიმული ეძლევათ. და რაც მეტი მოგბაძავს, მით უკეთესი იქნება. სოფელი გაძლიერდება, მასთან ერთად კი რეგიონიც და ქვეყანაც, რა თქმა უნდა.“
ქართული საკნატუნოს საიდუმლო
„თხილის მოყვანა ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. თებერვალში კომბინირებული სასუქები შეგვაქვს, მარტში შეწამვლა იწყება და სამ ეტაპად ხორციელდება. აპრილში აზოტიანი სასუქებით ვამდიდრებთ პლანტაციას. მაისში ბალახი უნდა გაითიბოს ან შხამქიმიკატებით დამუშავდეს. შემდეგ ტკიპებისგან დასაცავად ვწამლავთ ბუჩქებს და აგვისტოში მოსავალს ვიღებთ. ეს ყველაზე რთული და შრომატევადი თვეა. სექტემბერში, მოსავალს რომ დავაბინავებთ, ტოტების გამოხშირვას ვიწყებთ. ეს აუცილებელია, ტოტები ოპტიმალური რაოდენობით უნდა შეუნარჩუნო ბუჩქს, ამონაყარი უნდა აკონტროლო, რომ ძველმა ყლორტებმა არ დაჩაგროს და საკვები არ წაართვას.
მარტის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე ძალიან დატვირთული პერიოდია. განსაკუთრებით, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ამ დროს დღე-ღამეში ოთხ საათს თუ მოახერხებ ძილს, უკვე ძალიან კარგია. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კი ამოსუნთქვის საშუალება გვეძლევა. ამ დროს ბუნებასთან ერთად ჩვენც ვისვენებთ.“
წარმატების რეცეპტი
„აბსოლუტურად უბრალო ადამიანი ვარ, ძალიან შრომისმოყვარე და არაფერს არ ვთაკილობ არასდროს. უკვირთ კიდეც, ჩვენს ოჯახს დღეს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი რამ სხვას დავავალო. თავისუფლად შემიძლია იგივე ტრაქტორზე არ დავჯდე, მაგრამ მე ზოგადად ასეთი ხასიათი მაქვს, მიყვარს, როცა უშუალოდ ვარ ჩართული ყველაფერში. ჩემი აზრით, როცა საქმეს სჭირდება, ყველაფერი უნდა შეგეძლოს და არ დაიბნე. შეიძლება არც დაგჭირდეს, მაგრამ რომ დაგჭირდეს, ამან სასოწარკვეთაში არ უნდა ჩაგაგდოს. რაც მთავარია, როცა რაღაც საქმეს შეეჭიდები, ყველა დეტალი უნდა გესმოდეს იმ სფეროში. იგივე, თითოეული მუშის შრომა რომ დააფასო, თვითონ უნდა იცოდე მისი შრომის ფასი. მე თითქმის ყველაფერი თავადაც მაქვს ნაკეთები, ამიტომ დეტალურად ვიცი, ვის რა შრომის ფასად უჯდება ის, რომ ლუკმა-პური წაიღოს სახლში. 15-16 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ჩვენს მეურნეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად საშუალება ნამდვილად იყო, თავისთვის ფუფუნების უფლება არასდროს მიმიცია. ზღვაზე დასასვენებლად მხოლოდ
ერთხელ ვარ ნამყოფი. ისიც ფეხბურთზე დავდიოდი და სავარჯიშოდ წაგვიყვანეს. აგვისტოში, მოსავლის აღების დროს, ყველაზე მეტად სჭირდებოდა ოჯახს ჩემი დახმარება და წარმოუდგენელი იყო საკუთარი სიამოვნების გამო, თავი ამერიდებინა საქმისთვის. სხვა მხრივ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, გართობის კუთხით შეიძლება ბევრ რამეზე მიწევდა უარის თქმა, მაგრამ ამის გამო პროტესტი და გულისწყვეტა არასდროს მქონია. ჩემი არჩევანი იყო. ეს საქმე მაძლევს ენეგიასაც, ძალასაც, სტიმულსაც და მოტივაციასაც. თუ რაღაც ძალიან გინდა გამოგივიდეს, ის უნდა იყოს მთავარი ორიენტირი და გამოვა, უპირობოდ გამოვა!“