კარლსონის შემწვარი ვაშლები

Culinart_11_PRINT13

შვედეთის სურნელი

ვის ცხოვრებაში არ დამდგარა უიღბლო დღეები? ყველაფერი ერთმანეთს რომ მიეწყობა და გუნებას საბოლოოდ გაგიფუჭებს. სკოლიდან შინ მიმავალი ყველა ჩვეულებრივი 7 წლის ბიჭი შეიძლება გადაეყაროს ფუმფულა ლეკვს, წაეთამაშოს და დაგვიანების გამო დედ- მამასთან უსიამოვნებას ვერ აცდეს.
თუ ცისფერი თვალები და ჭუჭყიანი ყურები გაქვს, შარვალი კი მუხლებზე გამოხეული გაცვია, რამდენიც უნდა ამტკიცო, სულაც არ ვარ ჩვეულებრივიო, წყალი არ გაუვა, – ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბიჭი ხარ და ზოგჯერ უიღბლო დღეებიც დაგიდგება. თუმცა, რაც არ უნდა ჩვეულებრივი იყო, უიღბლო პერიოდს ყოველთვის ნათელი დღეები მოსდევს. მოულოდნელად შეიძლება გაირკვეს, რომ ყველაზე იღბლიანი ბიჭი ყოფილხარ მთელს ვაზასტანში. მარტო ვაზასტანი რა მოსატანია, მთელ სტოკჰოლმში, შვედეთში და ალბათ მთელ დედამიწაზეც!
განა წარმოუდგენელი არაა ისე გაგიმართლოს, რომ მაინცდამაინც შენი სახლის სახურავზე დაიდოს ბინა გოდორა კაცუნამ? მაინცდამაინც შენი ღია ფანჯარა შენიშნოს გაზაფხულის ერთ თბილ საღამოს, მარტოსული და მოწყენილი გიპოვოს და სიხარულით დაგიმეგობრდეს?
რატომ აირჩია კარლსონმა მაინცდამაინც ბიჭუნა? იმიტომ, რომ დედას და მამას ერთმანეთი ჰყავდათ, ბოსე და ბეტანიც ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ბიჭუნა კი სულ მარტო იყო – თავის მარკებთან ან მათემატიკის დავალებასთან ერთად, ნაღვლიანი და პატარა ძაღლზე მეოცნებე.
იმ დღეს ყველაფერი ასე ცუდად რომ არ აწყობილიყო – დედა და მამა რომ არ წაჩხუბებოდნენ, ბეტანს რომ არ მიეძახა, ცხვირი მოიხოცეო და, რაც მთვარია, ქუჩაში ოცნების ლეკვს რომ არ გადაყროდა, გადამწყვეტი შეხვედრა არამც და არამც არ შედგებოდა.
კითხულობ და გიხარია, რომ დანაღვიანებული ბიჭუნა თავის პატარა ოთახში განმარტოვდა და ღია ფანჯრის რაფას სევდიანად ჩამოეყრდნო. აი, სწორედ ამ დროს გაისმება უცნაური ზუზუნი, რომელიც მთელ ცხოვრებას შეცვლის!
შეიძლება კარლოსნმა ეს ყველაფერი იცოდა კიდეც, ან შეიძლება არც იცოდა და, უბრალოდ, ასე ხდება ხოლმე. ფაქტია – ბიჭუნას ნამდვილად ჰქონდა რესურსი- სიხარულით ეზრუნა საუკეთესო მეგობარზე, ღიმილით დაეხუჭა თვალი მის სიმსუნაგესა და სიზარმაცეზე. მას უნდოდა და შეეძლო კიდეც – კარლოსნისთვის მიეცა ის, რაც აუცილებლად უნდა აჩუქო ვინმეს – სითბო, ლაღი სიცილი, უანგარო მზრუნველობა – რისთვისაც გავჩნდით, რისთვისაც ცხოვრება მოგვეცა.
კარლსონის პატარა სახლში ძველებური ბუხრის თავზე ძირგახვრეტილი ქოთნები, დაფლეთილი წიგნები, გატეხილი მაღვიძარა საათი, ალუბლის კურკები და სხვა ათასგვარი ხარახურა ყრია. ბუხარში კი ცეცხლი ისე მხიარულად ტკაცუნობს, გავიწყდება რომ ამ სიმყუდროვის გარდა არის ქვეყნად პატარ-პატარა დარდებიც, 7 წლის ბიჭუნებს რომ ასევდიანებს.
…რომ კრისტერმა ქვა ესროლა და შუბლზე კოპი დააჯინა; რომ დედას გადაღლისგან ანემიის დიაგნოზი დაუსვეს და სოფელში ხეირიანი დასვენება ურჩიეს; რომ დილაუთენია სახლის საქმეებს უცნობი შინამმართველი ქალი გადაიბარებს – მაღალი და ზონზროხი, ხარბი და ისეთი ბრაზიანი, რომ კარლსონი დაუყოვნებლივ შინამტანჯველად შერაცხავს.

Culinart_11_PRINT14

ამ ლამაზ, ჭკვიან, ზომიერად ფერხორციან, ნამდვილად მოწიფულ მამაკაცთან მეგობრობის გამო კი რას არ შეძლებ! საყვარელი ორთქლმავლის აფეთქებასაც გადაიტან; რამენაირად აუხსნი დედას, რომ გუფთა ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ რატომღაც კუჭში კი არა,სათამაშო კოშკის თავზე აღმოჩნდა; უყოყმანოდ დააცარიელებ ყულაბას და ფულს, რომელსაც ლეკვის საყიდლად აგროვებდი, კარლსონის უსაშველო სიმსუნაგის დასაოკებლად სიამოვნებით მიაფშვნეტ შოკოლადებსა და მარმელადებში.
სახურავზე, მოცუცქნულ სახლში, ტკაცუნა ბუხართან ისეთი სიმყუდროვეა, როგორსაც ვერსად მიაგნებ, ვერსად მთელ შვედეთში.
ტკაცუნა ბუხართან სიმშვიდეა და ბიჭუნას მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება საღამოს სტოკჰოლმის სურათი- დანახული ქალაქის ყველაზე მყუდრო საცხოვრებლიდან- ქუჩებში მოციმციმე ღამის ნათურები, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში აქა-იქ გამკრთალი ლანდები და ფიქრი, რომ თითოეული ფანჯრის მიღმა ცხოვრობენ და თავიანთ ოცნებებებს შეჰხარიან.
კარლსონი კი მავთულზე ოსტატურად წამოაცვამს ვაშლებს, ბუხარში ერთმანეთის გვერდით კოხტად ჩაამწკრივებს და რამდენიმე წუთში ოთახში ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდება, სამუდამოდ შეერევა ბავშვობის მოგონებების ტკბილ სურნელსა და გემოს.
ამ ვაშლის წყალობით ფრეკენ ბოკმა თავისი უკანასკნელი საათები სვანტენსონების ოჯახში მშვიდად გაატარა. ზუსტად ისე, როგორც ნატრობდა. მშვიდადვე გამოაცხო კრემიანი ტორტიც. ბიჭუნა და კარლსონიც ძალზე ბედნიერად გრძნობდნენ თავს ბუხართან. რა ჯობია თბილად იჯდე და მიირთმევდე ვაშლს, რომელსაც კარლსონი ხეტერგეს ქუჩაზე იყიდის და თავადვე შეწვავს ბუხარში. ამ ვაშლში პატიოსნად გადაიხდის ხუთ ერეს და ბიჭუნას გაკვირვებულ შეკითხვას, ნუთუ ასე ცოტა ღირს ამდენი ვაშლიო, დაუდევრად უპასუხებს, რა დაგიმალო და ფასი ვერ ვკითხე, გამყიდველი ქალი სწორედ მაშინ წავიდა ყავის დასალევადო.
თუმცა ასეთ დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს, როცა მთელი დედამიწის ზურგზე ასე კარგად ვერავინ წვავს ვაშლებს. როცა კარლსონი დაზგის თავზე ჩამოკიდებულ ნავთის ლამფას აანთებს და ოთახში გაბნეულ ხარახურაზე მხიარულად ათამაშდება სუსტი ნათება.
… როცა გული სიხარულით გაქვს სავსე და გრძნობ, როგორ გიყვარს აქ ყველაფერი – ეს დაზგა, ჭვარტლიანი ნავთის ლამფა, შეშის ფარდული, ბუხარი და მოტკაცუნე შეშა.
რა ბედნიერებაა, რომ ეს ყველაფერი მისი სახლის სახურავზეა და არა სხვაგან! რომ ასე დაუჯერებლად ახლოსაა სახლზე გუმბათივით გადმოხურული ცის თაღი, ზედ მოციმციმე ვარსკვლავებით… თითქოს ხელს გაიწვდენ და შეეხები.
… და როცა ასე უხსნი გულს სამყაროს, ისიც კეთილგანწყობილი ხდება შენი სურვილების მიმართ. რა დღეები დაგიდგება! – ნანატრ ლეკვს გაჩუქებენ, ბოსეს და ბეტანს ქუნთრუშა გაუვლის, დედაც გამოჯანმრთელდება, მამაც დაბრუნდება მივლინებიდან, ფრეკენ ბოკიც მოთვინიერდება და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
ვაზასტანში აკიაფებულმა ნათურებმა იციან ყველაფერი. სულ ყველაფერი.

Culinart_11_PRINT15

კარლსონის შემწვარი ვაშლები
სასურველი რაოდენობის ვაშლი გავრეცხოთ, ცალ მხარეს კონუსისებურად ამოვაჭრათ თავი, ცოტა შაქარი დავამატოთ და 5 წუთით შევდგათ ღუმელში. სურვილის შემთხვევაში შაქართან ქიშმიში და ნიგოზიც შეგვიძლია დავუმატოთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com